July 16, 2014

Out of Africa or Life is All About How You Handle Plan B

"Life is all about how you handle plan B" - ამ საკმაოდ ბანალურ გამოთქმას ინტერნეტში გადავაწყდი წლების წინ და რატომღაც დამამახოვრდა. და ეხლა როცა ჩემი არ შემდგარი კუბის მოგზაურობა მახსენდება, სხვა ვერაფერი აღწერს მას ისე ზუსტად, როგორც ეს სიტყვები.

"კოკა ყოველთვის წყალს არ მოგიტანსო" - ყოველი მოგზაურობის წინ მაფრთხილებს მეგობარი ნაცდათო, მაგრამ ვინ უჯერებს. კუბისთვისაც ისევ ისე დაუფიქრებლად ვიყიდე ბილეთები, ისევ გაფრენამდე 2 დღის ადრე მივიღე Lonely Planet-ის წიგნი და გულიანად შევინახე ზურგჩანთაში, "აეროპორტში და სტამბულში გადავხედავ"-ის იმედით. შესაბამისად, გადამხდა ის, რაც გადამხდა.


Loosing my Luck

სტამბულში წესით 1 დღე უნდა გავჩერებულიყავი, სანამ ჰავანაში გავფრინდებოდი. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემმა იღმალმა აშკარად ზურგი მაქცია. ჯერ იყო და ცნობილი პარკის გამოსვლების გამო (რომელიც ზუსტად იმ დილით დაიწყო) ჩემს ჰოსტელამდე 3 საათით დაგვიანებით მივაღწიე. მერე მიტინგზეც გავედი და მომწამვლავი გაზიც ოხრად ვიყნოსე.



მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც ის იყო, რომ ადამიანს რომელიც წლების წინ შემხვდა ერთ ქვეყანაში და რომელიც ამ მოგზაურობამდე რამოდენიმე ხნის წინ თბილისში გადამეყარა კვლავ და რომლის სიტყვებმა და წერილებმაც ერთ დროს მე შემცვალეს, სწორედ იმ დაწყვევლილი 3 საათის გამო ავცდი. ბედის ირონიით სწორედ იმ დროს როცა მე შევსახლდი, ის გამოსახლდა იგივე ჰოსტელიდან (ესეც შემდეგ აღმოვაჩინეთ, როცა სხვადასხვა მხარეს გავფრინდით, თორემ იმ დღეს არც მე და არც იმან არ ვიცოდით რომ ორივენი თურქეთში ვართ).

უფრო დიდი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც დილის 5 საათზე, აეროპორტში რეგისტრაციისას გამომიცხადეს, რომ კუბაში ვერ წახვალო. ყურებს არ ვუჯერებდი, პრინციპში არც თვალებს. პანიკაც მქონდა - მთელი ხუთი წუთი. სწორედ ამ პანიკის დროს მებაჟეს ხელიდან მობილური გამოვტაცე და მეგობარს დავურეკე თბილისში "მგონი შარში გავები და ყოველი შემთხვევისათვის ფული ჩამირიცხე ანგარიშზე თქო". მებაჟეს თვალები გაუფართოვდა და ცივად გამომაცილა რიგიდან. "გოგონი ჯერ კარგად გაარკვიე ვიზის ამბები და მერე იყიდე ბილეთი"- სიტყვებით.

თავის გასამხნევებლად ვიტყვი, რომ წლების განმავლობაში მარტო მოგზაურობამ ერთი რამ მაინც მასწავლა, თუ პანიკას დროზე შეეშვები, ხელ-ფეხს და ტვინს გაანძრევ, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძვრები ადამიანი. მთავარია ამ დროს შიშმა უკან არ დაგაბრუნოს და სხვა ყველაფერს ეშველება.


Plan B

აეროპორტიდან სამარცხვინოდ გამოძევებიდან უკვე 3 დღის შემდეგ ნაირობიში, კენიაში მივფრინავ. ქაიროს აეროპორტში, სადაც თვითმფრინავი უნდა შემეცვალა ბევრი ვიხეტიალე მარტოდმარტო და სელფები ვიღე აზიელი სამხედროების ფონზე და ბოლოს ერთი თავაზიანი ეგვიპტელმა ბარმენი კაპუჩინოთიც კი გამიმასპინძლდა Facebook-ზე დამეგობრების სანაცვლოდ.

და მაშინ როცა ცოტათი დავმშვიდდი და უკვე ჩასასხდომად ვემზადებოდი, მომვარდა ერთი მეტად უცნაური ახალგაზრდა და უამრავი კითხვები დამაყარა. "რას საქმიანობ? ჟურნალისტი ხარ? ვისზე მუშაობ? რატომ მიდიხარ კენიაში?"- როგორც ჩანს ჩემმა Canon-მა დააბნია და გადაწყვიტა გაერკვია, კონკურენტი ვარ თუ არა. 

ჰოდა მეც ავდექი და ბორდინგის რიგში მოვუყევი, რომ ჟურნალისტი არ ვარ, რომ ჯერ კიდევ 3 დღის წინ კუბაში მივდიოდი, მაგრამ 2 დღის წინ კენიის ბილეთი ვიყიდე ინტერნეტ კაფეში, როცა უვიზო მიმოსვლის ქვეყნების სიას ვათვალიერებდი. Lonely Planet-ის წიგნი კი ზუსტად გამოფრენის წინა დღეს შევიძინე ისტიკლალზე შემთხვევით დარბევას გადარჩენილ წიგნების მაღაზიაში, მაშინ როცა ტაქსიმზე მიტინგის საყურებლად მივდიოდი.  


ავუხსენი, რომ ჩემი ამ უჩვეულო ენაწყლიანობის მიზეზი სტრესი და ცოტათი, შიშიც იყო. თან ვლაპარაკობ ჩქარა, სიცილით, ერთ ამოსუნთქვაში (როგორც მჩვევია ხოლმე ქოთქოთი), პარალელურად ჩანთას ვაწვდი მებაჟეს სკანერში გასატარებლად, ქამარს ვიხსნი და თავიდან ვიკეთებ. ვხედავ, რომ ბიჭს  სახე ეცვლება, მაგრამ მე ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს. საბოლოოდ კი მაშინ გაგიჟდა, როცა ჩემი პროფესია ვუთხარი, თავისი აპარატურით გატენილი ჩანთები იატაკზე დაყარა: "Are you F*ng kidding me?!" - რანაირი რისკ მენეჯერი შენ ხარო, შემომიტია.

საბოლოოდ ჩვენი ნაცნობობა იმით დამთავრა, რომ ჩასხდომამდე უკვე სამსახური შემომთავაზა თავის გუნდში, რომელიც კონგოში მიდიოდა აჯანყებულების ჩასაწერად. მე შენნაირი იღბლიანი არ ვარ და ცოტათი შენი იღბალი მიწილადე,  ეხლა ეს ძალზედ მჭირდებაო.


Nai-robbery 

ხომ გინახავთ ჰოლივუდურ ფილმებში სცენები, სადაც ჰარლემში ანდა დეტროიტში გადაღებულ სცენებს აჩვენებენ დანგრეულ გაპარტახებული შენობებით და კაპიშუნ წამოხურული და იარაღ გარჭობილი შავკანიანი მსახიობებით? ჰოდა აი სწორედ ასეთ უბანში აღმოვჩნდი აეროპორტიდან პირდაპირ დილის 3 საათზე და ასეთივე კაპიშუნ წამოხურულმა შავტუხა ბიჭმა თვალების ფშვნეტით გამიღო რკინის კარები.

ეს არ იყო ჩემი სასტუმრო, მაგრამ ამის გვერდით იყო და დიდადაც არ სჯობდა :)
მეორე დილით თითქმის 1 საათი ხეტიალი დამჭირდა კენიატა ავენუემდე რომ გავსულიყავი. კენიელ პოლიციელს გზა ვკითხე და გზის ჩვენების ნაცვლად თავის მოტოციკლის უკანა ადგილზე მიმითითა, შემომისკუპდიო. მდას!

ცენტრიდან walking distance არისო ეწერა სასტუმროს ვებ გვერდზე :)
კენიატა ავენუემდეც მივაღწიე და მაშინვე შემომეხვივნენ შავტუხა და გაოფლილი ხალხი, ყველა თავისი საფარი კომპანიის ვიზიტკას მიკუჭავს ჯიბეში და აქეთ-იქეთ მექაჩება. და ის იყო, რომ ძალიან დავიძაბე და თავბედის წყევლა დავიწყე რა ჯანდაბის გამო ავირჩიე აფრიკა თქო, რომ ქუჩაში გამოკრული ერთი ტურისტული კომპანიის აბრა შევნიშნე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომწონა ეს აბრა და პირდაპირ შევაბიჯე ოფისში და მოთმინებით დავუწყე იქ მომუშავე სიმპათიურ ბიჭს ლოდინი, სანამ ტელეფონზე საუბარს დაასრულებდა.

