Showing posts with label Syria. Show all posts
Showing posts with label Syria. Show all posts

August 29, 2013

ჩემი ბოლო მოგონებები სირიაზე

პირველივე მოგზაურობისას მოვჯადოვდი ახლო აღმოსავლეთური სიტუაციით, მისი ეგზოტიკით, ველური ხალხითა და გულუბრყვილო სიკეთით. მივხვდი, რომ მარტო 2 კვირა არ იყო საკმარისი აქაურობის შესაცნობად და გადავწყვიტე რეგიონში სხვა ქვეყნებიც მომეარა. თუმცა ეს არც ისე მარტივი დასაგეგმი აღმოჩნდა, როცა ჩემი მოგზაურობის შემდეგ მთელს ახლო აღმოსავლეთში არაბულმა გაზაფხულმა იფეთქა. თუმცა, როგორც მჩვევია ხოლმე, შვებულება არ გადავდე, არ გავიფუჭე და ბილეთი ვიყიდე თბილისი-ბეირუთი & ამანი-თბილისი. ჯერ არ ვიცი, თუ როგორ გადავკვეთავ მათ შორის მდებარე სირიას, სადაც უკვე სამოქალაქო ომია გაჩაღებული. ბეირუთში მოვიფიქრებ, დავამშვიდე თავი.

05.10.2011 თბილისი

ერთი მეგობარი მყავს, პესიმისტი, კირკიტა, ყველაფერში ცხვირს ყოფს და თარს პროგნოზებს აკეთებს. როცა რამე განზრახვა მაქვს, ყველაზე მეტად სწორედ მისი პესიმისტური პროგნოზის მეშინია, რადგანაც როგორც წესი, ყოველთვის მართლდება.
თვითმფრინავის გაფრენამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი. ზურგჩანთა ჩავალაგე და კარებთან მივაყუდე ჩემი მეგობრების ლოდინში, აეროპორტში რო უნდა წამიყვანონ. მაინცდამაინც ეხლა ჩამოვიდა დედაჩემი სტუმრად და როგორც სჩვევია ოთახში ნერვიულ ბოლთას სცემს. ვატყობ უნდა რომ გამომკითხოს დეტალები, მაგრამ კითხვის დასმის ეშინია. მე პასუხის გაცემის მეშინია, მზერას ვარიდებ და ინტერნეტში ვიქექები ბოლოჯერ.
სწორედ ამ დროს ეს ჩემი მეგობარი მიგზავნის ლინკს- "სირიის და ლიბანის საღვართან სამხედრო შეტაკება მოხდა"-ო დიდი ასოებით იუწყებოდა BBC.
-რა გინდა?! რატომ მიგზავნი ამ ლინკს? ხომ იცი რომ ბეირუთში მივდივარ!
მპასუხობს მოკლედ:
-არ წახვიდე სირიაში!
-რატომ უნდა წავიდე?
-გიჟი რომ ხარ და ჯიუტი იმიტომ!
(ნაცდათო, სინამდვილეთ ამ თვისების გამო მიყვარხარ ძალიან :) )

12.10.2011 ბეირუთი

უკვე 5 დღეა ბეირუთში ვარ და თავს მაინც უცნაურად ვგრძნობ. მიუხედავად იმისა რომ ჩამოსვლისთანავე კარგ თავგადასავალში გავეხვიე (სხვა დროს დავწერ), გავიცანი საინტერესო ხალხი, ვიყავი კინო ფესტივალზე და არაბულად ვუყურე სამოქალაქო ომის თემაზე გადაღებულ ფილმს. ტრიპოლიში მე და ჩემს მეგობრებს საპნის სახელოსნოს მეპატრონემაც უფასო ექსკურსია მოგვიწყო და სურნელოვანი საპნებითაც დაგვასაჩუქრა (დღემდე მაქვს). ამ და კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტის მიუხედავად შიგნიდან ვგრძნობ, რომ უნდა დავტოვო აქაურობა, თან რაც შეიძლება მალე. არა იმიტომ, რომ აქ საფრთხე მელის, არა, უბრალოდ ვგრძნობ, რომ თუ ეხლა არ წავალ, შემდეგ უკვე ვეღარასოდეს მოვხვდები სირიაში.
...
ტრიპოლიში გაცნობილ ფრანგებთან ერთად ბალბეკში წასვლა გადავწყვიტეთ და სანამ მათ შევხვდებოდი, ჩემი ჰოსტელის წინ მდებარე ავტოსადგურში შევიარე, ვიცოდი, რომ სწორედ იქედან გადიოდა დამასკოს მიმართულებით ავტობუსები. ერთი სანდომიანი მოხუცი დისპეჩერი ვიპოვე და დახმარება ვთხვოვე.

-იცით მე იორდანიაში მივდივარ. თვითმფრინავის ბილეთი ვერ შევიძინე, დამაგვიანდა.. ამიტომაც მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი დამასკოს გავლით, რომ წავიდე ავტობუსით ამანში?
მიყურებს თვალებგაფართოებული
-კი, შესალებელი არის...
-და საშიში არ არის? აცხადებენ რომ საზღვარი ჩაკეტილია ლიბანსა და სირიას შორის...რომ შეტაკებებია -კითხვებს ვაყრი ჩვეული სისწრაფით.
-ეს დამასკოს გარეთ, თორემ დამასკოში არ არის საშიში - მითხრა და უცნაურად ჩაეღიმა.

რატომღაც დავუჯერე ამ უცნობ ადამიანს, ავტობუსის ბილეთი ვიყიდე და საკმაოდ კარგ ხასიათზე გავემართე ბალბეკის დასათვალიერებლად.
საღამოს BBC-იმ მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ დამასკოს შემოგარენში შეტაკებები მოხდა. შევვარდი Lonely Planet-ის ფორუმზე. დამასკოს თემაში ერთი იუზერი იწერებოდა, რომ იმ მომენტში იქ იმყოფებოდა და ქალაქის ცენტრში სიწყნარე იყო. იმ წამსვე მივწერე პირადი მესიჯი. მივწერე, რომ ვარ მარტო მოგზაური გოგო, რომ მეორე დღეს ვაპირებ სირიაში წასვლას ავტობუსით და იქედან კი იორდანიაში გადასვლას. ვთხოვე მოეწერა, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში დამასკოში, ასევე რომელ სასტუმროში იყო გაჩერებული, რომ მეც იქ დავბინავებულიყავი.
ჩემდა გასაოცრად მალევე მიპასუხა და კიდევ უფრო გავოცდი, როცა ისიც მარტოდ მოგზაური ქალი აღმოჩნდა. მომწერა იმ იაფფასიანი ჰოსტელის დასახელებაც სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა. ვიცოდი ეს ადგილი,  ზედ დამასკოს ცენტრში, გვერდით ქუჩაზე მთელი სამთავრებო ოფისები, მათ შორის ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და სხვა სამინისტროებია განლაგებული - კარგი დასაბომბი ადგილია. ბოლოს კი თავისი წერილი დაახლოებით ასე დაასრულა - მე თავს ნორმალურად ვგრძნობ და იმედია შენც შემოგიშვებენ ქვეყანაშიო...


13.10.2011 ავტოსადგური

დილის 06.50-ზე  უკვე  სადიპეჩეროსთან ვარ ატუზული, ზურგზე ჩანთით, მხარზე ფოტოაპარატით, ერთ ხელში ბილეთით და მეორეში Lonely Planet-ის წიგნით.
გამოვიდა ჩემი სანდომიანი დისპეჩერი, უხერხულად გაიღიმა და "Very sorry, no bus to Damascus.." -ო მეუბნება საკმაოდ მშვიდი სახით.
გავშრი, შევშფოთდი , რატომ მეთქი ვკითხე
-არ ჩამოვიდა, ალბათ არ გამოუშვეს საზღვარზე - აგრძელებს ასევე მშვიდად.
-აბა მე რა ვქნა?!
-შენ არ იდარდო, აგერ ტაქსი გვყავს და იმას გაგაყოლებთ!
დღემდე არ მესმის, როგორ ან რატომ არ შემეშინდა, ან რატომ არ დავფიქრდი ცოტათი მეტად (მეც რისკების ანალიტიკოსი ვიყავი რა!)  და კარგი მეთქი იმ წამსვე დავთანხმდი ამ შემოთავაზებას.
ჩამსვეს ტაქსშიც. ასეთ ძველ და დანჯღრეულ მანქანაში ცხოვრებაში არ ვმჯდარვარ, ბაბუაჩემის 21-იც კი მასთან შედარებით საუცხოო ფორმაში იქნებოდა. მე მძღოლის გვერდით მოვკალათდი, უკან 2 არაბი ჩასკუპდა და საზღვრისკენ გავემართეთ კი არა და წავხრიგინდით.

საზღვარი

არ მაქვს ვიზა. სადაც მივდივარ იმ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. წითელი თმები უკან მაქვს შეკრული, ტატუზე კი სანტავიკი მაქვს დაკრული და ვდგევარ მარტო, ეჭვიანი მესაზღვრეების მიერ ალყაშემორტმული. ერთიანად დავპატარავდი, ამათ ფონზე ნამდვილი ლილიპუტი ვარ.

-აქ რა გინდა?! საით მიდიხარ?! -მაყრიან კითხვებს მკაცრი ტონით.
- გავლით ვარ... იორდანიაში მივდივარ... თვითმფრინავის ბილეთი ვერ ვიყიდე...
-ჟურნალისტი ხომ არ ხარ!? ტელევიზიაზე, გაზეთზე ხომ არ მუშაობ?! -ეს კითხვა მინიმუმ 10-ჯერ მაინც დამისვეს. 
-არა, ბანკში ვმუშაობ! - ჯიუტად ვიმეორებ და ცალი ხელით მხარზე გადაკიდებულ ჩანთავს ისე ვებღაუჭები, ისე რომ ყველა ძარღვი მებერება. შიგ ჩემი Canon 7D მიდევს, რომ მიპოვონ ვინ დაიჯერებს რომ ამ დროს, აქ ამ აპარატით უბრალოდ სულელი ტურისტი ვარ.
დღემდე მართლა არ მესმის, როგორ გამიმართლა მაშინ ეგრე. ისიც მართალია, რომ გამომცდელი კითხვები ბევრი დამისვეს, მაგალითად რას ნახავო დამასკოში. ჰოდა სწორედ იქ გავილექსე და სულ ზეპირად ჩამოვარაკრაკე ჩემი საყვარელი ადგილები. ერთ-ერთს, რომელიც ყველაზე აგრესიულად მიტევდა უსეცრად სახე გაებადრა
-ბაბ თუმა იცი? -მეკითხება უცნაური ხმით.
- როგორ არა, მე შარშან ბაბ შარქიზე ვცხოვრობდი და ბაბ თუმაზე ყოველ დღე მივდიოდი! 

და შემდეგ ეს კაცი სადღაც გაუჩინარდა, მერე დაბრუნდა, გამომყევიო მანიშნა, სალაროსთან ვიზის საფასური გადამახდევინა, რიგში ჩემთან ერთად ჩადგა, რაღაც ჩაულაპარაკა გისოსებს მიღმა მჯდომ მეორე მებაჟეს, ცოტა იკამათეს და ბოლოს მორიდებით გამომიწოდა პასპორტი - "ტრანზიტული ვიზა გაქვს და მხოლოდ 3 დღე შეგიძლია ქვეყანაში დარჩეო"  მაცნობა.
ჩემი იმ წამინდელი მინაწერი წიგნზე ციკლიდან 'რა არ უნდა დამავიწყდეს'

დამასკო

ტაქსმა ავტოსადგურში დამტოვა ტრადიციულ ქაოსსა და ხმაურში. პირველივე ტაქსის მძღოლს შეუვაჭრებლად ჩავუხტი მანქანაში და ჩემი უცნობი მეგობრის ჰოსტელში გაყვანა ვთხოვე. ტაქსის მძღოლი იმდენად იყო გაოცებული ჩემი იქ გამოცხადებით, რომ უჩვეულო სიჩუმით მატარა მთელი გზა. მეც ხმა არ ამომიღია და გული ფანცქალით ვუყურებ ქუჩებს. თითქოს არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისეა როგორიც მახსოვს. დამასკოს უნივერსიტეტის კორპუსებს რომ ჩავუარეთ, სკვერში სტუდენტები კვლავ მხიარულად ირეოდნენ. 
განსხვავება მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემს ჰოსტელს მივუახლოვდით. შენობებზე და ხიდებზე პრეზიდენტის მხარდასაჭრი ტრანსპარატები იყო გაკრული. ხალხი ჩვეულ რიტმში მიმოდიოდა, ტრანსპარატები კი მდუმარედ ეკიდნენ და იყო ამ მდუმარებაში რაღაც გულის შემკუმშავი.

