December 22, 2013

გამორჩეული მოგზაურობა ირანში


"რა გინდა გოგო ირანში?!"- ვისაც არ დაეზარა ყველამ ეს კითხვა დამისვა გამგზავრებამდე. ალბათ ზოგს გული მართლა შესტკიოდა, ზოგიც ალბათ თავისივე გამოგონილი თეორიის სიმართლეში რწმუნდებოდა.
მე არც მაშინ და მითუმეტეს არც ეხლა არ მესმის რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სხვა რას ფიქრობს. მე ყოველთვის იმიტომ მივდივარ, რომ ჩემი საკუთარი შთაბეჭდილებები შევიქმნა, ჩემი საკუთარი მოგონებები მოვაგროვო, ჩემი 'დაუჯერებელი' თავგადასავლები გადამხდეს და უკან ცოტათი შეცვლილი დავბრუნდე.

 უცნაურია რომ ეს მოგზაურობა იყო ყველაზე უსაფრთხო და თითქმის მონოტონური. თუმცა, ეს მოგზაურობა მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მანდ არ გადამილახავს საზღვარი უვიზოდ საომარი მდგომარეობის ქვეყანაში, არ ავმძვრალვარ 59 მეტრიან ტაძრის სახურავზე, არ დამდევნებია აქლემი შესაჭმელად, არც კონტრაბანდისტებთან ერთად გადამიზიდავს ტვირთი, არც ჩემი მოკვლა უცდიათ და არც მიმავალ ავტობუსს გასჩენია ცეცხლი მაშინ როცა შიგნით ვიჯექი...

და მაინც იყო იქ რაღაც განსაკუთრებული.



#თბილისი - თეირანი
თეირანის რეისზე რეგისტრაციისათვის
პირველი გამოვცხადდი

თეირანში ნამდვილი კუკურუზნიკით მივფრინავ. მგზავრების აბსოლიტური უმრავლესობა ირანელები არიან. ერთი ქართველი ბიჭი უკან მიზის და დიდი ინტერესით მაკვირდება, ალბათ უკვირს რისთვის მივდივარ იქ და თავის ვერსიებს ხარშავს თავში. ჩასხდომისას მარიამი გავიცანი, ირანელი გოგონა, თეირანში რომ ცხოვრობს. მაშინვე ნომერი მომცა და ჩემი სასტუმროს მისამართი ჩაიწერა, მპირდება რომ ხვალვე დამირეკავს და დამაკვალიანებს. გვერდით რუსი გოგონა მიზის და გუთვალავ პირად ისტორებს მიყვება თავის ირანელ ექიმ ქმარზე. ჩემს კითხვაზე, თუ როგორები არიან ირანელი კაცები, მპასუხობს რომ სანერვიულო არ მაქვს "ირანელები ძალიან მოკრძალებით ექცევიან ქალებს და არაფრის შეგეშინდეს!".  ვმშვიდდები...

მებაჟემ პასპორტი გამომართვა და ისე დაარტყა ბეჭედი, არც კი უკითხავს მოგზაურობის მიზანი.
აეროპორტში სასტუმროს მძღოლი მხვდება და სასტუმროში მიმაქანებს. დილის 2 საათია, თეირანის ქუჩები ცარიელია, მაგრამ გაჩახჩახებულია. პირველივე რაც თვალში მომხვდა უამრავი სიმეტრიულად განლაგებული დროშაა, მიუხედავად იდეოლოგირი დატვირთვისა, იყო რაღაც ესთეტიური ამ სანახაობაში..