დღემდე ვთვლი, რომ მაშინ ძალიან გამიმართლა. ყველა ნორმალური ადამიანი 1 წლით ადრე გეგმავს და აკეთებს რესერჩს საფარიზე. მე კიდევ, ნაირობიში ჩაფრენის შემდეგ პირველივე დილით ცენტრალურ ქუჩაზე პირველივე ოფისში შევვარდი, რომლის ლოგოც მომეწონა და ჩემი ისტორია უკვე მეორედ მოვუყევი იქაურ გაყიდვების მენეჯერს და შემდეგ დამატებითი 5 წუთი ველოდე სანამ ეს უკანასკნელი კისკის დაასრულებდა. კიდევ უფრო გამიმართლა, როცა ეს უცხო ადამიანი ჩემით მოიხიბლა, მომწონს შენნაირი გოგონებიო მითხრა და "Don't worry, I will help you!"-ო დაამატა.

მერე ქალაქის რუკაც მომცა, ზანზიბარში წასასვლელად რჩევები მომცა და მიმასწავლა თუ როგორ მიმეღწია ცენტრალურ ჰოსპიტალამდე - აცრა გაიკეთე აუცილებლადო დამარიგა.


კადრი ჰოსპიტალის ავტობუსის ლოდინში :). დღემდე მახსოვს, თუ როგორი შავი შურით ვუცქერდი იქაური ქალების მრგვალ ფორმებს.

აი აქ მიჩხვლიტეს ეს ავადსახსენებელი ნემსი
უკვე 2 საათის შემდეგ ნაირობის ცენტრალური ჰოსპიტალის მიმღებში ვარ და ველოდები თუ როდის მოვა ჩემი რიგი რათა ყვითელი ცხელების აცრა გამიკეთონ. ჯოშუას ოფისიდან გამოსულმა გზად ინტერნეტ კაფეში შევიარე და ზანზიბარისკენ ბილეთი ვიყიდე. ეხლა კი ვზივარ და გაუჩერებლად ჩემს დღიურში ვჩხაპნი აბდაუბდას. ნერვებს მიშლის ერთი აზიელი კაცი, ჩემს გვერდით რომ ზის და საეჭვოდ ახველებს. Damn! გადავჯექი ოთახის მეორე ბოლოში, ეხლა რაიმე უცნობი ვირუსიღა მაკლია! ეს ტიპი ადგა რაღაც იკითხა რეგისტატურაში და ამოდენა მოსაცდელში ისევ მე მომიჯდა გვერდით!!!

საბოლოოდ აცრა გავიკეთე და სერთიფიკატიც ავიღე. ეხლა შემიძლია ჩემს გუშინდელ გაცნობილ ჟურნალისტსაც შევხვდე და ვიღაც კენიელის სახლის სახურავზე ავძვრეთ ფოტოების გადასაღებად.

რატომღაც მიყვარს ეს ფოტოები

Hakuna Matata!

დილით ადრე მზეს დავასწარი გაღვიძება. აეროპორტში კი ნამდვილი კულტურული შოკი მივიღე, როცა თვითმფრინავებს შორის ქათმებივით მისიარულე მგზავრები ვიხილე - ჩემი თავის ჩათვლით.

ცაში აფრენისთანავე ჩამეძინა და ჩემდა ბედად სწორედ იმ მომენტში გამეღვიძა, როცა ღრუბლებში გახვეულ კილიმანჯაროს გადავუფრინეთ.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ისე არ მოვკვდები აქ რომ არ ავძვრე
....

ფეხის დადგმისთანავე მოვიხიბლე ზანზიბარით, ნამდვილად ღირს მისი მონახულება, მაგრამ თუ ჩემსავით რომანტიული პერსონა ხართ, მარტო წასვლას არავის გირჩევთ :).


თუმცა აქ ყველაფერი შეიძლება გადაგხდეთ სულ რაღაც 4 დღეში. შეიძლება გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და საერთო ჯამიდან შეექცეთ ერთ აფრიკულ ქოხში იქაურ საჭმელებს.

ან, ცხელი დღის ბოლოს, ზანზიბარული კოქტეილების წრუპვით  გართუმა უცქიროთ მსოფლიოში ერთ ერთ ყველაზე ლამაზ მზის ჩასვლას სირენა ჰოტელის ულამაზესი ტერასიდან.


გაბურძგნული მე!
შეგიძლიათ მიირთვათ ყველაირი ზღვის ბინადარი ზედ შუა პარკში გამართულ ბარბექიუზე, ან კიდევ მზეს მიეფიცხოთ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პლაჟზე და მოიგერიოთ აბეზარი ნარკო მოვაჭრეები, გარუჯვას რომ არ გაცდიან!

და რა თქმა უნდა ბოლო დღეს ერთი ნახვით მოიხიბლოთ მწვანეთვალება სამხრეთ აფრიკელით, კეიპტაუნიდან ტანზანიამდე ველოსიპედით რომ ჩამოვიდა. ბევრი ვისეირნეთ,  მე და ამ უცნაურმა ყმაწვილმა იმ დღეს და უამრავი საინტერესო ამბებიც ვუამბეთ ერთმანეთს ჩვენი წარსული მოგზაურობებიდან.
რა ჯანდაბით იკვებებიან, ასეთები რომ არიან?!
მისი ვიქტორიას ჩანჩქერიდან გადმოხტომის ვიდეოს ნახვის შემდეგ კი მეც ამეკვიატა იგივეს განმეორების იდეა. ფრედი მერკურის სახლშიც ვიყავით, ბავშვებსაც ვეთამაშეთ და საღამოს კი ვიღაც ებრაელის ბინაშიც აღმოვჩნდით ცნობილი ზანზიბარული მოსაწევის გასასინჯავად.

ჰოდა იმ მომენტში ისევ მქონდა "ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ხდება" - გრძნობა. ვიჯექი და ვისმენდი არარეალურ, დაუჯერებელ ისტორიებს ორ ებრაელ ტყუპის ცალ ბიჭზე დაკარგული მამა, რომ იპოვეს ტანზანიაში. დღემდე არ ვიცი მართლა მომიყვა იმ იესო ქრისტეს რომ ჰგავდა იმ ბიჭმა ეს ისტორიები, თუ ყველაფერი კვამლში გახვეული ჩემი წარმოსახვის ბრალია.


...

ჩვენთან ქუჩაში 'ზანგების' ძახილი ისმის,
 იქ კიდევ მე აღმოვჩნდი დისკრიმინაციის მსხვერპლი :)
მეორე დღეს უკვე მომბასას ქუჩებში დავეხეტები და ტუკ-ტუკის მძღოლებს თბილისელი ტაქსისტებივით ვევაჭრები. ქალაქში ბავშვები "მუზუნგუ, მუზუნგუ!" -ს შეძახილებით დამსდევენ (რაც თეთრ ადამიანს ნიშნავს), კაცები კი პირდაპირ ქუჩაშივე მთავაზობენ სექს მომსახურებას. პირველად ძალიან დავიბენი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ კენიის სანაპირო ცნობილი სექს ტურიზმის ადგილი ყოფილა ევროპელი ხანში შესული ქალებისათვის.


ეხლაც მახსოვს აი ის გაურკვევლი გრძნობა, როცა ამ ერთმანეთთან ჩახუტებულ შავ-თეთრ წყვილებს ვუცქერდი.


სტუმრად

ვაღიარებ, ყველაფრისდა მიუხედავად მოვიხიბლე აფრიკათი. შეიძლება იმიტომ, რომ აქ მოგზაურობა ნამდვილი გამოცდაა, მით უმეტეს თუ ქალი ხარ და მით უმეტეს თუ მარტო ხარ. რა თქმა უნდა არაფერს ვამბობ იმაზე, როცა სულ დაუგეგმავად და უგზო უკვლოდ ჩახვალ იქ.

მომბასას შოკიდან ჯერ გამოუსვლელი ვიყავი, როცა უკვე მასაი მარას პარკისკენ მივემგზავრებოდი ინგლისელ, ინდოელ, კორეელ და რუს თანამგზავრებთან ერთად.

გიმგზავრიათ ოდესმე აფრიკის გზებზე? ეს არის ნამდვილი კულტურული შოკი. მიდიხარ ტრასაზე, ამ დროს უეცრად მძღოლი ანელებს მანქანას, წინ კიდევ ზებრა გადაგიკუნტრუშებს!


აქ გზის გასწვრივ ისეთი სიღარიბე იშლება, რომ გული გეკუმშება და გრცხვენია შენი ვითომდა პრობლემების გამო. ან კიდევ როცა უყურებ გზის განაპირას ზურგჩანთა აკიდებულ სკოლის მოსწავლე ბავშვებს, ათეულობით კილომეტრს რომ გადიან ყოველდღე სკოლამდე მისასვლელად.

...

ყოველთვის მეგონა, რომ საფარით ვერ მოვიხიბლებოდი. ვთვლიდი, რომ ძალიან უინტერესოა მთელი დღე ცხოველებს სდიო მანქანით. მაგრამ, გავოცდი! ეს არის ცალკე სამყარო, ნამდვილად განსხვავებული გამოცდილება და გრძნობაა. აქ შენ ხარ სტუმრად ბუნების ბინადრებთან. არავინ და არაფერი არ ხარ მათ წინაშე, ერთადერთი რაც დაგრჩენია გახდე დამრკვირვებელი და მოიხიბლო ამ საოცარი ქმნილებებით.

ფოტოს ვუღებდი იმ ყვითელ ჩიტებს, როდესაც ეს ჭრელი უცხვად ჩამეჭრა კადრში

ანტილოპა გნუ - ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი კეთილშობილი არსებები არიან <3

აი ის გრძნობა, როცა ათეული სპოლოს ჯოგით გარშემორტყმული ხარ, მანქანა კი არ იძვრის, ვაი თუ რომელიმე გაღიზიანდეს და გადაგვაყირავოს შიშით :)
მაგრამ, ყველაზე მეტად ეს ჩემი საფარის დღეები მიყვარს ალბათ ლომის გამო. მიდიხარ პარკში და უეცრად ხედავ მას, აგერ შენგან 5 მეტრში რომ წამოკოტრიალებულა. ზედაც არ გიყურებს, მაგარი ჰკიდიხარ. ის თავის სახლშია, შენ კიდევ კეთილი ინებე და სტუმარივით მოიქეცი. ის მეფეა, შენ - მაწანწალა და გამოხედვის ღირსიც კი არ ხარ!

ასე გემრიელად ეფიცხებოდა მზეს

ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ მინდოდა შემოეხედა ჩემთვის, თითქოს დიდი ხნის ნაცნობს ვუყურებდი და ის კი არ მიმჩნევდა :(
მიყვარს ასეთი მომენტები ჩემს ცხოვრებაში, როცა გაგაჟრიალებს დენის დარტყმის მსგავსად და სამუდამდ გამახსოვრდება ეს შეგრძნება Zzzzz!

ასე ვიფარავდი კანს ხელებზე მზისგან
და კიდევ იცით რა არ დამავიწყდება არასოდეს? ლომმა როგორც კი ზურგი მაქცია, ჩემმა კანმა ისეთი საშინელი წვა დაიწყო თითქოს ცეცხლი წამეკიდა. წარმოიდგინეთ შეგრძნება, როცა მზისგან მიიღებ საშინელ დამწვრობას, დაუმატეთ მას აუტანელი ქავილი და ძვლების ტკივილი და მიხვდებით რა დღეში ვიყავი. როგორც ჩანს ჩემმა ორგანიზმა ვეღარ აიტანა აფრიკის დაუნდობელი მზე,  რამოდენიმე დღის წინ გაკეთებული აცრა და მალარიის წამლები ერთდროულად და შედეგად 'გამაჟრიალა'.

მასაებმა, ვერაფრით მიმკურნალეს :(
ვარ მასაი მარას პარკში. უახლოესი დასახლებული პუნქტი მხოლოდ მასაების სოფელია. აფთიაქზე არც უნდა ვიოცნებო. დავლიე ყველა გამაყუჩებელი რაც კი მქონდა, არ მშველის! ღამით სიმწრის ცრემლები მდის, ხმის ამოღება და ხმამაღლა ღრიალი კი მერიდება, გვერდით ინგლისელ მეგობარს სძინავს და არ მინდა შევაწუხო. პირსახოცს ვასველებ ცივ წყალში და ვიხვევ ხელებზე. ტკივილი ნელნელა ამდება და მეც მეძინება, მაგრამ 15 წუთში კვლავ ვიღვიძებ, როცა ჩემი სიმხურვალე პირსახოცს ათბობს...


Lucky Girl!

ბევრი ჩემი უცხოელი მეგობარი მეუბნება რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. პირადად მე კი მიყვარს თქმა, რომ თუ ადამიანს გაქვს უნარი უფასოდ გასცე 3 რამ 'Smile, Help and Kindness' - ეს ყველაფერი ათმაგად დაგიბრუნდება უკან, მაშინ როცა ყველაზე მეტად გჭირდება.

ჩემი ბოლო დღე ნაირობიში და
 ალბათ საუკეთესო სელფი :) 
თუმცა ვთვლი, რომ ამ მოგზაურობაში მაინც ძალიან გამიმართლა. გამიმართლა იმაში, რომ კუბაში ვერ წავედი და იმაშიც, რომ აფრიკაში მოხვდი სწორედ იმ დროს და სწორედ ისე დაუგეგმავად და მოუმზადებლად. გამიმართლა, რომ წინა დღეს ვგეგმავდი მეორე დღეს სად წავსულიყავი და როგორ და ამ ყველაფრის შემდეგ უკან მაინც მთელი დვბრუნდი "მე ეს შევძელი!" გრძნობით.

თანამგზავრებშიც გამიმართლა. ჟურნალისტმა, უამარავი კარგი რჩევა მომცა და დღემდე მეპატიჟება მასთან სამუშაოდ. გამიმართლა ინგლისელ დებორაში, 7 დღე რომ ერთად მოვიარეთ კენიის ყველა დიდი პარკი. მოვიხიბლე რუსი ცოლ-ქმარითაც. დღემდე მახსოვს, თუ როგორი შურით ვისმენდი 65 წლის ასაკის ცოლ-ქმარის აფრიკულ თავგადასავლებს. იმ მომენტში რატომღაც მომინდა მათ ასაკში მეც ეგრე ვიარო.
ამ რუს ცოლ-ქმარს 4 შვილი ყავდათ. ოთხივენი დიდები და თავად ყოველ წელიწადს 2-3 თვე მოგზაურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში
თუმცა გულ დამწყდა რაღაცნაირად ფაქტზე, რომ ამ მოგზაურობაში ვერავინ შემხვდა ისეთი ვის გამოც მე ვიქნებოდი Impressed. პირველად ცხოვრებაში აღმოჩნდა, რომ ჩემს თამაგზავრებს შორის ჩემი "I supposed to be in Cuba right now" ისტორიის წყალობით თავად აღმოვჩნდი სხვებისათვის სიგიჟისა და გაბედულობის მაგალითი და რატომღაც ამ ფაქტმა დამაბნია.

....

აფრიკიდან გამოფრენამდე ბოლო დღეს ნაირობიში ჯოშუას შევუარე მადლობის სათქმელად. მოვუყევი რაც გადამხდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. დიდხანს მიცქირა გაოცებულმა, მერე ისევ ბევრი იკისკისა და ამ სიტყვებით დამემშვიდობა "You really impressed me girl! You know how to survive! ". სიმართლე რომ ვთქვა, ჯოშუას ეს შეფასება ჩემზე უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე ყველაფრის უბრალოდ გამართლებისათვის დაბრალება.

პ.ს. ამასწინათ ვნახე ციტატა: "Разница между умным и мудрым: умный с большим трудом выкручивается из ситуации, в которую мудрый не попадает" -  რომელმაც გამახსენა ჩემი აფრიკული  მოგზაურობა და დამაწერინა ეს პოსტიც. მართალია, ბრძენი და ცოტა ჭკვიანი ადამიანი არასოდეს არ გაებმება ასეთ ისტორიებში, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ, რომ ვახერხებ ხოლმე, სხვა თუ არაფერი პოსტების საწერი თემა მაინც მაქვს :) 

ფოტოები იხილეთ აქ - https://www.flickr.com/photos/tea_jioshvili/sets/72157634272141814/



1 comment:

  1. koveltvis roca, shens nachukar afrikul samajurs viketeb, masai mara maxendeba, da siamakit vivsebi :* <3

    ReplyDelete