Showing posts with label Desert. Show all posts
Showing posts with label Desert. Show all posts

September 22, 2014

ეგვიპტე ისე, როგორც მე მიყვარს

წელს მთელი ზაფხული თბილისში გავატარე და სულ შავი შურით ვათვალიერებდი სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრების მიერ გამოფენილ ფოტოებს. ზოგიერთმა მათგანმა ფარაონების მიწასაც მიაშურა და მათი ფოტოების შემყურეს მომინდა ადრე დაწერილი პოსტი ამომექექა და გადამეწერა თავიდან.

ყოველი მოგზაურობა ასოცირდება რაიმესთან, ჩემი ეგვიპტური დღეები კი მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც The Sunset-Sunrise Trip. მართლაც, აქამდე არსად იმდენი მზის ამოსვლა ჩავსლას არ შევსწრებივარ, რამდენსაც ეგვიპტეში და დღესაც თითქმის 2 წლის თავზე სულ მათბობს ამ ზამთრის მზიანი დღეების მოგონებები.


 მზე, ქაირო და რევოლუცია

ქაიროს ჩამავალ მზეს ტაქსის ფანჯრიდან მოვკარი თვალი, აეროპორტიდან Downtown-ში რომ მოვყავდი. შავტუხა მძღოლს დიდხანს ვეკამათე ფასზე, 100 ეგვიპტური ფუნტიდან 50-ზე შევთანხმდით ($8) და შემდეგ კი საბოლოოდ კი მის მიერ დაბრუნებული ხურდა ის დაკლებული 50 ფუნტი იქვე ჰოსტელის ძიებისას სადღაც ქუჩაში დავკარგე, ახია ჩემზე!.


October 6, 2013

იორდანიული მოგონებები

-Did you also have an accident in Petra? - მეკითხება ერთი, ჯერ ირანში შემდეგ კი ეგვიპტეში რომ დამემგზავრა.. ჩემსავით მასაც ისევ უდაბნოსკენ გაუწია გულმა და ეხლა რჩევებისთვის გამიხსენა.
-Not really.. - ვპასუხობ საკმაოდ ამაყი, მაგრამ მერე მახსენდება და ვუყვები, თუ როგორ დავკარგე ტელეფონი პეტრას კლდეებში ძრომიალისას, როგორ დამებლოკა ყველა პლასტიკური ბარათი ბედუიონებთან ერთად უდაბნოში წასვლამდე და რომ არა ჩემი ბანკირი მეგობრების დისტანციური დახმარება, რომელიმე ბედუინის მე-9 ცოლობა არ ამცდებოდა.
- Why I'm not surprised?! As you say - Lucky you! -რა თქმა უნდა არ უკვირს, ერთობლივი ეგვიპტური თავგადასავლების შემდეგ ჩემგან უკვე აღარაფერი აღარ უკვირს.

მასთან საუბარისას გაოცებული აღმოვაჩენ, რომ მახსოვს საკმაოდ ბევრი დეტალი და თუ მოვინდომე, ალბათ მშვეინერ Guide book-საც დავწერ. აღმოვაჩინე, რომ ველაპარაკები Lonely Planet-ის ტემბრით და კიდევ უფრო მძაფრად მომინდა მათთან მუშაობა (Someday!) ..

მარშუტი დავგეგმეთ, სასტუმროებიც ისეთები შევარჩიეთ, ჩვენნაირებს რომ ადვილად შეხვდეს. ისეთი კმაყოფილების გრძნობა მაქვს, თითქოს მეც მივდივარ მასთან ერთად.

მეკითხება რითი იყო ეს მოგზაურობა გამორჩეული სხვებისგან. ვუამბობ ისტორიებს. ნაწილი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აქვს მოსმენილი.. მერე ერთად მივდივართ დასკვნამდე, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, რას ათვალიერებ, მთავარი ამ დროს, რაც გამახსოვრდება და რაც წლების შემდეგაც კი გათბობს და გაღიმებს, არის ის წვრილმანი, უმნიშვნელო დეტალები და მინი ისტორიები, რომლებიც ნებისმიერ მოგზაურობას თავგადასავლის ელფერს სძენს. სწორედ ამ წვრილ-წვრილი ისტორიების გამო არის ჩემი მოგზაურობები განსხვავებული თქვენისგან და თქვენი კი ჩემისაგან. ამ ისტორიებს ქმნი თავად. შენზეა დამოკიდებული, რომ ერთი ჩეულებრივი მოვლენა აქციო განსაკუთრებულ მოგონებად.

ესეც ჩემი იორდანიული მოგონებები:


#1 - რაიმონდი

ის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ადამიანია ვინც შემხვედრია. პირველად მას სირიაში შევხვდი ჩემი პირველი მოგზაურობისას. უფრო სწორედ, ჯერ ინტერნეტ ფორუმზე გავიცანი, შემდეგ დამასკოში მის ჰოსტელში დავბინავდი და მოვიხიბლე მისით.
როგორც ჩანს თვითონაც დავამახსოვრდი, რადაგანაც როცა შემდეგ წელს უკვე ბეირუთში გაჩხერილი ვგეგმავდი იორდანიაში გადასვლას სირიის გავლით და ისევ ფორუმზე ვპოსტავდი, მიცნო და მომწერა. მიამბო, რომ თავად სირიაში აღარ ცხოვრობს შექმნილი პრობლემების გამო, რომ ეხლა ამანში დაიდო ბინა და ახალ სასტუმროს ხსნის. მომწერა, დამასკოში თუ ჩახვალ ჩემს ჰოსტელში გაჩერდი უსასყოდლოდ და იქაური პერსონალიც ყველაფერში დაგეხმარებაო. მთხოვა, იორდანიაშიც რომ ჩამოხვალ ჩემთან გაჩერდი, სასტუმრო ჯერ არ გამიხსნია მაგრამ ადგილს გამოგიებნიო. ძალიან გამიკვირდა და გავოცდი.

