- მიყვარს, როდესაც მოგზაურობისათვის საჭირო ნივთების სიას ვადგენ;
- არ მიყვარს, როდესაც საჭირო ნივთებს ფასებს მივუწერ და ბიუჯეტის ციფრი არ მომწონს;
- მიყვარს, როდესაც მარშუტს ვადგენ, რუკებს ვბეჭდავ, სასტუმროებს,ჰოსტელებს დავეძებ;
- არ მიყვარს, სასტუმროებისაგან მეილის მოლოდინი და გაურკვევლობა, ან როცა ბილეთის ფული ჯერ არ მაქვს და მეშინია ხელფასის ჩარიცხვამდე ვიღაცამ არ ამწაპნოს შეთვალიერებული იაფი ბილეთი;
- მიყვარს, როდესაც მოგზაურობამდე დარჩენილ დღეებს ვითვლი;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგ მოგზაურობამდე დარჩენილ თვეებს ვითვლი;
- მიყვარს ჩემი ზურგჩანთა და მისი ჩალაგების პროცესი;
- არ მიყვარს, როდესაც ყველა ნივთი/ტანსაცმელი ბინის იატაკზეა მიმოფანტული, სანამ თავიანთ ადგილს იპოვნიან ზურგჩანთის ჯიბეებში;
- მიყვარს, როდესაც პასპორტს მებაჟეს ვაწვდი და ისიც მორიგ საეჭვო შტამპს არტყამს შიგ;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგი გონებაშეზღუდული და ეჭვიანი მებაჟე დიდხანს ატრიალებს ხოლმე ჩემს პასპორტს და გაუთავებელი კითხვებით სცდილობს ჩემი მოგზაურობის „ნამდვილი მიზეზის“ დადგენას;
- მიყვარს ჰოსტელები, თავისებური მუხტითა და ბევრი უცნაური ხალხით;
- ვერ ვიტან საერთო სააბაზანოებსა და ტუალეტებს;
- მიყვარს, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორეში გადასახეტებლად ჩანთას ვალაგებ;
- არ მიყვარს, როდესაც ავტობუსი გამასწრებს ხოლმე და სრულიად უცხო გარემოში და ხალხში ვიკარგები;
- მიყვარს აღმოსავლეთის ავტოსადგურები, ხმაურით, ქაოსით, უცნაური გამცილებლების (ხანხან ცისფერთვალებიანებით) და ის მიყვარს, რომ ამ ქაოსში რატომღაც აღარ ვიკარგები;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგ ხათაბალაში გახვევისას შიშისგან გული და მუცელი მეკუმშება, თუმცა ისიც მიყვარს, რომ ამ დროს რატომღაც აღარ ვიბნევი;
- მიყვარს, როდესაც მორიგ ხათაბალას გადარჩენილი გულში გავკივივარ "მე ეს შევძელი!";
- არ მიყვარს, როდესაც მშობლები შეშინებულ-შეწუხებული ხმით მირეკავენ ხოლმე და მათ კითხვებზე: "სად მიდიხარ?! სად ხარ?! როგორ ხარ?!" ტყუილით ვპასუხობ;
- მიყვარს, როდესაც ავტობუსის, მატარებლის ფანჯრიდან ფერადი პეიზაჟები სწრაფი კადრებით ცვლის ერთმანეთს, ავტობუსში ძილიც მიყვარს ძალიან;
- არ მიყვარს, როდესაც 5, 10, 20 საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩემი ზურგი აუტანელად იწყებს ტკივილს;
- მიყვარს ახალ ქალაქში ჩასვლის სიხარული;
- არ მიყვარს, როდესაც მორიგ ქალაქში ჩასული გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ ზურგჩანთა აკიდებული სასტუმროს დავეძებ 40 გრადუსიან სიცხეში;
- მიყვარს, როდესაც გული სიხარულით მეკუმშება იმ მორიგი ძეგლის ნახვისას, რისთვისაც ეს დიდი გზა გავიარე;