სასტუმროს მენეჯერმა თვალები მოიფშვნიტა, როცა ჩემი ზურგჩანთა იქვე კარებთან მივაგდე და პასპორტი გავუწოდე. ხელი მომაწერინა დავთარში და პასპორტი უჯრაში ჩაკეტა და შემდეგ ისეთი გაოცებული სახით ამომხედა, აშკარად უკვირდა აქ რას აკეთებ ჯერ კიდევო. პირველად სწორედ მაშინ ავნერვიულდი.
-"სასწრაფოდ დამიბრუნე პასპორტი!" - ვეუბნები წარბშეკრული და ცოტა აღელვებული.
-"ეს აქ დარჩება" - მეუბნება მთქნარებით - "შენ წადი დაიძინე."
-"რას ქვია მანდ დარჩება?!, მომეცი ჩემი პასპორტი!" -უკვე საკმაუდ ხმამაღლა ვპასუხობ.
როგორც იქნა მიხვდა რატომაც დავიძაბე ასე. კეთილად მიღიმის და ცდილობს ამიხსნას, რომ ასეთი პროცედურა აქვთ. მაგრამ, როცა მიხვდა რომ სადაცაა წივილ-კივილის ავტეხავ, მაგიდის მთელი უჯრა გამოიღო და ზედ დახლზე გადმოაპირქვავა.
-"შეხედე! აგერ საფრანგეთის პასპორტი, აგერ შვეიცარიის! გერმანიის! ისევ გერმანიის! შენი თვალით შეხედე! ყველა ტოვებს!" - სათითაოდ ვიღებ და ვშლი სხვა მოგზაურების პასპორტებს. ცოტათი ვწყნარდები, ვერ ვხვდები რატომ არ შუძლიათ პირველი გვერდი დააქსეროქსონ და პასპორტი მგზავრს დაუბრუნონ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვიღებ ჩანთას და ავდივარ ოთახში. დეგენერატები!

# თეირანი

მომეწონა ჩემი პირველი დღე თეირანში. მომეწონა საუზმეზე გაცნობილი ნიკოლა და ბენი. ნიკოლა ქალია და ისიც ჩემსავით მარტო მოგზაურობს. ჩემზე ბევრად უფროსი და ცოტათი გიჟია, მაგრამ მე ხომ მიყვარს ეგეთი გიჟი ხალხი.
მომეწონა მათთან ერთად ხეტიალი, მთელი ქალაქი რომ შემოვირბინეთ ერთ დღეში. ბაზარშიც ვიყავით, ხალიჩების სახელოსნოშიც, მუზეუმებშიც. ბოლოს მთაზეც ავძვერით და ჩამავალი მზის ფონზე ტრანსპორტის გამონაბოლქვში გახვეულ თეირანსაც გადმოვხედეთ..
რა თქმა უნდა ბევრი ფოტო გადავიღე. ერთხელ შემთხვევით კადრში რომელიღაც სამინისტრო მომხვდა, უეცრად გამოცვივდნენ ფორმიან-ავტომატიანები და წრე შემოგვარტყეს. ბევრი ვუხსენი, რომ შენობას კი არა, ჭიშკარზე გაკრულ ყურანის ნაწყვეტს ვუღებდი ფოტოს. ჩემდა გასაოცრად, როგორი აგრესიითაც მომვარდნენ, ისევეთივე გამეტებული მშვიდობით დამშორდნენ.უცნაური ხალხია!

მეორე დღეს ნიკოლას ყოფილი ამერიკის საელჩოს ნახვა უნდა, აი ის, ბენ აფლეკის ფილმში რომ ჩანს, დღეს იქ სამხედრო დაწესებულებაა, მაგრამ გაერედან საინტეროსად არისო მოხატულიო და უნდა ფოტოები გადაიღოს. ვუთხარი გამოგყვები მეთქი, მაგრამ მკაცრად მეუბნება უარს. "შენ შარიანი გოგო ხარ და რაღაცას გადამყრი, მარტო წავალ!".

თუმცა მე მაინც მოვხვდი იქ, მართალია სხვა დროს და სხვასთან ერთად.