დამასკოში სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა ჰოსტელში გავჩერდი, ახალ გაცნობილ მეგობრებთან ერთად რომ ვყოფილიყავი.  ამანშიც ვარჩე ხალხით სავსე ჰოსტელში დავბინავებულიყავი, თან მომერიდა რაიმონდის კართან გამოვცხადებულიყავი. მაგრამ ძალიან გავოცდი როცა ჰოსტელის მისაღებში დამიბარეს ტელეფონზე გთხოვენო. კიდევ უფრო გამიკვირდა როცა რაიმონდმა მომაკითხა, მანქანით მთელი ქალაქი დამათვალიერებინა, ვახშამით გამიმასპინძლა და ბოლოს მსოფლიოში ყველაზე მაგარ ტკბილეულის მაღაზიიდან დატვირთული გამომიშვა.. და ეს იმ დღეს, როცა მე კონტრაბანდისტ ტაქსისტთან ერთად გადავკვეთე სირია-იორდანიის საზღვარი და ნერვიულობისგან გაფითრებული და თვალებ გაფართოებული ვერც ვაცნობიერებდი რომ უკვე სამშვიდობოს ვარ.

რაიმონდს ჩემი მეგობარიც იცნობს..  ისიც ჩემსავით შეყვარებულია მასზე თავისი შორეული სირიული მოგზაურობის შემდეგ და ეხლა აპირებს მის სასტომროში დაბინავებას. ჩემგან დიდ მოკითხვებსა და გულწრფელ Hug-ს ვატან. "რა თქმა უნდა გადავცემ!" - მპირდება და მეც მჯერა.

თუ რომელიმე თქვენგანი იორდანიაში მოგზაურობას გადაწყვეტს, გულით გირჩევთ აქ გაჩერებას :http://www.ammanpashahotel.com/


# 2 -პეტრა

არასოდეს არ მინდოდა პეტრას ნახვა. ყველა მეუბნებოდა, რომ საოცრად ლამაზია, მაგრამ მაინც არ მიმიწევდა მისკენ გული. მაგრამ იყო ერთი რამ - ჩემი წიგნის გარეკანს ამშვენებდა ბედუინის ფოტო, რომელიც უზარმაზარი ტაძრის სახურავზე გამოჭიმულიყო. ვიცოდი, რომ ეს ტაძარი პეტრაში იყო და რა თქმა უნდა ჩემს თავს დავპირდი იგივე ადგილას გადავიღებდი ფოტოს უკვე წიგნით ხელში.

მე და ერთმა მხიარულმა კანადელმა ამანი სადღაც დილის 5 საათზე დავტოვეთ. ავტობუსში ძილი ამომავალი მზის სხივებმა დამიფრთხო.  პეტრას კარიბჭემდე ჯერ ფრანგ-ირლანდიელი გოგო-ბიჭის უცნაურ წყვილთან ერთად ვიარე, გოგო გაუთავებლად ბაზრობდა თავისი მოგზაურბის დეტალებზე და რაღაცნაირად მოვახერხე რომ ხალხში დავკარგვოდი. ცოტა ხანში ისევ გადავეყარე ჩემს კანადელ მოგზაურს და გზა ადგილობრივი ბედუინების შეძახილების ფონზე ერთად გავაგრძელეთ. "Hi!" "Where  are you from? " "Donkey donkey like Ferrari! With air conditioning! "  ეს ბედუინები ისეთი გამხდრები არიან, ვოცდები და უნებლიედ ვიწყებ ფიქრს, თუ რაში უდგათ სული. მეგობარმა ვერ გაუძლო შავგრემანი ბედუინის შარმს და მონასტრამდე გზა ჯორზე ამხედრებულმა გააგრძელა. მე ადგილობრივ ფერარიზე უარი ვთქვი და ფეხით ავიარე 800 საფეხურიანი კიბე.

ავაღწიე! ვიპოვე მონასტერი, ის რომელიც ჩემი წიგნის ყდაზეა გამოსახული.

ვიპოვე კანადელი მეგობარიც... ვზივარ მონასტრის წინ და ვუყურებ როგორ ეფლირტავება პეტრას ყველაზე სიმპათიური ბედუინი ტურისტ გოგონებს. აგერ ერთს ჩაით გაუმასპინძლდა.. ვფიქრობ მივიდე თუ არა მასთან და გამოცნაურო. ვიცი ვინც არის, საერთო ნაცნობი გვყავს, ლონდენელი ლი და ავსტრალიელი ქვინი, შარშან რომ გავიცანი სირიაში. ვიცი რომ, ლიმ ჩემზეც მიწერა რამოდენიმე დღის, შეიძლება  კიდეც დამეხმაროს და ტაძრის სახურავზე ამიყვანოს.. მაგრამ ბიჭი აშკარად დაკავებულია ქერა გოგონათი, სად მე და სად მოკლე შორტებიანი სლავური გარეგნობის ქალი..

