...
აეროპორტიდან ჰოსტელში ავტობუსით მივდივარ, მძღოლმა ვიცი სადაც არის ეს ადგილი და მიგიყვან არ იდარდოო. მეც ვენდე და ფანჯრასთან მოკალათებული ინტერესით ვათვალიერებ ანტანანარივოს ვიწრო და ქაოსურ ქუჩებს აქამდე ნანახ არცერთ ადგილს რომ არ ჰგავს თავისი უცნაური ზღაპრის ილუსტრაციების მსგავსი აგურის სახლებით, ერთმანეთში არეული ძველი ფრანგული მანქანებით, ველო პუს-პუსებითა თუ ხალხით, მანქანებს ლამის ბორბლებში რომ ედებიან და მათთან ერთად მოძრაობენ ტროტუარების არ ქონის გამო...
ჩემი ერთადერთი ფოტო ლემურთან! |
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა ეტყობა შევებრალე და ისეთი რჩევები მომცა, რისი წყალობითაც ჩემი მთელი მოგზაურობა ერთ დაუვიწყად თავგადასავლად იქცა. განსაკუთრებული კი არაფერი უთქვამს, უბრალოდ მირჩია თუ მდინარეზე კანოეზე დაშვება, შემდეგ კი წინგის და ბაობაბების ნახვა ხვალ დილითვე ანწირაბეში წადიო, ჰოსტელიც კი მომინიშნა წიგნში, იქ გაჩერდი და დაგეხმარებიანო. ანდრინგიტრაში მთაზე აძრომა თუ გინდა ამბალავაოში წადი და იქ იპოვი რამეს აუცილებლადო (არცერთი ეს ქალაქი მანამდე არ მქონდა გაგონილი)....
მადლობას ვუხდი, ვუღიმი და გარეთ ისე ვიჭრები სახელსაც კი არ ვეკითხები.
...
"You are alone?! And you don't speak French?! nor Malagasy?! You won't make it!!" - ემოციებს ვერ მალავს Peace Corp-ში მომუშავე ახალგაზრდა, იმავე საღამოს ჰოსტელის ბარში სკამიდან გადმოვარდნილს რომ მეხმარებოდა ადგომაში. ვცდილობ დავამშვიდო და ავუხსნა, რომ აქამდეც მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციებში და "უარესი" თავგადასავლებიც მქონია, მაგრამ უშედეგოდ. მისი სკეპტიციზმი ხასიათს ვერ მიფუჭებს და თუმცა ენთუზიაზმის გარეშე ვართმევ ქაღალდის ნაგლეჯზე წაწერილ იმეილის მისამართს დაჟინებით რომ მაწვდის, აუცილებლად გამაგებინე თუ როგორ ჩაივლის ჩემი მოგზაურობაო.
...
მეორე დილით უკვე ანწირაბეში მიმავალ მარშუტკაში ვარ ჩაჩეჭყილი, გვერდით მჯომი იქაური გოგონა კი თავის ოცნებებს და გეგმებს მიზიარებს მომავალზე. მარჯვნივ მჯდომ ბიჭს ტკბილად სძინავს და თავი ჩემს მხარზე უდევს, ირგვლივ კი ამ დროს ისეთი პეიზაჟები იშლება გულში მთელი ხმით გავკივივარ "I Love you Madagascar!"-ს. განა შეიძლებოდა ერთი ნახვითვე არ შემყვარებოდა ეს ხასხასა ბრინჯის მდელოები, თიხით გალესილი წითელ-ყვითელ სახლები, ზოგან ჩალით, ზოგან კი ჭრელი კრამიტით დახურულები, ლურჯი ზეცა და გზებზე ამაყად მოსირნე ძროხები?! უყურებ ამ პეიზაჟებს და ძალაუნებურად გიპყრობს გრძნობა, რომ ვიღაცის მიერ ნახატ ფერად ტილოს უმზერ... "სხვაგან მოვხვდი!"