January 29, 2016

Earthquake means Whales are Bathing their Children or How 'not' to celebrate your 30th Birthday!

ვზივარ პარიზის აეროპორტში, იატაკზე, ზურგით კედელს მიყრდნობილი  და გულმოდგინედ ჩავყურებ ჩემი lonely planet travel guide-ს, აი წესით აქამდე რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ რა თქმა უნდა გაფრენამდე მოვიტოვე ეს საქმე. "Earthquake means Whales are Bathing their Children"- თვალს და გულს მტაცებს უეცრად ეს ფრაზა და ვგრძნობ როგორ მეღვრება სხეულში სითბო, ვთბები... შემდეგ წიგნს უხმოდ ვხურავ, ჩანთაში ვინახავ, ყურსასმენებს ვისწორებ და რაღაც უცნაური ბედნიერების შეგრძნებით ვხვდები, რომ არაჩვეულებრივი მოგზაურობა მელის წინ, რადგან უკვე მთელი გულით მიყვარს ეს ქვეყანა და ამ ფრაზის მომგონი ხალხიც ...

...

აეროპორტიდან ჰოსტელში ავტობუსით მივდივარ, მძღოლმა ვიცი სადაც არის ეს ადგილი და მიგიყვან არ იდარდოო. მეც ვენდე და ფანჯრასთან მოკალათებული ინტერესით ვათვალიერებ ანტანანარივოს ვიწრო და ქაოსურ ქუჩებს აქამდე ნანახ არცერთ ადგილს რომ არ ჰგავს თავისი უცნაური ზღაპრის ილუსტრაციების მსგავსი აგურის სახლებით, ერთმანეთში არეული ძველი ფრანგული მანქანებით, ველო პუს-პუსებითა თუ ხალხით, მანქანებს ლამის ბორბლებში რომ ედებიან და მათთან ერთად მოძრაობენ ტროტუარების არ ქონის გამო...


ჩემი ერთადერთი ფოტო ლემურთან!
ჰოსტელში ჩანთას ვაგდებ, თმიდან 4 აეროპორტის მტვერს ვიფერთხავ და ის არის გარეთ გაჭრას ვაპირებ ქალაქის აღმოსაჩენად რომ ჰოსტელის მისაღებში მჯოდმი შუახნის კაცის კეთილი ღიმილი იქცევს ყურადღებას. აქცენტზე ვხვდები ამერიკელია, ჩაცმულობაზე ეტყობა, რომ უკვე კარგი ნაწანწალებია კუნძულის გარშემო... არ დავაყოვნე, ურცხვად მივაჭერი, გამოვეცნაურე და გამარჯობის ნაცვლად სხაპასხუპით მივახალე წირიბიჰინა მდინარეზე მინდა კანოეთი დაშვება, შემდეგ კი წინგის პარკისა და ბაობაბების ავენიუს ნახვა, ანდრინგიტრას პარკში კიდევ მთაზე აძრომა და მზის ამოსვლის შეხვედრა მწვერლვალზე თქო... ამასთან არაფერი არ დამიჯავშნავს წინასწარ და წარმოდგენაც არ მაქვს რა როგორ ვნახო, ჩემი Lonely Planet-ის წაკითხვაც კი ვერ მოვასწარი და იქნებ დამეხმარო გევედრები ბიძია თქო...
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, თუმცა ეტყობა შევებრალე და ისეთი რჩევები მომცა, რისი წყალობითაც ჩემი მთელი მოგზაურობა ერთ დაუვიწყად თავგადასავლად იქცა. განსაკუთრებული კი არაფერი უთქვამს, უბრალოდ მირჩია თუ მდინარეზე კანოეზე დაშვება, შემდეგ კი წინგის და ბაობაბების ნახვა ხვალ დილითვე ანწირაბეში წადიო, ჰოსტელიც კი მომინიშნა წიგნში, იქ გაჩერდი და დაგეხმარებიანო. ანდრინგიტრაში მთაზე აძრომა თუ გინდა ამბალავაოში წადი და იქ იპოვი რამეს აუცილებლადო (არცერთი ეს ქალაქი მანამდე არ მქონდა გაგონილი)....

მადლობას ვუხდი, ვუღიმი და გარეთ ისე ვიჭრები სახელსაც კი არ ვეკითხები.

...

"You are alone?! And you don't speak French?! nor Malagasy?! You won't make it!!" - ემოციებს ვერ მალავს Peace Corp-ში მომუშავე ახალგაზრდა, იმავე საღამოს ჰოსტელის ბარში სკამიდან გადმოვარდნილს რომ მეხმარებოდა ადგომაში. ვცდილობ დავამშვიდო და ავუხსნა, რომ აქამდეც მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციებში და "უარესი" თავგადასავლებიც მქონია, მაგრამ უშედეგოდ. მისი სკეპტიციზმი ხასიათს ვერ მიფუჭებს და თუმცა ენთუზიაზმის გარეშე ვართმევ ქაღალდის ნაგლეჯზე წაწერილ იმეილის მისამართს დაჟინებით რომ მაწვდის, აუცილებლად გამაგებინე თუ როგორ ჩაივლის ჩემი მოგზაურობაო.

...

მეორე დილით უკვე ანწირაბეში მიმავალ მარშუტკაში ვარ ჩაჩეჭყილი, გვერდით მჯომი იქაური გოგონა კი თავის ოცნებებს და გეგმებს მიზიარებს მომავალზე. მარჯვნივ მჯდომ ბიჭს ტკბილად სძინავს და თავი ჩემს მხარზე უდევს, ირგვლივ კი ამ დროს ისეთი პეიზაჟები იშლება გულში მთელი ხმით გავკივივარ "I Love you Madagascar!"-ს. განა შეიძლებოდა ერთი ნახვითვე არ შემყვარებოდა ეს ხასხასა ბრინჯის მდელოები, თიხით გალესილი წითელ-ყვითელ სახლები, ზოგან ჩალით, ზოგან კი ჭრელი კრამიტით დახურულები, ლურჯი ზეცა და გზებზე ამაყად მოსირნე ძროხები?! უყურებ ამ პეიზაჟებს და ძალაუნებურად გიპყრობს გრძნობა, რომ ვიღაცის მიერ ნახატ ფერად ტილოს უმზერ... "სხვაგან მოვხვდი!"







ამერიკელის მირ ნარჩევ ჰოსტელში დილთ მარშუტკაში ჩემს წინ რომ იჯდა იმ კაცს მივყავარ ტუკ-ტუკით. თანხას მიხდის და ისე უჩნარდება თავის გზაზე ვერც მისთვის ვასწრებ მადლობის გადახდასა და სახელის კითხვას...

ჰოსტელში შესული პირველს რასაც ვხედავ გიდია, 2 ტურისტთან ერთად რომ შემოსხდომია მაგიდას და ტურზე საუბრობენ, ზუსტად იმ ტურზე მე რომ მინდა!!!. ჰოდა ყოველგვარი თავაზიანობის გარეში მივაჭერი, სახეალეწილმა და თვალებ გაბრწყინებულმა -"მეც დამელოდეთ! მეც შემოგიერთდებით" - სიტყვების ძახილით.

სულ რაღაც რამოდენიმე საათში კანოეში ვზივარ. ნამდვილ ხისგან გამოჩორკვილ კანოეში და მდინარის დინებას მივყვები სულგაკმენდილი.. აი იმ მდინარის, თავიდან რომ საშინელი ჭუჭყიანი გგონია  და ზიზღით ჯდები ნავში, თუმცა უკვე რამოდენიმე საათში შიგნით ფეხებსაც ჰყოფ გასაგრილებლად და იქ გარეცხილი ჭურჭელში მომზადებული ბრინჯიც ყველაზე გემრიელი ბრინჯი გგონია მსოფლიოში. ზიხარ ასე გაუნძრევლად, რადგან, მკვეთრ მოძრაობებზე შეიძლება კანოე ამოტრიალდეს და წყალში მოადინო ტყაპანი...  ფიქრებს  მხოლოდ მენავეს მიერ მოსმული ნიჩბების ხმა და ნაპირთან მოჭყუმპალავე შავტუხა ბავშვების შეძახილები გირღვევს " Salute Vazaha!" ("Vazaha - უცხოელს ნიშნავს იქაურ ენაზე)...







რომ მკითხონ რას ვაკეთებდი მთელი 2.5 დღე ამ ხის კანოეში გაუნძრევლად მჯდომი ვერ ვუპასუხებ. უბრალოდ არ მახსოვს. მახსოვს რომ არ მეძინა და რომ თან წაღებული წიგნიც კი არ გადამიშლია... არც კამერის ჩხაკუნით მომიკლავს თავი მაინცადამაინც... იქნებ ვფიქრობდი? ეს ფიქრებიც რომ არ მახსოვს?... მახსოვს რომ ვიჯექი ნავში და მერე კიდევ არაფერი.. აი იმ ადამიანივით დავიკარგე დროში და გავცურე სივრცეში...


არც ის მახსოვს ბოლოს ასე როდის დავისვენე ფიზიკურად და  სულიერად...


სამაგიეროდ კარგად მახსოვს პირველი ღამე. ის თუ როგორ დამავიწყდა კარვის ჩაკეტვა და როგორ გავათებე მთელი ღამე შიგნით შემოფრენილ მილიონობით ხოჭოსთან უთანასწორო ბრძოლაში. მახსოვს, როგორ მდიოდა სიცხისაგან ოფლი, სიმწრისგან კი ცრემლები და ის საშინელი შეგრძნება ტანსაცმლის შიგნიდან რომ მაღოღავდა ასობით პატარა არსება კანზე...  ის რომ მინდოდა თითოეული თმის ღერის სათითაოდ ამოგლეჯვა თავიდან ამ არსებებმა შიგნით რომ დაიწყეს თავისუფლად წრიალი... ბოლო მახსოვს, თუ როგორ ავიფარე სახეზე შარფი, თვალებისა და პირის დასაცავად და გულში უხმოდ სრული კაპიტულაცია გამოვაცხადე...  და აი სწორედ იმ წამის მას შემდეგ როდესაც საბოლოოდ დავნებდი ბედს,  უკვე არაფერი აღარ მახსოვს...

იმ წუთიდან რაც ამ წითელ კუნძულზე ფეხი დავდგი, არ მტოვებს გრძნობა რომ საოცრებათა ქვეყანაში მოვხვდი სადაც ყველა და ყველაფერი მაოცებს. აქ ერთი ადგილიდან მეორემდე  ჩაღწევაც კი ნამდვილი თავგადასავალია!. "It can be your best or worst adventure.. it's all about the way you look at it" - ეწერა ჩემს წიგნში ბორნით მდინარის გადაკვეთის შესახებ, მე კი ასეთი რამ ჩავჩხაპნე ჩემს დღიურში:
"ვზივარ ბორნის წვერში. ოფლში გაწებილი, გამურული, თმაგაწეწილი, მაგრამ მაინც კარგად ვარ. ყველაზე მეტად დედამიწაზე აქ და ამ დროს ყოფნა მინდოდა. საოცარი ცაა წინ. რკალი მთვარე, ვარდისფერი ცა და ღრუბლები. მიყვარხარ მადაგასკარო!"







აი ასეთი სახე მაქვს აბსოლიტურად ბედნიერს

გამაოცა იმ პატარა სოფლის რესტორნის პერსონალმაც, მდინარეზე კანოეთი მოგზაურობის შემდეგ წინგის პარკში მიმავალს ჩემი ქინდლი რომ დამრჩა. თუმცა 2 დღეში უკან იგივე გზაზე მომავალს და იქვე ისევ ლანჩზე გაჩერებულს, ღიმილით მომიცუნცულეს უკან (არა და უკვე თავი შევაგუე დანაკარგს).

ალბათ ვერასოდეს ვერ დავივიწყებ იმ გაოცების გრძნობას რაც მქონდა ზედ ქუჩაში მდგომი უზარმაზარი მანგოს ხეების დანახვისას, მიწამდე რომ დაეხარათ ნაყოფით დახუნძლული ტოტები და იმ სოფლის ბავშვების შემყურეს, ძირს მოგროვილი ხილით სავსე კალათები რომ შემოედგათ თავზე და ფეხშიშველა მიუყვებოდნენ შარაგზებს..
უმია ჯერ, მაგრამ მაინც მოვწყვიტე! ბუნგალოში დავტოვე და საღამოს დაბრუნებულს ნახევრად შეჭმული დამხვდა!!!

ვერ ვცნობ საკუთარ თავსაც, ერთ დღეში რომ ვთქვის სოციალურ ქსელსა და მგობრებთან კონტაქზე უარი და სანაცვლოდ ჩემი დღიურის ფურცლები ავაჭრელე უამრავი უმნიშვნელო წვრილმანზე ნაჩხაპნებით:

 "16.11.2015
ბუნგალოდან რესტორნისკენ მიმავალმა გველი კინაღამ გავთელე. მწვანე, 1 მ სიგრძის იქნებოდა. ისეთი შევკივლე ალბათ საწყალს გული გაუსკდა. მანამდე ჩემს ბუნგალოში იგუანა შევნიშნე, დილით კიდევ ბაყაყი.."

ან კიდევ ასეთის: "ნიდერლანდელ-ესპანელის წყვილი ფრიად დაინტერესდა ჩემით. მეკითხებოდნენ მარტო მოგზაურობისას ცუდი რა გადახდენია თავსო. საოცარია, ადამიანებს რატომ აინტერესებთ ცუდი და საშიში ამბები პირველ რიგში?! რატომ სვამენ მაინცდამაინც პირველ კითხვას რა "საფრთხეში მოხვედრილხარო"?! როცა მილიონი სხვა კითხვის დასმა შეიძლება. იმ Peace Corp-ის ბიჭის არ იყოს, რომ მკითხა რამე უცნაური თუ გიჭამია და თუ მოწამლულხარო...
ხვალ ბაობაბებთან მივდივარ!"

აი ბაობაბები კი მთელი გულით შემიყვარდა. არა, ისინი ჯერ კიდევ მათთან შეხვედრამდე მიყვარდა, სადღაც შორეულ სიზმრებიდან, თუ წინა ცხოვრებიდან შემორჩენილი ემოციების გამო. და მაშინ როცა მოვეხვიე და ვუთხარი თუ როგორ  ძლიერ მიყვარს და ის რომ მთელი ამოდენა გზა მხოლოდ მათთვის ამის სათქმელად გამოვიარე, ვიგრძენი რომ ჩემი ესმათ. საოცარი არსებები, დიახ, ცოცხალი არსებები არიან!


 I love You, and Life!
I might be the most stupid traveler, but I am the luckiest one as well :)

მზის ჩასვლის ფოტო ისეთი ვერ გამოვიდა როგორიც მინდოდა, მაგრამ არა უშავს
თუ მადაგასკარზე წახვალთ, აუცილებლად
 ამ გიდს მიმართეთ

ჩემს 7 დღიან ტრიპს კუნძულის დასავლეთით, მოზამბიკის არხთან ვასრულებ შუაღამისას. თუმცა წყალში ფეხის ჩაყოფას ვერც კი ვასწრებ, უკვე მეორე დილით 5 საათზე ერთადერთ დილის ტრანსპორტს უნდა გავყვე უკან ანწირაბეში. და მაშინ როცა 8 საათის მოჭეჭყილი ვმგზავრობდი იქაური მარშუტკთ თავზე იხვებით სავსე კალათები რომ ჰქონდა დამაგრებული, მივხვდი რომ ამ პირველი დღეების განმავლობაში გზად შეხვედრილი ადამიანებისაგან ყველაზე მეტად ჩემი მადაგასკარელი გიდით მოვიხიბლე. საოცრად მიამიტი ღიმილი და კეთილი თვალები რომ ჰქონდა და პატარა ბავშვივით უხაროდა როცა რაიმე საქებარ სიტყვას ეტყოდი მის მიერ ორგანიზებულ ტურზე. საჭმელებსაც ყველაზე გემრიელს ამზადებდა, ხან კანოეში ხარშავდა ბრინჯს, ხანაც მანგოს ხის ქვეშ წვავდა თევზს და ყოველ ჯერზე ისეთი გემრიელი და ლამაზად გაფორმებული კერძი გამოსდიოდა რომ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. დიპლომიანი პოვარი აღმოჩნდა თან, რომელიც არატურისტულ სეზონზე უნარ შეზღუდულ ბავშვების სკოლაში უსასყიდლოდ მუშაობდა მასწავლებლად!
7 დღიანი მოგზაურობის შემდეგ გიდმა მორონდავაში  ღამით რომ დაგვტოვა მისი საქმე დასრულებული იყო. თუმცა მეორე დილით ისევ 4:30-ზე მოგვაკითხა საკუთარი ინიციატივით და მანქანის წაგვიყვანა ავტოსადგურში მე და გერმანელები (ამ დილაუთენია მარტო ხომ არ მიგატოვებთო!!) ბილეთის ყიდვაშიც დაგვეხმარა და საუზმითაც გამიმასპინძლდა. არა და მე სულ ცოტა 4 ბაგეტი ვსანსლე! და გულით შევთავაზე მე დაგპატიჟებთ თქო, მართლაც მინდოდა მისთვის პატივისცემის გამოხატვა. მაგრამ მკაცრად მომიჭრა - I am the Man! I'll Pay- ო... ოქროს კაცი იყო კოლბერი, ოქროს!



It's 30!!

"So happy to see you guys here!"- სიხარულს ვერ ვფარავ როცა ანდრინგიტრას პირველ ბანაკს მიღწეულმა ორი მაერიკელი ტურისტს ვხედავ.  ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ჩანთას მათ ფეხებთან ვაგდებ და იქვე მიწაზე ვიკავებ ადგილს.
გასაკვირი არც არის ასე რომ გამიხარდა ამ ტეხასელი მამა-შვილის დანახვა, მანამდე ხომ მთელს მოგზაურობაში ყველაზე რთული დილა გადავიტანე...

გქონიათ შემთხვევა, გხვდებათ ადამიანი ცხოვრების გზაზე, შიგნიდან მთელი შენი არსებით გრძნობ რომ მისი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვერაფერს ახერხებ? სწორედ ეს დამემართა წინა დღეს ამბალავაოში ჩასულს, იქაურ გიდთან საუბრისას. ერთი შეხედვით ძალიანაც სანდომიანი და სიმპათიური ჩანდა, მოციმციმე დიდი თვალებითა და თვალისმომჭრელი ღიმილით. მარშრუტიც ისეთი შემოგვთავაზა როგორც მე და გერმანელებს გვაწყობდა, 1 დღე ერთად ივლითო, მერე მე მეორე გიდდთან ერთად გზა უნდა გამეგრძელებინა ბანაკამდე. ჟიჟი - ეს სიმპათიური გიდი, გერმანელებს ჩააცილებდა პარკის გასასვლელთან და ბანაკში ამობრუნდებოდა, რათა ჩემთან ერთდად ასულიყო მწვერვალზე, მესამე დილით კი მთიდან დავეშვებოდით, წარანურის ველს გადავკვეთავდით და იმ არემარეში არსებულ ერთადერთ სოფლის, ასევე ერადერთი ავტობუსით დავბრუნდებოდით ამბალავაოში...

დილის 4 საათზე გამეღვიძა, ცივ ოფლში ვიღვრები, გული ლამისაა მკერდიდან ამომივარდეს. მივხვდი რომ პანიკურ შიშს ვყავარ ატანილი. ფანჯარას ვაღებ, ვცდილობ გონებით და სხეულით დავბრუნდე  აქ და ამ ადგილას.. არაფერი გამომდის. წინა დღეს ძალაუნებურად ამეკვიატა მოგონებები და ავი ფიქრები შარშანდელი კილიმანჯაროს მოგზაურობიდან, ის თუ როგორ მოვტყუვდი და გაურკვეველ ხალხთან ერთად 6 დღე-ღამე ვიწანწალე მთაში დაფლეთილი კარვით...  საფრთხის შეგრძნება განსაკუთრებით მაშინ გამიძლიერდა, როცა დღის ბოლოს ჟიჟი გამომეცხადა და აშკარად ახლად შეთხზული ტყუილით "კვირას ქორწილში უნდა ვიყო და გერმანელებს რომ ჩავაცილებ უკან ვერ დავბრუნდები" -თი ცდილობდა თავის დაძვრენას.
ფული უკვე გადახდილი მაქვს. ვეკითხები მე რა მელის თუ თავად ვერ დაბრუნდება ბანაკში დღის ბოლოს. მარწმუნებს რომ საფრთხე არ მემუქრება, რომ მე გზას ადგილობრივ გიდთან და პორტერთან ერთად გავაგრძელებ, რომ მათი ნდობა შეიძლება...
გარეგან სიმშვიდეს ვინარჩუნებ, ვხვდები რომ მატყუებს, რომ ქორწილში კი არ არის დაპატიჟებული, სავარაუდოდ სხვა კლიენტი იშოვა კვრისათვის და მოგების ხელიდან გაშვება არ უნდა, სანაცვლოდ კი მზად არის მარტოდარტო მიმატოვოს პარკში უცნობ გიდთან და პორტერთან ერთად. საბოლოოდ ვთანხმდებით, რომ ჟიჟი გერმანელებს ჩააცილებს, უკან ამობრუნდება, მე ამიყვანს მწვერვალზე და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება სოფელში. მხოლოდ 1 ღამე მომიწევს პარკში მარტო დარჩენა, 1 ღამე და 2 დღე...

...

"ნაბიჯი-ნაბიჯზე თათია, ნაბიჯი-ნაბიჯზე!" -ვცდილობ გავამხნევო ჩემი თავი. არაფერი გამომდის. სუნთქვა მეკვრის, ოფლში ვიღვრები, გულის ცემა ისე ღმამაღლა მესმის, რომ მგონია საცაა საგულედან ამომივარდება.. ვგრძნობ თუ როგორ გამიტაცეს  უარყოფითმა ემოციებმა სადღაც შორს და რომ ვერაფრით ვახერხებ უკან დაბრუნებას. ვგრძნობ როგორ მეწამლება მთელი სხეული, გონება, სული ავი ფიქრებით, როგორ ვეჩხუბები და ვკიცხავ გულში ჟიჟის, იმის გამო რომ არ არის ისეთი როგორიც წინა გიდი, ისეთი როგორც ჩემი წარმოდგენით უნდა ყოფილიყო, რომ მისი მომხიბლავი ღიმილის უკან მხოლოდ ფულზე მონადირე არსებაა ამოფარებული.. ვგრძნობ რომ მთელი ენერგია მის განსჯაზე მიდის, შედეგად კი ეხლა ამ წამს ნაბიჯის გადასადგმელი ძალა აღარ მაქვს!

და მაშინ როცა ყველაზე ცუდად ვიყავი, როცა თავში ასობით საშინელი ფიქრი და სცენარი მეხატებოდა, როცა სუნთქვა გამიჭირდა და ნაბიჯს ვეღარ ვდგამდი, ჟიჟის მივუტრიალდი და ის ვუთხარი რასაც ალბათ 1 წლის წინ ვერასოდეს გავაკეთებდი. ვუთხარი, რომ შეეძლო აღარ მოტრიალებულიყო უკან, მას შემდეგ რაც გერმანელებს ჩააცილებდა.  დავარწმუნე, რომ მზად ვარ გზა გიდთან და პორტერთან ერთად გავაგრძელო და 3 დღე მათთან ერთად ვიარო ამ უკაცრიელ პარკში. ჟიჟის კი ქორწილში კარგ დროს ტარებას ვუსურვებ და დამშვიდობებისას ზედმეტ ტიპსაც კი ვაძლევ "შენს შვილს კანფეტები უყიდე ჩემს სახელზე" -სიტყვებით... დამავიწყდა მეთქვა, მის ვაჟსაც 20 ნოემბერს ჰქონდა დაბადების დღე, ჰო, იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო :).

და მაშინ როცა ეს გავაკეთე მოხდა ის რასაც არ ველოდი. თითქოს გულიდან უზარმაზარი ლოდი მომეხსნა. ვგრძნობ როგორ ავმსუბუქდი და იმას რომ სიარული არარ მიჭირს. ვგრძნობ როგორ დავბრუნდი დედამიწაზე და აღარ მადარდებს ის ფაქტი, რომ კილიმანჯაროსაგან გასხვავებით, ეხლა მადაგასკარზე ყველაზე დიდი პარკში მარტო მე ვარ ვისაც იმ ჯანდაბა მწვერვალის დაპყრობა აქვს განზრახული. მარტო მე და ორი უცნობი იქაური მამაკაცი... დანამდვილებით ვიცი ერთი რამ, მე მიყვრს ჩემი სულელურად-მიამიტი გიდი, მუნჯი პორტერი, მიყვარს ეს პარკი, ეს ქვეყანა, მიყვარს სიცოცხლე და დღეს როცა 30 წლის გავხდი ვერანაირი სულიერი ვერ შემიცვლის ამ გრძნობას და გამიფუჭებს ხასიათს!


"20.11.2015
Happy Birthday to Me!
2400 მეტრზე ვარ პარკ ანდრინგიტრაში შეყუჟული პორტერების ქოხში, სველი შარვლით. გარეთ ქუხს და კოკისპრულად წვიმს, ნისლია. ნეტავი არის იმედი ხვალ სანრაიზი ვნახო?"

მართლაც საოცარი დაბადების დღე მაქვს, შუაცეცხლის ირგვლივ შემომსხდარ მადაგასკარელ გიდებთან და პორტერებთან ერთად, იქვე ჩემს წინდებს ვაშრობ ხვალ დილისთვის და ტორტის ნაცვლად ბრინჯსა და ხორც შევექცევი. და სწორედ ამ დროს ჩემდა უნებურად ვაღიარებ, რომ არაფრის გულისათვის არ გავცვლიდი ეხლა ამ მომენტს სადმე თბილისის თბილ ბარში მეგობრებთან ერთად დროს ტარებაზე... რა გემართება თათია?
ეს ჩემი მუნჯი პორტერიც გასაოცარი მზარეული აღმოჩნდა!
ჩემი პორტერი ერთ სიტყვასაც არ მელაპარაკება, მგონი მუნჯია, ან რცხვენია.. ჩემს გიდს ჟან-კლოდი ჰქვია. სულელის ჰაბიტუსი, მიამიტი სახე და კეთილი ღიმილი აქვს. დახეული ფეხსაცმელები აცვია. 3 შვილი ჰყავს, 2 გოგო და 1 ბიჭი. ყოველ დღე სკოლამდე 4 კილომეტრს გადიანო მითხრა. ვუთხარი რომ ახალი ფეხსაცმელები სჭირდება როცა დავინახე როგორ ცდილობდა დღის ბოლოს მახათით ძირ გავარდნილ ნაფლეთების შეკეთებას, ადიდასის კეტები რომ იყო ოდესღაც...
-"ვიცი მაგრამ ფეხსაცმელი ძვირია"- მეუბნება და მორცხვად ცდილობს სახის დამალვას...
-"კი მაგრამ ხომ მიიღებ ფულს ამ ჩემი ტრიპის გამო?"- არ ვეშვები მე.
-"ბრინჯი უნდა ვიყიდო ოჯახისთვის.. ძალიან გაძვირდა"...
საუბრიდან ვარკვევ რომ ჩემს მიერ ჟიჟისთვის გადახდილი 350,000 -დან მას მხოლოდ 50,000 ერგება, ფეხსაცმელი კი საშუალოდ 40,000 ღირს. ეჰ, ჟიჟი, ჟიჟი!!

"ვწევარ კარავში. კოკისპირული წვიმა და ქარი უმოწყალოდ ასკდება მის კედლებს, მე კიდევ საოცრად ბედნიერი ვარ. ამ ბედნიერებას ის ფაქტიც კი ვერ წამართმევს ხვალ რომ მზის ამოსვლა შეიძლება ვერ ვნახო, "არც კი იოცნებოო" -მითხრა ამერიკელების მხიარულმა გიდმა. მე კიდევ გავუღიმე და ვუთხარი, ამ დღის საჩუქარი უკვე მივიღე თქო. მგონი ვერ გაიგო რა ვიგულისხმე"

...

21.11.2015
"ბოლოს და ბოლოს მეც ჭეშმარიტ მადაგასკარელ ქალად ვიქეცი. მდინარეში გავრეცხე ჩემი მაიკა და ბენდენა და აქვე მივაფინე გასაშრობად. ფეხები წყალში მიწყვია - ცივ წყალში. ქარი ქრის, ჩიტების ჟღურტული ისმის შორიდან და მდინარის ხმა ახლოდან. მე კიდევ ბედნიერი ვარ. დილის 2 საათზე გაღვიძებული და ეხლა მდინარის ნაპირას მჯდომი სამყაროს მადლიერებას ვწირავ ამ მომენტისათვის."

"დილით 2 საათზე რომ გავიღვიძე და ჩიტების ჟღურტული გავიგონე ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, მით უმეტეს როცა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დავინახე. არა და გუშინ ყველა უკლებლივ მარწმუნებდა ხვალ დლით წვიმა იქნებაო!!"

3-ზე დავიწყეთ მე და ჩემმა გიდმა მწვერვალზე ასვლა. წინა ღამის წვიმის გამო ბანაკთან მთის მდინარე ადიდებული დაგხვდა, ის იყო ბათინკების გახდას და ყინულივით წყალში გატოპვას ვაპირებდი, რომ საიდანღაც ჩემი მუნჯი პორტერი გამოვარდა, ხელი მტაცა, ზურგზე მომიგდო და სანამ გონზე მოვეგებოდი მეორე ნაპირს გამიყვანა.. გასაოცარი კაცია!

"დღეს დილით მწვერვალისკენ მიმავალი მივხვდი, თუ რატომ ეძახიან ამ ადგილს Close to the Sky" -ს. ორიონის ვასკვლავი იმოდენა ჩანდა, რომ თავიდან ნათურა მეგონა. უზარმაზარი იყო, მეგონა ხელს თუ გავიწვდენდი შევეხებოდი!"



ლამის გულის ამოვარდნით ავირბინე მწვერვალზე და მაშინ როცა ვიფიქრე, მორჩა მეტ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამდი თქო, პირდაპირ მზეს შევეჩეხე!


და მერე იქვე დავჯექი, კლდის პირზე, გაუნძრევლად, ჩუმად... მე მზე მიხაროდა, მზეს კი მე და ვიყავით ასე ბედნიერები..




...


იმავე საღამოს ბანაკში ამერიკელებთან ერთად შევექცევი ფრანგულ ღვინოს, თვითმფრინავიდან რომ გამოიყოლეს და თავაზიანად მიწილადეს მეც. საოცარი ხალხია. ბიჭი სიმპათიურია, ჩემი ტოლი, ჩემსავით, მაწანწალურად მოგზაურობა უყვარს და სირია და ახლო ამოსავლეთიც ზუსტად ჩემსავით აქვს მოვლილი! თუმცა განსაკუთრებით მამით მოვიხიბლე, მთელი ცხოვრება ნავთობის ბიზნესში რომ მუშაობდა და ეხლა ჩემს გვერდით მოკალათებული უამრავ საინტერესო ისტორიას მიყვებოდა. მე ჩემს თავგადასავლებზე ვუამბობ და ვატყობ თუ როგორ ვერ მალავს აღტაცებასა და გაოცებას.  ბოლოს გვარიგებს, იმოგზაურეთ შველებოო! ოღონდ ასე გააგრძელეთ "Stay away from 5
star hotels"-ო.

ცოტა ხანში პორტერი და გიდი მიცხადებენ, რომ ხვალ შეიძლება ის ერთადერთი ავტობუსიც ვერ ვიშოვოთ სოფლიდან. ხვალ კვირაა, კვირა დღეს კი მთელი მადაგასკარი ისვენებს!
ვატყობ, როგორ აღელდა მთელი ბანაკი ჩემს გამო... ამერიკელების გიდი მთავაზობს მათ დაველოდო, მეორე ღამე მათთან ერთად დავრჩე ეკო-ბანაკში (ღამე რომ 100 ევრო ღირს!!) და ორშაბათს მანქანით დავბრუნდე ამბალავაოში, მერე კი თავად გამომყვება ფიანარანცუმდე (მეორე ქალაქამდე) ... მე მშვიდად ვუღიმი, მადლობას ვუხდი გულისხმიერებისათვის, ჩემს პორტერსა და გიდს კი ვთხოვ, რომ დილით 2 საათზე დავიწყოთ მთიდან დაშვება და ვეცადოთ 9-საათიან ავტობუსს მივუსწროთ.. ვეცადოთ მაინც.
- "და თუ ვერ მიუსწარი ავტობუსს?" - შეშფოთებას ვერ მალავს 11 მამაკაცი.
- " თუ ვერ მივუსწარი? ...მმმ.. მაშინ სოფლეში რომელიმე სახლზე დავაკაკუნებ და ვთხოვ ღამე გამათევინონ! დარწმუნებული ვარ უარს არავინ მეტყვის!" - ვუღიმი ჩემს ირგვლივ შემოკრებილ ხალხს და მთელი გულით მჯერა ჩემი სიტყვების.

"At least I get another great story to tell my grandchildren!" - ვეუბნები ამერიკელს, ჩემს გვერდით რომ დგას და უხმოდ გასცქერის მზის ჩასვლას.
"I've been thinking about the same!" - მიღიმის და წარმატებას მისურვებს.


 ...

22.11.2015

"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი დღევანდელი დილის ასეთ გაგრძელებას. საოცარი დილა იყო! საოცარი!"

ღამით მეხის ცემის ხმის ქვეშ ჩამეძინა 100 მეტრის მანძილზე რომ ეცემოდა... არ მახსოვს ასეთ ქარიშხალში ოდესმე თუ მოვყოლივარ, მით უმეტეს კარვით მთაში. უკვე შეგუებული ვიყავი იმ ფაქტს, რომ რომელიმე ადგილობრივი ოჯახისთვის უნდა მეთხოვა სოფელში ღამის გასათევი, თუმცა მაინც დავაყენე მაღვიძარა 2 საათზე, და ჰოი საოცრებავ! კარვიდან გამომძვრალს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დამხვდა.

ფართხა-ფურთხით დავლიეთ ყავა მე და გიდმა. პორტერმა კვლავ არ დამაცადა მდინარეში გატოპვა, ისევ ზურგზე მოგდებული გამიყვანა მეორე ნაპირს! სოფლამდე მისაღწევად ჯერ მთის მასივიდან უნდა დავეშვათ და გადავჭრათ წარანურის ველი. ჯამში 20 კმ... ვიცი რომ შეუძლებელია მივუსწროთ იმ ავტობუსს, მაგრამ მაინც მივსდევ ჩემს გიდს უკუნეთ სიბნელეში...

მზის პირველი სხივები სწორედ მაშინ წამოგვეწია როცა მთის მასივიდან დაშვება დავიწყეთ. და მაინც და მაინც მაშინ დავიხედე ძირს როცა ბილიკზე არხეინად გაწოლილ გველს გადავაბიჯე!!. საოცარი რამ დამემართა იმ წამის მეათედ მომენტში. შიშისგან შევკივლე, მაგრამ სანამ კივილის ხმა გულიდან ამოსვლას მოასწრებდა, გზად გონება გადაეღობა, გეფიცებით, ნათლად დავნახე როგორ გააწნეს შეშუნებულ თეას სახეში "ეხლა შიშის დროა გოგო?!" - სიტყვებით. და ეს კივილიც დარჩა ეგრე, უხმოდ, შუაგზად გაწყვეტილი და თან ამ მომენტში ნაბიჯის სვლაც კი არ შემიჩერებია.

სულ სირბილ-სირბილით ჩამოვირბინე ეს მთები


ცოტა ხანში შუა გზაზე პორტერიც წამოგვეწია. ჩემს გიდს ვემშვიდობები და ახალი ფეხსაცმელების საყიდლად სამყოფ ფულს ვაძლევ და სანამ სახეგაბრწყინებული და ცრემლებ მორეული მადლობას გადამიხდის, პორტერთან ერთად აჩქარებით დავუყვები სოფლის შარა გზას.

არ ვიცი კილიმანჯაროზე ასვლა უფრო გამიჭირდა თუ იმ ველის გადაჭრა. წინ ჩემი მუნჯი პორტერი მიდის. ფეხებზე ამასაც შლოპანცები აცვია და ფაქტიურად ფეხშიშველია. შიგადაშიგ მზერას ჩემსკენ აპარებს, რწმუნდება რომ მოვდივარ და სვლას განაგრძობს. ბავშვივით გაუხარდა როცა ხეზე დიდი ქამელეონი შენიშნა და მაჩვენა!



აღარ მახსოვს რამდენი აღმართი ავიარეთ და ჩავიარეთ...  ირგვლივ გასაოცარი სილამაზის სოფელია გაშლილი ნელ-ნელა რომ იღვიძებს ძილიდან.. ჰაერში ლემონგრასის მძაფრი სურნელი ტრიალებს... მინდა აღტაცება გამოვხატო, გავჩერდე და იქაურ ხეებსაც მოვეხვიო, მაგრამ დრო არ მაქვს!

რაღაც მომენტში გულში ბანანზე ოცნება დავიწყე და ჰოი საოცრებავ - ჩემმა პორტერმა ბანანი მომაწოდა ჩანთიდან!

ჰოდა როცა უკვე კუნთებს ვეღარ ვგრძნობდი, სიცხისაგან დასიებული ტერფების აუტანელი ტკივილის გამო და თითოეული ნაბიჯი სიმწრის ცრემლს მადენდა გვერდით გაწკრიალებულა ლენდ კრუიზერმა ჩაგვიქროლა. იქ მოკალათებულმა ტურისტმა მე და პორტერს ფოტო გადაგვიღო ფანჯრიდან. მართლაც რომ საოცარი სასურათენი ვიყავით ღმერთმანი! და სწორედ მაშინ, როცა ალბათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიჭირდა ფიზიკურად, ვაღიარე, რომ ამ მომენტსაც არ გავცვლიდი არაფრის დიდებით არაფერზე. რომ ეხლა ამ დროს, ამ წითელ შარაზე ყოფნა მერჩვნა ჩემს მუნჯ პორტერთან ერთად ვიდრე ამ ყველაფრის გაწკრიალებული ავტომანქანის ფანჯრიდან დანახვა!

...

წარმოუდგენლად გაიწელა ბოლო კილომეტრები... დანამდვილებით ვერ ვამბობ რა უფრო გამიხარდა კილიმანჯაროს მწვერვალის დანახვა 1 წლის წინ, თუ ეხლა სოფლის... კარგა ხანია 9 საათი შესრულდა და მეც შეგუებული ვარ იმ ფაქტს რომ ავტობუსს ვერ მივუსწრებთ, თუმცა მიუხედავად ამისა გულში მაინც სიყვარულს ვუხსნი მადაგასკარს... და როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, თიხით გალესილი სახლების ლაბირინთებში დაკარგულებს მანქანის მოტორის ხმა მოგვესმა! სადღაც შემორჩენილი  ბოლო ძალები მოკრიბეთ მე და პორტერმა, გავიქეცით და ხელების ქნევით ბოლო წამზე მივუსწარით დაძრულ ავტობუსს სანამ მოსახვევში გაუჩნარდებოდა უკვალოდ!!!

გააჩერეს! ხალხი გადმოცვივდა, ჩემი ბარგი ზემოთ დაამაგრეს. მე ხელი მტაცეს, როგორც Vazaha-ს (უცხოელს) მძღოლის გვერდით ადგილი გამიჩნეს და მომათავზეს... ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ გულში ჯერ კიდევ გაოგნებული ვაგრძელებ "არ მჯერა, არ მჯერა!"-ს ძახილს...


ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერებაა ამ ავტობუსით მგზავრობა როცა 3 დღე ათობით კილომეტრი გაქვს გავლილი მთა-ღრეში
მგაზვრებს შორის ყველაზე ძუნძგლიანი მე ვარ, ისეთი შეშლილი სახე მაქვს და ისეთი სურნელი ამდის, რომ გვერდით მჯდომ მძღოლის ბავშვს შეეშინდა და მთელი გზა ჩემგან დამალვას ცდილობს. რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვინადირე მისი გული.




...

იმავე დღის ბოლოს ამბალავაოს ქუჩებში სეირნობისას შემთხვევით ჟიჟის გადავეყარე. რა თქმა უნდა ქორწილში არ იყო. თუმცა ჩემდა გასაკვირად ამ ფაქტს არანაირი რეაქცია არ მოყოლია ჩემი მხრიდან. ვერნაირი უარყოფითი ფიქრი ვერ დავიჭირე გონებაში. პირიქით, მადლობა გადავუხადე, გიდი და პორტერი შევუქე, დავემშვიდობე და გავეცალე სანამ ისევ თავის თვალისმომჭრელ ღიმილს შემომანათებდა...
მართლაც, მადლობის მეტი რა მეთქმის. რომ არა მისი ტყუილი ხომ ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს გიდს და პორტერს, მისი ღიმილითა და ენაწყლიანობით მოხიბლული უბრალოდ ვერ შევამჩნევდი ამ ორ ადამიანს და შესაბმისად ვერც მათ დახმარებას შევძლებდი. ვერც იმ ფაქტს შევიგრძნობდი ასე მძაფრად თუ რა დამანგრეველი ძალა აქვს ნეგატიურ ფიქრებსა და განწყობას და როგორ შეიძლება მთელი experience შეცვალო, მხოლოდ საკუთარი ფიქრებისა და ქცევის ცვლილებით... რომ არა ჟიჟი და მისი ტყუილი, განა მივიღემდი ასეთ გაკვეთილს?

The Best gift you can ever give to yourself is Experience! - მაშინაც როცა მზის ამოსვლას ვუცქერდი, ან როცა ავტობუსში ჩაჭეჭყილი ამბალავაოსკენ ვბრუნდებოდი 3 დღის ოფლში და მტვერში ამოსვრილი, ვიცოდი და დღემდე მწამს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მოგზაურობაში არ იყო მზე, არც ლამაზი მთა ბარი, არც ის საოცარი ფოტოები მე რომ გადავიღე. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება და დიდი საჩუქარი იყო ის, თუ როგორ ნათლად დავინახე რა ძალა აქვს სიყვარულს და პოზიტიურ განწყობას. მაშინ როცა ყველა და ყველაფერი შენს გარშემო თითქოს შენს საწინააღმდეგოდ არის მომართული... ვითომ ხომ არაფერია ამაში ახალი, ამ ყველაფერზე რამდენი რამ დაწერილა და თქმულა, მაგრამ როცა ეს მომენტი დგება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, რატომღაც შუსრულებელ მისიად რჩება ჩვენს თავს ვუთხრათ - "მე მაინც კარგად ვარ!".. და იმ მომენტში როცა ამას მაინც ვახერხებთ, ირგვლივ საოცრებები ხდება!


პ.ს. შემდეგ იყო უამრავი სხვა თავგადასავლი. კიდევ ერთხელ დამეკარგა ჩემი წიგნი... ისევ დამიბრუნეს :). შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, უფრო მეტ კეთილ ადგილობრივს და ერთ ძალზედ უცნაურ კაცს, ცენტრალური მადაგასკარიდან აღმოსავლეთ სანაპირომდე რომ გამომყვა და ბოლოს მისი კომპანიისაგან თავი ვერანაირად რომ ვერ დავიძვრინე, იძლებული გავხდი სასტუმროდან დილის 5 საათზე გავპარულიყავი უჩუმრად...  ჩავშალე სოფლის ფეხბურთის მატჩი და სკოლის გაკვეთილები, 7 საათის ნაცვლად 21 საათი მომიწია მატარებლით მგზავრობა და ბოლო დღეს ჰოსტელში შევეჩეხე ყველაზე "უსიამოვნო" ქალს ადრე რომ გადამეყარა სადღაც შუა კუნძულზე და ჩემდა გასაკვირად კვლავ საოცრების მომსწრე გავხდი: მაშინ როცა ყველაზე "unkind" -პერსონას გულით დავეხმარე ყველანაირი მოლოდინის გარეშე, აღმოვაჩინე, რომ მისი ავი ნიღბის ქვეშ, საოცარი პიროვნება იმალება!...

ამ ყველაფრისა და არა მარტო I love you Life! I love you Madagascar!



























More Photos ->Here

4 comments:

  1. ასე გადხდა გახდა თეოსთვის მაგადგასკარი მშობლიურ კუნძულად და ისეთივე ახლობენ ლოკაციად როგორც მაღაროსკარი ან წინამძღვრიანთკარია :)

    ReplyDelete
  2. (Y)
    :) :)
    ეგზოტურებზე მადაგამსკადრი :) :*

    ReplyDelete
  3. "მე მაინც კარგად ვარ!".. და იმ მომენტში როცა ამას მაინც ვახერხებთ, ირგვლივ საოცრებები ხდება!"

    (Y) <3
    მაგარია :*

    ReplyDelete
  4. თეომ 30 წელი იარა იარა იარა იარა იარა და მივიდა მადაგასკარზე...

    ReplyDelete