ადგილს ვიკავებ კანადელის და ჰოლანდიელის შორის და სანამ ჩემს შეკვეთილ პიტნის ჩაის მომიტანენ, ამსტერდამის ნარკოტიკებზე საუბარში ვერთვები...
-როგორ შეიძლება ამ ტაძრის სახურავზე აძრომა? - ვეკითხები ბედუინს პიტნის ჩაი, რომ მომიტანა.
-შენთვის? არანაირად! - მიყურებს და ირონიულად ეცინება.
-კი მაგრამ ეს ფოტო ხომ ამ ტაძრის სახურავზეა გადაღებული?!- ვაგრძელებ და ცხვირწინ წიგნის გარეკანს ვუფრიალებ
-ეგ გამონაკლისია! ტურისტებისათვის კი აქ ასვა არ შეუძლება! პოლიციას ხედავ?! დაგიჭერენ მცდელობისთვისაც კი!
ზურგი მაქცია და წავიდა.. ჰოლანდიელი და კანადელი გაოცებით მიყურებენ. "Are you crazy?!" მეკითხება ერთი. "შეიძლება მანდ ასვლა! მაქვს ნანახი ფოტოები ინტერნეტში!" -ვაგრძელებ ჯიუტად. უბრალოდ მთავარია გავარკვიო როგორ.
ისევ მივედი მუსტაფასთან. ისევ გავუღიმე, თვალები ჩავუკარი, ცრემლით ავივსე... არაფერი არ სჭრის. "პოლიცია დაგვიჭერს!" მეუბნება ჯიუტად.

ბოლო გზა მრჩება.
-იცი მე საიდან ვარ?! მე ვარ საქართველოდან, გსმენია ამ ქვეყანაზე?
-არა -მპასუხობს აშკარად გაღიზიანებული
-ჰოდა წარმოიდგინე რა შორს ვართ, რომ არც კი გსმენია ჩვენზე. მე კიდევ ბავშვობიდან ვოცნებობ აქ მოხვედრაზე და ამ ტაძრის სახურავზე აძრომაზე! (სახე ეცვლება ნელ-ნელა) მთელი 3 წელი ვაგროვებდი ფულს აქ რომ ჩამოვულიყავი და ოცნება ამესრულებინა! და შენ კიდევ მეუბნები ეს შეუძლებელია?! არ მივდივარ აქედან, სანამ იქ არ ამიყვან! - ვგრძნობ, რომ კისერზე ყველა ნერვი მებერება და თვალები მიწითლდება. არც მრცხვენია რომ ასე უნამუსოდ ვიტყუები.
-ჰოდა იჯექი აქ სანამ არ მოგბეზრდება! -ზურგს მაქცევს და მიდის.
დავჯექი, არ ვინძრევი. ჰოლანდიელი წავიდა, დამშვიდობებისას დამცინავად მისურვა Good Luck. რონდას ეტყობა, რომ აშკარად ერთობა სანახაობათ, იქვე ახლოს მოკალათდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო..

ხალხი ნელ-ნელა იშლება. თვით სიმპატიურმა ბედუინმაც კი შორტებიანი ქერა გოგოს გაცილება დაიწყო ქვემოთ. ბოლოს აღმოჩნდა რომ მთელს კომპლექსში მხოლოდ მე, რონდა, მუსტაფა და პოლიცილები დავრჩით. მე ურჩად მიჭირავს წიგნი, ვუყურებ ტაძარს და მუსტაფას ყოველ-გავლა გმოვლაზე "It's my dream!" გავიძახი. ბოლოს პოლიციელებმაც დაიწყეს ქვემოთ ჩასვლა. აი მაშინ კი წამოვფრინდი და მივვარდი ბედუინს.
-ეს ჩემი ბოლო შანსია! დამეხმარე ავისრულო ოცნება. იცოდე მთელს ცხოვრებას დამინგრევ, ვერ წავალ აქედან აქ თუ არ ავედი. მე გურული ვარ! ჩვენ ცოტა გიჟები ვართ, იცოდე რამეს ჩავიდენ! გავიშალე წითელი თმები..
არ ვიცი რომელმა ჩემმა ტყუილმა იმოქმედა, ან იქნებ მართლა განწირული სახე მქონდა, ბედუინმა ხელი ჩამკიდა და წამოეთრიეო ჩაიბურტყუნა..

მერე იყო ცოცვა მაღლა 59 მეტრის სიმაღლის კლდის ტაძარზე.

თავიდან კი მივძვრებოდი გაბედულად, მერე სიმაღლემ იმატა და მასთან ერთად სიმაღლის შიშიც გამიმძაფრდა.. მუსტაფამ იგრძნო და ფოტო აპარატი გამომართვა..

ავაღწიე! სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში არც მჯეროდა, რომ მართლა ავცოცდებოდი. მაშნაც კი როცა განწირული სახით ვევედრებოდი ამ ბიჭს.. მაგრამ, თუ არ ეცდები, ვერასოდეს ვერ გაიგებ გაგიმართლებს თუ არა!