# ქაშანი

გასაოცრამდე მარტივი აღმოჩნდა თეირანის მეტროთი ჯერ ავტოსადგურამდე მისვლა, შემდეგ კი ქაშანის ავტობუსის პოვნა. მეტროდან გამოსვლისას ერთმა მკითხა (ჟესტებით, აბა ინგლისური არ იციან) საითო, მეთქი "ქაშან!". გამომყევიო მანიშნა უცებ ხელით და სალაროსთან მიმაცილა. იქ ბილეთიც მომყიდეს, მართალია ვერაფერი გავიდე ზედ რა წააწერეს, მაგრამ იქვე მდგომმა კაცმა ავტობუსამდე მიმაცილა (ძალიან სუფთა და კომფორტულ ავტობუსამდე!)  ეს არისო მანიშნა. მეც მოვკალათდი ერთ ჩადრში გახვეული ქალის გვერდით ასე მშვიდად ვიმგზავრე რამოდენიმე საათი. გზად ხილის წვენი და კექსითაც გამიმასპინძლდნენ და მაშინ უკვე შავი შურით შემშურდა ირანელების საგზაო ინფრასტრუქტურის.
...

ძალიან მომბეზრდა მარტო ბოდიალი ქაშანში. თუმცა ვისიამოვნე ქუჩაში ნაყიდი საზამთროთი და იმ ისტორიებით, საზამთროს სანაცვლოდ რომ მომიყვა ავტრალიელი გიჟი მოგზაური.

ძალიან მომეწონენ იქ გაცნობილ ფრანგი ბიჭები და მათთან ერთად ხეტიალი უგზო უკვლოდ და ძრომიალი აბანოებისა და ბაზრობის სახურავებზე. ხანდახან მართლა რა მარტივია გადააწყდე შენნაირ მაწანწალას. "No problem! Only solution! " - იმეორებდა ჟან-ბატისტი, როცა მორიგი წინააღმდეგობა გვხვდებოდა და მე და ბერტრანიც ვცდილობდით მის უზარმაზარ ნაბიჯებს ავდევნებოდით.



 ერთ-ერთი ასეთი ხეტიალისას, სადღაც მივიწყებული სამლოცველოს რომ ვეძებდით ქალაქიდან 9 კმ-ის მოშორებით გზად მავალი მანქანის გაჩერება ვცადეთ. პაპანაქება მზე აჭერდა და გზაც აშკარად დავკარგეთ. პირველივე ჯერზე გაგვიმართლა. მანქანაში 2 თინეიჯერი იჯდა, შუაში ვებერთელა შიშა ჩაედგათ და შიგ მანქანაშვე ეწეოდნენ , კვამლზე არაფერს ვამბობ, ჩაწეული შუშდან რომ მეცა სახეში, ენრიკე იგლესიასი ისეთი განწირული ხმით  მღეროდა 'ბაილამოს', რომ ნახევარ ირანს ესმოდა ალბათ. საით მიდიხართო, ჟესტებით გვკითხეს. ჩვენც დამტვრეული სპარსული გამოთქმით ვეცადეთ აგვეხსნა რას ვეძებდით ამ უდაბნოში. ხელით გვანიშნეს ჩასხედითო. ამ უცნაური ხალხის 'გამაზვა' არ იქნეოდა და პირველი ჩავხტი უკან და რა თქმა უნდა ბიჭებიც მომყვნენ..

ჯერ კიდევ ნორმალურად ჩამსხდარები არ ვიყავით, მანქანა ისეთი სისწრაფით მოატრიალეს, რომ ერთმანეთ ავეკარით უკან. მალე გზიდანაც გადაუხვიეს და ცოტა ხანი ისეთ გაურკვეველ ხრეშიან გზაზე გვატარეს, რომ აშკარად დავეჭვდი ამ იდეის 'ჭკვიანურობაში'. მერე ისევ უეცრად დაამუხრუჭეს და როგორც ფილმებშია მანქანის კარებები რომ თავისით იღება და მგზავრები იყრებიან აქეთ-იქედან, აი დაახლოებით მსგავსი სცენა 'გაიჩითა'. და სანამ ერთმანეთს გადავხედეთ და პირის გაღებას მოვასწრებდით, ისე მოატრიალეს მანქანა და გაიქცნენ, რომ სამივეს დღემდე ეჭვი გვეპარება მათ რეალურობაში.

და  შემდეგ ჩვენს პატარა ერთობლივ ირანულ თავგადასავალს დავარქვით 'The Mahmoud operation'.




# ისფაჰანი

სასტუმროს დილის 6 საათზე ვტოვებ. წინა დღეს ჩემს ფრანგ მეგობრებს შევუთანხმდი ავტოსადგურში შეხვედრაზე, ერთად უნდა გავემართოთ ისფაჰანისკენ 7 საათიანი ავტობუსით.

ქუჩები ცარიელია. რამოდენიმე წუთის ძიების შემდეგ, ძვლივს ერთ ტაქსს გადავაწყდი. გინახავთ ოდესმე ჰოლივუდური ფილმი, მოქმედება რომ ახლო აღმოსავლეთში ხდება? სწორედ ამ ფილმის გმირი მეგონა თავი. მანქანა იყო ძელზე-ძველი და დანჯღრეულზე-დანჯღრეული (დანამდვილებით მახსოვს რომ ერთი კარი სხვა ფერის იყო თან!), მძღოლი იყო მოხუცზე-მოხუცი და ყრუზე უფრო მეტად ყრუ, იმიტომ რომ ვერაფრის ავუხსენი ავტობუსამდე მივეყვანე. 'ბუს! ბაას! ოტობუს! სტაციონე!' ბოლოს, როგორც იქნა მანქანა დაძრა, მგონია მეშველა და გაიგო სადაც უნდა მიმიყვანოს. რამოდენიმე წუთის შემდეგ ჟესტიკულაციით მეკითხება საით მიდიხარო, მეთქი 'ისფაჰან!'. იცოცხლე ეს კი გაიგო, გაუხარდა, მანქანა მოატრიალა და პირდაპირ ჩქაროსნულ ტრასას დაადგა. აი მაშნ მივხვდი, ისფაჰანში მივყავარ!

'No Isfahan! No! No!' ! ვკივივარ გაცოფებული. სად მაქვს იმდენი ბიუჯეტი, რომ ტაქსებით ვიმგზავრო აქეთ-იქეთ და თანაც მეგობრები მელოდებიან. ჩემი წივილ-კივილით ძალიან განაწყენებულმა, როგორც იქნა ბუზღუნით მოატრიალა მანქანა და ისევ უკან გამოვემართეთ ქაშანისკენ. მაგრამ მთლად ქაშანშიც არ შედის და რაღაც უცნაურ გარეუბანში მივყავარ. ავნერვიულდი. გიჟია ვიღაც!

თურმე ნუ იტყვით, ავტობუსების გაჩერებაზე კი არა, რომელიც ქალაქის ცენტრშია, პირდაპირ გარაჟში მიმიყვანა, საიდანაც ქაშანში გადიან ავტობუსები. არაფერია, ისიც მიხარია, რომ ამ ანტიკვარ ტაქსისტს დავუსხლტი ხელიდან. სალაროსთან მივედი და იმედი მაქვს ვიყიდი 7 საათიანი ავტობუსის ბილეთს, ჯერ ხომ 10 უკლია 7-ს.
უკაცრავად მაგრამ ავტობუსი უკვე გავიდაო, მომიბოდიშა მოლარემ. მეორე 8 საათზე გადის, შეგიძლია მეორეს გაყვე, ან იმ წინა ავტობუსს დაედევნო და ქალაქის გაჩერებაზე მიუსწროო.  ქუჩაში გამოვრბივარ, ტრასაზე ვდგები. ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლო, თავის ავტობუსის მინებს რომ წმინდავდა დილაუთენია, ჩემთვის 'პაპუტნის' აჩერებს და ასე მივქრივარ ქალაქში. წესით თავიდანვე რომ აქ მოვეყვანე ჩემს ტაქსისტს ამ ხათაბალაში არც გავეხვეოდი, მაგრამ ყველა ყრუ ხომ მე უნდა გადამეკიდოს!
მე და ჩემი მძღოლი სწორედ იმ დროს მივედით გაჩერებაზე, როცა ისფაჰანისკენ მიმავალი ავტობუსი მოსახვევში გაუჩინარდა. ისეთი სასოწარკვეთილი სახე მქონდა, რომ იქვე საქმის გასარჩევად მოსულმა პოლიციელმა უკვე მეორე 'პაპუტნი ' გამიჩერა და მითხრა ავტოსადგურში წადი ჯობიაო.
დავბრუნდი უკან. ვიყიდე 8 საათიანი ავტობუსის ბილეთი. მოვკალათდი, უკვე 8 საათი სრულდება და საოცრად დაღლილი ვარ. დაიძრა ავტობუსი. ესეც ისევ ჯერ იმ დაწყევლილ გაჩერებაზე გაჩერდება და მერე წავა ისფაჰანში. ვდარდობ, რომ დილის აურზაურის გამო მეგობრებს ავცდი და სავარაუდოდ ისევ მარტოს მომიწევს ხეტიალი ისფაჰანში. და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმ გაჩერებაზე ნაცნობი სახეები დავინახე. ეტყობათ მათაც გაუხარდათ ჩემი დანახვა - 'It's crazy!' -იო აღმოხდათ. მე რა თქმა უდა ინგლისური სიტყვების მარაგი არ მეყო ამ ისტორიის მოსაყოლად და ბანალურად ავუხსენი, რომ უბრალოდ ჩამეძინა. როგორც ჩანს მათაც.
...

