September 26, 2016

СКОЛЬЗКИЕ УЛИЦЫ

ის: "You will never live a boring life, right?"
მე: "I am telling you, I am going to write a book one day.. "
ის: "You must! I am sure it will be a great book!"

როცა იანვრვარში, კუბიდან უკან მომავალი თვითმფრინავში სიმწრით ჩუმად ვტროდი, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, რომ სულ რაღაც რამოდენიმე თვეში, სექტემბრის ერთ თბილ საღამოს ვისხდებოდით ერთად ბრიუსელის კაფეში და ბავშვობის დაქალებივით ვიჭორავებდით, რა თქმა უნდა არ დავიჯერებდი...

ოდესმე მართლა დავწერ წიგნს, დავწერ ყველა იმ უაზრო, უცნაურ და დაუჯერებელ ისტორიაზე, ხანდახან მეც რომ ეჭვი მეპარება ნუთუ ეს მართლა გადამხდა თქო.. თუმცა სანამ ეს მოხდება, უკან სახლში მოსეირნეს უნებურად მახსენდება წარსული მოვლენების მთელი ჯაჭვი და ჩემდა უნებურად მებადება კითხვა, აი ეხლა, ამ წამს სად ვიქნებოდი, რომელიმე ამ მოვლენათაგან სხვანაირად რომ განვითარებულიყო ან საერთოდაც რომ არ მომხდარიყო?

- მართლაც საინტერესოა, როგორი იqნებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არ არ დავთანხმებულიყავი ბრიუსელში სამსახურს და წავსულიყავი ბუდაპეშტში, მესწავლა საერთაშორისო ურთიერთობები ან და საერთოდაც თბილისში დავრჩენილიყავი? 
- რა მოხდებოდა გასაუბრებაზე სრულიად უმოტივაციო რომ არ გავსულიყავი, ბელგიაში წასვლის 0 სურვილით. რა მოხდებოდა თავისუფლად რომ არ მექაქანა და ჩემს უფროსს სწორედ ეს ჩემი უშუალობა და "დაუძაბველობა" რომ არ მოსწონებოდა...
- რომ არ გავქცეულიყავი ცხრა ზღვა და ცხრა მთას გადაღმა კუბაზე? რა მოხდებოდა რომ იქ ყველაფერი ისე წარმართულიყო როგორც მაშინ "ჩვენ" გვინდოდა?
- საერთოდ რომ არ გამეგზავნა ლონდონიდან ჩამოსულს cv-ბრიუსელში?  
- ლონდონში გამოფენაზე მყოფს, რომ არ გამომცხადებოდა ბრისელიდან "ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ და გადმოდი ბრიუსელში საცხოვრებლად" სიტყვებით...
- მადაგასკარიდან სახლში გამოფრენის წინა დღეს წაშლილი watsapp რომ არ აღმედგინა, რომ არ მოვეკითხე და მეც რომ არ მეთქვა სულ რაღაც 2 დღეში ლონდონში ვიქნები თქო.. 
- ლონდოში წასასვლელად ვიზა რომ არ ამეღო მადაგასკარზე გაფრენამდე რამოდენიმე დღით ადრე... ირლანდიელ მწერალს რომ არ მოეწერა ჩუმად ლონდონში შეიძლება მიგიწვიონ გამოფენაზე, ვიცი მადაგასკარზე მიდიხარ, მაგრამ ვიზა წინასწარ აიღე და აუცილებლად ეცადე აქ ჩამოხვიდეო... ფაქტიურად რომ არ დაეძალებინა ჩემთვის ამის გაკეთება, მადაგასკარში ჩაფრენილს კი ბედად რომ არ შემომეწმებინა მეილი ჯუნგლებში წასვლამდე 1 საათით ადრე და არ მენახა ლონდონში მიწვევა.. 
- რომ არ გამემარჯვებინა Getty Images და Team SCA-ს კონკურსში, რომ არე მივეწვიე პორტუგალიაში, რომ არ დავმეგობრებულიყავი ირლანდიელ მწერალს ...
- რომ არ წავსულიყავი პაკისტანში და არ გადამეღო ფოტო კონკურსში რომ გაიმარჯვა.  ჩემს მეგობარ ნიკას რომ არ მოეყოლა უამრავი ისტორია პაკისტანზე და სწორედ ამ ქვეყანაში წასვლის იმედით არ დავთანხმებულიყავი ფინკაში სამსახურს... 
- რომ არ წავსულიყავი 6 წლის დამასკოში, არ გავჩერებულიყავი სწორედ იმ კონკრეტულ ჰოსტელში, გამეღვიძა თუნდაც 10 წუთით გვიან და სასაუზმოდ გასულს არ გამეცნო ორი ხორვატიელი მეგობრი ჰოსტელს რომ ტოვებდნენ იმ დილით... რა მოხდებოდა "მაღალი და სიმპათიურისთვის" არ მიმეცა ჩემი emai-ის მისამართი, თითქმის 5 წლის თავზე, კი მის მეგობარს არ მოეწერა "თბილისში ჩამოვდივარ და თუ სურვილი გაქვს იქნებ შემხვდეო" მეილი. სწორედ იმ დილით  რომ არ მიმეხატა ფეხზე მორიგი ტატუ - ცხოვრების ცვლილების მტკიცე გადაწყვეტილებით, მაშინ როცა არც მაღალი და სიმპათიური ხორვატიელი მახსოვდა და მით უმეტეს არც მისი "უჟმური" მეგობარი...

