Showing posts with label Story. Show all posts
Showing posts with label Story. Show all posts

September 26, 2016

СКОЛЬЗКИЕ УЛИЦЫ

ის: "You will never live a boring life, right?"
მე: "I am telling you, I am going to write a book one day.. "
ის: "You must! I am sure it will be a great book!"

როცა იანვრვარში, კუბიდან უკან მომავალი თვითმფრინავში სიმწრით ჩუმად ვტროდი, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში, სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ვისხდებოდით ერთად ბრიუსელის კაფეში და ბავშვობის დაქალებივით ვიჭორავებდით, რა თქმა უნდა არ დავიჯერებდი...

ოდესმე მართლა დავწერ წიგნს, დავწერ ყველა იმ უაზრო, უცნაურ და დაუჯერებელ ისტორიაზე, ხანდახან მეც რომ ეჭვი მეპარება ნუთუ ეს მართლა გადამხდა თქო.. თუმცა სანამ ეს მოხდება, უკან სახლში მოსეირნეს უნებურად მახსენდება წარსული მოვლენების მთელი ჯაჭვი და ჩემდა უნებურად მებადება კითხვა, აი ეხლა, ამ წამს სად ვიქნებოდი, რომელიმე ამ მოვლენათაგან სხვანაირად რომ განვითარებულიყო ან საერთოდაც რომ არ მომხდარიყო?

- მართლაც საინტერესოა, როგორი იqნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ არ დავთანხმებულიყავი ბრიუსელში სამსახურს და წავსულიყავი ბუდაპეშტში, მესწავლა საერთაშორისო ურთიერთობები ან და საერთოდაც თბილისში დავრჩენილიყავი? 
- რა მოხდებოდა გასაუბრებაზე სრულიად უმოტივაციო რომ არ გავსულიყავი, ბელგიაში წასვლის 0 სურვილით. რა მოხდებოდა თავისუფლად რომ არ მექაქანა და ჩემს უფროსს სწორედ ეს ჩემი უშუალობა და "დაუძაბველობა" რომ არ მოსწონებოდა...
- რომ არ გავქცეულიყავი ცხრა ზღვა და ცხრა მთას გადაღმა კუბაზე? რა მოხდებოდა რომ იქ ყველაფერი ისე წარმართულიყო როგორც მაშინ "ჩვენ" გვინდოდა?
- საერთოდ რომ არ გამეგზავნა ლონდონიდან ჩამოსულს cv-ბრიუსელში?  
- ლონდონში გამოფენაზე მყოფს, რომ არ გამომცხადებოდა ბრისელიდან "ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ და გადმოდი ბრიუსელში საცხოვრებლად" სიტყვებით...
- მადაგასკარიდან სახლში გამოფრენის წინა დღეს წაშლილი watsapp რომ არ აღმედგინა, რომ არ მოვეკითხე და მეც რომ არ მეთქვა სულ რაღაც 2 დღეში ლონდონში ვიქნები თქო.. 
- ლონდოში წასასვლელად ვიზა რომ არ ამეღო მადაგასკარზე გაფრენამდე რამოდენიმე დღით ადრე... ირლანდიელ მწერალს რომ არ მოეწერა ჩუმად ლონდონში შეიძლება მიგიწვიონ გამოფენაზე, ვიცი მადაგასკარზე მიდიხარ, მაგრამ ვიზა წინასწარ აიღე და აუცილებლად ეცადე აქ ჩამოხვიდეო... ფაქტიურად რომ არ დაეძალებინა ჩემთვის ამის გაკეთება, მადაგასკარში ჩაფრენილს კი ბედად რომ არ შემომეწმებინა მეილი ჯუნგლებში წასვლამდე 1 საათით ადრე და არ მენახა ლონდონში მიწვევა.. 
- რომ არ გამემარჯვებინა Getty Images და Team SCA-ს კონკურსში, რომ არე მივეწვიე პორტუგალიაში, რომ არ დავმეგობრებულიყავი ირლანდიელ მწერალს ...
- რომ არ წავსულიყავი პაკისტანში და არ გადამეღო ფოტო კონკურსში რომ გაიმარჯვა.  ჩემს მეგობარ ნიკას რომ არ მოეყოლა უამრავი ისტორია პაკისტანზე და სწორედ ამ ქვეყანაში წასვლის იმედით არ დავთანხმებულიყავი ფინკაში სამსახურს... 
- რომ არ წავსულიყავი 6 წლის დამასკოში, არ გავჩერებულიყავი სწორედ იმ კონკრეტულ ჰოსტელში, გამეღვიძა თუნდაც 10 წუთით გვიან და სასაუზმოდ გასულს არ გამეცნო ორი ხორვატიელი მეგობრი ჰოსტელს რომ ტოვებდნენ იმ დილით... რა მოხდებოდა "მაღალი და სიმპათიურისთვის" არ მიმეცა ჩემი emai-ის მისამართი, თითქმის 5 წლის თავზე, კი მის მეგობარს არ მოეწერა "თბილისში ჩამოვდივარ და თუ სურვილი გაქვს იქნებ შემხვდეო" მეილი. სწორედ იმ დილით  რომ არ მიმეხატა ფეხზე მორიგი ტატუ - ცხოვრების ცვლილების მტკიცე გადაწყვეტილებით, მაშინ როცა არც მაღალი და სიმპათიური ხორვატიელი მახსოვდა და მით უმეტეს არც მისი "უჟმური" მეგობარი...