მოვიხიბლე ისფაჰანით!

სუნთქვის შეკვრამდე მომეწონა მისი გასაოცარი არქიტექტურა. რომც ვეცადო, მაინც ვერ  ვიპოვი შესაფერის სიტყვებს, თუ რას ვგრძნობდი მაშინ იქ მოხვედრილი.







მიყვარს ქალაქები, რომლებსაც საკუთარი სული გააჩნიათ! ისინი შენ გამდიდრებენ და უკან მართლა სხვანაირი ბრუნდები!
მომეწონა ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად ხეტიალი ბაზრობის ლაბირინთებში და ვაჭრობა უბრალოდ გართობის მიზნით.
.
ულამაზესი ჩანთა ვიყიდე ამ საყვარელი მოხუცისგან

მომეწონა ფოტოების მალვით გადაღება, ადგილობრივებთან ჭორაობა და ისიც, თუ როგორ მივირთმევდით ყველაზე იაფიან ფალაფელის სენდვიჩს ქუჩის ტროტუარზე ჩამომსხდარები.
გავერთე სომხურ ტაძრებში შეპარვის მცდელობით და იმ უამრავი სასიამოვნო წვრილმანით, მოგზაურობას რომ დაუვიწყარს ხდის: 'You will get 3 marriage proposals soon!" - ვერ აღმოჩნდა ჟან-ბატისტის პროგნოზი მთლად ზუსტი :)


ისფაჰანში პირველად მოვირგე ჩადრი და მაშინ მივხვდი, თუ რატომ ვგონივარ ყველას ირანელი.

მაგრამ, ვერაფერი ვერასოდეს ვერ შეედრება უნდილაძის ხიდის ქვეშ ჩაის სმას.
აქ შეიძლება დღისით მოხვიდე და ჩაის სმაში და იქვე უამრავი ადგილობრივის თვალიერებაში დრო ისე გავიდეს, რომ ვერც კი შეამჩნიო რომ უეცრად ამ საოცრების ქვეშ ზიხარ


ისფაჰანში დრო სხვანაირად გადის.

ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ჩემთვის ჩემი ირანში მოგზაურობა სწორედ ამ ერთი ფოტოთი გამოიხატება
გული დამწყდა როცა ჩემს ფრანგ მეგობრებს ვშორდებოდებოდი, თითქოს დიდი ხნის მეგობრები გამომეცალნენ.

თუმცა უკვე რამედენიმე საათში ისფაჰანის ჰოსტელის ეზოში ვიჯექი ერთი დანიელი, ორი ფრანგი, ორი შვეიცარიელი, ინგლისელი, ორი ერაყელი მოგზაურების კომპანიაში და ერთმანეთს ვუზიარებდით ემოციებს.


