September 8, 2014

5 reasons why I am not happy

გუშინ საერთო მეგობრის ქორწილში დიდი ხნის უნახავი მეგობრები შევიკრიბეთ. ვსაუბრობდით ამა თუ იმ თემაზე. შევეხეთ 4 წლის წინ მოხვეჭილ MBA სტატუსსაც. შალვა, რომელიც ერთ-ერთი უნიჭიერესი ფინანსისტი იყო ჩვენს ჯგუფში, ამტკიცებდა რომ კარგი CEO არ არსებობს ფინანსების კარგი ცოდნის გარეშე და თუ კიდევ არ გინდა CEO გამოხვიდე საერთოდ რატომ აბარებ მაშნ MBA-ზეო.

შემდეგ მე მომიტრიალდნენ და მკითხეს რას ფიქრობო. ჰოდა მეც ვუთხარი, რომ პირადად მე არ მაინტერესებს არც ფინანსები და არც CEO-ობა, იმიტომ რომ არცერთი არ მიყვარს და ბედნიერს არ მხდის. შესაბამისად, ბოლო დროს ვცდილობ აღარ დავიტვირთო გონება იმ თემაზე ფიქრით და დრო კი აღარ გავფლანგო იმ საქმის კეთებითა და ისეთი  კარიერის აწყობით, რომელიც მე არ გამხდის რეალურად ბედნიერს და დავამატე, რომ მომავალში კვლავ საქმიანობის სფეროს შეცვლას ვაპირებ.

მეგობრების რეაქცია იყო ცალსახა: "გვეგონა ამას კიდევ უფრო ადრე იტყოდი და გააკეთებდიო".



დავფიქრდი მათ სიტყვებზე. ისედაც ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ თემაზე, თუ რატომ არ ვართ ბედნიერები. არა და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია რომლებიც ყოველი წესის მიხედვით "ბედნიერები" უნდა იყვნენ (ჩემი თავის ჩათვლით). გამახსენდა ჩემი ძველი ამერიკელი მეგობარი და მისი სიტყვები და ეს ძველი პოსტი ადრე რომ დავწერე ბედნიერებაზე. ჰოდა გადავწყვიტე ამჯერად უფრო დეტალურად ჩამომეყალიბებინა ის მიზეზები, რაც პირადად მე მიშლის ხელს ვიყო ბედნიერი:

#1. გვეშინია ნაბიჯის გადადგმა - ხშირად გამიგია "აუ როგორ მინდოდა წითელი თმები, მაგრამ ვერ გავრისკე"... "ძალიან მინდოდა კენიაში წასვლა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს" და ა.შ. -  მეგობრებო, ყველანი თავისუფალნი ვართ არჩევანის გაკეთებაში. ეს ჩვენ ვართ, რომლებიც საბოლოოდ ვირჩევთ არ შევიღებოდ წითლად თმები და ვიყოთ ქერები ან წაბლისფერთმინები, ეს ჩვენ ვართ, რომლებიც კენიის ნაცვლად მივდივართ უკვე გადატკეპნილ თურქეთის ან ეგვიპტის სანაპიროებზე. ეს ჩვენ ვართ, რომლებიც ვირჩევთ არ გავრისკოთ და არ გადავდგათ ნაბიჯი და ბოლოს დანანებით ვამბობთ "აუ როგორ მინდოდა, მაგრამ..." . ჩემი პასუხი - ე.ი. ძალიანაც არ გვინდოდა, თორემ ვერავინ დამაჯერებს - რაიმე ძალიან გვინდოდეს და ვერ გავაკეთოთ. უბრალოდ ჩვენ ვირჩევთ, რომ შიში იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი სურვილი.

