December 26, 2011

სირია 2010-ში (Part 0)

პირველად გეგმა მქონდა ძალიან მარტივი მივდივარ სტამბულში, ოჯახში ვიბარებ, რომ მივდივარ კონცერტზე მეგობრებთან ერთად. თავში კიდევ ვამუშავებ (პლან ბ-ს):
დღე პირველი: სტამბულში ჩასვლა, სასტუმროში დაბინავება, ფეხით სეირნობა, რამდენსაც შევძლებ;
დღე მეორე: დილით  ადრე მაჩკაზე სირიის საკონსულოს პოვნა, ვიზაზე განაცხადის შეტანა. შემდეგ სასტუმროში გაქცევა, ნატალის, ნაცის და ლენკასთან ერთად, ქალაქის მესამე ბოლოში U2-ს კონცერტზე მისასვლელი ავტობუსის პოვნა, კონცერტზე დასწრება;
დღე მესამე: აზრზე არა ვარ ამ დღეს რას ვაკეთებ, საკონსულოს პასუხის მიხედვით გზად მოვიფიქრებ რამეს;

ასეთი მომზადებული ჯერ არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. მოკლედ, ვიპოვე საკონსულო. სანამ გაიხსნებოდა, მაჩკაზე ვიყავი დილის სოკოსავით ამოსული. ჩემნაირები კიდევ სხვებიც აღმოჩნდნენ, ნუ მთლად ჩემნაირები არა, მაგალითად იყვნენ ცოლ ქმარი ავსტრიელები, რომლებიც ინდოეთში მიდიოდნენ სირიის გავლით, გაურკვეველი წარმოშობის ზანგები, კიდევ ერთი სიმპათიური კაცი, მე რომ კალამი მთხოვა სავიზო აპლიკაციის შესავსებად. 
შევავსე აპლიკაცია, თან არ იფიქროთ მოუმზადებელი ვარ, ბანკში აღებული სამსახურის ცნობა და ამონაწერი და 2 ფოტო სურათიც მაქვს, თან ხელში დიდი მოგზაურივით ჩემს პირველ Lonely Planet-ის მეგზური მიპყრია (ტიპა, შემომხედეთ, სხვა ვინმე არ გეგონოთ, მოგზაური ვარ). 
მივედი ქალთან, რომელიც საბუთებს იბარებდა, და.. ნურას უკაცრავადო, ჩვენ ვიზებს არ გავცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეო... კითხვაზე რა ვქნაო, ჯერ დაფიქრდა, შემდეგ ამხედა, ნელა ჩამომხედა და მითხრა, შეგიძლია საზღვარზე მიხვიდე და იქ სცადო ბედიო. მომცემენ თქო ვიზას ვეკითხები, თუ გაგიმართლებს მოგცემენ, თუმცა არა მგონიაო და "ნექსტ"-ო დაიყვირა...
დრო იმდენად მიჭერდა, კონცერტზე ვაგვიანებდი, არც მიფიქრია თუ რას ვიზამდი ხვალ. ბონო მელოდა და სირია მოიცდიდა 1 დღით.

კონცერტზე მოვხვდით, ტუალეტის რიგშიც 2 საათი ვიდექით, ბონომაც ხელის შეხების მანძილზე გაიგოგმანა ჩვენს წინ, საკოცნელად კი სხვა  გოგო აიყვანა ("მაგარი ბანძი"), კიდევ ვიღაც რუსებმა ალკოჰოლი დაგვალევინეს და გაგვათბეს, მოკლედ "გაასწორა". 

გათენდა, მეგობრებს ვეუბნები, რომ მივდივარ სირიაში, ბედს ვცდი, შემიშვებენ ჰო კარგი, თუ არა და რამეს იქვე მოვიფიქრებ, თუ რა ვქნა შემდეგ. სანამ ნაცდათო რამე რჩევის თქმას მოასწრებდა, მანამდე გავიქეცი, სირიელი მებაჟეებზე მეტად, მისი არაპოზიტიური პროგნოზის მეშნოდა და მეშინია დღემდე :) (ნაცი, ბეზ აბიდ). წასვლამდე მე თვითონაც უკვე გადავქექე ინტერნეტი საზღვარზე ვიზის მიღების თაობაზე. პასუხი იყო ყველგან ერთნაირი, მარტო მოგზაურმა ახალგაზრდა, გაუთხოვარმა ქალმა და მით უმეტეს პოსტ საბჭოეთიდან, არ უნდა იოცნებოს ვიზის მიღებაზეო. მოკლედ, მთლად გულდამშვიდებულიც არ ვიყავი, მაგრამ...

სტამბულის ცენტრალური ავტოსადგური, იმაზე პატარა აღმოჩნდა ვიდრე მახსოვდა, შეიძლება ეხლა მახსოვს ეგრე პატარად, მაგრამ მაშინ დაახლოებით ასე იყო: ვდგევარ ამ უზარმაზარ წრეში და ირგვლივ კომპანიის ოფისები აჭრელებული იყო ათასგვარი მიმართულებებით. მე ერთი მინდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არცერთი თავისუფალი ადგილი ალეპოს მიმართულებით. დამავიწყდა მეთქვა რომ სექტემბრის 7-ია, ანუ რამადანი ბოლო დღეებს ითვლის და ყველა მუსულმანი უკვე ემზადება ფესტივალის ოჯახებში აღნიშვნისათვის, რაც ნიშნავს რომ მთელი ახლო აღმოსავლეთის ტრანსპორტი გადაჭედილ-გადაძეძგილია. აი მაშინ ავნერვიულდი. ისე შემოვირბინე ყველა ოფისი და დავბრუნდი საწყის ადგილზე, რომ ვერაფერი ვიპოვე, ხელმოცარული ვარ....

მერე, ჯანდაბაში გავუშვი ეს უაზრო ცრურწმენები, შევედი ოფისში, ნომრით 13, გამყიდველმა ეჭვის თავლით ამომხედა, ვიღაცას ანიშნა, იმან გევრდით გამიყვანა, სადღაც სხვა ოფისში შემიყვანა და ჰმ, გაგიმართლაო, ბოლო ბილეთიაო. ბოლო!..

უკვე ღამდებოდა, გამცილებელმა ჩემი ბარგი რომ საბარგულში შეაგდო, "ჰალებ"? მკითხა, კი თქო, გვერდით მეორე მგზავრმა, გაოცებით ამომხედა უზარმნაზარი ცისფერი თვალებით, არ დაიჯერა ალბათ, ან ვინმე გიჟად ჩამთვალა, ან"პატიოსან" ქალად. არ მადარდებდა არაფერი, ბილეთი მაქვს და მივდივარ. რაღაც მაინც გავაკეთე, ჰო ვიცი, დიდი არაფერი, მაგრამ მაშინ ეს ჩემთის დიდი ნაბიჯი იყო. თუმცა გაურკვეველია რა მიმართულებით...


December 16, 2011

"ტანცი აბნიმანცი"

დღეს ერთ-ერთ პეროვის ბარში შეხეტებულებს ტრადიციული ქართული სურათი დაგხვდა, გოგოები ცეკვავენ, ქართველი ბიჭები უცქერენ. ერთადერთი კაცი ვინც ცეკვავდა, 60-წელს საპენსიო ასაკის უცხოელი იქნებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა უცხოელების ჯგუფი შემოლაგდა, მაგათ კი იცოცხლე, მოილხინეს.

უბრალოდ რა მინდა ვთქვა, თითქოს დრო გადის, ევროპას ვუახლოვდებით, ელემენტარულ წვრიოლმანებში კი მაინც აზიელებივით ვმსჯელობთ. პრინციში რუკას თუ დახედავ, იქ ვართ და რა ვქნათ...

უბრალოდ, ამ ყველაფრის შემყურეს გამახსენდა მაროკოში, ფეზში გადამხდარი ამბები, უფრო სწორად ამ ამბების თანმხვედრი "უმნიშვნელო" ფრაგმენტები.
ფეზში სასტუმროს პატრონმა, მე და ერთი ამერიკელი ერთ საღამოს დასალევად დაგვპატიჟა. დალევა ზოგადად მაროკოში აკრძალულია, ქუჩაში თუ ლუდის ბოთლით დაგინახეს, ციხე არ აგცდება (ნუ, ციხე თუ არა, პოლიციის განყოფილებაში გასეირნება მაინც). სასმელი რომ გაყიდოს, დაწესებულებას სპეციალური ლიცენზიის მოპოვება და რა თქმა უნდა მთავრობიის წრეებში კარგი ნაცნობ-პატრონები სჭირდება. ჰოდა, ეხლა ამას დისკოც დაუმატეთ და მიხვდებით რა რიგ "განსაკუთრებულ" ადგილას წაგვიყვანა ამ ყმაწვილმა.
ყმაწვილი, ყმაწვილად, ეს სხვა ისტორიაა. უბრალოდ, რაც იმ საღამოსგან დამამახსოვრდა, იყვნენ მაროკოელი გოგონები.  შუა კლუბში საცეკვაო ადგილზე, მხოლოდ რამდენიმე მაროკოელი გოგონა ცეკვავდა.   კლუბურად იყვნენ გამოწყობილები. ისეთი არაფერი, მოკლე კაბა, მოშიშვლებული ადგილები, მკვეთრი მაკიაჟი, მომღიმარი სახე.
ჰოდა ცეკვავდნენ ეს გოგონები მარტო. ირგვილ მაგიდებზე, სავარაუდოდ ფეზის "გაჩითული" მამაკაცები მოკლათებულიყვნენ, მაგრამ ცეკვით ნურას უკაცრავად, არავინ ცეკვავდა. მაშინ ამ სიტუაციამ ე.წ. "სოფლის დისკოთეკა" გამახსენა, აი ჩემს ბავშვობაში რომ იმართებოდა გურიაში. გოგონები ვცეკვავდით, ბიჭები გარშემო "ჩაცუცქულები" გვიცქერდნენ. დღევანდელმა სიტუაციამ კი პირიქით, ფეზი გამახსენა.

მსგავსება იყო და არის.

ეხლა მე მეტყვით, არ დადიხარ სხვა კლუბებში თბილისში და არ იცი რა ხდებაო, მაგრამ აქ თუ მხოლოდ კლუბში ცეკვის თემა დაინახეთ, მაშინ კი ბატონო.
თუმცა, მე უბრალოდ იმ წვრილმან მენტალურ მსგავსებებზე მინდოდა მეთქვა, რაც ჯერ კიდევ სახეზეა ქართველ და მაპატიეთ, მაგრამ არაბ კაცებს შორის.


December 8, 2011

დაზღვევა


ერთი რამ მაინტერესებს, ყველანი იღებთ სამოგზაურო დაზღვევას უცხო ქვეყანაში გამგზავრებისას?

ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ დღეს დავფიქრდი ამ თემაზე და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ 2-ჯერ მაქვს აღებული სამოგზაურო დაზღვევა. პირველად ჩეხეთის ვიზისათვის, მეორედ მაროკოს ვიზისათვის. სხვა შემთხვევაში, ანუ ყველაზე თავზეხელაღებულ ტრიპებში კი არც მომსვლია თავში აზრად მათი აღება. მართლა, არც გამხსენებია (!!!).

ნუ ეხლა, მაროკოსთვის რომ ავიღე ნუ იტყვით, ძალიან დამშვიდებული წავედი. სანამ წავიდოდი, რამოდენიმე დღით ადრე მარაკეშის მთავარ ტურისტულ მოედანზე ალქაიდამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაფე ააფეთქა და 16 ტურისტი იმქვეყნად გაისტუმრა( ამ კაფეს წინ იყო ჩემი დაჯავშნული სასტუმრო). ვრეკავ ამ სადაზღვევოში და ასე მითხრეს, ტერორიზმის, ომების, მიტინგების, ან რაიმე მსგავსი შემთხვევებით მიყენებულ დაზიანებებს არ ვანაზღაურებთო... ჰოდა რა გასაკვირია, რომ როცა ჩემს ბოლო მოგზაურობას ვგეგმავდი, არც გამხსენია ჩვენს "მეგობარ" BCI-თვის მიმერთა.

როგორ მოვიარე, რაები გადამხდა თავს, ეგ სხვა თემაა და ერთ ნოუთში რას ჩავატევ (ერთხელაც ალბათ წიგნს დავწერ). აქ უბრალოდ დაზღვევის საჭიროებაზე ვფიქრობ. პეტრაში აღმოვაჩინე, რომ ჩემი წითელი ნოკია დავკარგე. ვეძებე, ვერ ვიპოვე, რას ვიზამდი, ავდექი და 16 დირჰამად იქვე ტელეფონის "ბუტკაში" ფანრიანი ნოკია ვიყიდე (მშვენივრად მუშაობს და თან სუვენირია :) ).

ეს ამბავი, ჩემს ინგლისელ უფროსს მეგობარს მივწერე. ეს ქალი ვერ დავადგინე რას საქმიანობდა, ჩემსავით საეჭვო ქვეყნებში მოგზაურობს, ერთმანეთს დამასკოში შევხვდით და იორდანიაში ერთად წამოვედით, შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. შამსიმ დამამშვიდა, ეგ არაფერია, მიმართე შენს სადაზღვევო კომპანიას და აგინაზღაურებენ დანაკარგსო. როგორ ვთქვა, მაგრამ შემრცხვა მიმეწერა მისთვის, რომ დაზღვევა არ მქონდა, რაც ყველაზე სამარცხვინოა, არც მომაფიქრდა საერთოდ... ისედაც ყველა დამცინოდა, ყველაზე ცუდი რისკ ანალიტიკოსი ხარ, ამ დროს აქ თუ ხარო.

ჰოდა გავჩუმდი და დავფიქრდი-შემდეგში დაზღვევა ავიღო, თუ საერთოდ პროფესია შევიცვალო?