July 23, 2013

ჩემი უცნობი ნაცნობები

ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი და ვისაც არ ეზარება მეკითხება, თუ როგორ ვძლებ მოგზაურობისას მარტო. ალბათ ფიქრობენ, რომ აბსოლიტურ სიჩუმეში და სიცარიელეში ვარ ხოლმე. რეალურად კი "მარტო" თითქმის არასოდეს არ ვარ.

როდესაც პირველად წავხეტიალდი მარტოდმარტო, აღმოვაჩინე ჩემთვის ყველაზე საინტერესო რამ: ამ დროს გზად გვხდება იმდენი უამრავი უცნაური, შენგან განსხვავებული, ან პირიქით შენი მსგავსი ადამიანი, რომ ეს რაღაცნაირად გზრდის. ამავე დროს არ გჭირდება ითამაშო ვინმე, ან რამე, ის ხარ რაც ხარ. ზოგი შენ გაოცებს თავისი თავგადასავლებით, ზოგს კიდევ შენ აოცებ. თუ მოგწონს ადამიანის კომპანია, შეიძლება იხეტიალო მასთან ერთად ერთი დღეც და მეტიც. ბევრჯერ საკუთარი მარშუტი შემიცვლია საინტერესო მეგზურების გამო, ბევრჯერ კი მათ შეუცვლიათ თავიანთი და თქვენ წარმოიდგინეთ ბევრჯერ სულ სხვა ქვეყანაში, სხვა მოგზაურობის დროსაც კი მოგვიხერხებია ერთმანეთის ნახვა. თუ არ მოგწონს თანამგზავრი, ეტყვი კარგად იყავიო და იშლებით მშვიდობიანად. ცხოვრება გაცილებით მარტივია იქ, ეს აქ არის, რომ მას ვართულებთ უამრავი ფსევდო წინაპირობებითა და მოგონილი შეზღუდვებით.

თუმცა, პირველი აფრიკული მოგზაურობის შემდეგ რაღაცნაირი გრძნობა დამრჩა. უფრო სწორედ, როცა წინათ თავად ვცდილობდი ხოლმე კონტაქტში შესვლას, ეხლა პირიქით, რატომღაც ვცდილობდი თავი შორს დამეჭირა ყველასგან, ჩემი Lonely Planet-ის წიგნიც კი არ ამიჭრელებია ელ-ფოსტისა მისამართებითა და ტელეფონის  ნომრებით, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე. და როცა დავფიქრდი, თუ რა მომწონდა ყველაზე მეტად იმ ადამიანებში, ვინც გზად მხვდებოდნენ, ალბათ ეს არის ის გაოცების გრძნობა, როცა მეორე ადამიანი შენ გაოცებს და ამ გაოცებით იხიბლები. ეს ადამიანები გიზიარებენ გამოცდილებას, თაგადასავლებს, ხშირად თავიანთი თავგადასავლებით, ან უბრალოდ მსოფლმხედველობით, გამბედაობით ისე გაოცებენ, რომ მათგან ამ თვისებებს 'იპარავ', ოცნებებს 'იპარავ' და ა.შ. დაუსრულებლად.

პირველად სირიაში 2010–ში ერთმა ქალმა გამაოცა, როცა მითხრა 7 თვეა რაც მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობო. ის ქალი შემდეგ Facebook-ზე დამიმეგობრდა და ამ 7 თვის შემდეგ კიდევ 9 თვე იმოგზაურა, ჯამში 16 თვე გამოუვიდა (ზედმეტია ვახსენო, თუ როგორი შავი შურით ვათვალიერებდი მის ფოტოებს). მაშინ, ანუ ჩემი პირველი მოგზაურობის დროს, პირადად მე ხალხს იმით ვაკვირვებდი, თუ როგორ გავრისკე, პირველი სოლო ტრიპი სირიაში, ვიზის, ენის ცოდნისა და კონტაქტების გარეშე...

მეორედ მაროკოში გამაოცა ავსტრალიელმა ყმაწვილებმა, მათ ავსტრალიიდან დაეწყოთ მოგზაურობა, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, მონღოლეთი, ევროპა მოეარათ და მე სადღაც მაროკოს სამხრეთში  მეთევზეების სოფელში, კარტის სათამაშო მაგიდასთან შემხვდნენ... მაშინ მე ხალხს ჯერ კიდევ იმით ვაოცებდი, როგორ ვმოგზაურობდი მარტო, ამჯერად მაროკოში... შემდეგ სხვა ქვეყნებში ბევრი ავსტრალიელი გადამეყარა და მივხვდი, რომ ისინი უბრალოდ იმდენად შორს არიან ყველაფრისაგან, სხვაგვარად არ შეუძლიათ. დღეს ეს სიმპატიურ ქერა-მწვანეთვალება ავსტრალიელები  აღარ მაოცებენ, მათი უბრალოდ ძალიან მშურს...

მესამედ ისევ სირიაში გამაოცა ქალმა 2011-ში, რომელიც ჩემი საყვარელი Lonely Planet–ის ფორუმზე გავიცანი. ამ ისტორიას მოვყვები: გავიჭედე ლიბანში, წესით უნდა წავსულიყავი იორდანიაში, მაგრამ თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა 'დამაგვიანდა'. ამ დროს ვიღაც ფორუმზე პოსტავს, რომ არის დამასკოში და იქ "სიწყნარეა". მაშინვე მივწერე, ასე და ასე ვარ, ახლო აღმოსავლეთში ვმოგზაურობ მარტო და ხვალვე ჩამოვალ დამასკოთი თუ სიწყნარეა მანდ თქო. ვთხოვე, ადგილი შეანახინე ჰოსტელს ჩემთვის თქო. თუ როგორ ჩავაღწიე დამასკომდე ვიღაც ორ არაბთან ერთად ეს უკვე ცალკე ისტორიაა და რომელიღაც პოსტში მგონი უკვე დავწერე.
სასტუმროს რომ მივადექი, ძალიან გარკვევით ავუხსენი, თქვენთან ვიღაც ქალია, სახელი არ ვიცი მაგრამ იმის ოთახში დამაბინავეთ თქო.. მიხვდნენ ვისზეც ვამბობდი, 2 ქალი ტურისტის მეტი იმ დროს არავინ იყო დამასკოში. ეს ქალი მწერალია, ცოტა უცნაური, ცოტა გიჟი, მაგრამ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა და ამბებს ისეთი ემოციით ყვებოდა დღემდე თვალწინ მიდგას. იმ დღემდე გარდაცვლილ ქმარს მისტიროდა, რომლის გამოც რელიაგიაც კი შეიცვალა თავის დროზე. ყოველ წელს 3-4 თვე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, წერდა და ჩემნაირ უცნაურ ხალხთან ერთობოდა... მე თითქმის არასოდეს მისმენდა, მაგრამ უცებ ისეთ რამეს მეტყოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობარივით კარგად მიცნობდა.  შემდეგ მოგზაურობა ერთად გავაგრძელეთ იორდანიამდე, იქ დავიშალეთ...  გზად ისეთი ამბავი გადაგხვდა, ეგეც ცალკე ისტორიაა. ამის შემდეგ ამ ქალის გაცნობის და მასთან ერთად გადახდენილი თავგადასავლებით ვაოცებდი ზოგიერთებს...

ირანში ბევრმა ვინმემ გამაოცა, მაგრამ განსაკუთრებით მოხუცი ავსტრალიერი წყვილით მოვიხიბლე. ორივენი 70-ს გადაცდენილები იყვნენ. კაცს ანტიკვარული მოტოციკლი ყავდა და ავსტრალიიდან ბელგიაში მიდიოდა ოვერლენდით. ბელგიაში ოქტომბერში სპეციალური რალი იგეგმებოდა და იქ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო. ცოლს, მოტოციკლზე ჯდომა არ შეეძლო, ავტობუსით, ან მატარებლით ჩადიოდა ერთი ქალაქიდან მეორეში და იქ ელოდებოდა ქმარს... არ იცით როგორ დამთბა გულში მათ, რომ ვუსმენდი და ცოტათი შემშურდა... 

ვფიქრობ, რომ ეგვიპტეში ძალიან გამიმართლა. აქ ერთმა ძალიან გამაოცა, სხვები კი მომეწონენ. აქ მივხვდი იმასაც, რომ ადამიანები უკვე ნაკლებად მაოცებენ, მაგრამ მივხვდი, თუ რატომ მომწონს ზოგ-ზოგიერთი მათგანი. მათ ერთი საერთო აქვთ, რაგინდ განსხვავებული ეროვნების, რელიგიის ან უბრალოდ კანის ფერის მქონენი არ უნდა იყვნენ, ყველამ გადადგა ერთი დიდი დაბიჯი ცხოვრებაში. წავიდა. ერთ ერთმა ასეთმა მორიგი გულისამაჩუყებელი დაშორებისას მაჩუქა წიგნი და თან დამიბარა-"ეს წიგნი მე დამეხმარა და იმედია შენც დაგეხმარება"... თუმცა, ჩემდა და მისდა სამწუხაროდ წიგნმა ჯერ ვერ მიშველა. თუმცა ჯერ იმედი მთლად არ დამიკარგავს, ბოლო თავს არ ვკითხულობ, იმ იმედით, რომ როცა წავიკითხავ მეც ავდგები და 'წავალ'.

როდესაც ჩემი ბოლო ხეტიალისას არშემდგარი კუბის ტრიპიდან პირდაპირ აფრიკაში აღმოვჩნდი, სადაც ფეხი არ უნდა გადამედგა, ვისაც არ უნდა შევხვედრილიყავი ჩემი ისტორია 'I supposed to be in Cuba right now' მაშინვე ყველას აინტერესებდა, აოცებდა და ყურადღების ცენტრში ექცეოდა. რატომღაც ეხლა მე აღმოვჩნდი სხვებისათვის სიგიჟის, გაბედულობის და იღბლიანობის მაგალითი, მაშინ როცა მე ასეთი ადამიანების გზად გადაყრას ვიყავი მიჩვეული... და ეს არ მომეწონა. არ მომეწონა ის, რომ არ გამაოცა არავინ. არც ლამაზმა სამხრეთ აფრიკელმა ტანზანიამდე, რომ ველიკით ჩამოვიდა, არც ომის ჟურნალისტმა, არც რუსმა მოხუცმა წყვილმა- მათი უბრალოდ შემშურდა, (მეც მინდა 60 წლისამ ვიღაც ჩემნაირთან ეგრე ვიწანწალო).. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, თავგადასავლებისა, ფერადი ფოტოებისა, გულის სიღრმეში მაინც მცირე სიცარიელეს გრძნობა დამრჩა...

მივხვდი, რომ რაც დრო გავა, ალბათ ადამიანები უფრო ნაკლებად გამაოცებენ. ეს საწყენია, იმიტომ რომ ყველას გვჭირდება ეს 'აჰ!' გრძნობა. გჭირდება შეხვდე ამ უცნაურ და ჭრელ ადამიანებს. საჭიროა, რომ ასეთმა შენგან განსხვავებულმა, შენი გარემოსთვის შეუფერებლებმა სუფთა ჰაერი შემოიტანონ, ბევრ რამეზე შეხედულებები შეგიცვალონ, ახალი იდეები, ოცნებები ჩაგინერგონ, ან ძველი სურვლები ამოგიქექონ და მათ განსახორციელებლად გამბედაობა გიწილადონ.

რომ ვაღიარო, ჩემი და თქვენი ცხოვრება საშინლად აუტანელი იქნებოდა, მხოლოდ ერთმანეთის, ან ჩვენი მსგავსი ადამიანების გარემოცვაში, რომ გაგვეტარებინა. 

1 comment: