January 5, 2013

ეგვიპტე, ისე როგორც მე მიყვარს


არ ვიცი არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ მოგზაურობის "წარმატებულობა". თუ არსებობს ეს ინდივიდუალურია ალბათ ყოველი ჩვენთაგანისათვის. შეიძლება ეს იყოს დიდი ფათერაკები, თავგადასავლები, შეიძლება რომანტიულიც, ან უბრალოდ ბევრი დროსტარება მეგობრებთან ერთად. 

რატომღაც მომინდა გავაზიარო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რის გამოც ვფიქრობ ჩემი ბოლო მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ტრიპებთაგან...

#1
-"ველოსიპედის ტარება იცი?"
-"ვიცი. მაგრამ დიდი ხანია პრაქტიკა არ მქონია.." რა თქმა უნდა არ ვაკონკრეტებ, რომ "პრაქტიკა არ მქონია" ნიშნავს, რომ ველოსიპედზე პირველად სულ რაღაც ერთი კვირის დავჯექი და ისიც პედლები ძვლივს დავატრიალე.
მეორე დილით 7 საათზე მივადექით ველოსიპედების გაქირავების ჯიხურს. ავარჩიე ჩემთვის ლურჯი ველო... 1 საათი ვერ დავატრიალე პედლები, მუხლები ამიკანკლდა ნერვიულობისაგან. მეგობარს მობეზრდა და გაუყვა ტრასას.მაშინ კი ვიკადრე და  გავედევნე...
ესეც ჩემი 2 დოლარად ნაქირავები ველო

ტრასაო ვამბობ. რომ  წარმოიდგინოთ რაზეც ვლაპარაკობ. საქმე ეხება ლუქსორს და მთელი ვესტ ბანკის მონახულებას ველოსიპედით. მთლიანობაში 12 მილია. სანამ უდაბნოში გახვალ, უნდა გაიარო მცირე სოფელი. ხალხი ირევა, ბავშვები სკოლებში მიდიან... საჭეს ისე ჩავაფრინდი, სიმწრისაგან ყველა ნერვი დამებერა, ცივ ოფლში ვიწურები. ის ის იყო წინ შემხვედრი ლიანდაგი მშვიდობით გადავიარე, რომ ბრახ! წინ თავისათვის პატიოსნად მიმავალ არაბს დავეჯახე. სიჩქარეში, დაბნეულობით და კიდევ იმის გამო რომ ველოსიპედს წინა-უკანა მუხრუჭები არეული ჰქონდა არასწორად დავამუხრუჭე და გადავფრინდი წაქცეულ არაბსაც და ჩემს ველოსიპედსაც. ავიტყავე მუხლი, იდაყვი, შარვალი გავხიე...
ეს იყო პირველ დღეს. კიდევ რამოდენიმეჯერ გადავვარდი ტრასიდან,ხან ბუჩქებში, ხანაც გაჩერებულ მანქანას მივეჯახე, იმის გამო რომ მუხრუჭები ავურიე... თუმცა უკვე მე-3 დღეს მარტო წავედი და მთელი უდაბნო მოვიარე. არცერთი ინციდენტი არ გადამხდენია! მართალია ტრასაზე დიდი ავტობუსები, მინიბუსები თუ ტაქსები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, მაგრამ მათთვის არ მეცალა, ყურებში აიპოდი, საყვარელი მუსიკა და საოცარი გრძნობა, მე ეს შევძელი!

#2
ირანში, შირაზის ბაზარში ვიყიდე ერთი საყურე. ძალიან იაფი ღირდა, მაგრამ ძალიან მომწონდა. ქაიროში, რომ ჩამოვედი, ერთი ცალი სადღაც დავკარგე. საშინლად მეწყინა, იმის გამო რომ საყურე კი არა უფრო სუვენირი და მოგონება იყო ჩემთვის.
მეორე საღამოს ჰოსტელში გაცნობილ 2 ბიჭთან ერთად ქაიროს ბაზარს მივაშურე. არ ვიცი რატომ მომივიდა თავში აზრად ეს "გიჟური" იდეა. ამოვიღე ცალი საყურე და სათითაოდ დავიწყე ყოველი დახლის ჩამოვლა კითხვით "do you have exactly the same?". ბიჭებმა გაოცებით და გაფართოებული თვალებით შემომხედეს, გიჟია ეს ვიღაც არისო...
სულ რაღაც 2 საათიანი ხეტიალის შემდეგ ერთ-ერთ ვიწრო მაღაზიის თაროზე მე თვითონვე ვიპოვე ზუსტად ისეთივე საყურე! უკან რომ ამოვიარე ყველა მაღაზიის პატრონი მეკითხებოდა, "რა ქენი, იპოვეო?" ვერ იჯერებდნენ :). საღამოს ამ ისტორიას, ჩემზე მეტი ენთუზიაზმით ჩემი თანამგზავრები უყვებოდნენ სხვა მობინადრეებს.
ეხლა მე განსაკუთრებული წყვილი საყურე მაქვს, ცალი ირანის, ცალი კი ეგვიპტის მოსაგონებლად!

#3
თეთრ უდაბნოში წასვლა მას შემდეგ მინდოდა, რაც ინტერნეტში თეთი მაშრუმების (უცნაური ფორმის კლდეების) ფოტო ვნახე. მთელს უდაბნოში იყო ერთი წყვილი მაშრუმი, რომლების ნახვაც საოცრად მინდოდა, ყველაზე მეტად. როცა უდაბნოში მივედით უკვე ღამე იყო. ხასიათი საშინლად წახდენილი მქონდა. ჩვენმა მძღოლმა მითხრა, "არ ინერვიულო, ჩვენს ბანაკთან ბევრი საინტერესო ფორმის მაშრუმების ნახვა შეიძლება". მე რა თქმა უნდა არ დავუჯერე დიდად.
დავანთეთ კოცონი და იმ ღამეს ვარსკვლავების ქვეშ დავიძინეთ პირდაპირ (საძილე ტომრებში). მზის ამოსვლამდე გავიღვიძე. ბნელოდა, ციოდა...წინა ღამეს ერთმა მეგობარმა მთხოვა, მეც მინდა მზის ნახვაო. არ ვაპირებდი, მაგრამ სანამ სიბნელეში გზას დავადგებოდი "წიხლი გავკარი", "მე მივდივარ" წავიბურტყუნე და გაურკვეველი მიმართლებით გავუყევი გზას. 
სიბნელეში და სიჩუმეში სადღაც 10 წუთის ხეტიალის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სწორედ ამ ორ მაშრუმს მივადექი. გული ისე შემეწურა სიხარულით! მალე მეგობარიც წამომეწია და მასთან ერთად მზეც... 
ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, სხვა რომ არაფერი არ ვნახო, ეგვიპტეში კიდევ ერთხელ დავბრუნდები ბუნების ამ საოცრების სანახავად, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანრაიზია რაც კი მინახავს, არა და ბევრი მინახავს...

ხანდახან მცირეც საკმარისია ბედნიერებისათვის

#4
უდაბნოს 2 დღე ყველაზე მეტად მიყვარს. ჯერ მარტო საოცარი იყო, თუ როგორ შევიკრიბეთ სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთა, სრულიად განსხვავებული წარსულითა და მომავლით...
უდაბნოდან გამოსვლა დავაგვიანეთ. სოფლის ავტობუსი ქაიროს მიმართულებით გადიოდა დილის 10 საათზე. მისთვის რომ მიგვესწრო ჩვენი მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყველას გული გვისკდებოდა შიშით...
ბრახ! საბურავი დაიწვა... მძღოლმა სწრაფად გადმოგვსხა მანქანიდან და გამოცვლა დაიწყო. სადღაც 15 წუთში ისევ გზა გავაგრძელეთ. კიდევ უფრო მეტი სისწრაფით გაუყვა გზას.  10-ს აკლია 10 წუთი. უკვე ჩავთვალეთ, რომ მორჩა, ვერ მივუსწრებთ ავტობუსს...და ამ დროს ისევ, ბრახ! მეორე საბურავი დაიწვა... ის ის იყო, პლან ბ-ზე ფიქრი დავიწყეთ, ღამე სად გავათენოთო, რომ მეორე ჯიპი წამოგვეწია. ჩვენმა მძღოლმა სთხოვა და ყველანი იქ ჩავსხედით. ამ ძღოლმა საერთოდ კოსმოსური რაკეტის სისწრაფით გაგვაქროლა...
ავტობუსი უკვე დაქოქილი იყო, როცა ჩენი მანქანა ლამის წინ გადაუდგა. ჩანთები ჰაერში გვესროლა მძღოლმა, ჩვენ ასევე ჰაერში ავტობუსის გამცილებელს და საოცარი ადრენალინის გრძნობით ავცვივდით დანჯღრეულ და გაუბედურებულ იკარუსში... ისიც კი არ გვადარდებდა, რომ ბოლო რიგზე ვისხედით და ამ მტვერსა და ნაგავში 6 საათი უნდა გვემგზავრა...

#5
ალექსანდრიის მატარებელს ველოდებით ბაქანზე. უცებ მეგობარი სმს-ს კითხულობს, შემდეგ მომიტრიალდა და მეკითხება
-"თეო, პასპორტი სადა გაქვს?".
-"ჩანთაში"..
-"აბა კარგად  შეამოწმე"
ვიქექები ჩანთის ჯიბეებში. სიცარიელეა!
ხომ უნდა მოახერხო, რომ ქვეყანაში სადაც რევოლუციოაა და სადაც ბოლოდროინდელი ამბების მერე ლამის ყველა დამოუკიდებელი ტურისტი აგენტად შერაცხონ (მით უმეტეს პროფ. ფოტოაპარატით აღჭურვილი) პასპორტი დაგრჩეს, ღმერთმა უწყის სად!...

June 28, 2012

ბიჭებს ეს არ უყვართ (Guys don't like that)

ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა: "თეო, ბიჭებს არ უყვართ გოგონები, რომლებიც სირიაში მარტო მიდიან და უკან მშვიდობით ბრუნდებიან". მაშინ ბევრი ვიცინეთ ამ სიტყვებზე, მაგრამ როგორც სჩანს მაინც მომხვდა გულზე მისი სიტყვები... არა,  მე სულაც არ მადარდებდა არც მაშინ და არც ეხლა ისეთი ბიჭების აზრი ჩემზე, რომლებსაც ეგეთი "თეო" არ მოსწონთ. მე უფრო იმაზე დავფიქრდი თუ თავად მე რა მიყვარს, ან არ მიყვარს. შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა ბევრი დავწერე, რეალურად კი ეს სულ მცირე ნაგლეჯია. მოკლედ ვისაც არ დაგეზარებათ წაკითხვა, იმედია იმ კითხვაზე გავცემ პასუხს, თუ რატომ მიყვარს ასე "ჩემებურად" ხეტიალი. ჰო, პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: 


- მიყვარს, როდესაც მოგზაურობისათვის საჭირო ნივთების სიას ვადგენ;
- არ მიყვარს, როდესაც საჭირო ნივთებს ფასებს მივუწერ და ბიუჯეტის ციფრი არ მომწონს;
- მიყვარს, როდესაც მარშუტს ვადგენ, რუკებს ვბეჭდავ, სასტუმროებს,ჰოსტელებს დავეძებ;
- არ მიყვარს, სასტუმროებისაგან მეილის მოლოდინი და გაურკვევლობა, ან როცა ბილეთის ფული ჯერ არ მაქვს და მეშინია ხელფასის ჩარიცხვამდე ვიღაცამ არ ამწაპნოს შეთვალიერებული იაფი ბილეთი;
- მიყვარს, როდესაც მოგზაურობამდე დარჩენილ დღეებს ვითვლი;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგ მოგზაურობამდე დარჩენილ თვეებს ვითვლი;
- მიყვარს ჩემი ზურგჩანთა და მისი ჩალაგების პროცესი;
- არ მიყვარს, როდესაც ყველა ნივთი/ტანსაცმელი ბინის იატაკზეა მიმოფანტული, სანამ თავიანთ ადგილს იპოვნიან ზურგჩანთის ჯიბეებში;
- მიყვარს, როდესაც პასპორტს მებაჟეს ვაწვდი და ისიც მორიგ საეჭვო შტამპს არტყამს შიგ;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგი გონებაშეზღუდული და ეჭვიანი მებაჟე დიდხანს ატრიალებს ხოლმე ჩემს პასპორტს და გაუთავებელი კითხვებით სცდილობს ჩემი მოგზაურობის „ნამდვილი მიზეზის“ დადგენას;
- მიყვარს ჰოსტელები, თავისებური მუხტითა და ბევრი უცნაური ხალხით;
- ვერ ვიტან საერთო სააბაზანოებსა და ტუალეტებს;
- მიყვარს, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადასახეტებლად ჩანთას ვალაგებ;
- არ მიყვარს, როდესაც ავტობუსი გამასწრებს ხოლმე და სრულიად უცხო გარემოში და ხალხში ვიკარგები;
- მიყვარს აღმოსავლეთის ავტოსადგურები, ხმაურით, ქაოსით, უცნაური გამცილებლების (ხანხან ცისფერთვალებიანებით) და ის მიყვარს, რომ ამ ქაოსში რატომღაც აღარ ვიკარგები;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგ ხათაბალაში გახვევისას შიშისგან გული და მუცელი მეკუმშება, თუმცა ისიც მიყვარს, რომ ამ დროს რატომღაც აღარ ვიბნევი;
- მიყვარს, როდესაც მორიგ ხათაბალას გადარჩენილი გულში გავკივივარ "მე ეს შევძელი!"; 
- არ მიყვარს, როდესაც მშობლები შეშინებულ-შეწუხებული ხმით მირეკავენ ხოლმე და მათ კითხვებზე: "სად მიდიხარ?! სად ხარ?! როგორ ხარ?!" ტყუილით ვპასუხობ;
- მიყვარს, როდესაც ავტობუსის, მატარებლის ფანჯრიდან ფერადი პეიზაჟები სწრაფი კადრებით ცვლის ერთმანეთს, ავტობუსში ძილიც მიყვარს ძალიან;
- არ მიყვარს, როდესაც 5, 10, 20 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩემი ზურგი აუტანელად იწყებს ტკივილს;
- მიყვარს ახალ ქალაქში ჩასვლის სიხარული;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგ ქალაქში ჩასული გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ ზურგჩანთა აკიდებული  სასტუმროს დავეძებ 40 გრადუსიან სიცხეში;
- მიყვარს, როდესაც გული სიხარულით მეკუმშება იმ მორიგი ძეგლის ნახვისას, რისთვისაც ეს დიდი გზა გავიარე;
- მიყვარს, როდესაც რეალობა მოლოდინს აჭარბებს;
- მიყვარს ჩემი ფოტოაპარატი, მიყვარს როდესაც მორიგ ფოტოს ვიღებ, მისი ჩხაკუნის ხმა მიყვარს;
- არ მიყვარს, როდესაც ჩემი გადაღებული კადრი არ მომწონს;
ბაზრობებში ხეტიალი მიყვარს, ბაცაცა გამყიდველებთან ვაჭრობა და ის, რომ "ლამაზი თვალების" გამო ფასს მიკლებენ;
- არ მიყვარს, როდესაც ფასში მატყუებენ;
- უამრავი უსარგებლო, უცნაური სუვენირის ყიდვა, შეგროვება მიყვარს;
- არ მიყვარს, როდესაც ჩემი ზურგჩანთა ამ უსარგებლო ნივთების გამო ტყვიასავით მძიმდება; 
- მარტო მოგზაურობა მიყვარს;
- არ მიყვარს, როდესაც მოგზაურობისას მარტო ვარ;
- მიყვარს, ჰოსტელში, ქუჩაში, ან ტურისტულ ადგილებში გაცნობილი სხვა ჩემნაირი "მაწანწალები" და მათთან ერთად წანწალი უცნაურ ადგილებში და უცნაური თავგადასავ-ხათაბალაში გახვევა;
- მიყვარს სხვა მოგზაურების თავგადასავლების მოსმენა და ის გრძნობა, როდესაც ეს ხალხი მაოცებს;
- უფრო მეტად კი ის მიყვარს, როდესაც მე ვაოცებ მათ;
- არ მიყვარს, როდესაც ჩემს "გაშიფვრას" ცდილობენ და არ სჯერად რომ მართლა გიჟი გურული ვარ;
- არ მიყვარს, როდესაც ახალ გაცნობილი მეგობარი მეორე დღეს თავის გზაზე მიდის;
- არ მიყვარს, როდესაც მე მივდივარ ჩემს გზაზე;
- მიყვარს როდესაც სხვა ქალაქში ჩასულს, წინა ქალაქში შემთხვევით გაცნობილი ადამიანი შემხვდება;
- მიყვარს როცა ეს ადამიანი შემდეგი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიზიარებს და ღია ბარათებს მიგზავნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან;
- უფრო მეტად მიყვარს, როდესაც ეს ადამიანი კიდევ სხვა ადამიანს ხვდება, რომელიც შენ კიდევ სხვაგან გაიცანი და ა.შ. დაუსრულებლად; ან კიდევ, როცა ერთ ქვეყანაში გაცნობილი ადამიანი, სულ სხვა ქვეყანაში და სრულიად სხვა მოგზაურობაში მხვდება. საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები თუ რა ვიწრო და პატარაა რეალურად ეს ჩვენი მსოფლიო!;
- მიყვარს როცა მოგზაურობის ბოლოს ჩემი დღიური უამრავი საოცარი ისტორიით ივსება. განსაკუთრებით, კი ის გაოცების გრძნობა მიყვარს საკუთარივე ნაჩხაპნის კითხვისას კითხვა რომ მიპყრობს: "ნუთუ ეს მართლა მე გადამხდა?!";

- საშინლად არ მიყვარს სახლში დაბრუნება და ის სიცარიელის გრძნობა, როცა ისევ გზა, უდაბნო და ავტოსადგურებში ძილი მენატრება;

- თუმცა, ჩემი ბალიში მიყვარს ძალიან!



January 13, 2012

ახლო აღმოსავლეთის ავტოსადგურებში

ისევ 2010–ია, ისევ სირიაში ვარ, ჰომსში (ეს ის ცნობილი ჰომსია, ეხლა რომ გაძლიერებული მიტინგ–შეტაკებები მიმდინარეობს).

მოკლედ საქმე ასე იყო. პალმირადან გზად შეძენილ გერმანელ მეგზურებთან ერთად მინი ავტობუსი ვიქირავეთ კრაკ დე შევალიემდე. ვინც არ იცით ეს არის ჯვაროსნების ცნობილი ციხე სიმაგრე, რომელიც როგორც გიდმა გვითხრა, სალადინმაც კი ვერ აიღოო და თავის დროზე რიჩარდ ლომგული, მამლუქები და შემდეგ ოტომანები ყოფილან გამაგრებულები. 


(ესეც რამოდენიმე ფოტო ჩემი არქივიდან. აუცილებლად ნახეთ, თუ ვინმე სირიაში იმოგზაურებთ)

საეინტერესო იყო ექსკურსია კრაკ დე შევალიეში, მით უმეტეს, რომ მისი მონახულება სულაც არ იყო ჩემს თავდაპირველ გეგმაში, მაგრამ ზემოთ ხსენებული რამადანის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, შუეძლებელი გახდა ლოკალური ავტობუსის ბილეთის შეძენა, ამიტომაც პალმირადან დამასკომდე რომ ჩამეღწია, გზად გაცნობილი გერმანელების წინადადება მივიღე და მათთან ერთად ერთად ვიქირავე მინი ავტობუსი. დამპირდნენ რომ კრაკ დე შევალიეს შემდეგ ჰომსში დაგტოვებთო, რომელიც ქვეყნის შუაგულში მდებარეობს და სატრანსპორტო ჰაბს წარმოადგენს. ასეა თუ ისე, საინტერესო გზის "გამრუდება" გამომივიდა.

ჰომსის ავტოსადგურს რომ მივუახლოვდით, ფილმებში როგორც აჩვენებენ ხოლმე, მანქანიდან მგზავრის ჩანთას რომ ისვრიან, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია "გაიჩითა". გამიჩერეს სადგურთან, ჩანთან ჰაერში "მესროლეს", ერთმანეთი გადავკოცნეთ და აბა ჰეო ხელი დამიქნიეს.  
მინი ავტობუსი ისე ჩაყლაპა მანქანების ტალღამ, ვერც მოვასწარი გააზრება. ნუ კარგი, მოვტრიალდი და შევდივარ სადგურში. კარებთან ორმა პოლიციელმა გამაჩერა და პასპორტი მომთხოვა. ამხედ–დამხედეს, სახელზე გაეცინათ და "ველკომო" მითხრეს.

შევაბიჯე სადგურში. ეს იყო დიდი დარბაზი. ირგვლივ კი პატარ–პატარა კომპანიის ოფისები, უფრო სწორად ჯიხურები იყო განლაგებული. არცერთი სიტყვა ლათინური ანბანით დაწერილი. მხოლოდ არაბულით. ოფისების წინ "ზაზივალკები" გაურკვეველ მიმართულებებს გაჰყვიროდნენ: "ჰალაბ, ჰალაბ!", "დიმაშქ, დიმაშქ!", "ლუბლან!"  ცოტა არ იყოს და დავიბენი. მერე ბატონი გურამის ნასწავლი არაბული გავიხსენე, კერძოდ ის რომ, დამასკო არბულად არის "დიმაშქ" მივაჭერი იმ კაცს, ვინც ამ სიტყვას გაიძახოდა, და ჩემი 2 სიტყვა არაბულით ავუხსენი დამასკომდე რომ მივდიოდი. სალაროსთან მიმიყვანა, რაღაც უთხრა და მოლარემაც ბილეთი გამომიწოდა. როგორ "გამიხარდა", როცა ბილეთზე სულ არაბულად ეწერა ყველაფერი, თვით გასვლის დროც კი არაბული ციფრებით წაეწერა. ვიკითხე, ეს არ მესმის და როდის გადის ავტობუსი თქო. მითხრეს აქ დაელოდე და გეტყვითო.

დაველოდე...

ცოტა ხანში, მოდის ჩემთან ის კაცი, ვინც ბილეთი მაყიდინა, ხელით მანიშნა  წამომყევიო. ავიკიდე ჩანთა და გავყევი გარეთ. ავტობუსი ისე ეყენა, წარწერა ვერ დავინახე. კაცმა ჩანთა საბარგულში დამადებინა, ამაცილა სალონში, ჩემს ადგილზე დამსვა, ბილეთი გამომართვა,  რაღაც "Good Luck"-–ის მსგავსი ჩაილაპარაკა და ჩავიდა. ჩემს გვერდით პატარა ბავშვი იჯდა. გავუღიმე. 
ავტობუსი დაიძრა. ცოტა მღელვარებამ გადამიარა. დამასკოში მივდივარ, დამასკოში!

უცებ ავტობუსი მკვეთრად ამუხრუჭებს, კარები იღება და ამორბის კაცი, ვინც ბილეთი მაყიდინა და აქ ამომაცილა. გაწითლებულმა და აქოშინებულმა, ხელი წამავლო  "ჩამომათრია" ავტობუსიდან. ჩანთა თქო გავკივივარ... მძღოლი ჩანთას გვაწვდის. რაღაცას ბურდღუნებს ეს კაცი "very sorry, verry sorry, no bus". ვაი!... 


შემიყვანეს ისევ იმ სადგურში, აქ დაჯექიო მიმითითეს სკამზე და ისტერიულად ტელეფონზე რეკვა დაიწყეს. 
ნუ იტყვით, როგორც გავარკვიე, სულ სხვა ავტობუსში ჩავუსვივარ,  ვინ იცის სად მიშვებდნენ. თან უკვე ღამდებოდა. აბა წარმოიდგინეთ, რა საინტერესო თავგადასავალი მელოდა, როცა შუა ღამით დამასკოს ნაცვლად, კაცმა არ იცის სად ამოვყოფდი თავს...
უცებ,  სადგურში შემოვარდა ახალგაზრდა ბიჭი, ზუსტად მახსოვს, ქერა თმები ჰქონა, ცისფერი უნიფორმის პერანგი ეცვა და იმოდენა ცისფერი თვალები ჰქონდა, გავოცდი... ჩემზე მიანიშნეს. გამიღიმა, გამომყევიო მანიშნა, ჩემი ჩანთა მხარზე მოიგდო  და გასასვლელისკენ გაემართა. გავეკიდე. მე კი ის კაცი გამომეკიდა, ვისი წყალობითაც, ვინ იცის სად მივდიოდი.. "დიმაშქ"–თქო ვკითხე ამ ყმაწვილს, კიო... 

გავირბინეთ ავტო სადგურის უკანა ეზო. დამასკოს ავტობუსი, რომელიც თურმე უკვე გასულიყო სადგურიდან, მოებრუნებინათ და სადგურის გარეთ შუა ქუჩაში გაეჩერებინათ.  ჩანთა საბარგულში შეაგდეს, სალონში ამაცილეს, ადგილი მიმითითეს. ბილეთი აღარ მქონდა, იმიტომ რომ, წინა ავტობუსში როცა ჩამსვა, იმ კაცმა გამომართვა. "Dont Worry"-იო გამიღიმა სიმპატიურმა ყმაწვილმა. "ჩემმა გამცილებელმა" კი, თავდახრიმლა, ისევ ბოდიშების მოხდა დაიწყო. არაფერია თქო  იქეთ დავამშვიდე და ჩასვლისას ხელი დავუქნიე კიდეც. 

ავტობუსი დაიძრა, ჰომსიდან რომ გადიოდა უკვე ღამდებოდა კიდეც. გვერით გოგონა მეჯდა, ჯვარი ეკეთა. ვკითხე შენც დამასკოში მიდიხარ თქო, კიო... დავმშვიდდი...

ჰოდა, მერე რა რომ, კინაღამ გადამკარგეს, ხომ დროულად მიხვდნენ შეცდომას და ლამის ქალაქიდან გასული ავტობუსიც მოატრიელეს ვიღაც გურჯი მაწანწალასთვის. მე კი ეს მინი თავგადასავალი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

ეს იყო სირია...


January 6, 2012

სირია 2010–ში (Part 1)

უკვე ღამდებოდა ავტობუსი ალეპოს მიმართულებით რომ დაიძრა.

გიმგზავრიათ ოდესმე "პაბლიკ" ავტობუსებით ახლო აღმოსავლეთში? მარტოს? ღამით რამადანის დროს? შეიძლება ჩემს მოგონებებს შეცდომაში შევყავდე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ასე მარტოდ მარტო მოვკალათდი სკამე და გავეშურე, სამხრეთისაკენ. 

მინდა ვურჩიო ქალ მოგზაურებს, თუ არასდროს არ გიმგზავრიათ მარტო ეგეთ სიტუაციაში, არ გაგიკვირდეთ, თუ, რბილად რომ ვთქვათ, რამოდენიმე მგზავრის  ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობთ. ასე მაგალითად, ჩემს უკან მსხდომი 2 ვაჟკაცი, მთელი ღამის მანძილზე ჩემი სკამის ზურგს ფეხებს ურტყამდნენ (იქნებ ვერ ეტეოდნენ? ვერ გეტყვით). გამცილებელი (თურქულ ავტობუსებში, ყოველთვის გამოწკეპილი გამცილებლები შემოგეგებებიან და ჩაის და ნამცხვრებს არ მოგაკლებენ მგზავრობისას), ყოველ გავლა გამოვლაზე ახერხებდა ჩემთვის მხარის გაკვრას. ჰო, მეტყვით არაფერიო, ეგ რა არისო, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არც კი ვიცოდი სად მივდიოდი და კაცმა არ იცოდა კიდევ შემიშვებდნენ თუ არა ქვეყანაში, ამ დეტალებს ყურადღებას ვაქცედი. კიდევ არგი, ის ცისფერთვალება სირიელი კაცი, ბარგი რომ ჩემთან ერთად ჩააბარა, ჩემს წინ იჯდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორი იმედი მქონდა მისი და ის  უბრალო ფაქტი, რომ ჩემთან ახლოს იჯდა, მამშვიდებდა ამ შავი ხალხით გატენილ ავტობუსში.

ვტობუსი ჰატაის სადგურში შევიდა თუ არა, გამომიცხადეს ალეპოსთვის სხვა ავტობუსში უნდა გადაბარგდეო. ჩემი ზურგჩანთა ერთმა შავმა კაცმა მხარზე მოიგდო და სადღაც გაიქცა, გავეკიდე. ვიღაცამ ჰალებ–ჰალებ–ო დაიძახა, მისკენ წავედი. მესამე კაცმა პასპორტი გამომგლიჯა ხელიდან და სულ სხვა მიმართულებით წავიდა. გადავირიე, ჩანთას გავეკიდო, თუ პასპორტს? ჯანდაბას! პასპორტს გავეკიდე. 
სადისპეჩეროში შევვარდი, ჩემი პასპორტი ერთ ახმახ თურქს ხელში უჭირავს. "აა, გუჯისტან..." არ მესიაოვნა ტონი, მაგრამ ასეთ დროს, გურული ხასიათის გამოვლენას არავის გირჩევთ. თავი მორჩილად დავხარე, და ვიკითხე, ხომ მომცემენ ვიზას თქო. ამხედ დამხედეს, კი, შეიძლებაო... პასპორტი დაიტოვეს და მითხრეს 1 საათი დაელოდე გარეთ ავტობუსსო. გული უფრო მეტად დამიმძიმდა, მაგრამ მაინც გარეთ გამოვედი. ბარგი კაცმა არ იცის სადაა. პასპორტი ვიღაც თურქებს აქვთ. უკეთესს რას ინატრებს კაცი...

ჰოდა, მაშინ როცა უკვე სიმწრისგან ტირილი დავაპირე, იქვე სკამზე პენსიონერი მოგზაურების წყვილი შევნიშნე. აღმოჩნდა, რომ ისინიც ალეპოში, სირიაში მიდიან! მათი პასპორტებიც თურქმა დისპეჩერებმა დაიტოვეს. კარგი, ქართველ მაწანწალას დაჩაგვრას რა უნდა, მაგრამ კანადელი პროფესორებიც რომ ჩემნაირ სიტუაციაში დავინახე, დავმშვიდდი. შემდეგ, იამანიც გავიცანით. სირიელი სტუდენტი, რამადანის დასრულების აღსანიშნავად, სახლში ალეპოში მიდიოდა. იმ მომენტში, ნამდვილად ვიწამე, რომ მოგზაურობის ღმერთი არსებობს და ის არ მიმატოვებს... 
ფოტო, მე, იამანი, და კანადელი ქალი (სახელი არ მახსოვს, სადღაც მიწერია).


მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. შავი, ღიპიანი და ულვაშებიანი მესაზღვრეების გაოცებული სახეები მელოდა წინ. 
–სად მიდიხარ? 
–სირიაში? 
–კეროდ? 
–ალეპოში, პალმირაში, დამასკოში.
–რატომ არ აიღე ვიზა თბილისში?
–იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სირიის საკონსულო..
–იტყუები! მე ვიცი რომ არის!
ეს ყველაფერი ისეთი დამტვრეული ინგლისურით, მე რომ ჩემი თავი ბაირონი მეგონება მათ ფონზე.
შუალედებში დახედავენ ჩემს პასპორტს, ვიღაცას გადააწვდიან. ასე ხელიდან ხელში მთელი საბაჟო მოიარა, ყველა ჩემს სახელს აკვირდებოდა, ამომხედავდა და ხარხარებდა – რაო, ჩაი (TEA) გქვიაო?... შაქრით ხარ, თუ უშაქროდო... თავი კიდევ უფრო მეტად დავხარე...

აი მაშინ  კიდევ ერთხელ დავაპირე ტირილი. რჩევა მეგობრებო, თუ რკინის ნერვები არ გაქვთ, უვიზოდ არ მიაჭრათ სირიის საზღვარს. ჰოდა, როცა უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა, როცა, "საჭვო ყოფაქცევის ქალად" მიმიჩნიეს, აი მაშინ გაჩნდა ჩემს გვერდით იამანი, ის სტუდენტი ბიჭი. არ დაიზარა, თარჯიმნობა იტვირთა. თავისი ტელეფონიც კი ჩააწერინა მებაჟეებს, ამ გოგოზე მე ვაგებ პასუხსო. ამ დროს ფაქსმაც მოგვისწრო დამასკოდან, სირიის მთავრობამ დაადასტურა რომ არ ვიტყუებოდი და თბილისში საკონსულო არ გვაქვს. 

ვიზა ჩამირტყეს. 8 დღით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ბოლო მომენტში რომ მკითხეს რამდენი დღე დარჩებიო, 10–თქო ვიყვირე. კიდევ კარგი. ზემოთ ხსენებული რამადანის გამო 1 დღე ალეპოში გავიჭედე, მეორე დამასკოში. კიდევ ერთხელ გამიმართლა :).

როცა ვჯდებოდი, ავტობუსის მძღოლი მომიტრიალდა და მითხრა, ძალიან გაგიმართლაო. საერთოდ მინიმუმ 2 საათი სჭირდებათ საზღვარზე ვიზის აღებისთვის, შენ კიდევ რაღაც 30 წუთი დაგაყოვნესო...

ჰოდა, ის იყო დავმშვიდდი, რომ ავტობუსი ალეპოში შეგრიალდა. ყოფილხართ ალეპოში? თუ არა ვერასდროს გაიგებთ რას ნიშნავს, როცა გრძელი ღამის შემდეგ, უფრო გრძელი დილის და საზღვარზე გატარებული შუადღის შემდეგ, ზედ ალეპოს შუაგულში გაგიჩერებენ ავტობუსს და მოვედითო გეტყვიან.

მოვედით. ღმერთო, და ამისთვის მოვიკალი თავი?!

მეგზურებს დავემშვიდობე, კონტაქტები გავცვალეთ, ჩემი ზურგჩანთა ავიკიდე, ერთ ხელში Lonely Planet-ის წიგნი მდაიჭირე, მეორეში გუგლის რუკა ზედ რომ, ჩემი სასტუმრო მოვნიშნე.  კიდევ ერთი რჩევა მეგობრებ, თუ ახლო აღმოსავლეთში სასუმროს დაჯავშნას დააპირებთ, მარტო  ერთ წყაროს არ ენდოთ, LP- წიგნში და ფორუმში, აგრეთვეTrip Advisor–შიც გადაამოწმეთ და მხოლოდ რეიტინგის მაჩვენებელ ციფრს კი ნუ შეხედავთ, მოგზაურების რევიუებიც წაიკითხეთ აუცილებლად! 

ჩემს სასტუმროზე წიგნში ეწერა ერთადერთი სასტუმროა ძველ ქალაქშიო და ალეპოს ციტალედთან ყველაზე ახლოს არისო. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემი ჭკუით ყველაზე უსაფრთხო ადგილას ვიშოვე ღამის გასათევი (მარტო ვარ გოგო მაინც!). ჰოდა, უკვე 2 დღის ემოციებისგან გათანგული, ქალაქში ნახევარი საათის წანწალის შემდეგ მივადექი ძველი ქალაქის კარიბჭეს. ჰოდა, ეხლა წარმოიდგინეთ აღმოსავლეთის ბაზარი. ალეპოს ძველი ქალაქი კი მეტი  არაფერია თუ არა ეს დიდი ბაზარი, ერთ–ერთი ყველაზე დიდი მთელს ახლოაღმოსავლეთში. ვიდექი ბაბ ანტაკიასთან, ანუ ამ ქალაქის კარიბჭესთან, შუა საუკუნეების ნაისრალები რომ  დღემდე ეტყობა ზედ, წინ უამრავი ხალხი ტრიალებს, უფრო მეტი კი გაურკვეველი რაღაცაებით ვაჭრობს და აი მაშინ მივხვდი, რომ მაგარ შარში ვიყავი...




(გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარა ამდენი წერა)

December 26, 2011

სირია 2010-ში (Part 0)

პირველად გეგმა მქონდა ძალიან მარტივი მივდივარ სტამბულში, ოჯახში ვიბარებ, რომ მივდივარ კონცერტზე მეგობრებთან ერთად. თავში კიდევ ვამუშავებ (პლან ბ-ს):
დღე პირველი: სტამბულში ჩასვლა, სასტუმროში დაბინავება, ფეხით სეირნობა, რამდენსაც შევძლებ;
დღე მეორე: დილით  ადრე მაჩკაზე სირიის საკონსულოს პოვნა, ვიზაზე განაცხადის შეტანა. შემდეგ სასტუმროში გაქცევა, ნატალის, ნაცის და ლენკასთან ერთად, ქალაქის მესამე ბოლოში U2-ს კონცერტზე მისასვლელი ავტობუსის პოვნა, კონცერტზე დასწრება;
დღე მესამე: აზრზე არა ვარ ამ დღეს რას ვაკეთებ, საკონსულოს პასუხის მიხედვით გზად მოვიფიქრებ რამეს;

ასეთი მომზადებული ჯერ არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. მოკლედ, ვიპოვე საკონსულო. სანამ გაიხსნებოდა, მაჩკაზე ვიყავი დილის სოკოსავით ამოსული. ჩემნაირები კიდევ სხვებიც აღმოჩნდნენ, ნუ მთლად ჩემნაირები არა, მაგალითად იყვნენ ცოლ ქმარი ავსტრიელები, რომლებიც ინდოეთში მიდიოდნენ სირიის გავლით, გაურკვეველი წარმოშობის ზანგები, კიდევ ერთი სიმპათიური კაცი, მე რომ კალამი მთხოვა სავიზო აპლიკაციის შესავსებად. 
შევავსე აპლიკაცია, თან არ იფიქროთ მოუმზადებელი ვარ, ბანკში აღებული სამსახურის ცნობა და ამონაწერი და 2 ფოტო სურათიც მაქვს, თან ხელში დიდი მოგზაურივით ჩემს პირველ Lonely Planet-ის მეგზური მიპყრია (ტიპა, შემომხედეთ, სხვა ვინმე არ გეგონოთ, მოგზაური ვარ). 
მივედი ქალთან, რომელიც საბუთებს იბარებდა, და.. ნურას უკაცრავადო, ჩვენ ვიზებს არ გავცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეო... კითხვაზე რა ვქნაო, ჯერ დაფიქრდა, შემდეგ ამხედა, ნელა ჩამომხედა და მითხრა, შეგიძლია საზღვარზე მიხვიდე და იქ სცადო ბედიო. მომცემენ თქო ვიზას ვეკითხები, თუ გაგიმართლებს მოგცემენ, თუმცა არა მგონიაო და "ნექსტ"-ო დაიყვირა...
დრო იმდენად მიჭერდა, კონცერტზე ვაგვიანებდი, არც მიფიქრია თუ რას ვიზამდი ხვალ. ბონო მელოდა და სირია მოიცდიდა 1 დღით.

კონცერტზე მოვხვდით, ტუალეტის რიგშიც 2 საათი ვიდექით, ბონომაც ხელის შეხების მანძილზე გაიგოგმანა ჩვენს წინ, საკოცნელად კი სხვა  გოგო აიყვანა ("მაგარი ბანძი"), კიდევ ვიღაც რუსებმა ალკოჰოლი დაგვალევინეს და გაგვათბეს, მოკლედ "გაასწორა". 

გათენდა, მეგობრებს ვეუბნები, რომ მივდივარ სირიაში, ბედს ვცდი, შემიშვებენ ჰო კარგი, თუ არა და რამეს იქვე მოვიფიქრებ, თუ რა ვქნა შემდეგ. სანამ ნაცდათო რამე რჩევის თქმას მოასწრებდა, მანამდე გავიქეცი, სირიელი მებაჟეებზე მეტად, მისი არაპოზიტიური პროგნოზის მეშნოდა და მეშინია დღემდე :) (ნაცი, ბეზ აბიდ). წასვლამდე მე თვითონაც უკვე გადავქექე ინტერნეტი საზღვარზე ვიზის მიღების თაობაზე. პასუხი იყო ყველგან ერთნაირი, მარტო მოგზაურმა ახალგაზრდა, გაუთხოვარმა ქალმა და მით უმეტეს პოსტ საბჭოეთიდან, არ უნდა იოცნებოს ვიზის მიღებაზეო. მოკლედ, მთლად გულდამშვიდებულიც არ ვიყავი, მაგრამ...

სტამბულის ცენტრალური ავტოსადგური, იმაზე პატარა აღმოჩნდა ვიდრე მახსოვდა, შეიძლება ეხლა მახსოვს ეგრე პატარად, მაგრამ მაშინ დაახლოებით ასე იყო: ვდგევარ ამ უზარმაზარ წრეში და ირგვლივ კომპანიის ოფისები აჭრელებული იყო ათასგვარი მიმართულებებით. მე ერთი მინდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არცერთი თავისუფალი ადგილი ალეპოს მიმართულებით. დამავიწყდა მეთქვა რომ სექტემბრის 7-ია, ანუ რამადანი ბოლო დღეებს ითვლის და ყველა მუსულმანი უკვე ემზადება ფესტივალის ოჯახებში აღნიშვნისათვის, რაც ნიშნავს რომ მთელი ახლო აღმოსავლეთის ტრანსპორტი გადაჭედილ-გადაძეძგილია. აი მაშინ ავნერვიულდი. ისე შემოვირბინე ყველა ოფისი და დავბრუნდი საწყის ადგილზე, რომ ვერაფერი ვიპოვე, ხელმოცარული ვარ....

მერე, ჯანდაბაში გავუშვი ეს უაზრო ცრურწმენები, შევედი ოფისში, ნომრით 13, გამყიდველმა ეჭვის თავლით ამომხედა, ვიღაცას ანიშნა, იმან გევრდით გამიყვანა, სადღაც სხვა ოფისში შემიყვანა და ჰმ, გაგიმართლაო, ბოლო ბილეთიაო. ბოლო!..

უკვე ღამდებოდა, გამცილებელმა ჩემი ბარგი რომ საბარგულში შეაგდო, "ჰალებ"? მკითხა, კი თქო, გვერდით მეორე მგზავრმა, გაოცებით ამომხედა უზარმნაზარი ცისფერი თვალებით, არ დაიჯერა ალბათ, ან ვინმე გიჟად ჩამთვალა, ან"პატიოსან" ქალად. არ მადარდებდა არაფერი, ბილეთი მაქვს და მივდივარ. რაღაც მაინც გავაკეთე, ჰო ვიცი, დიდი არაფერი, მაგრამ მაშინ ეს ჩემთის დიდი ნაბიჯი იყო. თუმცა გაურკვეველია რა მიმართულებით...


December 16, 2011

"ტანცი აბნიმანცი"

დღეს ერთ-ერთ პეროვის ბარში შეხეტებულებს ტრადიციული ქართული სურათი დაგხვდა, გოგოები ცეკვავენ, ქართველი ბიჭები უცქერენ. ერთადერთი კაცი ვინც ცეკვავდა, 60-წელს საპენსიო ასაკის უცხოელი იქნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა უცხოელების ჯგუფი შემოლაგდა, მაგათ კი იცოცხლე, მოილხინეს.

უბრალოდ რა მინდა ვთქვა, თითქოს დრო გადის, ევროპას ვუახლოვდებით, ელემენტარულ წვრიოლმანებში კი მაინც აზიელებივით ვმსჯელობთ. პრინციში რუკას თუ დახედავ, იქ ვართ და რა ვქნათ...

უბრალოდ, ამ ყველაფრის შემყურეს გამახსენდა მაროკოში, ფეზში გადამხდარი ამბები, უფრო სწორად ამ ამბების თანმხვედრი "უმნიშვნელო" ფრაგმენტები.
ფეზში სასტუმროს პატრონმა, მე და ერთი ამერიკელი ერთ საღამოს დასალევად დაგვპატიჟა. დალევა ზოგადად მაროკოში აკრძალულია, ქუჩაში თუ ლუდის ბოთლით დაგინახეს, ციხე არ აგცდება (ნუ, ციხე თუ არა, პოლიციის განყოფილებაში გასეირნება მაინც). სასმელი რომ გაყიდოს, დაწესებულებას სპეციალური ლიცენზიის მოპოვება და რა თქმა უნდა მთავრობიის წრეებში კარგი ნაცნობ-პატრონები სჭირდება. ჰოდა, ეხლა ამას დისკოც დაუმატეთ და მიხვდებით რა რიგ "განსაკუთრებულ" ადგილას წაგვიყვანა ამ ყმაწვილმა.
ყმაწვილი, ყმაწვილად, ეს სხვა ისტორიაა. უბრალოდ, რაც იმ საღამოსგან დამამახსოვრდა, იყვნენ მაროკოელი გოგონები.  შუა კლუბში საცეკვაო ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე მაროკოელი გოგონა ცეკვავდა.   კლუბურად იყვნენ გამოწყობილები. ისეთი არაფერი, მოკლე კაბა, მოშიშვლებული ადგილები, მკვეთრი მაკიაჟი, მომღიმარი სახე.
ჰოდა ცეკვავდნენ ეს გოგონები მარტო. ირგვილ მაგიდებზე, სავარაუდოდ ფეზის "გაჩითული" მამაკაცები მოკლათებულიყვნენ, მაგრამ ცეკვით ნურას უკაცრავად, არავინ ცეკვავდა. მაშინ ამ სიტუაციამ ე.წ. "სოფლის დისკოთეკა" გამახსენა, აი ჩემს ბავშვობაში რომ იმართებოდა გურიაში. გოგონები ვცეკვავდით, ბიჭები გარშემო "ჩაცუცქულები" გვიცქერდნენ. დღევანდელმა სიტუაციამ კი პირიქით, ფეზი გამახსენა.

მსგავსება იყო და არის.

ეხლა მე მეტყვით, არ დადიხარ სხვა კლუბებში თბილისში და არ იცი რა ხდებაო, მაგრამ აქ თუ მხოლოდ კლუბში ცეკვის თემა დაინახეთ, მაშინ კი ბატონო.
თუმცა, მე უბრალოდ იმ წვრილმან მენტალურ მსგავსებებზე მინდოდა მეთქვა, რაც ჯერ კიდევ სახეზეა ქართველ და მაპატიეთ, მაგრამ არაბ კაცებს შორის.


December 8, 2011

დაზღვევა


ერთი რამ მაინტერესებს, ყველანი იღებთ სამოგზაურო დაზღვევას უცხო ქვეყანაში გამგზავრებისას?

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დღეს დავფიქრდი ამ თემაზე და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ 2-ჯერ მაქვს აღებული სამოგზაურო დაზღვევა. პირველად ჩეხეთის ვიზისათვის, მეორედ მაროკოს ვიზისათვის. სხვა შემთხვევაში, ანუ ყველაზე თავზეხელაღებულ ტრიპებში კი არც მომსვლია თავში აზრად მათი აღება. მართლა, არც გამხსენებია (!!!).

ნუ ეხლა, მაროკოსთვის რომ ავიღე ნუ იტყვით, ძალიან დამშვიდებული წავედი. სანამ წავიდოდი, რამოდენიმე დღით ადრე მარაკეშის მთავარ ტურისტულ მოედანზე ალქაიდამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე ააფეთქა და 16 ტურისტი იმქვეყნად გაისტუმრა( ამ კაფეს წინ იყო ჩემი დაჯავშნული სასტუმრო). ვრეკავ ამ სადაზღვევოში და ასე მითხრეს, ტერორიზმის, ომების, მიტინგების, ან რაიმე მსგავსი შემთხვევებით მიყენებულ დაზიანებებს არ ვანაზღაურებთო... ჰოდა რა გასაკვირია, რომ როცა ჩემს ბოლო მოგზაურობას ვგეგმავდი, არც გამხსენია ჩვენს "მეგობარ" BCI-თვის მიმერთა.

როგორ მოვიარე, რაები გადამხდა თავს, ეგ სხვა თემაა და ერთ ნოუთში რას ჩავატევ (ერთხელაც ალბათ წიგნს დავწერ). აქ უბრალოდ დაზღვევის საჭიროებაზე ვფიქრობ. პეტრაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი წითელი ნოკია დავკარგე. ვეძებე, ვერ ვიპოვე, რას ვიზამდი, ავდექი და 16 დირჰამად იქვე ტელეფონის "ბუტკაში" ფანრიანი ნოკია ვიყიდე (მშვენივრად მუშაობს და თან სუვენირია :) ).

ეს ამბავი, ჩემს ინგლისელ უფროსს მეგობარს მივწერე. ეს ქალი ვერ დავადგინე რას საქმიანობდა, ჩემსავით საეჭვო ქვეყნებში მოგზაურობს, ერთმანეთს დამასკოში შევხვდით და იორდანიაში ერთად წამოვედით, შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. შამსიმ დამამშვიდა, ეგ არაფერია, მიმართე შენს სადაზღვევო კომპანიას და აგინაზღაურებენ დანაკარგსო. როგორ ვთქვა, მაგრამ შემრცხვა მიმეწერა მისთვის, რომ დაზღვევა არ მქონდა, რაც ყველაზე სამარცხვინოა, არც მომაფიქრდა საერთოდ... ისედაც ყველა დამცინოდა, ყველაზე ცუდი რისკ ანალიტიკოსი ხარ, ამ დროს აქ თუ ხარო.

ჰოდა გავჩუმდი და დავფიქრდი-შემდეგში დაზღვევა ავიღო, თუ საერთოდ პროფესია შევიცვალო?