ჰოსტელის მიმღებში მჯდომი ბიჭი ჩემმა გამოჩენამ ხომ გააოცა, მაგრა, კიდევ უფრო გაოცდა როცა გამოვუცხადე "იცით თქვენთან ერთი ინგლისელი ქალია დაბინავებული, სახელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან გთხოვთ მის ოთახში განმათავსეთ!"
...
შუადღე იყო როცა გამოვედი ჰოსტელიდან და არც მეტი, არც ნაკლები ჩემი საყვარელი ძველი ქალაქისკენ გავემართე მარტოდ-მარტო. ფოტო აპარატი შენახული მაქვს. სიმ ბარათის ჩართვა არ მინდა, რა ვიცი მაინც არ ღირს. მივდივარ ჩვეულზე უფრო ნელი ტემპით და ვცდილობ გარემოს დავაკვირდე. ვფრთხილობ, მეშინია. რა თქმა უნდა ვერ ვრისკავ აპარატი ამოვიღო და გავაჩხაკუნო. გავიარე ბაზარი, თითქოს არაფერი შეცვლილა. ისევ უამრავი ხალხი ტრიალებს... უცებ ერთმა გამყიდველმა გამიღიმა. გამიღიმა ისე, როგორც ადრე მიღიმოდნენ. 
დამავიწყდა მეხსენებინა, რომ არც დედამ, არც მამამ და არც სხვა ახლობელმა არ იცოდნენ ჩემი ადგილ-სამყოფელი. მხოლოდ 3 ადამიანს გავანდე ჩემი განზრახვა წინა ღამით და დავუბარე, თუ არ გამოვჩნდი რამოდენიმე დღე მერე ატეხეთ განგაში თქო. ეხლა კი უნდა მეპოვნა ინტერნეტ კაფე და გამეგებინებინა მათთვის, რომ ცოცხალი ვარ. 
ომაელთა მეჩეთს ისე ჩავუარე არც შევსულვარ, მზის ჩასვლისას მოვალ მანდ, გავიფიქრე და ჩემს ნაცნობ ინტერნეტ კაფეს მივაშურე, შარშან რომ ვსტუმრობდი ყოველ დღე. 
იქ უკვე სხვა ბიჭი დამხვდა. ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული მუსიკა რომელშიც "სურია, სურია! ... ასად, ასად!" -ს უმღერდა ადგილობრივი ახალგაზრდა. 
მოვკალათდი და ქვემოთ რომ სურათზე ჩანს სწორედ ამ წერილის აკრეფვა დავიწყე. არ ვიცი რატომ არ დავაჭირე მაშინ Enter-ს ხელი, ალბათ Facebook-ით ვაცნობე მათ რომ ცოცხალი ვარ. დიდი ხნის მერე კი პირადი მეილის დალაგებისას დრაფტებში აღმოვაჩინე და შევინახე.




ჩავრჩი

ვაღიარებ, რომ ჩამოსვლამდე მეშინოდა ძალიან. მეშინოდა იმისი რაც შეიძლებოდა დამხვედროდა და რაც შეიძლებოდა გადამხდენოდა. მეშინოდა, რომ ეს ომი შცვლიდა ხალხს, რომ ეჭვის თვალით შემხედავდნენ და არც თუ პატარა შარს გადამყრიდნენ კიდევ მეშინოდა, რომ ჩემი პირველი შთაბეჭდილება გაბათილდებოდა და გული გამიტყდებოდა.

ინტერნეტ კაფიდან გამოსულმა ომაელთა მეჩეთს მივაშურე, მოვისხი  რუხი მოსასხამი,  შევედი ეზოში, ძირს დავჯექი და ერთ-ერთ კოლონას მივეყრდენი. მახსოვს, ვიგრძენი ისევ ის, რომ სახლში ვარ. რომ არაფერი ცუდი არ დამემართება და ის, რომ სწორად მოვიქეცი ეხლა, რადგან ეხლა აქ ვარ ... და უეცრად დავმშვიდდი ...

...
როგორც შარშან, ეხლაც ყველას ირანელი მომლოცველი ვგონივარ, თვით ირანელი ქალებიც კი ჩემთან ახლოს სხდებიან და სპარსულად მიწყებენ საუბარს. მერე ვხვდები რატომაც "You have Iranian eyes!"  - მითხრა ერთმა თურქმა წლების წინ სტამბულში..

ისევ მოვწონვარ აქაურ ბავშვებს, ვერ გამიგია რატომ.. ისევ ჩემთან ერთად უხარიათ ფოტოების გადაღება.
სერიოზული ავტოპორტრეტი


ქალაქში ძველებურად თავაწეული დავდივარ. უკვე თამამად ვიღებ ფოტოებსაც. ბაზარში ისევ ყველა მიღიმის, მეც ვუღიმი და კვლავინდებურად ხან კანფეტს მჩუქნიან და ხანაც თხილს მიყრიან მუჭში. "რატომ უმართლებს ამას ყოველთვის ასე, მე რატომ არავინ არაფერს არ მჩუქნის?!" - აღშფოთება ვერ დამალა ჩემმა ახალგაცნობილმა სიმპატიურმა ავსტრალიემა მეგობარმა. "იმიტომ, რომ ახალგაზრდა ქალია, ყველას მუდამ უღიმის და უკანაც იგივე უბრუნდება" - განუმარტა იმ უცნაურმა ინგლისელმა ქალმა, მე რომ დამეხმარა აქ ჩამოღწევაში.


მაგრამ აი ღიმილი ნამდვილად ვერ დამეხმარა ტრადიციული აბაიას (მოსასხამის) ყიდვაში. გამწვანებამდე ვევაჭრე გამყიდველს და ბოლოს ფასი 70-დან 20 ევრომდე ჩამოვიყვანე ფასი. მანც მეძვირა, მაგრამ იყოს, კრიზისია, უჭირთ თქო-გავიფიქრე ჩემთვის. გამყიდველმა ბონუსად ჩემტან ფოტოს გადაღება მთხოვა და მეც გული არ დავწყვიტე..


ჩემი საყვარელი სანაყინეც ძველებურად ხალხით სავსე იყო და ულვაშებიანი და ღიპიანი მენაყინეც კვლავინდებურად კეთილად მიღიმოდა დახლს მიღმა. ისევ საოცრებები ჩაუტარა შოკოლადის ბურთულას და ჩემდამი პატივისცემით გამოტახვის ნიშნად ზედ სხვადასვა არომატების ნაყინის ნაცეცები მიაწება. ისევ გამწვანდა შურით ჩემი მეგობარი ავსტრალიელი, "მე ამ კაცს შარშანდელიდან ვახსოვარ, მუდმივი კლიენტი ვიყავი!" -  ეხლა მე დავამშვიდე.

არა და შოკოლადის ნაყინის ყიდვა მინდოდა უბრალოდ :)

ისევ საათობით ჩავიკარგე გრანდ ბაზარში. ისევ გავიჟღინთე საპნის, სუნელებისა და ყავის სურნელით. ისევ შევიარე ჩემი საყვარელი ტყავის ჩანთების მაღაზიაში და ის საფულე ვიყიდე დღემდე რომ დამაქვს თილისმასავით.  ნაცნობ შარფების მაღაზიაშიც შევიარე ის ვარდისფერი შარფი ვიყიდე ირანი, ეგვიპტე, კენია, პაკისტანი, მადაგასკარი და კუბა რომ მომატარა.

როგორ მენატრება ეს ჭრელი და ათასი სურნელით გაჟღენთილი ბაზარი



ისევ მთხოვეს ცოლობა, ამჯერად ხალიჩების მაღაზიის მეპატრონემ სახელადაც რომ ალადინი ერქვა.
-I'm single
-Oh, you are a singer?!
-No, no, not singer, single!
(ეს დიალოგი არც მახსოვდა, ეხლა აღმოვაჩინე, რომ ბლოკნოტში მქონია მინაჩხაპნი და დამთბა)

ქუჩაში ნაყიდი ფალაფელის სენდვიჩიც ისევ ძველებურად მეგემრიელა, მაგრამ მაინც ჩემებურად ავუწეწე ნერვები მის გამყიდველს: "პომიდორიმეტი დაამატე, მაიონეზი არ მინდა!. "
რესტორანშიც ისევ უამრავი კერძი მოგვიტანეს სასაცილო ფასად.

ძველი ქალაქის ქუჩებშიც ისევ რუკისა და წიგნის გარეშე დავდიოდი და ჩემს მეგობრებს, მათ შორის ინგლისელს 4ჯერ რომ იყო აქ ნამყოფი, იქეთ ვუწევდი გიდობას. ავსტრალიელი იშმუშნებოდა უხერხულად, მე კი ვეცადე ამეხსნა, რომ ამ ქალაქში აუცილებლად უნდა დაიკარგო თქო, მაგრამ არ გამომივიდა.

ომაელთა მეჩეთთან მდებარე ჩაიხანაც კვლავინდებურად ხალხით იყო სავსე, მაგრამ თუ შარშან ადგილი ვერ ვიპოვე, ისე იყო ტურისტებით გადაჭედილი,  წელს მხოლოდ 4 უცხოელი უცხოელი ვიყავით და რაღაცნაირად მეუხერხულა ეს ფაქტი.

სასტუმროს პერსონლაში ისევ ძალიან გამიმართლა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიმართლა თანამგზავრებში.


მე რა თქმა უნდა აქაც გიჟად შემრაცხეს. "You are risk manager and you are here! You are the worst risk manager in the world!" - აი სწორედ ასეთი ეპითეტი დავიმსახურე, როცა ჩემი ისტორია მოვყევი.

მერე ერთ-ერთმა მითხრა. "შენ ისე გიყვარს სირია, ვფიქრობ ირანიც მოგეწონება, აუცილებლად უნდა წახვიდე!" - სწორედ მისი სიტყვების შემდეგ დავიწყე სერიოზული ფიქრი ირანში წასვლაზე.

ერთ-ერთ საღამოს ერთ მეგობარს შუა დამასკოში მოუნდა იტალიური პასტის ჭამა და 3 სულელი გიჟი ვეძებდით წიგნში ნახსენებ იტალიურ რესტორანს ცენტრალურ უბანში. სამტავრებო შენობები შემაშინებლად მდუმარედ გამოიყურებოდნენ. დღემდე მახსოვს, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ სიჩუმეს აქვს ხმა. საშინელი ხმა!
ამ ძიებაში ერთ-ერთ სასტუმროს ჩავუარეთ, რომლის წინ სრიალა ფილაქანი იყო დაგებული და ჩვენც 5 წლის ბავშვებიბვით გასრიალობანა ვითამაშეთ ამოდენა ხალხმა. დღემდე მართლა მაინტერესებს, თუ რატომ არ მოვიდა მაშინ პოლიცია და არ გვკითხა მინიმუმ ვინაობა.



(c) Gregoire C

მადლობა ჩემს ფრანგ მეგობარს ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც რომ გამომიგზავნა ეს ვიდეო
...
ბოლო საღამოს მზე ისევ ომაელთა მეჩეთიდან გავაცილე. ისევ ავიტუზე კუთხეში ფოტოაპარატით. ისევ ყვირილით მოერეკებოდა ხალხს მრისხანე დაცვის კაცი. მერე ისევ მოვიდა ჩემთან, ისევ გამიღია და ისევ მითხრა "თუ გინდა შედი, გადაიღე ფოტოები!"

ამჯერად ბავშვები აღარ იყვნენ

გზა

დილით ადრე დავტოვეთ დამასკო მე და ჩემმა ინგლისელმა მეგობარმა. ავტოსადგურში ტაქსი ვიქირავეთ და ამანის საზღვრისაკენ გავემართეთ. მახსოვს როგორ მითხრა, ეხლა დერაას უნდა ჩავუაროთ და ფოტოაპარატი არ ამოიღოო. ცოტა ავღელდი. ვიგრძენი, რომ ის სიმშვიდე რაც დამასკოში ყოფნისას მქონდა, ნელ-ნელა მეცლებოდა.
კიდევ უფრო მეტად მაშინ ავნერვიულდი, როცა ჩვენმა მძღოლმა მანქანა გადააყენა და საბარგულში და კარებებს შორის შავი მართკუთხა ფორმის პაკეტების დამალვა დაიწყო. გული გამიცივდა შიშისგან  და გავშრი. იმ ქალს მივუტრიალდი, სახეზე შემატყო გაოგნება. "ნუ გეშინია, თუ საზღვარზე რამე გვიპოვეს, ჩვენ არაფერი მოგვივა, ჩვენ ტურიტები ვართ!"
ვერაფერი დამამშვიდებელი სიტყვებია ღემრთმანი. როცა კაცმა საბარგულისაკენ გაიწია, მანქანიდან გადმოვხტი და თავზე დავადექი. შემეშინდა ერთ-ერთი ეს პაკეტი ჩემს ჩანთაში არ ჩაედო.