მერე მუსტაფამ თავზე თავისი ხელით წამიკრა თავსაფარი და გადამიღო ფოტო Lonely planet-ის სტილში


(c) Rhonda Lucas




არასოდეს არ დამავიწყდება ის გრძნობა რაც მაშინ მქონდა. გრძნობა "მე ეს შევძელი" - მაშინ როცა საერთოდ არ ელოდები მას და ცოტა სინდისიც ქენჯნაც იყო, ეს ბიჭი რომ მოვატყუე.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, ხედი ზემოდან ყოველთვის უკეთესია და შენც ყველაფერი უნდა იღონო მის სანახავად, თუ გინდა რომ შენი საკუთარი მოგონება შექმნა!


სწორედ ამ ფოტოს National Geographic-ყიდის :)
...

ჩემს მეგობარს ბედუინ მუსტაფასთან მოკითხვას ვაბარებ. არ ვიცი დღესაც იმ კაფეში მუშაობს თუ არა, ან ვახსოვარ თუ არა, მაგრამ მაინც...


#3 Petra by Night 

უკვე ღამდებოდა მე და რონდამ ტაძრიდან რომ დავიწყეთ დაშვება. მე იმ ღამით ღამის პეტრას ტურის ბილეთი მქონდა უკვე შეძენილი. რონდამაც მოისურვა მხარი ამიბას. ვხვდებით, რომ კომპლექსიდან გასვლას უკვე აზრი არ აქვს. პირველივე ტაძართან ვჩერდებით, ადგილს ძელ სკამზე ვიკავებთ და ერთმანეთს ვეკვრით გაყინულები. უცნაურია, ეს ადგილი ჯერ კიდევ მზის შუქზე ათობით ათასი ტურისტით იყო სავსე, ეხლა კი ვზივართ მხოლოდ მე და რონდა აბსოლიტურ უკუნეთში და მდუმარებაში ერთმანეთს მიხუტებულები და სიცივისგან აკანკალებულები.
ცოტა ხანში ბედუინები გამოჩნდნენ, ისინი ვინც ღონისძიებისათვის უნდა მოამზადონ გარემო.
თავიდან ძალიან უკვირთ ჩვენი დანახვა, ბილეთებს გვიმოწმებენ და შემდეგ თერმოსიდან ჩამოსხმულ ცხელ ჩაისაც კი  გვთავაზობენ. ბოლოს ვიღაცამ პეჩენიის ნატეხი გვიწილადა. უეცრად დამთბა და თვალები გამინათდა..

ცოტა ხანში ამ ჯგუფის წინამძღოლი მოდის საქმიანი წინადადებით: "მაინც ტუილად ხართ, არ გინდათ დაგვეხმაროთ და თან გათბებით კიდეც". რა თქმა უნდა სიხარულით წამოვხტი, ერთ ბედუინს ფანარი ვეთხოვე, მეორე მასწავლის სანთლებს როგორ მოვახვიო ქაღალდი და ქვიშაში მყარად ჩავარჭო... თან არც მჯერა... ღამის პეტრას უამრავი ფოტო მაქვს ინტერნეტში ნანახი, მაგრამ მე თუ ჩემი ხელით გავანათებდი მას ნამდვილად არ მეგონა.

ცოტა ხანში ტურისტებიც მოგროვდნენ და ადგილები დაიკავეს. ჩემგან განსხვავებით მომზადებულები არიან შტატივებით... ვინანე, რატომ არ არ მაქვს თან ჩემი შტატივი.. "ვერ გადავიღებ კარგ ფოტოს!" გავიფიქრე და ის იყო ხასიათი უნდა გამფუჭებოდა, რომ ერთმა ბედუინმა, აი ჩაი ვინც დამალევინა, გვერდით გამიყვანა, ერთი კლდის უცნაურად გამოშვერილ ადგილზე მიმითითა "აქედან ყველაზე კარგი ხედია" მითხრა და გვერდით მოკალათდა, აშკარად აინტერესებს თუ როგორ კადრს გადავიღებ...


აი ეს სანთლები ჩემი ჩარჭობილია!



#4 უდაბნო

მე და  ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა პეტრა ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე დავტოვეთ და ადგილობრივების მინი ავტობუსით გავემართეთ უდაბნოსკენ. გზა საკმაოდ მხიარულად გავლიეთ, ჰოლანდიელი ფიზიკოსისა და მეხსიკელი ბიოლოგის კომპანიაში. მათ ფონზე რომ არ დავჩაგრულიყავი მეც თავი გამოვიდე მათემატიკოსი ვარ მეთქი (მერე რა რომ ყოფილი).

მოვიხიბლე წითელი უდაბნოთი. სულის შეკვრამდე მომეწონა მისი ხასხასა ქვიშა, მშვიდი ცა და იდუმალი კლდეები.



მომეწონა ჯიპებით გადასერილი ქვიშის საოცარი პეიზაჟები.


და შემიყვარდა აქაური მზრის ჩასვლაც




არ მომეწონა ჩემი ინგლისელი თანამგზავრი, დღემდე რომ ვერ მაპატია პეტრას კანიონებში მიტოვება. მაგრამ მაინც მე ამედევნა უდაბნოს ტურში და სხვა ნაცნობების კითხვაზე: "Are you traveling together?",  "We are traveling alone, but together"- ო პასუხობდა ჩემს ნაცვლად.

მომეწონა ბედუინების ბანაკი და ბედუინი სალიმი, უფრო სწორად მომეწონს მისი ათასგვარი ისტორიების მოსმენა, მაშინ როცა მე ზურგზე დაწოლილი ავცქეროდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და გვერდით კი თავად ბედუინი იყო მოკალათებული.. ერთადერთი, რაც იმ მომენტში იდილიას და რომანტიკას მიფუჭებდა ეს წუწუნა ინგლისელი იყო, გაუთავებლად რომ შტატივს ეჩალიჩებოდა ღამის ცის ფოტოს გადასაღებად.

და მერე ბედუინიც და ინგლისელიც სადღაც გაუჩნარდნენ. აღარ მესმოდა არც ერთის წუწუნი, არც მეორეს უდაბნოს ისტორიები.  უეცრად ვიგრძენი, რომ ეს მე ვარ მარტოდმარტო აქ მიწაზე გაშოტილი. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჰაერში ვლივლივებ და მგონია ხელის თუ გავიწვდენ ვარსკვლავებს მივწვდები. (აშკარად ნაკლები უნდა დამელია ბედუინების ვისკი, ხომ  მაფრთხილებდნენ, მასთან ფრთხილადო!)


....

უკან აქლემებზე ამხედრებულები ვბრუნდებით. სანამ ქარავანი დაიძრებოდა ინგლისელის აქლემს ყურთან მოვეფერე...

ქარავანი დაიძრა, მე წინ მივდივარ, უკან ინგლისელი მომყვება თავისი აქლემით. და უცებ ზურგზე რაღაც ვიგრძენი... აქლემს იმდენად მოეწონა ალერსი, ისევ მოუნდა, ან თავად გამოხატა სიყვარული და ცდილობს მიკბინოს! "გაწიე იქეთ!" ვუკივივარ გაცოფებულ-შეშინებლი.. "არ შემიძლია" იძახის გაოცებული ინგლისელი.. ისევ გამოიწია აქლემი და ისევ ჩაავლო კბილები ჩემს მოსასხამს. "გაწიე იქეთ!"

საქმე იქამდე მივიდა, გიდმა დაუგეგმავად დაგვასვენა და ქარავანში ისე გადააგვადგილა, რომ  აქლემს არ დავეკბინე. და მაშინ როცა აქლემს ვტუქსავ უმსგავსო საქციელისათვის, ინგლისელმა ერთადერთი ღირებული რამ გააკეთა მთელს ჩვენს ერთობლივ ტრიპში - ყველაზე მაგარი ფოტო გადამიღო.


You are very very bad camel!!!

ყველა აქლემი ერთნაირია რა! ერთხელ მიუალერსებ და მერე ჰგონიათ, რომ შენი შეჭმის უფლება აქვთ!!


#5  შოპინგი

უდაბნოდან წითელ ზღვაზე ამოვყავი თავი ინგლისელ-ფრანგ თანამგზავრებთან ერთად. ჩემი ზურგჩანთა გატენილია კოჭებამდე შარვლებითა და მუხლებამდე პერანგებით. უნდა ვიშოპინგო!
ჩვენი სასტუმრო აქაბადან 10 წუთის სავალზეა მანქანით. სასტუმროს წინ ტრასაზე დავდექი და პირველივე ტაქსი, ჩემებურად გავაჩერე. არაბული 2 სიტყვა ვიცი, ტაქსისტმაც 2 სიტყვა ინგლისური იცის, მაგრამ ერთმანეთის მშვენივრად გვესმის.  ვეუბნები, რომ ღარიბი სტუდენტი ვარ, ღარიბი ქვეყნიდან, რომ ცოტა ფული მაქვს და იაფიანი მოკლემკლავებიანი მაისურის ყიდვა მინდა. ტაქსისტმაც, "I will help you" -ო, ისეთ იაფიან ადგილას წაგიყვან, სადაც ჩემი ოჯახი დადისო.

მიჰქრის ტრასაზე და მიყვება უამრავ ისტორიას: "მოპირდაპირე მხარეს ეგვიპტეა, მის შემდეგ ისრაელი, უკან საუდის არაბეთი"- იშვერს ხელებს.. ვიგებ, რომ ჰყავს 9 შვილი, 9-ვე ბიჭი.. აქლემის რძეს სვამს-ადგილობრივი ვიაგრას... მამამისი ინდიანა ჯონსში არის გადაღებული...
ქალაქამდე საკმაოდ მხიარული მგზავრობის შემდეგ მანქანაც გამიჩერა და მოვედითო მითხრა.. ჩვეული სისწრაფიდ შევვარდი იმ შესასვლელში, რომელზეც მიმითითა და დახლებს შორის გავჩერდი. აი მაშინ კი მივხვდი, რომ ტაქსისტმა ცოტათი გადაამეტა. ყოფილხართ ლილოში?  წარმოიდგინეთ ლილოს ბაზრობა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა გამყოდველი ახალგაზრდა კაცია და ქალი კი თუ ვინმე ჩითავს, მხოლოდ თავით ფეხამდე ჩადრში გახვეული. ჩემმა კეთილსმყოფელმა ტაქსისტმა მართლაც ისეთ ადგილას მომიყვანა, სადაც ტურისტები არასოდეს დადიან და მხოლოდ ადგილობრივები შოპინგობენ. ამაზე, დახლებზე გამოფენილი ჩადრ-აბაიებიც მიუთითებდნენ.
ვდგავარ ამ დახურულ სივრცეში, ვიკრიჭები უაზროდ და პირველივე ახალგაზრდას ვეკითხები "შორტები გაქვს? სარაფანი? " ალბათ ძალიან გადავიღალე წინა დღეებში გადატანილი ემოციებით. ჩვეული მოკრძალება სადღაც გაუჩინარდა, ერთადერთი რაც მინდოდა, სარაფნის, ან მაისურის, ან შორტის ყიდვა იყო. გასაგებია, რომ საცურაო კოსტუმზე არც უნდა მეოცნება თუ იმ ბაზრობიდან მთელს გამოღწევა მინდოდა.