#2. ვირჩევთ არასწორ პროფესიებს - რამდენი თქვენგანი (ჩემის ჩათვლით) აკეთებს ზუსტად იმ საქმეს რაც მისი მოწოდებაა? ერთის მხრივ ეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ბრალიც არის, რომ არ გვაქვს ფუფუნება საკუთარი მოწოდებით (მხატვრობით, ფოტოგრაფიით, გეოლოგიით თუ ა.შ.) ვიარსებოთ. შედეგად ვირჩევთ პროფესიებს პრესტიჟულობის და აზღაურების მიხედვით და მთელი ჩვენი ენერგიისა და ნერვული სისტემის 99% ვაქსოვთ კარიერის აშენებაში და საქმის კეთებაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვძაგს და შემდეგ პარასკევობით ერთმანეთს ვეზუზუნებით კოლეგებზე და უფროსებზე. რეალურად, კი ისევ ჩვენ ავირჩიეთ ეს გზა. ისევ ჩვენ ვმუშაობთ უინტერესო სამსახურებში და ისევ ჩვენ ვითმენთ კოლეგების ხუშტურებსა და  უფროსების მიერ მაგიდაზე მუშტების ბრახუნს.

#3. ვისახავთ არასწორ მიზნებს - რამდენ ჩვენგანს დაგვისახავს მიზანი და მიგვიღწევია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შინაგანი ინტერესისა და სულიერი სიამოვნებისათვის? მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგ რეალურად ბედნიერი ხარ და არ აქვს ქვეტექსტი "აი ეხლა მე ჩავაბარებ პრესტიჟულ უნიში, MBA დიპლომს ავიღებ და დამაწინაურებენ სამსახურში!". კი ბატონო, მეც ჩავაბარე, ავიღე დიპლომი, დამაწინაურეს კიდეც, ყოჩაღ მე! მაგრამ გამხადა კი ამან იოტისოდენ ბედნიერი? ამ კითხვაზე მე კი ვიცი ჩემი საკუთარი პასუხი და თქვენი თქვენ იცით?

#4. ვეჯიბრებით ერთმანეთს - ესეც ერთის მხრივ წინა პუნქტის გაგრძელებაა. არ ვიცი რა დავარქვა, სპორტული მეტოქეობა (არ მინდა "შური/ბოღმა" ვიხმარო)? მაგრამ რატომღაც ირგვლივ ადამიანებს რომ ვუყურებ, გრძნობა მრჩება თითქოს რაღაც ერთ უზარმაზარ რბოლაში ვმონაწილეობთ, რომელშიც ყველას უკლებლივ მიზანია მეორეს გაუსწროს და აჯობოს. და ამ უაზრო მეტოქეობა "გადასწრება/გადმოსწრება", ან "ახევა/დახევაში" გვავიწყდება მთავარი - ეს ყველაფერი ნამდვილად ბედნიერს გვხდის? დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვა და თუ პასუხია "კი", ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველას უკლებლივ.

#5. ვართ არასწორ ადამიანებთან -  მე მგონი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ხშირად ვართ უბედურები იმის გამო რომ მეგობრებმა, შეყვარებულებმა, ოჯახის წევრებმა იმედები გაგვიცრუეს. რეალურად კი ჩვენ თავად ვირჩევთ ამ ადამიანებს ჩვენს თანამგზავრებად. ჩვენ ვირჩევთ და ვენდობით მათ და შემდეგ კი იმედები გვიცრუვდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხშირად ამ იმედგაცრუებების შემდეგაც ვაგრძელებთ მათთან ყოფნას, იმიტომ უბრალოდ არ გვყოფნის გამბედაობა გზის მარტო გასაგრძელებლად. გვეშინია, რომ უფრო ცუდად ვიქნებით და შესაბამისად "ცუდად და მარტოდ" ყოფნას ისევ ვარჩევთ ვიყოთ არასწორ ადამიანებთან. საბოლოო ჯამში კი მაინც მარტოსულები ვართ, იმიტომ რომ ასეთი არც მეგობარი, არც შეყვარებული და არც მეუღლე არ გვხდის ჭეშმარიტად ბედნიერს.

არ ვიცი ვინმესთვის ეს ნაცნობია თუ არა, შეიძლება ბანალურიც მოგეჩვენოთ, მაგრამ მეწერებოდა და დავწერე.

ყველას გისურვებთ იპოვოთ საკუთარი მიზეზები და გამოასწოროთ. მე კი ნამდვილად ვიცი რა უნდა გამოვასწორო დღეს, იმისათვის რომ ხვალ ბედნიერი ვიყო.






1 comment: