January 29, 2016

Earthquake means Whales are Bathing their Children or How 'not' to celebrate your 30th Birthday!

ვზივარ პარიზის აეროპორტში, იატაკზე, ზურგით კედელს მიყრდნობილი  და გულმოდგინედ ჩავყურებ ჩემი lonely planet travel guide-ს, აი წესით აქამდე რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ რა თქმა უნდა გაფრენამდე მოვიტოვე ეს საქმე. "Earthquake means Whales are Bathing their Children"- თვალს და გულს მტაცებს უეცრად ეს ფრაზა და ვგრძნობ როგორ მეღვრება სხეულში სითბო, ვთბები... შემდეგ წიგნს უხმოდ ვხურავ, ჩანთაში ვინახავ, ყურსასმენებს ვისწორებ და რაღაც უცნაური ბედნიერების შეგრძნებით ვხვდები, რომ არაჩვეულებრივი მოგზაურობა მელის წინ, რადგან უკვე მთელი გულით მიყვარს ეს ქვეყანა და ამ ფრაზის მომგონი ხალხიც ...

...

აეროპორტიდან ჰოსტელში ავტობუსით მივდივარ, მძღოლმა ვიცი სადაც არის ეს ადგილი და მიგიყვან არ იდარდოო. მეც ვენდე და ფანჯრასთან მოკალათებული ინტერესით ვათვალიერებ ანტანანარივოს ვიწრო და ქაოსურ ქუჩებს აქამდე ნანახ არცერთ ადგილს რომ არ ჰგავს თავისი უცნაური ზღაპრის ილუსტრაციების მსგავსი აგურის სახლებით, ერთმანეთში არეული ძველი ფრანგული მანქანებით, ველო პუს-პუსებითა თუ ხალხით, მანქანებს ლამის ბორბლებში რომ ედებიან და მათთან ერთად მოძრაობენ ტროტუარების არ ქონის გამო...


ჩემი ერთადერთი ფოტო ლემურთან!
ჰოსტელში ჩანთას ვაგდებ, თმიდან 4 აეროპორტის მტვერს ვიფერთხავ და ის არის გარეთ გაჭრას ვაპირებ ქალაქის აღმოსაჩენად რომ ჰოსტელის მისაღებში მჯოდმი შუახნის კაცის კეთილი ღიმილი იქცევს ყურადღებას. აქცენტზე ვხვდები ამერიკელია, ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ უკვე კარგი ნაწანწალებია კუნძულის გარშემო... არ დავაყოვნე, ურცხვად მივაჭერი, გამოვეცნაურე და გამარჯობის ნაცვლად სხაპასხუპით მივახალე წირიბიჰინა მდინარეზე მინდა კანოეთი დაშვება, შემდეგ კი წინგის პარკისა და ბაობაბების ავენიუს ნახვა, ანდრინგიტრას პარკში კიდევ მთაზე აძრომა და მზის ამოსვლის შეხვედრა მწვერლვალზე თქო... ამასთან არაფერი არ დამიჯავშნავს წინასწარ და წარმოდგენაც არ მაქვს რა როგორ ვნახო, ჩემი Lonely Planet-ის წაკითხვაც კი ვერ მოვასწარი და იქნებ დამეხმარო გევედრები ბიძია თქო...
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა ეტყობა შევებრალე და ისეთი რჩევები მომცა, რისი წყალობითაც ჩემი მთელი მოგზაურობა ერთ დაუვიწყად თავგადასავლად იქცა. განსაკუთრებული კი არაფერი უთქვამს, უბრალოდ მირჩია თუ მდინარეზე კანოეზე დაშვება, შემდეგ კი წინგის და ბაობაბების ნახვა ხვალ დილითვე ანწირაბეში წადიო, ჰოსტელიც კი მომინიშნა წიგნში, იქ გაჩერდი და დაგეხმარებიანო. ანდრინგიტრაში მთაზე აძრომა თუ გინდა ამბალავაოში წადი და იქ იპოვი რამეს აუცილებლადო (არცერთი ეს ქალაქი მანამდე არ მქონდა გაგონილი)....

მადლობას ვუხდი, ვუღიმი და გარეთ ისე ვიჭრები სახელსაც კი არ ვეკითხები.

...