თეოს პორტრეტი 
სადღაც შუა საუბარში, ინგლისელმა ერთ მაღალ და მკაცრი გარეგნობის ერყალეს კითხა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამერიკელების მოსვლის შემდეგო. ეხლაც მახსოვს ის უცნაური გრძნობა რაც ერაყელის სიტყვების შემდეგ დამრჩა. "სადამის დროს ქვეყანაში მარტო ერთი გაზეთი იყო და ერთი ტელევიზიის არხი გვქონდაო, ეხლა კიდევ უამრავი გაზეთი გამოდის ფერადი სურათებით და 1000-მდე უცხოურ არხს ვიჭერთო..." - თქვენი არ ვიცი, მე კი დიდხანს ვფიქრობდი, როგორ ახსნა ამ უცნაურმა ადამიანმა "პროგრესი". თუმცა, როგორც აღმოჩნდა მე მისი განსაკუთრებული ყურადღება და კეთილგანწყობა დავიმსახურე და დამშვიდობებისას ჩემი Lonely Planet-ის წიგნიც კი მომიხატა :):


# იაზდი

ვერ მოვიხიბლე იაზდით. აქ უფრო იმ ფაქტმა გამახარა, რომ ჰოსტელში, რომელიც მე ერთადერთი ქალი მოგზაური ვიყავი შევხვდი ბენს -მანამდე რომ თეირანში გავიცანი, ფრანგ ბენუას, ჯერ თეირანში და შემდეგ ისფაჰანში რომ შემხვდა, ინგლისელ ჰექტორს, ისიც ისფაჰანში შემხვდა და კიდევ ერთ უცნაურ რუსს. მისი გაცნობა იმიტომ გამიხარდა, რომ მთელი შეკვრა პრიანიკები მაჩუქა (ბავშვობის მერე არ მქონდა ნაჭამი).

საღამოს ჩემმა მეგობარმა ბიჭებმა ერთხმად გადაწყვიტეს შიშა მოეწიათ. მეც მარტო ხომ არ დავრჩებოდი სასტუმროში, რა თქმა უნდა ავედევნე. გზად ბევრჯერ დავიკარგეთ ბნელი ბაზრობის ლაბირინთებში, ბოლოს მაინც მივაგენით. სავარაუდოდ ერთადერთი ქალი სტუმარი ვიყავი, ვინც იმ შიშა სახლში ოდესმე დადგა ფეხი. რადგანაც, როცა ჩვენს კუპეში დავსხედით, ყველა იქ მყოფმა კაცმა სტუმარმა სათათაოდ შემოიჭყიტა, ბიჭებს მიესალმა, ხელი ჩამოართვა და მალულად ჩემსკენ გამოაპარა თვალი. რა თქმა უნდა ნირი არ გავიტეხე. ვიჯექი იქვე კუთხეში წელში გამართული.

ეს წინდებ გამოხეული ბიჭი აუცილებლად მოხდება ჩემს წიგნში, როდესაც მას დავწერ
ცოტა ხანში შიშაც მოიტანეს და პირველივე ნაპასზე ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ვგრძნობ როგორ მერთმევა გრძნობა ყველა კიდურში და მიბუჟდება ხელები. რა თქმა უნდა არ მინდა ამ ბიჭებთან შევიმჩნიო, რომ ვერ ვარ მთლად კარგად. ვიღებ ბლოკნოტს და საშინელი ხელის კანკალით ვიწყებ აბდაუბდის წერას. მთავარია არ გავითიშო. არა ვიცი არაფერიც არ მომივა, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი, ქალი წავიდეს შუა ირანში 4 ბიჭთან ერთად, სადღაც მიყრუებულ შიშა სახლში და გამოპრუტუნდეს!




# შირაზი

რასთან ასოცირდება შირაზი?
პერსეპოლისთან, რომელმაც სიმართლე გითხრათ და ისეთი გრანდიოზული შთაბეჭიდლება ვერ მოახდინა რასაც ველოდი. ალბათ როგორც იტყვიან 'I'm getting spoiled' :(

ასოცირდება საოცარ ფერებთან და ბაზრობასთან საათობით რომ ვიკარგებოდი ამ სილამაზეში.  საოცარია და აქ ერთხელაც არავის მოსვლია თავში რომ ირანელი არ ვარ.



კიდევ, ასოცირდება ფრანგ ბენუასთან სპარსულ პოეზიაზე რომ იყო შეყვარებული უგონოდ და მთელი 2 დღე პოეტების საფლავები მომატარა და თან უამმრავ საინტერესო ისტორიას მიამბობდა.


ასოცირდება ულამაზეს აყვავებულ ბაღებთან და იმ შეყვარებულ წყვილებთან ხეებს ამოფარებული რომ ემალებიან უცხო თვალს.
იმ სკოლის მოსწავლეებთან ერთ ერთ პარკში დაღლილს რომ გარს შემომეხვივნენ ჟივილ-ხივილით და ბოლოს მასწავლებელმა იქაური მუზეუმის დაცვის ბიჭებს დაუძახა მათ დასაშლელად. ისე მოვეწონე აღარ მშორდებოდნენ :)


მაგრამ ყველაზე მეტად მოვიხიბლე იმ საოცარი ავსტრალიელ ცოლქმარით, ავსტრალიიდან ბელგიამდე რომ მიდიოდნენ ოვერლენდ. ქმარი მოტოციკლით, ქალი ხან ავტობუსით, ხან მატარებლით და ასე ქალაქიდან ქალაქამდე ელოდებოდნენ ერთმანეთს <3.



# თეირანი

შრაზიდან თეირანამდე წესით 10 საათი უნდა მემგზავრა ღამის ავტობუსით, თუმცა გზად ადგილობრივმა პოლიციამ გაგვაჩერა, ავტობუსიდან გადმოგვსხვა დილის 2 საათზე და ჩანთების სათითაოდ ჩხრეკა დაიწყეს ძაღლებითურთ. არ შემშინებია, მაგრამ საკმაოდ არასასიამოვნო იყო, შუა ტრასაზე როგორ ყრიან ხალხს, ერთად აქუჩებენ და დაგეშლი ეძებენ თითოეულ ჩანთაში "რაღაცას".
თეირანში 2 საათის დაგვიანებით ჩავედი. მერე ავტოსადგურიდან გამოსულს გზა ამერია და სულ სხვა ავტობუსში ჩავჯექი. ერთმა კეთილმა ქალმა, არა მარტო სწორ ავტობუსში გადამსვა, არამედ გზის ფულიც კი გადამიხადა. ისევ ძველ სასტუმროს მივადექი, ჩანთის დატოვება და საღამოსთვის ტაქსის გამოძახება ვთხოვე. მენეჯრი დახმარებას აღმითქვა და ერთი ნომრის გასაღებიც გამომიწოდა, შეგიძლია თავი მოიწესრიგოო.
...

და როცა ვფიქრობ რეალურად, თუ რა იყო ირანის მოგზაურობაში განსაკუთრებული, ის რაც შეიძლება ოდესმე სადმე გამოვიყენო ფონად, უნებლიედ მეფიქრება, ისე როგორც ტრადიციულ გამოუსწორებელ რომანტიკოსს სჩვევია,  რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით რომ წასულიყო, პოლიციას რომ 2 საათით არ გავეჩერებინეთ, მე რომ არ ამრეოდა გზა და სწორ ავტობუსში ჩავჯდარიწავი,  სასტუმროს მენეჯერს რომ გულისხმიერება არ გამოეჩნა და გასაღები არ გამოეწოდებინა, მე ვერ შევეჩეხებოდი სასტუმროდან ქალაქში მიმავალი მას.

თუმცა ე უკვე სულ სხვა ისტორიაა და ის შეიძლებოდა ყოფილიყო ძალიან რომანტიული ფილმის სცენარი, მე რომ არ ვიყო ჩემპიონი რომანტიული ისტორიების გაფუჭებაში.


უხდება ჩემი ზურგჩანთა





5 comments:

  1. No way!!! I have the same backpack black with red!!! :o

    ReplyDelete
  2. lamazi tavgadasavalia!

    ReplyDelete
  3. shtambechdavi tavgadasavalia

    ReplyDelete
  4. ახლა აღმოვაჩინე თქვენი ბლოგი. შეუდარებლად წერთ. მადლობა ამ სიამოვნებისთვის და საინტერესო ამბებისთვის.

    ReplyDelete