ვიცი, ცოტა აბდაუბდა პოსტია... რატომღაც ამ ბოლო დროს მუზამ მიმატოვა, კუბაზე დარჩა... როცა დამიბრუნდება ამ ისტორიასაც სრულად დავწერ ალბათ, ან წიგნისათვის შემოვინახავ. უბრალოდ ეხლა მინდა ჩემს თავს და ყველა გოგოს ვუთხრა ერთი რამ, ჩვენ არ ვიცით რა გველოდება მომავალში, სად წაგვიყვანს ცხოვრების გზა, ვის შევხვდებით ამ გზაზე მყოფნი და რაც მთავარია წარმოდგენა არ გვაქვს თუ რა როლს ითამაშებენ ეს ადამიანები ჩვენი ბედის ფორმირებაში. როცა მას პირველად შევხვდი დამასკოში, გავიფიქრე რომ მაგარი უჟმური ვინმეა და მაშინვე დავივიწყე მისი არსებობა.. როცა 5 წლის შემდეგ თბილისში შვხვდი, გული დამწყდა, შეყვარებული მყავსო თქვა და მახსოვს გავიფიქრე, რომ სწორედ ასეთ "ჩემნაირთან" მოგზაურობა იქნებოდა კარგი.. როცა 7 თვის შემდეგ ლონდონში  დავინახე  ხალხის ტალღაში ჩემსკენ მომავალი ჩემს თავს ვუთხარი: "მაგარ შარში ხარ თათია!"...  როცა კუბაზე ჩაჯდა მანქანაში და უკან მოუხედავად წავიდა, სიმწრისგან მინდოდა მიმეხრჩო...

ოდესმე, თუ მორიგ ემოციურ ქარტეხილში ამოვყოფ კვლავ თავს, როცა თავს ვიგრძნობ უძირო ოკეანის სკერზე, როცა კვლავ სიმწრისგან ცრემლები დამახრჩობს და ჩავთვლი რომ ცხოვრება მთავრდება, თუ შევძლებ და სწორედ ამ ისტორიას და ამ საღამოს შევახსენებ ჩემს თავს,  ვიცი რომ შევძლებ მიწაზე დავბრუნდე და სუნთქვა გავაგრძელო.. თუ კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემს თავს,  რომ არ არსებობს სიტუაცია და ემოციური ქარტეხილი რომელსაც ვერ გადავლახავ და აი მაშინ კი ჩავთვლი რომ გავიზარდე... 

მანამდე კი... დამშვიდობებისას გადავეხვიე, ვუთხარი რომ მისდაუნებურად ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომ მე ის ყოველთვის მეყვარება ჩემებურად და ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები მისი... პასუხად გაეღიმა, ვიციო მითხრა...

ჰოდა, სექტემბრის ერთ, ბრიუსელისათვის შეუფერებლად თბილ და სასიამოვნო ღამეს უკან სახლისკენ მოსეირნეს უეცრად გამახსენდა ჩემი საყვარელი Bi2-ს სიმღერის ტექსტი. უცნაურია, ყველა ადამიანისთვის და ყველა ურთიერთობისთვის, როგორ არსებობს ზედმიწევნით შესაფერისი სიმღერა..