July 23, 2013

ჩემი უცნობი ნაცნობები

ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი და ვისაც არ ეზარება მეკითხება, თუ როგორ ვძლებ მოგზაურობისას მარტო. ალბათ ფიქრობენ, რომ აბსოლიტურ სიჩუმეში და სიცარიელეში ვარ ხოლმე. რეალურად კი "მარტო" თითქმის არასოდეს არ ვარ.

როდესაც პირველად წავხეტიალდი მარტოდმარტო, აღმოვაჩინე ჩემთვის ყველაზე საინტერესო რამ: ამ დროს გზად გვხდება იმდენი უამრავი უცნაური, შენგან განსხვავებული, ან პირიქით შენი მსგავსი ადამიანი, რომ ეს რაღაცნაირად გზრდის. ამავე დროს არ გჭირდება ითამაშო ვინმე, ან რამე, ის ხარ რაც ხარ. ზოგი შენ გაოცებს თავისი თავგადასავლებით, ზოგს კიდევ შენ აოცებ. თუ მოგწონს ადამიანის კომპანია, შეიძლება იხეტიალო მასთან ერთად ერთი დღეც და მეტიც. ბევრჯერ საკუთარი მარშუტი შემიცვლია საინტერესო მეგზურების გამო, ბევრჯერ კი მათ შეუცვლიათ თავიანთი და თქვენ წარმოიდგინეთ ბევრჯერ სულ სხვა ქვეყანაში, სხვა მოგზაურობის დროსაც კი მოგვიხერხებია ერთმანეთის ნახვა. თუ არ მოგწონს თანამგზავრი, ეტყვი კარგად იყავიო და იშლებით მშვიდობიანად. ცხოვრება გაცილებით მარტივია იქ, ეს აქ არის, რომ მას ვართულებთ უამრავი ფსევდო წინაპირობებითა და მოგონილი შეზღუდვებით.

თუმცა, პირველი აფრიკული მოგზაურობის შემდეგ რაღაცნაირი გრძნობა დამრჩა. უფრო სწორედ, როცა წინათ თავად ვცდილობდი ხოლმე კონტაქტში შესვლას, ეხლა პირიქით, რატომღაც ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა ყველასგან, ჩემი Lonely Planet-ის წიგნიც კი არ ამიჭრელებია ელ-ფოსტისა მისამართებითა და ტელეფონის  ნომრებით, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე. და როცა დავფიქრდი, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად იმ ადამიანებში, ვინც გზად მხვდებოდნენ, ალბათ ეს არის ის გაოცების გრძნობა, როცა მეორე ადამიანი შენ გაოცებს და ამ გაოცებით იხიბლები. ეს ადამიანები გიზიარებენ გამოცდილებას, თაგადასავლებს, ხშირად თავიანთი თავგადასავლებით, ან უბრალოდ მსოფლმხედველობით, გამბედაობით ისე გაოცებენ, რომ მათგან ამ თვისებებს 'იპარავ', ოცნებებს 'იპარავ' და ა.შ. დაუსრულებლად.

პირველად სირიაში 2010–ში ერთმა ქალმა გამაოცა, როცა მითხრა 7 თვეა რაც მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობო. ის ქალი შემდეგ Facebook-ზე დამიმეგობრდა და ამ 7 თვის შემდეგ კიდევ 9 თვე იმოგზაურა, ჯამში 16 თვე გამოუვიდა (ზედმეტია ვახსენო, თუ როგორი შავი შურით ვათვალიერებდი მის ფოტოებს). მაშინ, ანუ ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, პირადად მე ხალხს იმით ვაკვირვებდი, თუ როგორ გავრისკე, პირველი სოლო ტრიპი სირიაში, ვიზის, ენის ცოდნისა და კონტაქტების გარეშე...

მეორედ მაროკოში გამაოცა ავსტრალიელმა ყმაწვილებმა, მათ ავსტრალიიდან დაეწყოთ მოგზაურობა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, მონღოლეთი, ევროპა მოეარათ და მე სადღაც მაროკოს სამხრეთში  მეთევზეების სოფელში, კარტის სათამაშო მაგიდასთან შემხვდნენ... მაშინ მე ხალხს ჯერ კიდევ იმით ვაოცებდი, როგორ ვმოგზაურობდი მარტო, ამჯერად მაროკოში... შემდეგ სხვა ქვეყნებში ბევრი ავსტრალიელი გადამეყარა და მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ იმდენად შორს არიან ყველაფრისაგან, სხვაგვარად არ შეუძლიათ. დღეს ეს სიმპატიურ ქერა-მწვანეთვალება ავსტრალიელები  აღარ მაოცებენ, მათი უბრალოდ ძალიან მშურს...

მესამედ ისევ სირიაში გამაოცა ქალმა 2011-ში, რომელიც ჩემი საყვარელი Lonely Planet–ის ფორუმზე გავიცანი. ამ ისტორიას მოვყვები: გავიჭედე ლიბანში, წესით უნდა წავსულიყავი იორდანიაში, მაგრამ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა 'დამაგვიანდა'. ამ დროს ვიღაც ფორუმზე პოსტავს, რომ არის დამასკოში და იქ "სიწყნარეა". მაშინვე მივწერე, ასე და ასე ვარ, ახლო აღმოსავლეთში ვმოგზაურობ მარტო და ხვალვე ჩამოვალ დამასკოთი თუ სიწყნარეა მანდ თქო. ვთხოვე, ადგილი შეანახინე ჰოსტელს ჩემთვის თქო. თუ როგორ ჩავაღწიე დამასკომდე ვიღაც ორ არაბთან ერთად ეს უკვე ცალკე ისტორიაა და რომელიღაც პოსტში მგონი უკვე დავწერე.
სასტუმროს რომ მივადექი, ძალიან გარკვევით ავუხსენი, თქვენთან ვიღაც ქალია, სახელი არ ვიცი მაგრამ იმის ოთახში დამაბინავეთ თქო.. მიხვდნენ ვისზეც ვამბობდი, 2 ქალი ტურისტის მეტი იმ დროს არავინ იყო დამასკოში. ეს ქალი მწერალია, ცოტა უცნაური, ცოტა გიჟი, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და ამბებს ისეთი ემოციით ყვებოდა დღემდე თვალწინ მიდგას. იმ დღემდე გარდაცვლილ ქმარს მისტიროდა, რომლის გამოც რელიაგიაც კი შეიცვალა თავის დროზე. ყოველ წელს 3-4 თვე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, წერდა და ჩემნაირ უცნაურ ხალხთან ერთობოდა... მე თითქმის არასოდეს მისმენდა, მაგრამ უცებ ისეთ რამეს მეტყოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობარივით კარგად მიცნობდა.  შემდეგ მოგზაურობა ერთად გავაგრძელეთ იორდანიამდე, იქ დავიშალეთ...  გზად ისეთი ამბავი გადაგხვდა, ეგეც ცალკე ისტორიაა. ამის შემდეგ ამ ქალის გაცნობის და მასთან ერთად გადახდენილი თავგადასავლებით ვაოცებდი ზოგიერთებს...

ირანში ბევრმა ვინმემ გამაოცა, მაგრამ განსაკუთრებით მოხუცი ავსტრალიერი წყვილით მოვიხიბლე. ორივენი 70-ს გადაცდენილები იყვნენ. კაცს ანტიკვარული მოტოციკლი ყავდა და ავსტრალიიდან ბელგიაში მიდიოდა ოვერლენდით. ბელგიაში ოქტომბერში სპეციალური რალი იგეგმებოდა და იქ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო. ცოლს, მოტოციკლზე ჯდომა არ შეეძლო, ავტობუსით, ან მატარებლით ჩადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და იქ ელოდებოდა ქმარს... არ იცით როგორ დამთბა გულში მათ, რომ ვუსმენდი და ცოტათი შემშურდა... 

ვფიქრობ, რომ ეგვიპტეში ძალიან გამიმართლა. აქ ერთმა ძალიან გამაოცა, სხვები კი მომეწონენ. აქ მივხვდი იმასაც, რომ ადამიანები უკვე ნაკლებად მაოცებენ, მაგრამ მივხვდი, თუ რატომ მომწონს ზოგ-ზოგიერთი მათგანი. მათ ერთი საერთო აქვთ, რაგინდ განსხვავებული ეროვნების, რელიგიის ან უბრალოდ კანის ფერის მქონენი არ უნდა იყვნენ, ყველამ გადადგა ერთი დიდი დაბიჯი ცხოვრებაში. წავიდა. ერთ ერთმა ასეთმა მორიგი გულისამაჩუყებელი დაშორებისას მაჩუქა წიგნი და თან დამიბარა-"ეს წიგნი მე დამეხმარა და იმედია შენც დაგეხმარება"... თუმცა, ჩემდა და მისდა სამწუხაროდ წიგნმა ჯერ ვერ მიშველა. თუმცა ჯერ იმედი მთლად არ დამიკარგავს, ბოლო თავს არ ვკითხულობ, იმ იმედით, რომ როცა წავიკითხავ მეც ავდგები და 'წავალ'.

როდესაც ჩემი ბოლო ხეტიალისას არშემდგარი კუბის ტრიპიდან პირდაპირ აფრიკაში აღმოვჩნდი, სადაც ფეხი არ უნდა გადამედგა, ვისაც არ უნდა შევხვედრილიყავი ჩემი ისტორია 'I supposed to be in Cuba right now' მაშინვე ყველას აინტერესებდა, აოცებდა და ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რატომღაც ეხლა მე აღმოვჩნდი სხვებისათვის სიგიჟის, გაბედულობის და იღბლიანობის მაგალითი, მაშინ როცა მე ასეთი ადამიანების გზად გადაყრას ვიყავი მიჩვეული... და ეს არ მომეწონა. არ მომეწონა ის, რომ არ გამაოცა არავინ. არც ლამაზმა სამხრეთ აფრიკელმა ტანზანიამდე, რომ ველიკით ჩამოვიდა, არც ომის ჟურნალისტმა, არც რუსმა მოხუცმა წყვილმა- მათი უბრალოდ შემშურდა, (მეც მინდა 60 წლისამ ვიღაც ჩემნაირთან ეგრე ვიწანწალო).. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, თავგადასავლებისა, ფერადი ფოტოებისა, გულის სიღრმეში მაინც მცირე სიცარიელეს გრძნობა დამრჩა...

მივხვდი, რომ რაც დრო გავა, ალბათ ადამიანები უფრო ნაკლებად გამაოცებენ. ეს საწყენია, იმიტომ რომ ყველას გვჭირდება ეს 'აჰ!' გრძნობა. გჭირდება შეხვდე ამ უცნაურ და ჭრელ ადამიანებს. საჭიროა, რომ ასეთმა შენგან განსხვავებულმა, შენი გარემოსთვის შეუფერებლებმა სუფთა ჰაერი შემოიტანონ, ბევრ რამეზე შეხედულებები შეგიცვალონ, ახალი იდეები, ოცნებები ჩაგინერგონ, ან ძველი სურვლები ამოგიქექონ და მათ განსახორციელებლად გამბედაობა გიწილადონ.

რომ ვაღიარო, ჩემი და თქვენი ცხოვრება საშინლად აუტანელი იქნებოდა, მხოლოდ ერთმანეთის, ან ჩვენი მსგავსი ადამიანების გარემოცვაში, რომ გაგვეტარებინა. 

July 6, 2013

Are u f*ng kidding me?!

აი ზუსტად ეგეთი რეაქცია ჰქონდა ერთ ახალგაზრდას, როცა ქაიროში, ნაირობისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩასხდომის ლოდინში ჩემი ისტორია მოვუყევი.. გასაგები მიზეზების გამო, იმ მომენტში ჩვეულებრივზე მეტად ენაწყლიანი ვიყავი და სრულიად უწყინარ კითხვებზე, 'რას საქმიანობ? ჟურნალისტი ხარ? ვისზე მუშაობ? რატომ მიდიხარ კენიაში?' ავდექი და 5 წუთში მოვუყევი, რომ ჟურნალისტი არ ვარ, რომ ჯერ კიდევ 3 დღის წინ კუბაში მივდიოდი, მაგრამ 2 დღის წინ კენიის ბილეთი ვიყიდე, 1 დღის წინ კი Lonely Planet-ის წიგნი შევიძინე ისტიკლალზე შემთხვევით დარბევას გადარჩენის წიგნების მაღაზიაში, იმ დროს როცა ტაქსიმზე მიტინგის საყურებლად მივდიოდი...  ავუხსენი, რომ ჩემი ამ 'უჩვეულო' ენაწყლიანობის მიზეზი სტრესი და ცოტათი, შიშიც იყო...
ვლაპარაკობ ჩქარა, სიცილით, ერთ ამოსუნთქვაში, პარალელურად ჩანთას ვაწვდი მებაჟეს სკანერში გასატარებლად, ქამარს ვიხსნი და თავიდან ვიკეთებ. ვხედავდი ბიჭს  სახე ეცვლებოდა, მაგრამ მე ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა იმ მომენტში. საბოლოოდ მაშინ 'გაგიჟდა, როცა ჩემი პროფესია ვუთხარი, თავისი აპარატურით გატენილი ჩანთები იატაკზე დაყარა და გაბრაზებულმა მითხრა, რაებს მატყუებ, გამოტყდი ვისზე მუშაობო... ჩვენი საუბარი იმით დამთავრა, რომ ჩასხდომამდე უკვე სამსახური შემომთავაზა თავის გუნდში, რომელიც კონგოში მიდიოდა აჯანყებულების ჩასაწერად. მე შენნაირი ღბლიანი არ ვარ და ცოტათი შენი იღბალი მიწილადე, სწორედ ეხლა ძალზედ მჭირდებაო... 

სიმართლე რომ ვაღიარო, ზოგადად არ ვთვლიდი არასდროს რომ გიჟი ვარ, ან სულელი, ანუ თუნდაც იღბლიანი . უბრალოდ, როცა რამე გინდა და ცხვირ წინ ერთ კარს გიკეტავენ, მაშინ კეთილი უნდა ინებო და მეორე გამოაღო, თუ არა და წუწუნის უფლებაც არ გექნება მომავალში.  

ყურებს არ ვუჯერებდი, პრინციპში არც თვალებს, როდესაც მითხრეს, 'უკაცრავად, მაგრამ კუბაში ვერ გაგიშვებთ'... პანიკა რა თქმა უნდა მქონდა, მთელი 5 წუთი. სწორედ ამ პანიკის დროს მებაჟეს მობილური გამოვტაცე ხელიდან და მეგობარს დავურეკე, მგონი შარში გავები და ყოველი შემთხვევისათვის ფული ჩამირიცხე მეთქი.  მებაჟეს თვალები გაუფართოვდა, მაგრამ არაფერი არ მითხრა კიდევ კარგი...

ჰოდა, ჩემი მოგზაურობის მანძილზე და შემდეგაც, ბევრს ვფიქრობდი იმ ჩემი ახალი მეგობრის სიტყვებზე, 'You are very lucky girl!' და ეხლა უკვე ვაღიარებ მართლა 'იღბლიანა' ვარ. ყოველ შემთხვევაში, რამოდენიმე საკითხში ნამდვილად გამიმართლა, ვეცადე ცოტა დამელაგებინა:


გამიმართლა, რომ როდესაც კუბაში არ გამიშვეს, პანიკა დიდხანს არ გამიგრძელდა,  რამოდენიმე წუთში დავწყნარდი, აეროპორტიდან გამოვედი, ზურგჩანთა ჰოსტელში დავაგდე, გვერდით ინტერნეტ-კაფეში შევედი, გავშალე უვიზო ქვეყნების სია და ახალი ვარიანტის შერჩევა დავიწყე და გამიმართლა, რომ ვიპოვე;
გამიმართლა, რომ იმ აეროპორტში იმ ბიჭს შევხვდი და ბევრი სასარგებლო რჩევა მომცა, მათ შორის ზანზიბარში წასვლის იდეაც მომაწოდა;
გამიმართლა, რომ დაჟინებული თხოვნის მიუხედავად კონგოში არ გავყევი აჯანყებულებთან;
გამიმართლა, რომ ადამიანებთან მიმართებაში მე-6 გრძნობა, თუ ინტუიცია მაქვს, რომელსაც ჯერ არასდროს მოვუტყუებივარ და მოგზაურობებში ხშირად გადავურჩენივარ ხიფათებს, ზოგჯერ დიდს;
გამიმართლა, რომ სწორედ იმიტომ ავირჩიე საფარის კომპანია, რომ სეილსმენი ჯოშუა მომეწონა ერთი შეხედვით. არა და ნორმალური ადამიანი 1 წლით ადრე გეგმავს და აკეთებს რესერჩს საფარიზე. მე კიდევ, ნაირობიში ჩაფრენის შემდეგ პირველივე დილით ცენტრალურ ქუჩაზე პირველივე ოფისში შევვარდი, რომლის ლოგოც მომეწონა და ჩემი ისტორია უკვე მეორედ მოვუყევი იქაურ გაყიდვების მენეჯერს და შემდეგ 5 წუთი ველოდე სანამ ეს უკანასკნელი კისკის დაასრულებდა; 
გამიმართლა, რომ სწორედ ისეთი პროგრამა შემომთავაზა, როგორიც მინდოდა, როცა მინდოდა და რა ფასშიც მაწყობდა (ნუ, ცოტა ვევაჭრე);
ზანზიბარისკენ მიმავალს ჩამეძინა თვითმფრინავში (დილის 7 საათი იყო). გამიმართლა, რომ სწორედ იმ მომენტში გამეღვიძა როცა კილიმანჯაროს თავზე მივფრინავდით; 
უკან მომავალსაც გამიმართლა, უფრო ლამაზი კილიმანჯარო ვიხილე ღრუბლებში გახვეული;
გამიმართლა, რომ უმეტესი თანამგზავრები კარგი შემხვდნენ, ისეთები ტვინს რომ არ გიბურღავენ და არ გძაბავენ და შენს სივრცეში არ იჭრებიან. ვთვლი რომ 'ცუდ' თანამგზავრებშიც გამიმართლა, რადგანაც ახალი კულტურული განსხვავებები დავიჭირე და ეს კარგია;
გამიმართლა, მეგობრებში, ახლად გაცნობილებში, მაგრამ უფრო მეტად ძველებში. იმათში ვისაც დილის 5 საათზე გააღვიძებ და ისიც დაგეხმარება, იმათში ვინს საელჩოს ააწიოკებს, ან თუნდაც იმათში ვინც უბრალო მოკითხვით, რაღაცნაირად 'გამაგრებს';
გამიმართლა, რომ ვნახე ლომი. არა იმიტომ, რომ ცხოველი ვნახე, არამედ იმ შეგრძნების გამო, რაც მაშინ მქონდა, ასეთი 'გაჟრიალებებისათვის' ნამდვილად ღირს ცხოვრება;
ნამდვილად ვთვლი, რომ გამიმართლა, ყველა 'არ გამართლებაში', რადგანაც ყველაფერი იყო ახალი, შესაბამისად დავიწყე ფიქრი და მსჯელობა ახალ თემებზე და ეს ყოველთვის კარგია. იმედია ჭკუაც ვისწავლე ცოტა;
მოკლედ, გამიმართლა იმაში, რომ კუბაში ვერ წავედი. გამიმართლა, რომ აფრიკაში მოხვდი სწორედ ეხლა, სწორედ ასე დაუგეგმავად და მოუმზადებლად. გამიმართლა, რომ ერთ დღეს ვგეგმავდი მეორე დღეს სად წავსულიყავი და როგორ და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც მთელი დვბრუნდი;
თუმცა, შეიძლება ეს ყველაფერი გამართლება კი არა უკვე გამოცდილებაა. როცა წამოსვლის წინ იმ სეილსმენს ვუყვებოდი ისეტორიებს რაც ბოლო 16 დღის განმავლობაში გადამხდა,ბევრი იკისკისა, ბევრი მეხუმრა, მაგრამ ბოლოს დაამატა 'you know how to survive!' და მე ეს დასკვა ძალიან გამიხარდა. უფრო მეტადაც კი..