- მიყვარს, როდესაც რეალობა მოლოდინს აჭარბებს;
- მიყვარს ჩემი ფოტოაპარატი, მიყვარს როდესაც მორიგ ფოტოს ვიღებ, მისი ჩხაკუნის ხმა მიყვარს;
- არ მიყვარს, როდესაც ჩემი გადაღებული კადრი არ მომწონს;
ბაზრობებში ხეტიალი მიყვარს, ბაცაცა გამყიდველებთან ვაჭრობა და ის, რომ "ლამაზი თვალების" გამო ფასს მიკლებენ;
- არ მიყვარს, როდესაც ფასში მატყუებენ;
- უამრავი უსარგებლო, უცნაური სუვენირის ყიდვა, შეგროვება მიყვარს;
- არ მიყვარს, როდესაც ჩემი ზურგჩანთა ამ უსარგებლო ნივთების გამო ტყვიასავით მძიმდება;
- მარტო მოგზაურობა მიყვარს;
- არ მიყვარს, როდესაც მოგზაურობისას მარტო ვარ;
- მიყვარს, ჰოსტელში, ქუჩაში, ან ტურისტულ ადგილებში გაცნობილი სხვა ჩემნაირი "მაწანწალები" და მათთან ერთად წანწალი უცნაურ ადგილებში და უცნაური თავგადასავ-ხათაბალაში გახვევა;
- მიყვარს სხვა მოგზაურების თავგადასავლების მოსმენა და ის გრძნობა, როდესაც ეს ხალხი მაოცებს;
- უფრო მეტად კი ის მიყვარს, როდესაც მე ვაოცებ მათ;
- არ მიყვარს, როდესაც ჩემს "გაშიფვრას" ცდილობენ და არ სჯერად რომ მართლა გიჟი გურული ვარ;
- არ მიყვარს, როდესაც ახალ გაცნობილი მეგობარი მეორე დღეს თავის გზაზე მიდის;
- არ მიყვარს, როდესაც მე მივდივარ ჩემს გზაზე;
- მიყვარს როდესაც სხვა ქალაქში ჩასულს, წინა ქალაქში შემთხვევით გაცნობილი ადამიანი შემხვდება;
- მიყვარს როცა ეს ადამიანი შემდეგი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიზიარებს და ღია ბარათებს მიგზავნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან;
- მიყვარს როცა ეს ადამიანი შემდეგი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიზიარებს და ღია ბარათებს მიგზავნის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან;
- უფრო მეტად მიყვარს, როდესაც ეს ადამიანი კიდევ სხვა ადამიანს ხვდება, რომელიც შენ კიდევ სხვაგან გაიცანი და ა.შ. დაუსრულებლად; ან კიდევ, როცა ერთ ქვეყანაში გაცნობილი ადამიანი, სულ სხვა ქვეყანაში და სრულიად სხვა მოგზაურობაში მხვდება. საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები თუ რა ვიწრო და პატარაა რეალურად ეს ჩვენი მსოფლიო!;
- მიყვარს როცა მოგზაურობის ბოლოს ჩემი დღიური უამრავი საოცარი ისტორიით ივსება. განსაკუთრებით, კი ის გაოცების გრძნობა მიყვარს საკუთარივე ნაჩხაპნის კითხვისას კითხვა რომ მიპყრობს: "ნუთუ ეს მართლა მე გადამხდა?!";
- მიყვარს როცა მოგზაურობის ბოლოს ჩემი დღიური უამრავი საოცარი ისტორიით ივსება. განსაკუთრებით, კი ის გაოცების გრძნობა მიყვარს საკუთარივე ნაჩხაპნის კითხვისას კითხვა რომ მიპყრობს: "ნუთუ ეს მართლა მე გადამხდა?!";
- საშინლად არ მიყვარს სახლში დაბრუნება და ის სიცარიელის გრძნობა, როცა ისევ გზა, უდაბნო და ავტოსადგურებში ძილი მენატრება;