უარესად გავფითრდი საზღვარს რომ მივუახლოვდით. ავტომატიანმა მებაჟეებმა ჩანთები გადმოგვაღებინეს და მანქანის ჩხრეკა დაიწყეს. ჩხრეკა პრინციპში გადაჭარბებით ნათქვამია, ხელები მიუფათურ-მოუფათურეს, მაგრამ მე ისეთი ვინერვიულე, რომ დღემდე მახსოვს ის საშინელი ფიქრები. ვნერვიულობდი იმიტომ, რომ იმ ქვეყნიდან სადაც სამოქალაქო ომია კონდტრაბანდა გადამაქვს მეორეში! და ეს იმ დრო როცა ჟურნალისტებს სდევნიან, ქვეყანაში არ უშვებენ, ან იტაცებენ, მე კი პროფესიული კამერა მიდევს ჩანთაში! ყველაფერ ამასთან ერთად დედაჩემმა და მამაჩემმა არც იციან სად ვარ. რა სინდისით, ან როგორ უნდა მივაწვდინო ხმა "დე, მე სირიაში დამიჭირეს!"..

და ის იყო, გონებაში ჩემი მომავლის ყველაზე საშინელი სცენარი დავხატე, რომ მძღოლმა გამომაფხიზლა და წავედითო მანიშნა.

იორდანელმა მებაჟემ საკმაოდ მეგობრულად მკითხა რამდენი ხნით მოდიხარ ჩვენი ქვეყნის სანახავადო, მეთქი 10 დღით. ერთ თვიან ვიზას გირტყამ მარავალჯერადი შესვლით იცოდე დაბრუნდი მალეო და ცალი თვალი ჩამიკრა ..


ჩემი სირიული მოგონებები, ნაწილი 1

ჩემი სირიული მოგონებები, ნაწილი 2





August 28, 2013

ჩემი სირიული მოგონებები - ნაწილი 2

ხანდახან მართლა არის მომენტი, როცა გრძნობ, რომ "დროა" და მიუხედავად იმისა, რას გირჩევენ "საღად" მოაზროვნეები, სწორედ  მაშინ უნდა გააკეთო რამე, წახვიდე, ნახო,  დაიკარგო, აღმოაჩინო, იგრძნო, თქვა და დაწერო! თორემ დრო სწრაფად გადის და სიტუაცია კი კიდევ უფრო სწრაფად იცვლება და ვერასოდეს დაიბრუნებ იმ გაშვებულ წამს. მე "გამიმართლა" როცა 3 წლის წინ მხოლოდ ჩემს ინტუიციას, თუ შინაგან ხმას დავუჯერე, რადგან ასეთ სირიას ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ. ცუდია, რომ ყველა ის სიტყვა რაც მაშინ თავში მიტრიალებდა, მაშინვე არ დავწერე და ვთქვი. ეხლა ვზივარ, ფოტოებს დავყურებ და ვცდილობ გავიხსენო  რას განვიცდიდი. მართალია ეს ეხლა ისე უკვე აღარ ჯღერ, მაგრამ მაინც გიზიარებთ.

პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ -> აქ


#7.
ახლად შეძენილ გერმანელ მეგობრებთან ერთად დავტოვე პალმირა. ერთი წყვილი ალეპოში მიდიოდა, მეორე ჰამაში, მე დამასკოში და გადავწყვიტეთ ერთად გვექირავებინა მინი ავტობუსი და გზად კრაკ დე შევალიეშიც შეგვევლო. სიმართლე ვთქვა არც მქონდა გეგმაში ამ ციხის მონახულება, მაგრამ მისმა მასშტაბებმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ეს ჯვაროსნების ცნობილი ციხე სიმაგრე, თავის დროზე სალადინსაც კი ვერ აუღია, სმაგაიეროდ სამოქალაქო ომის დროს უხვად დაუშინეს ყუმბარები და რაც და რიჩარდ ლომგულის, მამლუქები და შემდეგ ოტომანების ხელში არ მოსვლია, ერთიანად აუნაზღაურეს.
...
მანქანა ჰომსის ავტოსსადგურთან გამიჩერეს, მერე ჩანთან  პირდაპირ ჰაერში  "მესროლეს". მე და გერმანელებმა ერთმანეთი გადავკოცნეთ და მინი ავტობუსი ისე ჩაყლაპა მანქანების ტალღამ, რომ გონზე ვერც მოვეგე.
სადგურის კარებთან ორმა პოლიციელმა გამაჩერა და პასპორტი მომთხოვა. ამხედ–დამხედეს, სახელზე გაეცინათ "Tea?!" და "ველკომო" მითხრეს. 
შევაბიჯე ოვალური ფორმის დარბაზში, სადაც ირგვლივ პატარ–პატარა კომპანიის ოფისები იყო ჩალაგებული. ოფისები გადაჭარბებული ნათქვამია, უფრო "ბუტკები" შეეფერებათ, წინ არაბული დაკლაკნილი ასოებით ეწერა აბრებზე მიმართულებები და "ზაზივალკები" ამ მიმართულებების დასახელებებს გაჰკიოდნენ გაურკვეველი ინტონაციით: "ჰალაბ, ჰალაბ, ჰალაბ!", "დიმაშქ, დიმაშქ!", "ლუბლან!"  ცოტა არ იყოს და დავიბენი. მერე ბატონი გურამის ნასწავლი არაბულიდან გამახსენდა, რომ დამასკო არბულად არის "დიმაშქ". მივაჭერი იმ კაცს, ვინც ამ სიტყვას გაიძახოდა და ჩემი 2 სიტყვა არაბულით ავუხსენი, რომ დამასკოში მივდიოდი. სალაროსთან მიმიყვანა, რაღაც უთხრა მოლარეს და მანაც ბილეთი გამომიწოდა, რომელზეც  პასტით წაეწერა არაბულად თვით გასვლის დროც კი. და როცა გავაპროტესტე, ნორმალური ბილეთი მომეცით მეთქი,ზურგმოტეხილ სკამზე მიმითითეს, აჯობებს აქ დაელოდო და ჩვენ გეტყვითო. 

დაველოდე...

ცოტა ხანში, მოდის ჩემთან ის კაცი, ვინც ბილეთი მაყიდინა, ხელით მანიშნა  წამომყევიო. ავიკიდე ჩანთა და გავედევნე გარეთ. ავტობუსი ისე იყო გაჩერებული, წარწერა ვერ დავინახე. კაცმა ჩანთა საბარგულში დამადებინა, ამაცილა სალონში, ჩემს ადგილზე დამსვა, ბილეთი გამომართვა,  რაღაც "Good Luck"-ის მსგავსი ჩაილაპარაკა და ჩავიდა. 
ის იყო დავიძარი და მეც ცოტათი დავწყნარდი, რომ ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. უცებ კარები იღება და ამორბის ჩემი გამცილებელი. გაწითლებულმა და აქოშინებულმა, ხელი წამავლო და ჩამომათრია ქვემოთ. ვერ ვხდები რა ხდება, მაგრამ "ჩანთა" თქო გავკივივარ... მძღოლი ჩანთას გვაწვდის. "very sorry, very sorry, no bus"-ბურდღუნებს ეს კაცი. შემიყვანეს უკან სადგურში, აქ დაჯექიო მიმითითეს ისევ იმ გატეხილ სკამზე და ისტერიულად ტელეფონზე რეკვა დაიწყეს.  

შემდეგ, როგორც გავარკვიე, სულ სხვა - ლიბანის ავტობუსში ჩავუსვივარ შეცდომით. გონებაში წარმოვიდგინე, რა კარგ თავგადასავალში აღმოვჩნდებოდი შუაღამეს დამასკოს ნაცვლად ლიბანის საზღვარს რომ მივდგომოდი და გული გამიცივდა..
ცოტა ხანში სადგურში ახალგაზრდა ბიჭი შემოვარდა. ზუსტად მახსოვს, ქერა თმები ჰქონა, ცისფერი უნიფორმის პერანგი ეცვა და იმოდენა ცისფერი თვალები ჰქონდა, რომ გაოცებული მივაშტერდი... ჩემზე მიანიშნეს, გამიღიმა, გამომყევიო მანიშნა, ჩემი ჩანთა მხარზე მოიგდო  და გასასვლელისკენ გაემართა. ბიჭს გავედევნე, მე კი ის კაცი გამომეკიდა, ვისი წყალობითაც, ვინ იცის სად მივდიოდი. "დიმაშქ?" ვკითხე ამ ყმაწვილს, "კიო"... გავირბინეთ ავტოსადგურის უკანა ეზო. დამასკოს ავტობუსი, რომელიც თურმე უკვე გასულიყო სადგურიდან, მოებრუნებინათ და სადგურის გარეთ შუა ქუჩაში გაეჩერებინათ.  ჩანთა საბარგულში შეაგდეს, სალონში ამაცილეს, ადგილზე მიმითითეს. ბილეთიც არ მქონდა მქონდა, ის ნაგლეჯიც წინა ავტობუსში ჩაჯდომისას გამომართვეს. "Dont Worry"-იო გამიღიმა სიმპატიურმა ყმაწვილმა. "ჩემმა გამცილებელმა" კი, თავდახრილმა, ისევ ბოდიშების მოხდა დაიწყო. არაფერია თქო იქეთ დავამშვიდე და ჩასვლისას ხელიც კი დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად.

ავტობუსი დაიძრა, მზე უკვე ჩასვლას აპირებდა როცა ჰომსიდან გამოვედით. გვერდით მჯდომ გოგონას გავხედე სირიისთვის "შეუფრებლად" მოღეღილ თეთრ მკერდზე ჯვარი რომ ეკიდა. ვკითხე შენც დამასკოში მიდიხარ თქო, კიო... და რატომღაც ისე დავმშვიდდი, რომ ჩამეძინა. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა დამასკოს შესასვლელში უზარმაზარ რკინის ჩაიდანს, რომ ჩაუქროლა ავტობუსმა -"ალადინთან მოვედი!" 

#8

როგორც კი ფეხი დავდგი, მივხვდი რომ სამუდამოდ მოვიწამლე დამასკოს სიყვარულით. დღემდე მახსოვს, რომ ვიგრძენი თითქოს სახლში მოვედი და ისეთი სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა, რომ ყველა ღელვა სადღაც გაქრა. არ მაწუხებდა ის, რომ ირგვლივ ახლო აღმოსავლეთური ქაოსი სუფევდა, აუზაურით, ხმაურით, ბაცაცი ტაქსისტებით და გიჟი მძღოლებით, რომლებმაც შეიძლება გზაზე გადასვლისას მანქანა დაგაჯახონ!

სამაგიეროდ, შემემეძლო დამევიწყებინა ყოველგვარი რუკა და წიგნიც და საათობით დავკარგულიყავი დამასკოს ძველ ქალაქში.  აქ შეგიძლია უბრალოდ დაადგე ამ მიხვეულ მოხვეულ ქუჩებს იარო უგზო-უკვლოდ, საბოლოო ჯამში მაინც ომაელთა მეჩეთთან მოხვდები, მაგრამ მანამდე შენს თვალწინ მთელი სამყაროს ისტორია ჩაიქროლებს დაწყებული ბიბლიური ლეგენდებში ნახსენები ადგილებიდან, რომაელების, ჯვაროსნების და ოტომანებით დამთავრებული. მიდიხარ და გგონია ისტორიის წიგნის ფურცლები იშლება პარალელურად.

აქ ბერძნულ ეკლესიებს კათოლიკური და სომხური ეკლესიები ცვლის, მეჩეთებს-სინაგოგები და ა.შ. დაუსრულებლად ..


აქ მე ყველა მიღიმოდა, მეც ყველას ვუღიმოდი და "ლამაზი თვალების" გამო მართლა გამიადვილდა ცხოვრება.

ქუჩაში ვიღაც პურს აცხობდა და რომ ჩავუარე პირდაპირ თონიდან აღებული მომაწოდა ჰაერში.. მეორემ ჯიბეში თხილი ჩამიყარა... მოხუცმა ხელოსნებმა ყუთების გაკეთების ტექნიკა მასწავლეს.







ერთმა პარფიუმერმა დიდი ჭიკით ჩაი დამალევინა - ძალიან დაღლილი სახე გაქვსო, მერე ჩემი თხოვნით არეული არომატებით სუნამო გამიკეთა და მაჩუქა (მეორე წელს მთელი ბაზარი შემოვიარე და ვეძებე ეს ბიჭი, მაგრამ ვეღარ ვიპოვე)...


აქაურ ბაზარში მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინის შევჭამე. ღიპიანმა და ულვაშებიანმა მენაყინემ ხელთათმანიანი ხელი ჩაყო ალუმინის ქვაბში და შემდეგ ჟონგლიორივით ჰაერში ააბურთავა უზარმაზარი შოკოლადის ბურთულა, მერე ფისტაშკებით სავზე ქვაბში ჩააგდო, გააგორავ-გამოაგორავა, ბოლოს ასევე უზარმაზარ ვაფლში მოათავსა და ამ სანახაობით გაოგნებულს მომაწოდა ღიმილით.

აქაურ ბაზარში ხშირად ვიკარგებოდი საპნისა და სუნელების რიგებში, სანამ კარდამონიანი ყავის ყავისა და ზაფრანის სუნით არ გავიჟღინთებოდი ბოლომდე.
რატომღაც არ მეშინოდა დღისითა და ღამით მარტოდ-მარტოს ხეტიალი ამ მიხვეულ-მოხვეულ ლაბირინთებში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ყურადღებას მაინც ვიქცევდი.

აქ მოხვედრამდე არ მეგონა, რომ თურმე შეიძლება ომაელთა მეჩეთის გვერდით ანტიკვარიატის მაღაზიაში იჯდე, ჩაის სვამდე მუსულმან და ორ ბუსიტთან ერთად და ჭეშმარიტ ღმერთზე საუბრობდე.

და ყველაფერ ამას რომ თავი დავანებოთ, აქ არის ომაელთა მეჩეთი. ადგილი სადაც ყველაზე მეტად გეფიქრება ადამიანს და ამ დროს გიჩნდება სურვილი, რომ არც არაფერზე იფიქრო. ადგილი სადაც მუდამ უამრავი ხალხია, მაგრამ იმოდენა სივრცის შეგრძნებაა, რომ სუნთქავ. როგორც კი ფეხ ადგამ, მაშინვე გრძნობ რომ სხვა სამყაროში ხარ და დანარჩენი სხვა, მსოფლიო, ხალხი, ფიქრები, შეზღუდვები, ღელვები, ყველაფერი ეს მისი კარიბჭის მიღმა რჩება.

აქ შეგიძლია საათობით იჯდე მარტო, გვერდით მჯდომმა კი უხმოდ მუჭში ჩაგიყაროს მზესუმზირა, ან თხილი, ან კიდევ  ბავშვებმა კანფეტები მოგირბენინონ კისკისით და მერე ისევ უკან გაიქცნენ და შორიახლოს მჯდომ დედებს ამოეფარნონ..
აქ სალადინის საფლავთან ოჯახებით მოდიან და მუხლს იყრიან მოწიწებით, ცოტა მოშორებით კი იოანე ნათლისმცემლის თავს ცემენ თაყვანს გოდებით.
აქ შეიძლება ზედ მეჩეთში მოგვარდეს ვინმე შავთვალება არაბი, გამოგიცხადოს ერთი ნახვით შემიყვარდიო, მერე სურათი გადაგიღოს და ამაყად დაამატოს "მე ამას დედაჩემს ვაჩვენებ!"

#9
სირიაში წასვლამდე tripadvisor-ისა და lonelyplanet-ის ფორუმებზე ვპოსტავდი და ერთი იუზერი ძალიან დამეხმარა სასარგებლო რჩევებით. მერე აღმოვაჩინე რომ დამასკოში ჰოსტელიც ჰქონდა და გადავწყვიტე მასთან გავვჩერებულიყავი. საოცარი ადგილი იყო.  ჩემთვის ეს პირველი ჰოსტელი იყო სადაც გავჩერებულვარ და ატმოსფერომ ნამდვილად "მომაჯადოვა".  პირველად დავბინავდი ერთ კანადელთან და ახალ ზელანდიელ გოგონასთან ერთად ოთახში.  მერე გავიცანი რაიმონდი -ჰოსტელის მეპატრონეც. საოცარი ადამიანი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. ასეთი სიცოცხლით სავსე და ხალისიანი კაცი მეორე არ შემხვედრია. როცა გაიგო, როგორ გადმოვკვეთე სირიის საზღვარი მარტომ, ასეთი ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს:"Georgia... Georgia.. Aaa! Shevardnadze! He was a clever guy!!" .

რაიმონდის ჰოსტელი ზედ ქალაქის ისტორიულ გალავანზე იდგა. იმ გალავანზე, ბიბლიაში რომ არის თურმე ნახსენები.. კადრში რომ კიბე ჩანს ეს პირდაპირ ჰოსტელის აივნიდან არის ჩამოშვებული. ერთ საღამოს, რაიმონდმა გამოგვიცხადა ექსკურსიაზე უნდა წაგიყვანოთო. მკითხეს გარისკავ კიბით ჩასვლას თუ კარებით და ქუჩით ისარგებლებო. მეც რა თქმა უნდა თავი გამოვიდე და შვეული კიბით დავეშვი ქვემოთ, თუცა მიწაზე ფეხი დავდგი თუ არა, მაშინ შევამჩნიე ბოძი, თურმე უფრო მამაცები კიბის ნაცვლად ბოძით ეშვებიან ქვემოთ. 
მე კი დიდი ჭკუით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, ჰოდა გადავწყვიტე გამეხსენებინა ბავშვობა, ჩემი ჩანთა და ფოტოაპარატი ბიჭს მივაჩეჩე, ბოძს ხელები შემოვაჭდე  და ქვემოდან ზემოთ ავცოცდი... რატომღაც ჰოსტელის მთელი პერსონალი ისე გავაოცე, მთელი დარჩენილი დღეები ამ ამბავს მიხსენებდნენ.

იმ საღამოს ამიყვანეს მთაზე სადაც ლეგენდის თანახმად კაენმა აბელი მოკლა და საიდანაც მთელი დამასკო მოსჩანს განათებულ-გაბრწყინებული. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ ადგილს ირჩევენ თურმე თვითმკვლელობისათვის ყველაზე ხშირად. ალბათ არის რაღაც ესთეტიური და რომანტიულიც იმაში, რომ სწორედ ასეთია შენი ბოლო კადრი სიკვდილის წინ.




#10

მეჩეთში გაცნობილ ორ გოგოსთან ერთად გავემართე მაალულაში. ეს პატარა სოფელი, მთის წვერზეა შეფენილი და მისი უნიკალურობისათვის მარტო ის ფაქტია საკმარისი, რომ იქ ხალხი ჯერ კიდევ საუბრობს არამეულ ენაზე (რაზეც ქრისტე საუბრობდა თავის დროზე).
მეორე დღეს უკვე უნდა დამეტოვებინა დამასკო და რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა, უკან მიმეჩქარებოდა. გოგოების ლაი-ლაიმაც ძალიან დამღალა, დავემშვიდობე და  დანჯღეული 'მარშუტკით' დავბრუნდი უკან დამასკოში.
...
ომაელთა მეჩეთში სწორედ იმ დროს მივედი, როცა მოლა გულის განმგმირავი კივილით აცილებდა მზეს. მალე ჩამობნელდა კიდეც და დაცვამ ხალხის გამოდევნა დაიწყო ამ უზარმაზარი ეზოდან. მე იმ იმედით, რომ ღამის განათებით ერთ-ორ ფოტოს გადავღებდი, გამოსასვლელში ავიტუზე მორიდებით, თან ხელში  კამერა უხერხულად მიჭირა, ეს მკაცრი დაცვა ისე მოერეკებოდა ამ ხალხს მეჩეთითან, რომ შემეშინდა.
ის იყო ხალხისგან სულ დაცარიელდა ეზო და მეც ერთი-ორი კადრი გავაჩხაკუნე, რომ უეცრად თავზე წამომადგა ეს უშველებელი ახმახი, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩხუბის ნაცვლად მეგობრულად გამიღიმა და და ხელი მანიშნა შედი ეზოშიო. ვერ დავიჯერე, "შეიძლება შევიდე თქო" კითხვა გავუმეორე. კიო, თავი დამიქნია, შედიო..

სიხარულით შევფრინდი და ისტერიულად დავიწყე ფოტოების გადაღება. არ მომწონს არცერთი! მინდოდა ისეთი კადრი გადამეღო პოსტ-ქარდებზე რომ ატანენ ხოლმე. მაგრამ არ მაქვს შტატივი და მე კიდევ დღემდე ვერ ვისწავლე, როგორ გადავიღო ღამით კარგი ფოტოები. ვბრაზდები ჩემს თავზე!


ამ ისტერიკაში კადრში ბავშვები შემომიხტნენ. გავბრაზდი, რა მაინც დამაინც ეხლა მოუნდათ, როცა წუთებს ვითვლი სანამ ეს ახმახი დაცვის კაცი გადაიფიქრებს და აქედან გამაძევებს! და ის იყო მთავარი მინარეტის გადაღებას ვაპირებდი, რომ ბავშვები ერთმანეთს დაედევნენ და ერთმა ზედ ცხვიწინ ჩამიქროლა. ჯანდაბა, ისევ გამიფუჭეს კადრი!

რამოდენიმე თვის შემდეგ სწორედ ეს კადრი National Geographic-მა მოახვედრა ახლო აღმოსავლეთის ალბომში, ვიცი დიდი გრანდიოზული მიღწვა არ არის, მაგრამ მე მაინც მეამაყება დღემდე..
http://travel.nationalgeographic.com/travel/countries/your-middle-east-photos/#/umayyad-mosque-damascus-syria_31491_600x450.jpg

#11
ღამე იყო დამასკო რომ დავტოვეთ და თურქეთის ქალაქ ანტაკიაში გავემართეთ. ვიცი, რომ იქ ავტოსადგურია და იქედან რამენაირად ტრაბზონამდე მოვხვდები, შემდეგ უკვე ბათუმამდე ჩაღწევასაც არაფერი არ უნდა. ავტობუსში ერთადერთი ქალი ვარ. ჩემს წინ მოხუცი სირიელი ზის და "აანისეს" - ქალიშვილოს მეძახის. ვცდილობ დავიძინო, მაგრამ არ მეძინება. მოხუცმა ყურძნის უზარმაზარი მტევანი მიწილადა, გამცილებელსაც შევებრალე და ქილა  პეპსი მაჩუქა.
ანტაკიის სადგურში რომ მივედით დილის 3 საათი იქნებოდა. ყველა ჯიხური ჩაბნელებული ჩაკეტილი იყო. ერთი მორიგე მოლარე გავაღვიძე ბოლოს და ტრაბზონამდე ბილეთი ვიყიდე. თუმცა ავტობუსი მხოლოდ მეორე დრეს გადიოდა. ღამე აქ უნდა გავათენო! მიმოვიხედე, ერთ-ერთ 'სკამეიკაზე' ზურგჩანთაზე მწოლიარე ბიჭი დავინახე და მასთან ახლოს მივედი, ჩემი ჩანთა იქვე დავაგდე და მოვკალათდი. ბიჭს გაეღვიძა, სტუდენტი აღმოჩნდა იაპონიიდან, მეორე დღეს სირიაში აპირებდა გადასვლას. შემდეგ ჩემი მეგობარი მოხუციც შემოგვიერთდა, ჩანთიდან არაბული ყავით სავსე თერმოსი ამოიღო, მას სირიიდან გამოყოლებული ლავაში, მოხარშული კვერცხი და ყველიც მოაყოლა და მე და იაპონელი მიგვიწვია. ასე გემრიელად ცხოვრებაში არ მიჭამია არაფერი. ბოლოს თერმოსი შეინახა, დაგვემშვიდობა და გაუჩინარდა.

ღამე იაპონელის ფეხებთან გავათენე, ზურგჩანთაზე წამოწოლილმა, სახეზე ჩემი შარფი დავიფარე, რადგანაც თავზემოთ ანთებულ ნათურა თვალებში მეჭყიტებოდა. და მაშინ როცა გვედით სკამზე ვიღაც თურქ კაცებმა ბარაქიანი ხვრინვა ხვრივა ამოუშვეს, მე ძალიან ტკბილად ჩამეძინა.

მეორე დილით იაპონელი წავიდა სირიაში. დამშვიდობებისას დარჩენილი სირიული ფული და რუკები გავატანე. ჯერ თვალები გაუფართოვდა, არ ელოდა, მერე ისე გაიღიმა, იაპონელებს რომ არ სჩვევიათ.
...

ტრაბზონამდე მთელი 30 საათი ვიმგზავრე ავტობუსით. იქ  უფრო პატარა ავტობუსში გადავჯექი და თურქულ ხოფამდე ჩავედი. იქაც მომიწია ტრანსპორტის ცვლილება და უკვე ტრადიციული ქართული მარშუტკით მოვადექი საზღვარს. აჭარელი მებაჟე შეცბა, როცა საბაჟოზე ზურგჩანთა აკიდებული, თმაგაწეწილი და სახეალეწილი გამოვცხადდი. ამხედ-დამხედა და პირდაპირ გულიდან აღმოხდა:
-სად იყავი კი მარა?!
-სირიაში!
-რა იყო მერე ფეხით მოდიხარ?!
-კი!-ვუპასუხე მე და სანამ გონზე მოეგებოდა ჩანთა შევაგდე სკანერში..

August 26, 2013

ჩემი სირიული მოგონებები - ნაწილი 1

ამას წინათ ჩემი დაქალის კომენტარმა ცოტა არ იყოს და შოკში ჩამაგდ': "не люблю я мусульман, они  дикие какие то".. თუმცა, რომ დავფიქრდე ჩემი მეგობრების 99.5% სწორედ ასე ფიქრობს. შეიძლება იმიტომ, რომ ერთადერთი შეხება ახლო აღმოსავლეთთან ჰქონიათ თურქეთ-ეგვიპტის სახით და ისიც უმეტეს წილად ტრადიციული ტურიზმში დასაქმებულ მომსახურე პერსონალთან (ანუ, ხალხთან ვინც დღე და ღამ ტურისტების გაყვლეფაზე მუშაობენ), ან კიდევ შთანთქავენ სხვადასხვა მედია საშუალებებით გადმოცემული ინფორმაციას...

იმ ფონზე, როცა მთელი მსოფლიო ელოდება სირიული ამბების განვითარებას, გამიჩნდა სურვილი გამეზიარებინა ჩემი პირველი მოგზაურობის მოგონებები. სულ რაღაც რამდენიმე დღეში 3 წელი გახდება ამ მოგზაურობიდან და დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო, როცა მეგობრები სტამბულში მივატოვე და მარტოდ-მარტო, უვიზოდ და უგზო-უკვლოდ მივაშურე საზღვარს..

ცოტათი დიდი პოსტი გამომივა და ალბათ ბევრი მეგობარი არც კი წაიკითხავს, მაგრამ მაინც ვეცადე ქრონოლოგიურად დამელაგებინა ძირითადი ჰაილაიტები:

#1

ერთი ჩემი საყვარელი გამონათქვამი ამბობს: "მთავარია პირველი ნაბიჯის გადადგმა გარისკო, თორემ როცა უკვე გზას ადგახარ, უნდა გაირბინო ბოლომდეო". დაახლოებით ასე დამემართა, როცა სირიაში მარტო წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო ჩემი პირველი ნაბიჯი და მერე უკვე არაფერს აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა. სტამბულში საკონსულოში უარი მითხრეს ვიზაზე, მეორე დღეს მთელი ავტოსადგური შემოვირბინე და მე-13 ნომრის ოფისში ბოლო დარჩენილი ბილეთი ვიყიდე ალეპოს მიმართულებით. (ძველი პოსტია ამ თემაზე )
შემდექ, მთელი ღამე ვიმგზავრე სირიელ-თურქებით სავსე ავტობუსით (მარტო მე ვიყავი 'ტურისტი') და მეორე დღეს პირდაპირ საზღავრს მივადექი. საბაჟოზე პოლიციამ უფროსის კაბინეტში შემათრია და  დაკითხვა მომიწყო. მე რატომღაც არ დავიბენი, თვალები ცრემლებით ავივსე და ბოლოს ერთი სირიელი ყმაწვილის თავმდებობით ვიზაც მივიღე. (ცოტა უფრო ვრცლად აქ მიწერია)

#2
ალეპოში ჩემი სასტუმრო, იმის გამო შევარჩიე, რომ ისტორიულ ცენტრში მდებარეობდა და ციტადელთან ყველაზე ახლოს იყო. ალეპოს ძველი ქალაქი კი სხვა არაფერია თუ არა დიდი ბაზარი. თუ ოდესმე ყოფილხართ ქაიროს, ან სტამბულის ბაზარში, დაივიწყეთ! მათ არაფერი აქვთ საერთო ახლო-აღმოსავლეთის ბაზართან! ალეპოში კი ნამდვილი ახლო აღმოსავლეთური სული სტრიალებს..  ჩინური ნაგავის ნაცვლად, იქვე დახლებზე ატყავებენ ცხვარს, გვერდით ქათამს თავს აცლიან, მის გვერდით უზარმაზარი სუნელების მთებია ღმართული და იმის იქეთ კიდევ ტყავები კიდია გასაშრობად და ასე დაუსრულებლად. ქონის, სისხლის, სანებლებისა და ვინ მოსთვლის კიდევ რისი სუნი ერთად არის არეული და ისე გეჭრება ცხვირში, რომ სუნთქვა გიჭირს... თან ყურადღებით უნდა იყო, თუ დროულად ვერ მოასწარი განზე გადგომა, ვიღაცამ შეიძლება საქონლის ნაწლავებიანი ვარცლი სახეში შემოგასხას..

http://www.dar-halabia.com/ 
მე კიდევ, რომელმაც ჯერ კიდევ წინა საღამოს დავტოვე სტამბული, დილით საზღვარზე დაკითხვის შემდეგ მივიღე ვიზა, ისეთი არაქათ გამოცლილი ვარ, რომ გუგლიდან ამობეჭდილი რუკა უკურმა მიჭირავს ხელში და არ ვიცი რა მიმართულებით შევუხვიო ამ სურნელოვან ლაბირინთში. ვიღაც ბიჭი წამომეწია 'Hey, hotel is here!' მანიშნა, გავყევი და რამდენიმე მოსახვევის გავლის შემდეგ აღმოვჩნდი სასტუმროსთან..

ბარგი დავტოვე, გამოვიცვალე, ვეცადე ადამიანის სახე დამებრუნებინა, გარეთ გამოვედი ისევ იმ ქაოსურ ლაბირინთში აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა ფოტოაპარატი დამალული მაქვს. რამადანის ბოლო დღეა და ჰაერში ისეთი დაძაბული მუხტი ტრიალებდა, რომ თავი არ ამიწევია ისე დავადექი პირველივე ფართე გზას..  ვიღაცამ ქათმის ნაპუტებით სავსე ცხელი წყალი ზედ ფეხებთან დამიღვარა.. ფეხს ავუჩქარე... ვიღაც მხარზე მექაჩება,  ვიღაც კიდევ რაღაცას მეძახის, მე გზას ვაგრძელებ და თან მომსდევს ეს ბაზრის გუგუნი.. გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა და ლამის თავქუდმოგლეჯილმა გავირბინე დარჩენილი მანძილი.. მგონი მაშინ შემეშინდა ყველაზე მეტად. არა, იმიტომ არა, რომ ეს ხალხი რაიმეს დამიშავებდა, არამედ იმის შემეშინდა, ვაითუ ამოდენა გზა იმედგაცრუებისათვის გამოვიარე თქო.

#3
ბაზრიდან პირდაპირ ალეპოს ციტადელთან აღმოვჩნდი რომლის წინ სივრცეს უკვე გადახრილი მზე ანათებდა ოქროსფრად... ხალხი სეირნობდა და რამადანის დასრულებამდე საათებს ითვლიდა. ზუსტად ორი წამი დამჭირდა, რომ თვალი მომევლო მოედნისათვის. მთელს ამოდენა არეში მარტო ორი ტურისტი ბიჭი დავინახე, ერთი ქერა, მეორე აზიატი ციტადელს რომ ფოტოებს უღებდნენ.


დიდხანს არ დავფიქრებულვარ და პირდაპირ მათკენ გავიქეცი, გზად ფოტოაპარატი ამოვიღე. ერთ-ერთს მივაჩეჩე და სურათი გადამიღე თქო ვთხოვე. სურათი სულ ცალ ფეხზე მეკიდა, უბრალოდ მინდოდა ადამიანებს გამოვლაპარაკებოდი და შოკიდან გამოვსულიყავი. ინგლისელმა, მე არა, აგერ ჩემი მეგობარი იღებს კარგ სურათებსო. ბიჭმა სურათი გადამიღო, გამოველაპარაკეთ და ზუსტად 2 წუთში დავმეგობრდით. დღემდე ეს ორი ადამიანი განსაკუთრებულად მახსოვს, პირველი შოკის მერე მათთან გატარებული რამოდენიმე საათმა საშუალება მომცა აზრები დამელაგებინა, დავწყნარებულიყავი.  რომ გაიგეს, რომ სრულიად მარტო ვმოგზაურობ და თან ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა, ნადვილ გიჟად შემრაცხეს. მერე ტაქსი გააჩერეს და ერთმანეთს გადავეხვიეთ, წარმატებები ვუსურვეთ და დავიშალეთ.


თუმცა ჩემი პირველი დღის თავგადასავლები ამით არ დასრულებულა. როგორც კი ტაქსი დაიძრა და მიმოვიხედე, მივხვდი, რომ ძალიან მწარედ დავიკარგე, ისე რომ ისევ სათავგადასავლო ფილმში მგონია თავი. მივდივრ ბნელ, მიწურებით სავსე ძველ ქალაქში. გზად ხალხი ჩუმდება და ჩურჩულს მაყოლებს. ბოლოს, სადღაც ტუპიკში რომ მოვხვდი, მაშინ უკვე ძალიან შემეშინდა. საიდანღაც მომავალი ერთი ორმეტრიანი ბიჭი დავინახე, ჯერ დავეჭვდი, მაგრამ შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და დახმარება ვთხოვე. ამ გიგანტმა, ხელი უხმოდ ჩამკიდა და სასტუმრომდე კარგა მანძილი ასე ხელჩაკიდებულმა მატარა. როცა მადლობის გადახდა დავიწყე, რაღაც ჩაიბურტყუნა, ალბად 'რისი მადლობაო', თავი ჩუმად დამიკრა და გაქრა. 

# 4
სამი დღე ვბოდიალე ალეპოში მარტოდ-მარტო. ბოლოს ძალიან მომბეზრდა ასე ხეტიალი. ორჯერ ავედი ციტადელში, სამჯერ დავარტყი წრე ძველ ქალაქს.



ვიყავი მეჩეთში და პირველად შევიმოსე ნამდვილი მართლმორწმუნე მუსულმანივით. თუმცა ხალხის ყურადრებაც მაინც მივიქციე.

ქუჩაში უფასოდ გამიმასპინძლდნენ ფალაფელით და ამ ფაქტმა ისე გამაკვირვა, რომ დღემდე მახსოვს მისი გემო.. ქალაქის მუზეუმშიც ერთ მოხუც გიდს შევებრალე ეულად რომ დავეხეტებოდი და უფასო ექსკურსია მომიწყო მთელი 2 საათი.

ბოლოს უკვე ბაზრის ლაბირინთბშიც თავაწეული დავდიოდი, იმიტომ კი არა, რომ იქაურ ბინადრებს შევეჩვიე, არა უბრალოდ რამადანი დასრულდა, ფესტივალი დაიწყო და მთელი ბაზარი დაიკეტა-დაცარიელდა, სამაგიეროდ კი ქუჩები აივსო მოზეიმე ხალხით.


ერთადერთი რაც მაწუხებდა პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებმაც სხვა გასართობი ვერ იპოვეს და მე დამსდევდნენ სტვენით და შეძახილებით და სათამაშო იარაღებით ნასროლი ტყვიებით დამალურჯეს!..

პატარა ტერორისტები შევარქვი მე მათ
...
-სად მიდიხარ შემდეგ? -მეკითხება ერთი ავსტრალიელი, ბოლო დრეს შემთხვევით ერთმანეთი რომ აღმოვაჩინეთ ქალაქის ქუჩებში. ისეთი დაბნეული იყო ჩაის დასალევად  შეცდომით ალეპოურ კაცების კლუბში შემიყვანა (!!!)
-პალმირაში - ვპასუხობ მე და თან ნერვიულად ვაკვირდები გვერდით მაგიდებზე კარტის მოთამაშე და ჩილიმის ბოლში გახეულ კაცებს. ისინი კი იცოცხლე, მე დიდი ინტერესით მათვალიერებენ..
-მანდ რა ხდება?
-ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლაა მსოფლიოში! შენ საით მიდიხარ?
-მე დამასკოში მივდივარ და მერე ბოსრაში.
-ბოსრაში რა ხდება?
-ყველაზე დიდი  და კარგად შენახული ამფითეატრია ახლო აღმოსავლეთში!

#4
ფოტოს ვიღებდი და იქაც 'შემომიხტა' კადრში(!!)
გზა ალეპოდან პალმირამდე საინეტერესო იყო და სასიამოვნოც იქნებოდა ჩვენს ახალგაზრდა მძღოლს მთელი გზა ჩემი ჩქმეტის მცდელობაში რომ არ გაეტარებინა. ბოლოს იმდენად შევწუხდი, რომ გურულად შევუკივლე-შევუღრინე. უკან მსხდომ გერმანელ წყვილს შევებრალე და კაცმა ადგილი გამიცვალა. არა და შეხედავდი და სიმპატიური იყო ის ვიღაც მახმუდი, მეც თავით-ფეხებამდე შეფუთული ვიყავი, მაგრამ რას გაიგებ... შეიძლება სწორედ ამას გულისხმობდა ჩემი დაქალი, როცა ამბობდა ველურები არიანო..
თუმცა ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ მეორე დღეს შემთხვევით პალმირაში ქუჩაში დამინახა და ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა. "შევაშინე"! (მეხერხება ზოგადად კაცების შეშინებაც)
იმ დილანდელი შთაბეჭდილებებიდან, ყველაზე მეტად ალბათ ის გრძნობა მახსოვს, რაც ევფრატის გადასვლისას მქონდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ იყო იქ რაღააც, განსხვავებულად ამაღელვებელი.

#5
დილით ადრე მოლას დავასწარი გაღვიძება. ბნელოდა როცა სასტუმროს პირველ სართულზე ჩავედი. მხარზე აპარატი მაქვს გადაკიდებული, ხელში მეგობრის ნათხოვარი შტატივი მიჭირავს. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები, ის იყო კარები უნდა გამეღო და გარეთ გავსულიყავი, რომ ტახზე მძინარ ბიჭს გაეღვიძა და გზა გადამიღობა.
-სად მიდიხარ?! ეხლა ღამეა! საშიშია!
-ვიცი რომ ღამეა, მაგრამ მზის ამოსვლას უნდა შევხვდე ნანგრევებში!
-გაგიჟდი?! ჯერ არ გაგიშვებ, ეხლა იქ მარტო რომ მიხვიდე, შეიძლება ვინმემ შეგაშინოს და რაიმე დაგიშავოს!
ბიჭმა ძალით დამსვა ტახტზე და ცხელი ყავაც მომიტანა.
ვწრიალებ, ვცქმუტავ, არ ვიცი როგორ დავუსხლტე... ნანგრევებში მიმეჩქარება... ვიცი, რომ მზის ამოსვლას პალმირას ნაქალაქარში უნდა შეხვდე, ამბობენ რომ ერთ-ერთი საოცარი სანახაობააო. მეჩქარება, ჩემი მასპინძელი კი თავისას არ იშლის და უაზრო კითხვებით გულს მიწყალებს: "მარტო როგორ მოგზაურობ ქალი? საიდან ხარ ასეთი გულადი? რა გინდა მარტო ნანგრევებში, ჩვენ ცხენები გვყავს და ცხენების ტური შეგიძლია საღამოს შეუერთდე..." სწრაფად მივახალე, რომ "არსებობს ასეთი ქვეყანა საქართველო, სადაც ჩემნაირი სულელი გოგონები ცხოვრობენ. რომ ცხენები ძალიან მიყვარს და არაბულ ცხენზე არ ვმჯდარვარ, მაგრამ ტურის არც დრო მაქვს და არც ფული"...
მადლობა გადავუხადე და მისი ისტერიკის მიუხედავად ქუჩაში გავიქეცი.
სიბნელეში ვერ ვიპოვე ნაქალაქარის კარიბჭე და ზედ ღობეზე გადავძვერი.
შტატივი გავშალე და ზედ ფოტოაპარატი დავამაგრე. ქარმა დაუბერა, წააქცია, შტატივი გატყდა.

ცივა!..

ლამისაა ვინანო, რომ არ დავრჩი თბილ სასტუმროში სტუმართმოყვარე არაბ მასპინძელთან და ცხელ ყავასთან..

და მერე ნელ-ნელა ცამ ფერი იცვალა...









ცოტა ხანში მზეც გამოჩნდა..


და ირგვლივ ყველაფერი ვარდისფრად აელვარდა... შემდეგ უკვე ქარის ღმუილიც აღარ მესმოდა, არც მციოდა. უბრალოდ მზე მიხაროდა, მზეს მე ვუხაროდი და გული ლამის ამოვარდნაზე მქონდა..




და ბოლოს, როგორც ფილმებშია, უეცრად მზის ფონზე კადრში მხედარი შემოიჭრა :)


თავიდან გავბრაზდი, კადრი გამიფუჭა! თუმცა შემდეგ ახალგაზრდა ახლოს მოვიდა,  გამიღიმა :  'Tea, Georgia?' იკითხა და ცხენიდან ჩამოხტა.

გამიკვირდა, ვერ ვიცანი.. კი მეთქი.. ეს ცხენი შენო და ლაგამი მომაწოდა. დავიბენი, ვერ გავიგე რა უნდოდა..
"გავიგე ცხენები გიყვარს და დრო და ფული არ გაქვს ტურისთვის, ეს შენ, შეგიძლია აქ ისეირნო !"





ზედმეტია იმის თქმა, თუ როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ








































ეხლა ისიც არ ვიცი ცოცხალია თუ არა ეს ახალგაზრდა, ჰომსიდან იყო როგორც მახსოვს და ეს ქალაქი კი ლამის მიწასთან გაასწორეს :(.


#6

შემიყვარდა პალმირა. შემიყვარდა მისი ისტორიისა და ზენობიას გამო. მისი მზის და იმ თბილი ფერის გამო, სიცივეშიც რომ გათბობს. უკეთილშობილესი მასპინძლების გამო. იმ სანდომიანი მძღოლი ბედუინის გამო, ტელეფონის ნომერი მხოლოდ იმიტომ, რომ მომცა თუ რაიმე შარს გადაეყარე არ მოგერიდოს ჩემი შეწუხებაო!

შემიყვარდა კლდიდან მზის ჩასვლის ცქერაც, მაშინ როცა ციტადელი წითლად იღებება და ირგვლივ უდაბნოს სილით დაფარული ნანგრევები რაღაცნაირად ნათდება.

.
დილის 10 საათზე უნდა დაგვეტოვებინა პალმირა. ისევ მოლას დავასწარი გაღვიძება, რომ მზეს  დავმშვიდობებოდი. ამჯერად ბიჭმა გამიშვა, იცოდა აზრი არ ჰქონდა ჩემთან კამათს. თუ ვინმემ რამე გითხრას ჩვენი სახელი ახსენეო-დამიბარა.



ვდგევარ ერთ-ერთი კედლის ნანგრევზე მზის ამოსვლით ვტკბები და აპარატს ვაჩხაკუნებ როგორც შემეფერება. გვერდით ბედუინი მოგოგმანდა თავისი აქლემით და ისევ "გამიფუჭეს" კადრი...


და უცებ მესმის ნაცნობი "Hey you!' ..

როგორც აღმოჩნდა, ალეპოში შემხვედრ ავსტრალიელს ისე აღვუწერე პალმირას მზის ამოსვლა, რომელიც მე თვითონაც არ მქონდა ნანახი, რომ გზა გაიმრუდა და ეხლა იდგა ჩემს გვერდით ჩამონგრეულ კედელზე მძინარი და უცქერდა უხმოდ.


 მერე მომიტრიალდა, დიდი მადლობაო და წავიდა...

გაგრძელება იხილით აქ

March 27, 2013

Adventure without Risk is Disneyland

05.10.2011 თბილისი

ერთი მეგობარი მყავს, პესიმისტი, კირკიტა, ყველაფერში ცხვირს ყოფს და თარს პროგნოზებს აკეთებს. ყველაზე მეტად, როცა რამე განზრახვა მაქვს, მეშინია მისი პესიმისტური პროგნოზის, იმიტომ რომ როგორც წესი მართლდება...
თვითმფრინავის გაფრენამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი. ჩანთა ჩალაგებულია და კარებთან აყუდებულია...დედაჩემი ოთახში ბოლთას სცემს, უნდა რომ გამომკითხოს დეტალები, მაგრამ ვატყობ, რომ კითხვის დასმის ეშინია... მე პასუხის გაცემის მეშინია, მზერას ვარიდებ და ინტერნეტში ვიქექები ბოლოჯერ.
ამ დროს მეგობარი მიგზავნის ლინკს, "სირიის და ლიბანის საღვართან სამხედრო შეტაკება მოხდა"-ო იუწყებოდა BBC.
-"რა გინდა? რატომ მიგზავნი ამ ლინკს? ხომ იცი რომ ბეირუთში მივდივარ!"
პასუხი მოკლედ
-"არ წახვიდე სირიაში!"
-"რატომ უნდა წავიდე?"
-"გიჟი რომ ხარ და ჯიუტი იმიტომ!"

12.10.2011 ბეირუთი

ბალბეკში წასვლამდე, ჰოსტელის წინ მდებარე ცენტრალურ ავტოსადგურში გადავედი. სანდომიან მოხუც დისპეჩერს დახმარება ვთხოვე.
-"იცით მე იორდანიაში მივდივარ. თვითმფრინავის ბილეთი ვერ შევიძინე, დამაგვიანდა.. ამიტომაც მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი დამასკოს გავლით რომ წავიდე ავტობუსით ამანში?"
მიყურებს თვალებგაფართოებული
-"კი, შესალებელი არის..."
-"და საშიში არ არის? აცხადებენ რომ საზღვარი ჩაკეტილია ლიბანსა და სირიას შორის...რომ შეტაკებებია.."
-"ეს დამასკოს გარეთ, თორემ დამასკოში არ არის საშიში"
დავუჯერე... ავტობუსის ბილეთი ვიყიდე... დილის 7 საათზე აქ იყავიო დამარიგა სანდომიანმა მოხუცმა (მართლა ვენდე) და ბალბეკის სანახავად წავედი..
საღამოს BBC-იმ მთელს მსოფლიოს აუწყა, რომ დამასკოს შემოგარენში შეტაკებები მოხდა...
Lonely Planet-ის ფორუმზე შევძვერი დამასკოს თემაში. იქ ერთი იუზერი იწერებოდა, რომ იმ მომენტში დამასკოში იმყოფებოდა.  მივწერე, ხვალ ვაპირებ მანდ ჩამოსვლას და რა სიტუაცია არის იქნებ მითხრა თქო. ვთხოვე სასტუმროს დასახელებაც მოეწერა.
მიპასუხა.. აღმოჩნდა ერთი უცნაური მოგზაური ქალი, იმ იაფფასიანი ჰოსტელის დასახელებაც მომწერა სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა, ზედ დამასკოს ცენტრში, გვერდით ქუჩაზე რომ სამინისტროებია განლაგებული, ანუ გემრიელი დასაბომბი ადგილია... იქვე მოაყოლა, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ და იმედია შენც შემოგიშვებენ ქვეყანაშიო...


13.10.2011 ბეირუთის ავტოსადგური

დილის 06.50-ზე  უკვე დასიპეჩეროსთან ვარ ატუზული, ზურგზე ჩანთით, მხარზე ფოტოაპარატით, ერთ ხელში ბილეთით და მეორეში Lonely Planet-ის მეგზურით.

გამოვიდა ჩემი სანდომიანი დისპეჩერი, უხერხულად გაიღიმა და "Very sorry, no bus to Damascus.." -ო მეუბნება... გავშრი, შევშფოთდი , რატომ მეთქი ვკითხე
-"არ ჩამოვიდა, ალბათ არ გამოუშვეს საზღვარზე"-მეუბნება მშვიდად..
-"აბა მე რა ვქნა?"
-"შენ არ იდარდო, აგერ ტაქსი გვყავს და იმას გაგაყოლებთ!"
დღემდე არ მესმის, როგორ ან რატომ არ შემეშინდა. კარგი მეთქი.
ჩამსვეს ტაქსში. თუ შეიძლება წარმოიდგენოთ უძველესი და დანჯღრეული მანქანა, ეს უფრო უარესი იყო. არ მეფიქრებოდა. უკან 2 არაბი ჩასკუპტა და ასე გავემართეთ სირიისკენ.
არც იმაზე მიფიქრია, რომ იმ მომენტში არავინ იცოდა სად, როგორ, რანაირად ვიყავი..

საზღვარი

არ მაქვს ვიზა. სადაც მივდივარ იმ ქვეყანაში სამოქალაქო ომია. ვარ მარტო ეჭვიანმა მესაზღვრეებმა წრე შემომარტყეს..
ახმახმა და ულვაშებიანმა მებაჟეებმა, ალმაცერად ამხედ-დამხედეს, აქ რა გინდაო, საით მიდიხარო. გავლით ვარ მეთქი, იორდანიაში მივდივარ თქო. 
-"ჟურნალისტი ხომ არ ხარ? , ტელევიზიაზე, გაზეთზე ხომ არ მუშაობ?" -ეს კითხვა მინიმუმ 10-ჯერ მაინც დამისვეს. 
ხმა გავიმტკიცე 
-"არა, ბანკში ვმუშაობ!" - ჯიუტად ვიმეორებ და ცალი ხელით მხარზე გადაკიდებულ ჩანთავს ვებღაუჭები, ისე რომ ყველა ძარღვი მებერება. ჩანთაში ჩემი Canon 7D მიდევს, მის შემხედვარეს, ვინ დაიჯერებს რომ ამ დროს, აქ ამ აპარატით უბრალო სულელი გურული ვარ...

მართლა არ მესმის, როგორ გამიმართლა მაშინ ეგრე... მართალია გამომცდელი კითხვები დამისვეს, მაგალითად რას ნახავო დამასკოში. სულ ზეპირად ჩამოვარაკრაკე ჩემი საყვარელი ადგილები. ჩემი გამომცდელი იმ უბნელი ყოფილა, რომელზეც ვთქვ ყველაზე მეტად მიყვარს მეთქი. გაიღიმა და ვიზა ჩამირტყა...


....

ეს ყველაფერი იმიტომ გამახსენდა, რომ რამოდენიმე კვირის წინ ჩემი პირადი მეილის დალაგებისას დრაფტებში გაუგზავნელი წერილი ვიპოვე. აი ისიც:

13.10.2011 დამასკო






January 13, 2012

ახლო აღმოსავლეთის ავტოსადგურებში

ისევ 2010–ია, ისევ სირიაში ვარ, ჰომსში (ეს ის ცნობილი ჰომსია, ეხლა რომ გაძლიერებული მიტინგ–შეტაკებები მიმდინარეობს).

მოკლედ საქმე ასე იყო. პალმირადან გზად შეძენილ გერმანელ მეგზურებთან ერთად მინი ავტობუსი ვიქირავეთ კრაკ დე შევალიემდე. ვინც არ იცით ეს არის ჯვაროსნების ცნობილი ციხე სიმაგრე, რომელიც როგორც გიდმა გვითხრა, სალადინმაც კი ვერ აიღოო და თავის დროზე რიჩარდ ლომგული, მამლუქები და შემდეგ ოტომანები ყოფილან გამაგრებულები. 


(ესეც რამოდენიმე ფოტო ჩემი არქივიდან. აუცილებლად ნახეთ, თუ ვინმე სირიაში იმოგზაურებთ)

საეინტერესო იყო ექსკურსია კრაკ დე შევალიეში, მით უმეტეს, რომ მისი მონახულება სულაც არ იყო ჩემს თავდაპირველ გეგმაში, მაგრამ ზემოთ ხსენებული რამადანის დღესასწაულის დასრულების შემდეგ, შუეძლებელი გახდა ლოკალური ავტობუსის ბილეთის შეძენა, ამიტომაც პალმირადან დამასკომდე რომ ჩამეღწია, გზად გაცნობილი გერმანელების წინადადება მივიღე და მათთან ერთად ერთად ვიქირავე მინი ავტობუსი. დამპირდნენ რომ კრაკ დე შევალიეს შემდეგ ჰომსში დაგტოვებთო, რომელიც ქვეყნის შუაგულში მდებარეობს და სატრანსპორტო ჰაბს წარმოადგენს. ასეა თუ ისე, საინტერესო გზის "გამრუდება" გამომივიდა.

ჰომსის ავტოსადგურს რომ მივუახლოვდით, ფილმებში როგორც აჩვენებენ ხოლმე, მანქანიდან მგზავრის ჩანთას რომ ისვრიან, დაახლოებით ეგეთი სიტუაცია "გაიჩითა". გამიჩერეს სადგურთან, ჩანთან ჰაერში "მესროლეს", ერთმანეთი გადავკოცნეთ და აბა ჰეო ხელი დამიქნიეს.  
მინი ავტობუსი ისე ჩაყლაპა მანქანების ტალღამ, ვერც მოვასწარი გააზრება. ნუ კარგი, მოვტრიალდი და შევდივარ სადგურში. კარებთან ორმა პოლიციელმა გამაჩერა და პასპორტი მომთხოვა. ამხედ–დამხედეს, სახელზე გაეცინათ და "ველკომო" მითხრეს.

შევაბიჯე სადგურში. ეს იყო დიდი დარბაზი. ირგვლივ კი პატარ–პატარა კომპანიის ოფისები, უფრო სწორად ჯიხურები იყო განლაგებული. არცერთი სიტყვა ლათინური ანბანით დაწერილი. მხოლოდ არაბულით. ოფისების წინ "ზაზივალკები" გაურკვეველ მიმართულებებს გაჰყვიროდნენ: "ჰალაბ, ჰალაბ!", "დიმაშქ, დიმაშქ!", "ლუბლან!"  ცოტა არ იყოს და დავიბენი. მერე ბატონი გურამის ნასწავლი არაბული გავიხსენე, კერძოდ ის რომ, დამასკო არბულად არის "დიმაშქ" მივაჭერი იმ კაცს, ვინც ამ სიტყვას გაიძახოდა, და ჩემი 2 სიტყვა არაბულით ავუხსენი დამასკომდე რომ მივდიოდი. სალაროსთან მიმიყვანა, რაღაც უთხრა და მოლარემაც ბილეთი გამომიწოდა. როგორ "გამიხარდა", როცა ბილეთზე სულ არაბულად ეწერა ყველაფერი, თვით გასვლის დროც კი არაბული ციფრებით წაეწერა. ვიკითხე, ეს არ მესმის და როდის გადის ავტობუსი თქო. მითხრეს აქ დაელოდე და გეტყვითო.

დაველოდე...

ცოტა ხანში, მოდის ჩემთან ის კაცი, ვინც ბილეთი მაყიდინა, ხელით მანიშნა  წამომყევიო. ავიკიდე ჩანთა და გავყევი გარეთ. ავტობუსი ისე ეყენა, წარწერა ვერ დავინახე. კაცმა ჩანთა საბარგულში დამადებინა, ამაცილა სალონში, ჩემს ადგილზე დამსვა, ბილეთი გამომართვა,  რაღაც "Good Luck"-–ის მსგავსი ჩაილაპარაკა და ჩავიდა. ჩემს გვერდით პატარა ბავშვი იჯდა. გავუღიმე. 
ავტობუსი დაიძრა. ცოტა მღელვარებამ გადამიარა. დამასკოში მივდივარ, დამასკოში!

უცებ ავტობუსი მკვეთრად ამუხრუჭებს, კარები იღება და ამორბის კაცი, ვინც ბილეთი მაყიდინა და აქ ამომაცილა. გაწითლებულმა და აქოშინებულმა, ხელი წამავლო  "ჩამომათრია" ავტობუსიდან. ჩანთა თქო გავკივივარ... მძღოლი ჩანთას გვაწვდის. რაღაცას ბურდღუნებს ეს კაცი "very sorry, verry sorry, no bus". ვაი!... 


შემიყვანეს ისევ იმ სადგურში, აქ დაჯექიო მიმითითეს სკამზე და ისტერიულად ტელეფონზე რეკვა დაიწყეს. 
ნუ იტყვით, როგორც გავარკვიე, სულ სხვა ავტობუსში ჩავუსვივარ,  ვინ იცის სად მიშვებდნენ. თან უკვე ღამდებოდა. აბა წარმოიდგინეთ, რა საინტერესო თავგადასავალი მელოდა, როცა შუა ღამით დამასკოს ნაცვლად, კაცმა არ იცის სად ამოვყოფდი თავს...
უცებ,  სადგურში შემოვარდა ახალგაზრდა ბიჭი, ზუსტად მახსოვს, ქერა თმები ჰქონა, ცისფერი უნიფორმის პერანგი ეცვა და იმოდენა ცისფერი თვალები ჰქონდა, გავოცდი... ჩემზე მიანიშნეს. გამიღიმა, გამომყევიო მანიშნა, ჩემი ჩანთა მხარზე მოიგდო  და გასასვლელისკენ გაემართა. გავეკიდე. მე კი ის კაცი გამომეკიდა, ვისი წყალობითაც, ვინ იცის სად მივდიოდი.. "დიმაშქ"–თქო ვკითხე ამ ყმაწვილს, კიო... 

გავირბინეთ ავტო სადგურის უკანა ეზო. დამასკოს ავტობუსი, რომელიც თურმე უკვე გასულიყო სადგურიდან, მოებრუნებინათ და სადგურის გარეთ შუა ქუჩაში გაეჩერებინათ.  ჩანთა საბარგულში შეაგდეს, სალონში ამაცილეს, ადგილი მიმითითეს. ბილეთი აღარ მქონდა, იმიტომ რომ, წინა ავტობუსში როცა ჩამსვა, იმ კაცმა გამომართვა. "Dont Worry"-იო გამიღიმა სიმპატიურმა ყმაწვილმა. "ჩემმა გამცილებელმა" კი, თავდახრიმლა, ისევ ბოდიშების მოხდა დაიწყო. არაფერია თქო  იქეთ დავამშვიდე და ჩასვლისას ხელი დავუქნიე კიდეც. 

ავტობუსი დაიძრა, ჰომსიდან რომ გადიოდა უკვე ღამდებოდა კიდეც. გვერით გოგონა მეჯდა, ჯვარი ეკეთა. ვკითხე შენც დამასკოში მიდიხარ თქო, კიო... დავმშვიდდი...

ჰოდა, მერე რა რომ, კინაღამ გადამკარგეს, ხომ დროულად მიხვდნენ შეცდომას და ლამის ქალაქიდან გასული ავტობუსიც მოატრიელეს ვიღაც გურჯი მაწანწალასთვის. მე კი ეს მინი თავგადასავალი სამუდამოდ დამამახსოვრდა.

ეს იყო სირია...


January 6, 2012

სირია 2010–ში (Part 1)

უკვე ღამდებოდა ავტობუსი ალეპოს მიმართულებით რომ დაიძრა.

გიმგზავრიათ ოდესმე "პაბლიკ" ავტობუსებით ახლო აღმოსავლეთში? მარტოს? ღამით რამადანის დროს? შეიძლება ჩემს მოგონებებს შეცდომაში შევყავდე, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ასე მარტოდ მარტო მოვკალათდი სკამე და გავეშურე, სამხრეთისაკენ. 

მინდა ვურჩიო ქალ მოგზაურებს, თუ არასდროს არ გიმგზავრიათ მარტო ეგეთ სიტუაციაში, არ გაგიკვირდეთ, თუ, რბილად რომ ვთქვათ, რამოდენიმე მგზავრის  ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობთ. ასე მაგალითად, ჩემს უკან მსხდომი 2 ვაჟკაცი, მთელი ღამის მანძილზე ჩემი სკამის ზურგს ფეხებს ურტყამდნენ (იქნებ ვერ ეტეოდნენ? ვერ გეტყვით). გამცილებელი (თურქულ ავტობუსებში, ყოველთვის გამოწკეპილი გამცილებლები შემოგეგებებიან და ჩაის და ნამცხვრებს არ მოგაკლებენ მგზავრობისას), ყოველ გავლა გამოვლაზე ახერხებდა ჩემთვის მხარის გაკვრას. ჰო, მეტყვით არაფერიო, ეგ რა არისო, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ არც კი ვიცოდი სად მივდიოდი და კაცმა არ იცოდა კიდევ შემიშვებდნენ თუ არა ქვეყანაში, ამ დეტალებს ყურადღებას ვაქცედი. კიდევ არგი, ის ცისფერთვალება სირიელი კაცი, ბარგი რომ ჩემთან ერთად ჩააბარა, ჩემს წინ იჯდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორი იმედი მქონდა მისი და ის  უბრალო ფაქტი, რომ ჩემთან ახლოს იჯდა, მამშვიდებდა ამ შავი ხალხით გატენილ ავტობუსში.

ვტობუსი ჰატაის სადგურში შევიდა თუ არა, გამომიცხადეს ალეპოსთვის სხვა ავტობუსში უნდა გადაბარგდეო. ჩემი ზურგჩანთა ერთმა შავმა კაცმა მხარზე მოიგდო და სადღაც გაიქცა, გავეკიდე. ვიღაცამ ჰალებ–ჰალებ–ო დაიძახა, მისკენ წავედი. მესამე კაცმა პასპორტი გამომგლიჯა ხელიდან და სულ სხვა მიმართულებით წავიდა. გადავირიე, ჩანთას გავეკიდო, თუ პასპორტს? ჯანდაბას! პასპორტს გავეკიდე. 
სადისპეჩეროში შევვარდი, ჩემი პასპორტი ერთ ახმახ თურქს ხელში უჭირავს. "აა, გუჯისტან..." არ მესიაოვნა ტონი, მაგრამ ასეთ დროს, გურული ხასიათის გამოვლენას არავის გირჩევთ. თავი მორჩილად დავხარე, და ვიკითხე, ხომ მომცემენ ვიზას თქო. ამხედ დამხედეს, კი, შეიძლებაო... პასპორტი დაიტოვეს და მითხრეს 1 საათი დაელოდე გარეთ ავტობუსსო. გული უფრო მეტად დამიმძიმდა, მაგრამ მაინც გარეთ გამოვედი. ბარგი კაცმა არ იცის სადაა. პასპორტი ვიღაც თურქებს აქვთ. უკეთესს რას ინატრებს კაცი...

ჰოდა, მაშინ როცა უკვე სიმწრისგან ტირილი დავაპირე, იქვე სკამზე პენსიონერი მოგზაურების წყვილი შევნიშნე. აღმოჩნდა, რომ ისინიც ალეპოში, სირიაში მიდიან! მათი პასპორტებიც თურქმა დისპეჩერებმა დაიტოვეს. კარგი, ქართველ მაწანწალას დაჩაგვრას რა უნდა, მაგრამ კანადელი პროფესორებიც რომ ჩემნაირ სიტუაციაში დავინახე, დავმშვიდდი. შემდეგ, იამანიც გავიცანით. სირიელი სტუდენტი, რამადანის დასრულების აღსანიშნავად, სახლში ალეპოში მიდიოდა. იმ მომენტში, ნამდვილად ვიწამე, რომ მოგზაურობის ღმერთი არსებობს და ის არ მიმატოვებს... 
ფოტო, მე, იამანი, და კანადელი ქალი (სახელი არ მახსოვს, სადღაც მიწერია).


მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო. შავი, ღიპიანი და ულვაშებიანი მესაზღვრეების გაოცებული სახეები მელოდა წინ. 
–სად მიდიხარ? 
–სირიაში? 
–კეროდ? 
–ალეპოში, პალმირაში, დამასკოში.
–რატომ არ აიღე ვიზა თბილისში?
–იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის სირიის საკონსულო..
–იტყუები! მე ვიცი რომ არის!
ეს ყველაფერი ისეთი დამტვრეული ინგლისურით, მე რომ ჩემი თავი ბაირონი მეგონება მათ ფონზე.
შუალედებში დახედავენ ჩემს პასპორტს, ვიღაცას გადააწვდიან. ასე ხელიდან ხელში მთელი საბაჟო მოიარა, ყველა ჩემს სახელს აკვირდებოდა, ამომხედავდა და ხარხარებდა – რაო, ჩაი (TEA) გქვიაო?... შაქრით ხარ, თუ უშაქროდო... თავი კიდევ უფრო მეტად დავხარე...

აი მაშინ  კიდევ ერთხელ დავაპირე ტირილი. რჩევა მეგობრებო, თუ რკინის ნერვები არ გაქვთ, უვიზოდ არ მიაჭრათ სირიის საზღვარს. ჰოდა, როცა უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა, როცა, "საჭვო ყოფაქცევის ქალად" მიმიჩნიეს, აი მაშინ გაჩნდა ჩემს გვერდით იამანი, ის სტუდენტი ბიჭი. არ დაიზარა, თარჯიმნობა იტვირთა. თავისი ტელეფონიც კი ჩააწერინა მებაჟეებს, ამ გოგოზე მე ვაგებ პასუხსო. ამ დროს ფაქსმაც მოგვისწრო დამასკოდან, სირიის მთავრობამ დაადასტურა რომ არ ვიტყუებოდი და თბილისში საკონსულო არ გვაქვს. 

ვიზა ჩამირტყეს. 8 დღით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ ბოლო მომენტში რომ მკითხეს რამდენი დღე დარჩებიო, 10–თქო ვიყვირე. კიდევ კარგი. ზემოთ ხსენებული რამადანის გამო 1 დღე ალეპოში გავიჭედე, მეორე დამასკოში. კიდევ ერთხელ გამიმართლა :).

როცა ვჯდებოდი, ავტობუსის მძღოლი მომიტრიალდა და მითხრა, ძალიან გაგიმართლაო. საერთოდ მინიმუმ 2 საათი სჭირდებათ საზღვარზე ვიზის აღებისთვის, შენ კიდევ რაღაც 30 წუთი დაგაყოვნესო...

ჰოდა, ის იყო დავმშვიდდი, რომ ავტობუსი ალეპოში შეგრიალდა. ყოფილხართ ალეპოში? თუ არა ვერასდროს გაიგებთ რას ნიშნავს, როცა გრძელი ღამის შემდეგ, უფრო გრძელი დილის და საზღვარზე გატარებული შუადღის შემდეგ, ზედ ალეპოს შუაგულში გაგიჩერებენ ავტობუსს და მოვედითო გეტყვიან.

მოვედით. ღმერთო, და ამისთვის მოვიკალი თავი?!

მეგზურებს დავემშვიდობე, კონტაქტები გავცვალეთ, ჩემი ზურგჩანთა ავიკიდე, ერთ ხელში Lonely Planet-ის წიგნი მდაიჭირე, მეორეში გუგლის რუკა ზედ რომ, ჩემი სასტუმრო მოვნიშნე.  კიდევ ერთი რჩევა მეგობრებ, თუ ახლო აღმოსავლეთში სასუმროს დაჯავშნას დააპირებთ, მარტო  ერთ წყაროს არ ენდოთ, LP- წიგნში და ფორუმში, აგრეთვეTrip Advisor–შიც გადაამოწმეთ და მხოლოდ რეიტინგის მაჩვენებელ ციფრს კი ნუ შეხედავთ, მოგზაურების რევიუებიც წაიკითხეთ აუცილებლად! 

ჩემს სასტუმროზე წიგნში ეწერა ერთადერთი სასტუმროა ძველ ქალაქშიო და ალეპოს ციტალედთან ყველაზე ახლოს არისო. მეც მეტი რა მინდოდა, ჩემი ჭკუით ყველაზე უსაფრთხო ადგილას ვიშოვე ღამის გასათევი (მარტო ვარ გოგო მაინც!). ჰოდა, უკვე 2 დღის ემოციებისგან გათანგული, ქალაქში ნახევარი საათის წანწალის შემდეგ მივადექი ძველი ქალაქის კარიბჭეს. ჰოდა, ეხლა წარმოიდგინეთ აღმოსავლეთის ბაზარი. ალეპოს ძველი ქალაქი კი მეტი  არაფერია თუ არა ეს დიდი ბაზარი, ერთ–ერთი ყველაზე დიდი მთელს ახლოაღმოსავლეთში. ვიდექი ბაბ ანტაკიასთან, ანუ ამ ქალაქის კარიბჭესთან, შუა საუკუნეების ნაისრალები რომ  დღემდე ეტყობა ზედ, წინ უამრავი ხალხი ტრიალებს, უფრო მეტი კი გაურკვეველი რაღაცაებით ვაჭრობს და აი მაშინ მივხვდი, რომ მაგარ შარში ვიყავი...




(გაგრძელება იქნება თუ არ დამეზარა ამდენი წერა)

December 26, 2011

სირია 2010-ში (Part 0)

პირველად გეგმა მქონდა ძალიან მარტივი მივდივარ სტამბულში, ოჯახში ვიბარებ, რომ მივდივარ კონცერტზე მეგობრებთან ერთად. თავში კიდევ ვამუშავებ (პლან ბ-ს):
დღე პირველი: სტამბულში ჩასვლა, სასტუმროში დაბინავება, ფეხით სეირნობა, რამდენსაც შევძლებ;
დღე მეორე: დილით  ადრე მაჩკაზე სირიის საკონსულოს პოვნა, ვიზაზე განაცხადის შეტანა. შემდეგ სასტუმროში გაქცევა, ნატალის, ნაცის და ლენკასთან ერთად, ქალაქის მესამე ბოლოში U2-ს კონცერტზე მისასვლელი ავტობუსის პოვნა, კონცერტზე დასწრება;
დღე მესამე: აზრზე არა ვარ ამ დღეს რას ვაკეთებ, საკონსულოს პასუხის მიხედვით გზად მოვიფიქრებ რამეს;

ასეთი მომზადებული ჯერ არ ვყოფილვარ ცხოვრებაში. მოკლედ, ვიპოვე საკონსულო. სანამ გაიხსნებოდა, მაჩკაზე ვიყავი დილის სოკოსავით ამოსული. ჩემნაირები კიდევ სხვებიც აღმოჩნდნენ, ნუ მთლად ჩემნაირები არა, მაგალითად იყვნენ ცოლ ქმარი ავსტრიელები, რომლებიც ინდოეთში მიდიოდნენ სირიის გავლით, გაურკვეველი წარმოშობის ზანგები, კიდევ ერთი სიმპათიური კაცი, მე რომ კალამი მთხოვა სავიზო აპლიკაციის შესავსებად. 
შევავსე აპლიკაცია, თან არ იფიქროთ მოუმზადებელი ვარ, ბანკში აღებული სამსახურის ცნობა და ამონაწერი და 2 ფოტო სურათიც მაქვს, თან ხელში დიდი მოგზაურივით ჩემს პირველ Lonely Planet-ის მეგზური მიპყრია (ტიპა, შემომხედეთ, სხვა ვინმე არ გეგონოთ, მოგზაური ვარ). 
მივედი ქალთან, რომელიც საბუთებს იბარებდა, და.. ნურას უკაცრავადო, ჩვენ ვიზებს არ გავცემთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზეო... კითხვაზე რა ვქნაო, ჯერ დაფიქრდა, შემდეგ ამხედა, ნელა ჩამომხედა და მითხრა, შეგიძლია საზღვარზე მიხვიდე და იქ სცადო ბედიო. მომცემენ თქო ვიზას ვეკითხები, თუ გაგიმართლებს მოგცემენ, თუმცა არა მგონიაო და "ნექსტ"-ო დაიყვირა...
დრო იმდენად მიჭერდა, კონცერტზე ვაგვიანებდი, არც მიფიქრია თუ რას ვიზამდი ხვალ. ბონო მელოდა და სირია მოიცდიდა 1 დღით.

კონცერტზე მოვხვდით, ტუალეტის რიგშიც 2 საათი ვიდექით, ბონომაც ხელის შეხების მანძილზე გაიგოგმანა ჩვენს წინ, საკოცნელად კი სხვა  გოგო აიყვანა ("მაგარი ბანძი"), კიდევ ვიღაც რუსებმა ალკოჰოლი დაგვალევინეს და გაგვათბეს, მოკლედ "გაასწორა". 

გათენდა, მეგობრებს ვეუბნები, რომ მივდივარ სირიაში, ბედს ვცდი, შემიშვებენ ჰო კარგი, თუ არა და რამეს იქვე მოვიფიქრებ, თუ რა ვქნა შემდეგ. სანამ ნაცდათო რამე რჩევის თქმას მოასწრებდა, მანამდე გავიქეცი, სირიელი მებაჟეებზე მეტად, მისი არაპოზიტიური პროგნოზის მეშნოდა და მეშინია დღემდე :) (ნაცი, ბეზ აბიდ). წასვლამდე მე თვითონაც უკვე გადავქექე ინტერნეტი საზღვარზე ვიზის მიღების თაობაზე. პასუხი იყო ყველგან ერთნაირი, მარტო მოგზაურმა ახალგაზრდა, გაუთხოვარმა ქალმა და მით უმეტეს პოსტ საბჭოეთიდან, არ უნდა იოცნებოს ვიზის მიღებაზეო. მოკლედ, მთლად გულდამშვიდებულიც არ ვიყავი, მაგრამ...

სტამბულის ცენტრალური ავტოსადგური, იმაზე პატარა აღმოჩნდა ვიდრე მახსოვდა, შეიძლება ეხლა მახსოვს ეგრე პატარად, მაგრამ მაშინ დაახლოებით ასე იყო: ვდგევარ ამ უზარმაზარ წრეში და ირგვლივ კომპანიის ოფისები აჭრელებული იყო ათასგვარი მიმართულებებით. მე ერთი მინდა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, არცერთი თავისუფალი ადგილი ალეპოს მიმართულებით. დამავიწყდა მეთქვა რომ სექტემბრის 7-ია, ანუ რამადანი ბოლო დღეებს ითვლის და ყველა მუსულმანი უკვე ემზადება ფესტივალის ოჯახებში აღნიშვნისათვის, რაც ნიშნავს რომ მთელი ახლო აღმოსავლეთის ტრანსპორტი გადაჭედილ-გადაძეძგილია. აი მაშინ ავნერვიულდი. ისე შემოვირბინე ყველა ოფისი და დავბრუნდი საწყის ადგილზე, რომ ვერაფერი ვიპოვე, ხელმოცარული ვარ....

მერე, ჯანდაბაში გავუშვი ეს უაზრო ცრურწმენები, შევედი ოფისში, ნომრით 13, გამყიდველმა ეჭვის თავლით ამომხედა, ვიღაცას ანიშნა, იმან გევრდით გამიყვანა, სადღაც სხვა ოფისში შემიყვანა და ჰმ, გაგიმართლაო, ბოლო ბილეთიაო. ბოლო!..

უკვე ღამდებოდა, გამცილებელმა ჩემი ბარგი რომ საბარგულში შეაგდო, "ჰალებ"? მკითხა, კი თქო, გვერდით მეორე მგზავრმა, გაოცებით ამომხედა უზარმნაზარი ცისფერი თვალებით, არ დაიჯერა ალბათ, ან ვინმე გიჟად ჩამთვალა, ან"პატიოსან" ქალად. არ მადარდებდა არაფერი, ბილეთი მაქვს და მივდივარ. რაღაც მაინც გავაკეთე, ჰო ვიცი, დიდი არაფერი, მაგრამ მაშინ ეს ჩემთის დიდი ნაბიჯი იყო. თუმცა გაურკვეველია რა მიმართულებით...