ვიცი, ცოტა აბდაუბდა პოსტია... რატომღაც ამ ბოლო დროს მუზამ მიმატოვა, კუბაზე დარჩა... როცა დამიბრუნდება ამ ისტორიასაც სრულად დავწერ ალბათ, ან წიგნისათვის შემოვინახავ. უბრალოდ ეხლა მინდა ჩემს თავს და ყველა გოგოს ვუთხრა ერთი რამ, ჩვენ არ ვიცით რა გველოდება მომავალში, სად წაგვიყვანს ცხოვრების გზა, ვის შევხვდებით ამ გზაზე მყოფნი და რაც მთავარია წარმოდგენა არ გვაქვს თუ რა როლს ითამაშებენ ეს ადამიანები ჩვენი ბედის ფორმირებაში. როცა მას პირველად შევხვდი დამასკოში, გავიფიქრე რომ მაგარი უჟმური ვინმეა და მაშინვე დავივიწყე მისი არსებობა.. როცა 5 წლის შემდეგ თბილისში შვხვდი, გული დამწყდა, შეყვარებული მყავსო თქვა და მახსოვს გავიფიქრე, რომ სწორედ ასეთ "ჩემნაირთან" მოგზაურობა იქნებოდა კარგი.. როცა 7 თვის შემდეგ ლონდონში  დავინახე  ხალხის ტალღაში ჩემსკენ მომავალი ჩემს თავს ვუთხარი: "მაგარ შარში ხარ თათია!"...  როცა კუბაზე ჩაჯდა მანქანაში და უკან მოუხედავად წავიდა, სიმწრისგან მინდოდა მიმეხრჩო...

ოდესმე, თუ მორიგ ემოციურ ქარტეხილში ამოვყოფ კვლავ თავს, როცა თავს ვიგრძნობ უძირო ოკეანის სკერზე, როცა კვლავ სიმწრისგან ცრემლები დამახრჩობს და ჩავთვლი რომ ცხოვრება მთავრდება, თუ შევძლებ და სწორედ ამ ისტორიას და ამ საღამოს შევახსენებ ჩემს თავს,  ვიცი რომ შევძლებ მიწაზე დავბრუნდე და სუნთქვა გავაგრძელო.. თუ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს თავს,  რომ არ არსებობს სიტუაცია და ემოციური ქარტეხილი რომელსაც ვერ გადავლახავ და აი მაშინ კი ჩავთვლი რომ გავიზარდე... 

მანამდე კი... დამშვიდობებისას გადავეხვიე, ვუთხარი რომ მისდაუნებურად ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომ მე ის ყოველთვის მეყვარება ჩემებურად და ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები მისი... პასუხად გაეღიმა, ვიციო მითხრა...

ჰოდა, სექტემბრის ერთ, ბრიუსელისათვის შეუფერებლად თბილ და სასიამოვნო ღამეს უკან სახლისკენ მოსეირნეს უეცრად გამახსენდა ჩემი საყვარელი Bi2-ს სიმღერის ტექსტი. უცნაურია, ყველა ადამიანისთვის და ყველა ურთიერთობისთვის, როგორ არსებობს ზედმიწევნით შესაფერისი სიმღერა..


October 20, 2013

ვიწრო და პატარა მსოფლიო

ცოტა ხანში აფრიკაში მივფრინავ. თრეველ კომპანიამ ვერა და ვერ გადაწყვიტა, თუ როგორ დაეჯავშნათ ჩემთვის მარშუტი. საბოლოოდ მომიბოდეშეს, ერთი დამატებითი დღე მოგიწევს დარ ეს სალამში გაჩერებაო, მაგრამ კომპენსაციისათვის შეგიძლია ზანზიბარში გადახვიდე, ულამაზესი კუნძულია და რაიმე საინტერესოს აუცილებლად იპოვიო.. რა თქმა უნდა გულითადი მადლობა გადავუხადე და მეტი არაფერი მიხსენებია, თქვენ კი ჩემს ბოლო ზანზიბარული ბოლო დღის მოგონებას გაგიზიარებთ...
...

მას მსოფლიოში ყველაზე მწვანე თვალები და გაბურძგნული თმები ჰქონდა. როცა წინ ჩავუარე ისეთმა გაუცებულმა შემომხედა და ისე აუკიაფდა ეს თვალები გარუჯულ სახეზე, რომ მეც ძალაუნებურად ფეხი შევანელე. ეტყობოდა, ძალიან გაუკვირდა თეთრი და წითელთმიანი გოგოს დანახვა ამ გამურული ხალხით გატენილ სანაპიროზე და მიუხედავდ იმისა, რომ ირგვლივ უამრავი ცარიელი სკამი იყო, რა თქმა უნდა მასთან მივედი და "შეიძლება დავჯდე თქო" ვკითხე.. "Oh, please do it!" - დღემდე მახსოვს როგორი ინტონაციით აღმოხდა.. 


ლამაზმანი სამხრეთ აფრიკიდან იყო, კეიპტაუნიდან დაიწყო და ტანზანიამდე ველოსიპედით ჩამოვიდა. მაჩვენებს განვლილი გზის ფოტოებს და ვიდოებს თუ როგორ ხტება ვიქტორიას ჩანჩქერიდან ფეხზე თოკ გამობმული. მერე მე ვუყვები ჩემს ისტორიებს და "You are f*ing crazy"-საც ვიმსახურებ.. დღეს ვიწრო ქუჩებში ხეტიალით, ფერდი მერკურის ბარში ლუდის სმით, სანაპიროზე მზის ჩასვლის ცქერითა და იქვე გრილზე შემწვარი თევზის ჭამით ვაგრძელებთ.

მოკლედ, იდეალური რომანტიული ფილმის სიუჟეტი გამოვიდოდა, თუმცა ჩემი პოსტის თემა ამჯერად ეს სულაც არ არის. ნუ, ოდესმე შეიძლება ეგეთებიც დავწერო, ოღონდ ეხლა არა.  ეხლაც იმიტომ ვახსენე, რომ მის გარეშე ქვემოთ ისტორიას ვერ მოვისმენდი.


მოგვიანებით სანაპიროზე ჩემი მეგობარი ებრაელი გოგონა ვიპოვეთ, აი ის წინა დღეს რომ გავიცანი და ერთად ვიგერიებდით ნარკო ბარიგებს პლაჟზე... ცოტა ხანში შემოგვიერთდნენ ჰოსტელის მეპატრონე ქალი და მისი მეგობარი გაურკვევლი რჯულის გამურული და ფერად ქუდებიანი ახალგაზრდები. ვსხედვართ ასე პარკში პორტის წინ, წინვე გაგვიშლია მოსაწევი შიშა და წრეში ჩამოატარებით ვეწევით. ჩვენს ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა, ფუსფუსებს, ანალოგიურად ჭამენ-სვამენ და ერთობიან. მეორე დღეს 7 საათზე ბორანით უნდა დავბრუნდე აფრიკის კონტინენტზე, მაგრამ ეს რატომღაც არ მადარდებს და თავს უცნაურად მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ ამ ქაოსსა და გაურკვევლობაში.

და უეცრად წინ ერთმა ახალგაზრდამ ჩაგვიარა, გამჭირვალე სათვალეებით, ხაკისფერი მაისურით, შორტებითა და სანდლებით.  გრძელიტალღოვანი თმები მხრებზე ეცემოდა და მოგრძო სახეს კიდევ უფრო უგრძელებდა... ჩაგვიარა თუ არა მე და სამხრეთ აფრიკელს ერთდროულად აღმოგვხვდა "Hi Jesus!"... არ ვიცი, იქნებ ზედმეტი მოგვივიდა ზანზიბარის ცნობილი შიშა, მაგრამ ფაქტია, ბიჭი მოტრიალდა მოვიდა ჩვენთან და გაბრაზების ნაცვლად გაგვიღიმა. "აი ასე არის სულ" შეწუხებულმა ჩაილაპარაკა და არც დაელოდა ჩენს შემოთავაზებას იქვე წინ მოკალათდა. 
საინტერესო ვინმე აღმოჩნდა, ისრაელიდან. ჯარი დაამთავრა და მიატოვა ყველაფერი. ცოტა ხანში მე, ლამაზმანი და ებრაელი გოგო თავის სახლში მიგვიპატიჟა, იქვე პარკის გადაღმა რომ ჰქონდა ნაქირავები. სამხრეთ აფრიკელი და ჩემი მეორე მეგობარი გოგოც სიხარულით დასთანხმდნენ. 

ხანდახან ვფიქრობ, რომ როცა ვმგზაურობ, ადამიანებს ზედმეტად ვენდობი ხოლმე და ურიგო არ იქნება, უფრო მეტი სიფრთხილე რომ გამოვიჩინო მომავალში. თუმცა იმ მომენტში დებილივით რომ არ წავხეტიალებულიყავი ამ სრულიად უცხო ხალხთან ერთად, ალბათ იმ მოგზაურობაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამბავსაც ვერ მოვისმენდი. ამ ისტორიას ოდესმე გავალამაზებ, განვავრცობ და რამე კარგ სიუჟეტადაც გამოვიყენებ (თუ არ დამეზარა), ამიტომაც მადლობა ჩემს ებრაელ მასპინძელს.
ისტორია ამ ებრაელის ორ ტყუპ ძმაკაცზეა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მართალია, იქნებ ებრაელს უნდოდა ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა, ან იქნებ ჩემი მტკიცების მიუხედავად რომ "არ ვბოლდები", მაინც იმოქმედა ჩემზე ცნობილმა "ზანზიბარულმა", მაგრამ ფაქტია, რომ იმ ღამესვე სასტუმროში მისულს არ დამეზარა და ბლოკნოტში ჩავიწერე შემდეგი:

ტყუპების მშობლებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს კიევში გაიცნეს. ქალი უკრაინელი ებრაელი იყო, კაცი - სამედიცინოს სტუდენტი ტანზანიიდან. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალე ტყუპებიც მოევლინენ ამ ქვეყანას, მაგრამ არაფერი არ გრძელდება სამუდამოდ. დრო შეიცვალა და ცოტა ხანში კაციც იძულებული შეიქმნა უკან გაბრუნებულიყო სამშობლოში. ქალს ამ ფაქტმა გული ისე ატკინა, რომ შვილებს გვარი შეუცვალა ხელი დაავლო და ისრაელში გადაბარგდა.
დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ და ჯარში წავიდნენ. იქ ჩემს ებრაელ მეგობარს შეხვდნენ, აი იმას იესო ქრისტეს, რომ ჰგავდა ძალიან. ბავშვები უმამომაბს ძალიან განიცდიდნენ და გადაწყვიტეს ჯარის შემდეგ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ მამა მოეძებნათ. რა თქმა უნდა საუკეთესო მეგობარმაც დახმარება აღუთქვა. 
ჯარი დაამთავრეს და ტყუპებმა და მათმა მეგობარმა ერთად მიაშურეს დარ ეს სალამს. წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ საიდან უნდა დაეწყოთ ძიება. ერთადერთი რაც იცოდნენ იყო გვარი და ის, რომ 20 წლის წინ რომელიღც ჰოსპიტალში მუშაობდა ექიმად. მეგობრებიც ადგნენ და ყველა ჰოსპიტალის კარებზე დააკაკნეს და არქივები გადაქექეს. ბოლოს,  დიდი ხნის ძების შემდე, ერთ-ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელმა გაიხსენა ასეთი სახელის მქონე ექიმი. აღმოჩნდა, რომ მას მედიცინა მიეტოვებინა და პოლიტიკაში გადაბარგებულიყო. ისიც გაიგეს, რომ ტაგას პროვინციაში მოღვაწეობდა. მიაშურეს ტაგასაც და ძალიან გაოცდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს კაცი მთელი პროვინციის გუბერნატორი ყოფილა - ამავე დროს პროვინციის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი. 
ძალიან დაბნეული, ცოტათი შეშფოთებული 3 მეგობარი, გუბერნატორის კარს მიადგნენ. როგორც ჩემი მეგობარი ყვებოდა, როცა დაცვამ კითხა, თუ რა გადაეცათ გუბერნატორისათვის, ვინ გკითხულობსო, ძმებმა ერთდროულად მიუგეს "თქვენი შვლებიო!".
დაცვა გატრიალდა და მეგობრები რამოდენიმე ხანმოკლე და ყველაზე გრძელი წუთი ელოდნენ მის უკან დაბრუნებას.. ბოლოს გამოჩნილა "I've been waiting for my sons" -ო  გუბერნატორის ამ სიტყვებით.

