Showing posts with label Turkey. Show all posts
Showing posts with label Turkey. Show all posts

March 22, 2013

ტკბილი მოგონებები კაპაბადოკიაზე

ერთი ჩემი მეგობარი ამჟამად მოგზაურობს თურქეთში. ვურჩიე რომ ნახოს კაბადოკია. დღეს წერილი მივიღე მისაგან, სადაც მთხოვდა მიმეწერე ჩემი რეალური აზრი ამ ადგილზე...

დავიწყე უზარმაზარი მეილის წერა, თუ რა ლამაზია იქაურობა. განსაკუთრებით როგორი შთამბეჭდავია ფერად-ფერდი კლდეები მზის ჩასვლისას, როცა მტვერი ცხრება და ირგვლივ ყველაფერი უფრო კაშკაშა და მკვეთრი ხდება... მინდოდა მიმეწერა, თუ რა ლამაზი გამოდის ფოტოები და ა.შ... მაგრამ ბოლოს მიხვდი ერთს, რეალურად გარემო კარგად, ან ცუდად გამახსოვრდება არა იმიტომ, თუ როგორი სილამაზის მატარებელია, არამედ რაიმე კონკრეტული ისტორიის გამო. შეიძლება 'გაგიმართლოს' და ასეთი ისტორია გადაგხდეს, თუ არა და საერთოდაც არ დაგამახსოვრება არაფერი (ეს ცუდ მოგონებაზე უარესია ჩემი აზრით)...

ალბათ მე გამიმართლა...

მზე გადაიხარა, მტვერი ჩაცხრა, კლდეები ვარდისფრად აელვარდა და მეც ერთ-ერთ ასეთ კლდეზე ფოტოს გადასაღებას ავბობღდი.
პოზიორობა რომ დავასრულე, მეგობარს ჩემი მაშინდელი სამოყვარულო Canon გამოვართვი და ირგვლი გაშლილი სივრცის გადაღება დავაპირე.

კი დავაპირე, მაგრამ რეალურად მხოლოდ ერთი კადრის გაჩხაკუნებაღა მოვასწარი, ის იყო მარცნივ, თუ მარჯვნივ მოტრიალებას ვაპირებდი, რომ ბაც.. ფეხი დაცურდა და აი ამ სურათზე რომ  ვზივარ, სწორედ იმ კლდიდან პირდაპირ ზურგით გადავვარდი ქვემოთ.
დღემდე მახსოვს ეს გრძნობა. რაღაც მომენტში 10-ვე თითით კლდეზე მოჭიდება ვცადე, თუმცა შედეგად მხოლოდ 10-ვეზე  ფრჩხილები და ტყავი ავიძრე და ისევ დაღმა გავაგრძელე ვარდნა უფსკრულში. ბოლოს სადღაც ქვემოთ ჩემი ზურგჩანთა პატარა ბუჩქს გამოედო და გავჩერდი.
მახსოვს ვიწექი ასე ზურგზე და მეშინოდა ხელისა და ფეხის განძრევა. მეშინოდა აღმომეჩინა, რომ რაიმე მოვიტეხე, ხმის ამოღებისაც მეშინოდა. აზრზე არც მაშინ მოვსულვარ, როდესაც თავს მეგობრები წამომადგნენ ჩემზე არანაკლებ შეშინებულები...

წამომაყენეს... ფეხზე დავდექი... გავიარე... ჩემდა გასაკვირად, არაფერი მომიტეხავს, გადაყვლეფილ თითებსა და მუხლ-იდაყვს თუ არ ჩავთვლით... მეგობრებთან არაფერი შევიმჩნიე, თუმცა მახსოვს ყბა როგორ ამიკანკალდა. კბილებს მთელი ძალით ვაწვებოდი კანკალის შესაჩერებლად და კითხვებზე არ ვპასუხობდი, არ მინდოდა შემმჩნეოდა შიში ამითი და სხვები შემეშფოთებინა...

დღეს ეს ყველაფერი უკვე მოგონებაა, მაგრამ სწორედ ამ მოგონების გამო კაბადოკია დღემდე განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, არა თავისი ქრისტიანული და უნიკალური არქიტექტურული ძეგლების გამო, არც იმიტომ, რომ აქ ერთთერთი ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ცქერაა შესალებელი. ეს ადგილი მახსენებს, რომ გადავრჩი... იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვით არის გაბუქებულ-გაზვიადებული და სინამდვილეში არც ისეთი საფრთხე მელოდა, როგორც ეხლა ვფიქრობ, თუმცა ...

ჰოდა მეგობარს, როგორ გინდა ეხლა ეს ყველაფერი მიწერო და აუხსნა?..

პ.ს. ესეც ის 'იღბლიანი' კადრი, რომლის გამოც მე ლამის კისერი წავიმტვრიე, აპარატი კი დავამტვრიე