"You are alone?! And you don't speak French?! nor Malagasy?! You won't make it!!" - ემოციებს ვერ მალავს Peace Corp-ში მომუშავე ახალგაზრდა, იმავე საღამოს ჰოსტელის ბარში სკამიდან გადმოვარდნილს რომ მეხმარებოდა ადგომაში. ვცდილობ დავამშვიდო და ავუხსნა, რომ აქამდეც მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციებში და "უარესი" თავგადასავლებიც მქონია, მაგრამ უშედეგოდ. მისი სკეპტიციზმი ხასიათს ვერ მიფუჭებს და თუმცა ენთუზიაზმის გარეშე ვართმევ ქაღალდის ნაგლეჯზე წაწერილ იმეილის მისამართს დაჟინებით რომ მაწვდის, აუცილებლად გამაგებინე თუ როგორ ჩაივლის ჩემი მოგზაურობაო.

...

მეორე დილით უკვე ანწირაბეში მიმავალ მარშუტკაში ვარ ჩაჩეჭყილი, გვერდით მჯომი იქაური გოგონა კი თავის ოცნებებს და გეგმებს მიზიარებს მომავალზე. მარჯვნივ მჯდომ ბიჭს ტკბილად სძინავს და თავი ჩემს მხარზე უდევს, ირგვლივ კი ამ დროს ისეთი პეიზაჟები იშლება გულში მთელი ხმით გავკივივარ "I Love you Madagascar!"-ს. განა შეიძლებოდა ერთი ნახვითვე არ შემყვარებოდა ეს ხასხასა ბრინჯის მდელოები, თიხით გალესილი წითელ-ყვითელ სახლები, ზოგან ჩალით, ზოგან კი ჭრელი კრამიტით დახურულები, ლურჯი ზეცა და გზებზე ამაყად მოსირნე ძროხები?! უყურებ ამ პეიზაჟებს და ძალაუნებურად გიპყრობს გრძნობა, რომ ვიღაცის მიერ ნახატ ფერად ტილოს უმზერ... "სხვაგან მოვხვდი!"





January 14, 2016

Goodbye 2015!

"Our lives, I’ve realized, are nothing more than a series of moments—if you miss the moment, you miss your life."  
დღეს "ნამდვილი გურული ახალი წელია"... რაღაცნაირი გრძნობა მაქვს, აი ჯერაც რომ ვერ გამოფხიზლებულხარ ხანგრძლივი ჯეტლაგიდან და უკვე რომ ხვდები ერთი ეტაპი დამრთავდა შენს ცხოვრებაში და რაღაც ახალი იწყება. ჯერ არ იცი ის ახალი რა იქნება, მაგრამ გული გიგრძნობს რომ არანაკლებ საინტერესო "პირადი მოგზაუროა" გელის წინ. გარეთ ქარი ღმუის, ჩემი ბინა ნახევრად დანგრეულია, მოკლედ შესანიშნავი მომენტია განვლილი წლის შესაჯამებლად.  თუმცა ეს ცოტა რთული საქმეა, 2015 წელი ხომ სავსე იყო უამრავი დიდი თუ პატარა კატასტროფით, მაგრამ საბედნიეროდ უფრო მეტი იღბლიანი და სულის შემკვრელი მომენტებით გაჯერებული. აი ისეთი მომენტებით, დღემდე რომ ვეკითხები საკუთარ თავს "ნუთუ ეს მართლა გადამხდა?"- კითხვას.

რა თქმა უნდა გასაკვირი არაა რომ ყველა მომენტი რაღაცნაირად მოგზაურობას და ფოტოებს უკავშირდება. მათ შორის პორტუგალიის მოგზაურობა ნამდვილად დარჩება როგორც ყველაზე მზიანი, ფერადი, თბილი და საოცარი მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი მეორე კვირა. ყველაფერი გასაოცარი და უცხო იყო აქ ჩემთვის. გრძნობა მქონდა რომ პარალელურ სამყაროშ მოვხვდი, სადაც ყველა გარუჯული და გულით მომღიმარია, სინათლეს და დადებით ენერგიას რომ ასხივებენ უსასყიდლოდ. სადაც თავად ლუიშ ფიგუ  გისურვებს "Good Luck" -ს და შვედეთის პრინცესა გართმევს ხელს დამშვიდობებისას. სადაც წყლის შიში გავიწყდება და ყოველ დღე იახტების რბოლას ნავიდან ადევნებ თვალს, ბოლოს კი იმდენად გიმართლებს რომ ნავის ანძაზე აძრომის პატივიც გხვდება (ჰო კაი, ბიჭს მოვეწონე და მაგიტომ ამიშვა, მაგრამ მაინც) და სადაც მოგზაურობას და ყველაზე-ყველაზე რომანტიული პაემნით ასრულებ (ოდესმე დავწერ ამაზეც, ბლოგზე არა, წიგნში). Simply love this week!