მითხარით, რომ მსგავსება მე არ მომლანდებია
ვერ აგიღწერთ გამომეტყველებას, რაც ჰქონდა ჩემს ებრაელ მასპინძელს ამ მომენტის მოყოლისას. თითქოს თავადაც იპოვა მამა მამაშინ. თვალები უბრწყინავდა და წინადადებებს შორის ამატებდა, აუცილებლად იქნებიან ერთად ისინი, ვისაც ეს ბედით უწერიათო...

ბიჭებმა მამა  იპოვეს, მამამ შვილები.. ცოტა ხანში მეგბარს მობეზრდა სტუმართმოყვარეობით სარგებლობა ბარგი ჩაალაგა და მადაგასკარში გადაბარგდა (მეც მეუბნებოდა, აუცილებლად წადი, მოგეწონებაო)... წლები გავიდა, ბიჭები დაიფანტნენ, გაიზარდნენ და 4 წლის შემდეგ, ისევ შიეკრიბნენ 3-ვენი ისევ დარ ეს სალამში და ეხლა უკვე საკუთარი საქმის დაწყებას აპირებდნენ. ერთ სასტუმროს ზანზიბარში ხსნიდნენ, მეორეს არუშაში. წინ მიმავალი დიდი გეგმები ჰქონდათ. იყო რაღაც მართლაც ამაღელვებელი ამ ამბავში და მთელს ისტორიაში და ეს მეგობარიც ისე ყვებოდა, რომ 3-ვენი გულისყურით ვუსმენდით.

....

ბოლოს მოსაწვი ჩაიფერფლა და მეც დავემშვიდობე მეგობრებს. ავიღე ფოტო აპარატი და უკანმოუხედავად გამოვიხურე ყველა კარი. დღემდე არ მესმის ასე რატომ მოვიქეცი მაშინ. ეხლა კი უკვე ძალიან ვნანობ. პირადად მე ვეუბნებოდი ყველას, რომ არასოდეს არ უნდა გაწყვიტო არავისთან კონტაქტი, მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხარ, რომ ადამიანს ვერასოდეს შეხვდები და რამოდენიმე წუთის წინ მოყოლილმა ისტორიამაც ვერაფერი მასწავლა :(. ვერ ვისწავლე დღემდე, რომ დედამიწა არის ძალიან ვიწრო და პატარა, არასოდეს არ იცი სად მოხვდები და ვის შეხვდები (again and again). მაშინ მეგონა, რომ ამ ადგილებში არასოდეს არ დავბრუნდებოდი და მათაც ვერასოდეს შევხვდებოდი და რატომ მეგონა ასე, ეს კი გაუგებარია, ადრეც ხომ დავბრუნებულვარ და შევხვედრივართ კვლავ და კვლავ...

ზემოთ მოყოლილი ისტორიით და ჩემი საკუთრი სხვებით, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ეს მსოფლიო შეიძლება იყოს საოცრად ვიწრო და პატარა თუ არის სურვილი და გწყალობს მცირედი იღბალიც... როგორც ეს ებრაელი ბიჭი იტყოდა, თუ იღბლიანი ხარ ბრუნეის მოსახლესაც შეხვდები, იმისდამიუხედავად, რომ ძალიან ცოტანი არიან და შესაბამისად სადმე სხვა ქვეყანაში მათთან შეხვედრის შანსი ფაქტიურად 0 არისო....

ეხლა ეს მოგონებიბი იმიტომ ამომიტივტივდა, რომ ცოტა ხანში ჩემდა გასაოცრად ისევ იმ არემარეში ვბრუნდები, გამახსენდა ის ერთი ლამაზი დღე სამხრეთ-აფრიკელ ექსტრემალთან და უცნაური ისტორია ებრაელი ბიჭის მეგობრებზე, ეხლა რომ საშინლად მაინტერესებს მართალი იყო თუ არა ეს უკრაინელ-ებრაელების ტანზანიური თავგადასავალი, ან როგორ დასრულდა მათი ოცნებები-გეგმები. იქნებ მართლა ყველაფერი გამოიგონა იმ ჩვენმა მასპინძელმა, ან სულაც მე მოვბოდე ეს ისტორია?  თუმცა ამას ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებ. ნუ, თუ რა თქმა უნდა ზანზიბარში არ გადავალ და იმ უცნაური ებრაელის კარებზე არ დავაკაკუნებ და ვეტყვი "Hi Jesus!"