ისეტრიულად დავრბივარ ერთი დახლიდან მეორეში. შევიჭყიტე ყველა მაღაზიაში. შორტი მინდა თქო რომ ვეუბნები გამყიდველს, ეს უკანასკნელი კაცის ბოქსიორებს მაწვდის!
საბოლოოდ მთელმა ბაზრობამ გაიგო, რომ ვიღაც გიჟი ეწვიათ, გადაძახილებთან ერთად ახალგაზრდა გამყიდველებიც დამყვებიან ერთი დახლიდან მეორეში. მერე ერთმანეთს გადასძახ-გადმოსძახეს და მთელს ბაზარში ორდადორი კაბა იპოვეს. წარმოიდგინეთ სიტუაცია, ბაზრობის ერთ შეწეულ მაღაზიაში ვდგევარ სახეალეწილი, ხელში მიჭრავს ორი სარაფანი. ერთ ბიჭს მეზობელი დახლიდან სარკე მოაქვს და ჩემს წინ დგება, მის უკან  ერთი 10 კაცს მოუყრია თავი და სეირით ტკბებიან. არ ვიბნები და პირდაპირ შარვალზე ვიცმევ ლურჯ კაბას... Oh! Beautifu! l Beautiful!  -აღმოხდა იქ შეკრებილ მაყურებელს.. ვიხდი და მეორეს ვიცმევ..  Beautiful! Beautiful! -ისევ იმეორებს ჩემი მაყურებელი.. თანხას ვიხდი (უცნაურად იაფს) და ტაქსიში ვბრუნდები..

"Where you've been?!" - მეკითხება სასტუმროს აუზთან წამოკოტრიალებული მეგობარი. "შოპინგზე"- ვპასუხობ მოკლედ, რატომღაც არ მომინდა მისთვის მთელი ისტორიის მოყოლა...


რა თქმა უნდა არ მაქვს შოპინგის ამსახველი ფოტოები :(...


ბოლოს წინა მზის ჩასვლა იორდანიაში


#6 უკან

ამანში შუადღისას დავბრუნდი, ჩემი თვითმფრინავი შუაღამისას მიფრინავს. ჩემს თანამგზავრს ვეუბნები, რომ მინდა მეგობარს დავემშვიდობო და რაიმონდთან მივდივარ. თავადაც მომყვება. რაიმონდი არ მხვდება, თუმცა მისი სასტუმროს მენეჯერი ჩაით გვიმანსპინძლდება და სახელებს გვეკითხება და მერე სიცილს ვერ იკავებს "Jordan and Tea are drinking Tea in Jordan" !

საღამოს ინგლისელის მეგობარი გოგოსთვის საჩუქრის შერჩევით ვაგრძელებთ. აღიარებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც გაუმართლა ჩემთან დამგზავრებაში, სხვა თუ არაფერი შენს გამო ყველაფერზე ფასს მიკლებენო...
ცოტა ხანში ქუჩაში ჰოლანდიელს ვხვდებით, უდაბნოსკენ მიმავალ მარშუტკაში, რომ გავიცანით. ერთად ვყიდულობთ ტკბილეულს მსოფლიოში ყველაზე მაგარ მაღაზიაში და იქვე ტროტუარზე ჩამომსხდრები შევექცევით ადგილობრივების გაოცებული მზერის ქვეშ..

.........

შემდეგი დილის 6 საათზე უკვე სტამბულში ვარ.. წვიმს, ცივა, იორდანიული თბილი მზის შემდეგ სახეს ცივი ქარი მიყინავს. შემდეგი ფრენა მხოლოდ ღამის 12 საათზეა. აეროპორტიდან გამოვდივარ მეტროთი, ტაქსიმზე ამოვდივარ და პირველივე ჰოსტელის კარს ვუტეხ ბრახა-ბრუხს. "ცარიელი ადგილი მხოლოდ  მიქს დორმიტორიში გვაქვს" -მეუბნება ნახევრად მძინარი ბიჭი... ვიღებ თქო ვეუბნები და რის ვაი-ვაგლახით ამაქვს ჩემი ტყვიასავით დამძიმებული ზურგჩანთა მეორე სართულზე.

ოთახში 4 ორსართლიანი საწოლი დგას, აქედან 6 ადგილი უკვე დაკავებულია... ჩანთას კუთხეში ვაყუდებ, ერთ-ერთ ცარიელ ლოგინზე ვიკავებ ადგილს და ვითიშები..
რამოდენიმე საათში თენდება და მზის ნაცვლად ძილს უხერხული ჩურჩული მიფრთხობს... თავს ვწევ და ოთახში გაოცებულ 6 წყვილ თვალს ვეფეთები.  6 იტალიელი ყმაწვილი უხერხულად მიღიმის... მათ ზურგს ვაქცევ, ამ მომენტში არ მაინტერესებს არაფერი ძილის გარდა.. ლიბანური, სირიული და იორდნიული  ემოციების შემდე 6 იტალიელთან ერთად გაღვიძება დიდი ვერაფერი მოვლენაა ჩემთვის.

.......

მეგობარს ვემშვიდობები და  "Before you go to Jordan" სიტყვებით ჩემი იორდანიული ფოტოების ალბომის ლინკს ვუგზავნი: იორდანიის ფოტოები იხილეთ აქ.

January 5, 2013

ეგვიპტე, ისე როგორც მე მიყვარს


არ ვიცი არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმები, რომლითაც განისაზღვრება ამა თუ იმ მოგზაურობის "წარმატებულობა". თუ არსებობს ეს ინდივიდუალურია ალბათ ყოველი ჩვენთაგანისათვის. შეიძლება ეს იყოს დიდი ფათერაკები, თავგადასავლები, შეიძლება რომანტიულიც, ან უბრალოდ ბევრი დროსტარება მეგობრებთან ერთად. 

რატომღაც მომინდა გავაზიარო ის მნიშვნელოვანი მომენტები, რის გამოც ვფიქრობ ჩემი ბოლო მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ტრიპებთაგან...

#1
-"ველოსიპედის ტარება იცი?"
-"ვიცი. მაგრამ დიდი ხანია პრაქტიკა არ მქონია.." რა თქმა უნდა არ ვაკონკრეტებ, რომ "პრაქტიკა არ მქონია" ნიშნავს, რომ ველოსიპედზე პირველად სულ რაღაც ერთი კვირის დავჯექი და ისიც პედლები ძვლივს დავატრიალე.
მეორე დილით 7 საათზე მივადექით ველოსიპედების გაქირავების ჯიხურს. ავარჩიე ჩემთვის ლურჯი ველო... 1 საათი ვერ დავატრიალე პედლები, მუხლები ამიკანკლდა ნერვიულობისაგან. მეგობარს მობეზრდა და გაუყვა ტრასას.მაშინ კი ვიკადრე და  გავედევნე...
ესეც ჩემი 2 დოლარად ნაქირავები ველო

ტრასაო ვამბობ. რომ  წარმოიდგინოთ რაზეც ვლაპარაკობ. საქმე ეხება ლუქსორს და მთელი ვესტ ბანკის მონახულებას ველოსიპედით. მთლიანობაში 12 მილია. სანამ უდაბნოში გახვალ, უნდა გაიარო მცირე სოფელი. ხალხი ირევა, ბავშვები სკოლებში მიდიან... საჭეს ისე ჩავაფრინდი, სიმწრისაგან ყველა ნერვი დამებერა, ცივ ოფლში ვიწურები. ის ის იყო წინ შემხვედრი ლიანდაგი მშვიდობით გადავიარე, რომ ბრახ! წინ თავისათვის პატიოსნად მიმავალ არაბს დავეჯახე. სიჩქარეში, დაბნეულობით და კიდევ იმის გამო რომ ველოსიპედს წინა-უკანა მუხრუჭები არეული ჰქონდა არასწორად დავამუხრუჭე და გადავფრინდი წაქცეულ არაბსაც და ჩემს ველოსიპედსაც. ავიტყავე მუხლი, იდაყვი, შარვალი გავხიე...
ეს იყო პირველ დღეს. კიდევ რამოდენიმეჯერ გადავვარდი ტრასიდან,ხან ბუჩქებში, ხანაც გაჩერებულ მანქანას მივეჯახე, იმის გამო რომ მუხრუჭები ავურიე... თუმცა უკვე მე-3 დღეს მარტო წავედი და მთელი უდაბნო მოვიარე. არცერთი ინციდენტი არ გადამხდენია! მართალია ტრასაზე დიდი ავტობუსები, მინიბუსები თუ ტაქსები განუწყვეტლივ მისიგნალებდნენ, მაგრამ მათთვის არ მეცალა, ყურებში აიპოდი, საყვარელი მუსიკა და საოცარი გრძნობა, მე ეს შევძელი!

#2
ირანში, შირაზის ბაზარში ვიყიდე ერთი საყურე. ძალიან იაფი ღირდა, მაგრამ ძალიან მომწონდა. ქაიროში, რომ ჩამოვედი, ერთი ცალი სადღაც დავკარგე. საშინლად მეწყინა, იმის გამო რომ საყურე კი არა უფრო სუვენირი და მოგონება იყო ჩემთვის.
მეორე საღამოს ჰოსტელში გაცნობილ 2 ბიჭთან ერთად ქაიროს ბაზარს მივაშურე. არ ვიცი რატომ მომივიდა თავში აზრად ეს "გიჟური" იდეა. ამოვიღე ცალი საყურე და სათითაოდ დავიწყე ყოველი დახლის ჩამოვლა კითხვით "do you have exactly the same?". ბიჭებმა გაოცებით და გაფართოებული თვალებით შემომხედეს, გიჟია ეს ვიღაც არისო...
სულ რაღაც 2 საათიანი ხეტიალის შემდეგ ერთ-ერთ ვიწრო მაღაზიის თაროზე მე თვითონვე ვიპოვე ზუსტად ისეთივე საყურე! უკან რომ ამოვიარე ყველა მაღაზიის პატრონი მეკითხებოდა, "რა ქენი, იპოვეო?" ვერ იჯერებდნენ :). საღამოს ამ ისტორიას, ჩემზე მეტი ენთუზიაზმით ჩემი თანამგზავრები უყვებოდნენ სხვა მობინადრეებს.
ეხლა მე განსაკუთრებული წყვილი საყურე მაქვს, ცალი ირანის, ცალი კი ეგვიპტის მოსაგონებლად!

#3
თეთრ უდაბნოში წასვლა მას შემდეგ მინდოდა, რაც ინტერნეტში თეთი მაშრუმების (უცნაური ფორმის კლდეების) ფოტო ვნახე. მთელს უდაბნოში იყო ერთი წყვილი მაშრუმი, რომლების ნახვაც საოცრად მინდოდა, ყველაზე მეტად. როცა უდაბნოში მივედით უკვე ღამე იყო. ხასიათი საშინლად წახდენილი მქონდა. ჩვენმა მძღოლმა მითხრა, "არ ინერვიულო, ჩვენს ბანაკთან ბევრი საინტერესო ფორმის მაშრუმების ნახვა შეიძლება". მე რა თქმა უნდა არ დავუჯერე დიდად.
დავანთეთ კოცონი და იმ ღამეს ვარსკვლავების ქვეშ დავიძინეთ პირდაპირ (საძილე ტომრებში). მზის ამოსვლამდე გავიღვიძე. ბნელოდა, ციოდა...წინა ღამეს ერთმა მეგობარმა მთხოვა, მეც მინდა მზის ნახვაო. არ ვაპირებდი, მაგრამ სანამ სიბნელეში გზას დავადგებოდი "წიხლი გავკარი", "მე მივდივარ" წავიბურტყუნე და გაურკვეველი მიმართლებით გავუყევი გზას. 
სიბნელეში და სიჩუმეში სადღაც 10 წუთის ხეტიალის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, სწორედ ამ ორ მაშრუმს მივადექი. გული ისე შემეწურა სიხარულით! მალე მეგობარიც წამომეწია და მასთან ერთად მზეც... 
ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, სხვა რომ არაფერი არ ვნახო, ეგვიპტეში კიდევ ერთხელ დავბრუნდები ბუნების ამ საოცრების სანახავად, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სანრაიზია რაც კი მინახავს, არა და ბევრი მინახავს...

ხანდახან მცირეც საკმარისია ბედნიერებისათვის

#4
უდაბნოს 2 დღე ყველაზე მეტად მიყვარს. ჯერ მარტო საოცარი იყო, თუ როგორ შევიკრიბეთ სრულიად განსხვავებული ადამიანები ერთა, სრულიად განსხვავებული წარსულითა და მომავლით...
უდაბნოდან გამოსვლა დავაგვიანეთ. სოფლის ავტობუსი ქაიროს მიმართულებით გადიოდა დილის 10 საათზე. მისთვის რომ მიგვესწრო ჩვენი მძღოლი ისეთი სისწრაფით მიჰქროდა, რომ ყველას გული გვისკდებოდა შიშით...
ბრახ! საბურავი დაიწვა... მძღოლმა სწრაფად გადმოგვსხა მანქანიდან და გამოცვლა დაიწყო. სადღაც 15 წუთში ისევ გზა გავაგრძელეთ. კიდევ უფრო მეტი სისწრაფით გაუყვა გზას.  10-ს აკლია 10 წუთი. უკვე ჩავთვალეთ, რომ მორჩა, ვერ მივუსწრებთ ავტობუსს...და ამ დროს ისევ, ბრახ! მეორე საბურავი დაიწვა... ის ის იყო, პლან ბ-ზე ფიქრი დავიწყეთ, ღამე სად გავათენოთო, რომ მეორე ჯიპი წამოგვეწია. ჩვენმა მძღოლმა სთხოვა და ყველანი იქ ჩავსხედით. ამ ძღოლმა საერთოდ კოსმოსური რაკეტის სისწრაფით გაგვაქროლა...
ავტობუსი უკვე დაქოქილი იყო, როცა ჩენი მანქანა ლამის წინ გადაუდგა. ჩანთები ჰაერში გვესროლა მძღოლმა, ჩვენ ასევე ჰაერში ავტობუსის გამცილებელს და საოცარი ადრენალინის გრძნობით ავცვივდით დანჯღრეულ და გაუბედურებულ იკარუსში... ისიც კი არ გვადარდებდა, რომ ბოლო რიგზე ვისხედით და ამ მტვერსა და ნაგავში 6 საათი უნდა გვემგზავრა...

#5
ალექსანდრიის მატარებელს ველოდებით ბაქანზე. უცებ მეგობარი სმს-ს კითხულობს, შემდეგ მომიტრიალდა და მეკითხება
-"თეო, პასპორტი სადა გაქვს?".
-"ჩანთაში"..
-"აბა კარგად  შეამოწმე"
ვიქექები ჩანთის ჯიბეებში. სიცარიელეა!
ხომ უნდა მოახერხო, რომ ქვეყანაში სადაც რევოლუციოაა და სადაც ბოლოდროინდელი ამბების მერე ლამის ყველა დამოუკიდებელი ტურისტი აგენტად შერაცხონ (მით უმეტეს პროფ. ფოტოაპარატით აღჭურვილი) პასპორტი დაგრჩეს, ღმერთმა უწყის სად!...