July 17, 2015

Small Big Things or Amazing People Everywhere!

Traveling is always about the people we meet along the way - მითხრა ერთხელ ჩემზე ათასჯერ მეტად გამოცდილმა მაწანწალამ ორიოდე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კაფეში ჩვენს არაჩვეულებრივ მოგზაურობის ისტორიებს რომ ვუზიარებდით ერთმანეთს. მეც რა თქმა უნდა დავეთანხმე, მიუხედავად იმისა, რომ Solo მოგზაურის ქალის ტიტული უკვე მყარად მომეკერა, პირადად მე ვთვლი, რომ ყოველი ჩემი მოგზაურობის დასამახსოვრებელი ისტორია, სწორედ ამ ისტორიაში მონაწილე ადამიანების გამო არის ასეთი განსაკუთრებული.

ეხლაც მინდა ჩემს ბოლო მოგზაურობაზე დავწერო. კერძოდ კი იმ ადამიანებზე, რომელთა წყალობითაც ის მუდამ გამორჩეული იქნება ჩემთვის.

...

ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადამიანის ნახვის სიხარულით მიმიწევდა გული ლისაბონისაკებ. მას პალმირა ჰქვია, იტალიელია, ერთმანეთი წლების წინ უგანდაში გავიცანით, მაშინ როცა ეროპორტიდან პირდაპირ ნილოსის სათავეზე სარაფტინგოთ გავიქეცი და აქოშინებული ჩავუხტი ნავში აფრიკაში მომუშავე ექიმებს საზღვრებს გარეშე. მერე რა რომ ცურვა არ ვიცოდი და წყლის პანიკური შიშიც მქონდა, სამაგიეროდ გვერდით მეჯდა გოგონა, რომელიც მამხნევებდა და სახელად ერქვა პალმირა - რა თქმა უნდა ამ სახელის პატრონი, ისედაც განწირული იყო ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

  ჩემი აფრიკული თავგადასავალი უფრო დეტალურად აქ მაქვს აღწერილი ->აფრიკიდან და აღარ დავწვრილმანდები. ეხლა უბრალოდ იმას გიამბობთ, თუ როგორ მივიქციეთ მე და პალმირამ სიმპათიური ფრანგი სპეცნაზელების ყურადღება მეზობელ ნაში რომ ისხდნენ და რამოდენიმე საათი  სამხედრო სიმღერებისა და ათასგვარი აკრობატული ილეთებით უძირო ნილოსში ხტომით გვაწონებდნენ თავს. თუმცა ჩვენდა გასაკვირად, რაფტინგის დასასრულს საკმაოდ მოკრძალებულად მოვიდნენ და საერთო ფოტოს გადაღება გვთხოვეს.

ეს მომენტი უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე ფერადი, ღიმილიანი და პოზიტიური მოგონებაა ჩემს ცხოვრებაში
ამ დღის შემდეგ ამ ფოტოს ხან მე და ხანაც პალმირა ქავერად ვიყენებთ facebook-ზე, ორივენი ვთვლით რომ აქვს მას რაღაცნაირი მაგიური ძალა, რითაც ყოველთვის კარგ ხასიათზე გვაყენებს.

დრო გავიდა, პალმირა ლისაბონში გადასახლდა და მოუთმენლად მელის, თუ როდის ჩავალ და თბილ აფრიკულ დღეს ისევ სიცილ-კისკისით გავიხსენებთ.

ერთ საღამოსაც, გამგზავრებამდე ორიოდე კვირით ადრე, უცნობი პორტუგალიელი ბიჭისგან შეტყობინებას ვიღებ. ბიჭი ბოდიშს მიხდის შეწუხებისათვის და მწერს, რომ ლისაბონის ქუჩებში სეირნობისას იპოვა ჩემი მეგობარი პალმირას დაკარგული ჩანთა. მიგზავნის ფოტოსაც სადაც ნათლად სჩანს მეგობრის ნივთები (მათ შორის საბუთები, პლასტიკური ბარათები, ფული...). მთხოვს, მე შენს მეგობარს ვერ ვწერ დახურული აქვს facebook-იო და იქნებ შენ გააგებინიოო. როგორც აღმოჩნდა, მე სწორედ იმ ჩვენი განსაკუთრებული რაფტინგის ფოტოთი მიპოვა ასე რომ ვგვიყვარს მე და პალმირას.

მეგობარს რა თქმა უნდა გავაგებინე, თან ერთნაირად აღფრთოვანებული და ბედნიერი ვიყავი ვიღაც სრულიად უცხო ადამიანის სიკეთით და იმ ფაქტიტაც, რომ სწორედ მე მემომწერა. ნამდვილად უცნაური და განსაკუთრებული გრძნობაა როცა თბილისიდან ეხმარები უგანდაში გაცნობილ იტალიელ მეგობარს იპოვოს ლისაბონში დაკარგული ჩანთა. ამ ისტორიამ კი კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ ქვეყნად არსებობენ კეთილი და პატიოსანი ადამიანები და კიდევ ის, რომ facebook-ის ქავერ ფოტოს მართლაც რომ შეუძლია კარგი სამსახური გაგიწიოს.

....

რამოდენიმე საათია რაც ლისაბონში ჩამოვფრინდი, უძინარმა და დაღლილმა ჩემი ზურგჩანთა ჰოსტელში დავტოვე და ქალაქის ცენტრს მივაშურე საბოდიალოდ. პალმირა მუშაობს და საღამოს უნდა ვნახო, მანამდე კი თავს ჭრელა-ჭრულა ქუჩებში ხეტიალით და ფოტოაპარატის ჩხაკუნით ვირთობ. წავედი ბალემში, იქაურმა მუზეუმმა და მონასტერმა ვერანაირად ვერ მომხიბლეს და გოთიკური კედლების ცქერას იქვე სანაპიროზე წამოკოტრიალება და საკუთარი ფეხებისათვის ფოტოების გადაღება ვარჩიე.

ეგეც რომ მომეზრდა, იქვე კოშკის სახურავზე ავძვერი და ზემოდან გადმოვხედე ქალაქს. მომშივდა, ჩემს lonely planet-ში ნაქებ ცნობილი საცხობის რიგში მთელი 1 საათიც ვიდექი და ის-ის იყო გემრიელად სადილს ვაპირებდი, რომ აღმოვაჩნე მობილური ტელეფონი არ მაქვს. სავარაუდოდ სანაპიროზე დამრჩა, იმ სანაპიროზე ასობით ადამიანი რომ ირეოდა.. ვერაფერი კარგი დასაწყისია მოგზაურობის ღმერთმანი.

გუნება წამიხდა და საშინლად დავმძიმდი. ის იყო უკან ჰოსტელში დაბრუნებასა და ყველასთვის დავაპირე გამეგებინებინა რათა პირადი მესიჯი არ მოეწერათ watsapp-სა და viber-ში, რომ რატომღაც ფეხებმა უკან სანაპიროსკენ წამიყვანეს (გონება კი ამტკიცებდა აზრი არ აქვსო, მაგრამ მაინც).
მივუახლოვდი თუ არა იმ ადგილს სადაც ვიწექი, ვხედავ გოგონას, რომელიც იქვე ზის, მიღიმის და ხელში ჩემი ტელეფონი უჭირავს!
თურმე ნუ იტყვით, მე როგორც კი ავდექი მაშინვე დაუნახავს ტელეფონი. მიხვდა რომ დამრჩა... ჯერ იყო და იმ ნომრებზე ვისთანაც ბოლო სმს-ები მქონდა დაგზავნილი შეტყობინებები გააგზავნა თეომ ტელეფონი დაკარგაო. შემდეგ მთელი 2 საათი იჯდა სანაპიროზე და მელოდა იქნებ აღმოაჩინოს დანაკარგი და მობრუნდესო.

გოგონა ამერიკელი აღმოჩნდა, მთელი 5 თვე მოგზაურობდა დედამიწის გარშემო. იმ დღეს მისი მოგზაურობის ბოლო დღე იყო და გამთენიისას სახლში ბრუნდებოდა ტეხასში. რომ არ გამოჩენილიყავი, შენს ტელეფონს ჩემი ჰოსტელის მისაღებში დავტოვებდი და შენ კიდევ მეილზე მოგწერდიო მითხრა.

ვერც კი გავიგე როგორ გავიდა რამოდენიმე საათი ჯერ სანაპიროზე ჭორაობაში, შემდეგ კი რესტორანში ვახშამში. ერთმანეთს ერთ საღამოში მოვუყევით ათასგვარი ისტორიები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოგზაურობაში ყველაზე მთავარი არის ის თუ ვინ შეგხვდება გზად.


მერე რა რომ მსოფლიოში ყველაზე დაბნეული და დაბდურა მოგზაური ვარ. სამაგიეროდ , ალბათ ნამდვილად ვარ ყველაზე იღბლიანიც, რადგანაც ზეცა  მუდამ ასეთ კარგ ადამაიანებს მიგზავნის ხოლმე მხსნელად.
ჰო და იმ საღამოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,  რომ კაცობრიობას ნამდვილად აქვს შანსი გადარჩეს სანამ  ჯენას და იმ პორტუგალიელი ბიჭისნაირი ადამიანები იარსებებენ.

ეს ბარათი ჩემს თავს დავუწერე და გამოვუგზავნე, რომ არ დამავიწყდეს! :)


Amazing Team SCA

პაკისტანური შვებულების დროს ერთხელ ქუჩაში გაფიცულ ქალებს ფოტო გადავუღე, მერე ეს ფოტო Getty Images საიტზე ავტვირთე და ჩემდა გასაოცრად იმ კონკურსშიც გავიმარჯვე Team SCA -ის რომ ჰქონდა გამოცხადებული ქალი ფოტოგრაფების წასახალისებლად. სწორედ ამის გამო ამოვყავი თავი პორტუგალიაში Volvo Ocean Race -ის ერთ-ერთ გაჩერებაზე. ვინც არ იცით ეს არის რეგატა რომლის მონაწილე გუნდები მსოფლიოს გარს უვლიან.
ჩვენი გუნდი Team SCA ერთადერთი ქალთა გუნდია და შესაბამისად მსოფლიოს მასშტაბით ახორიელებენ კამპანიას ეგიდით Amazing Women Everywhere, რომლის მიზანიც ჩვეულებრივი და ამავე დროს განსაკუთრებული ქალების წარმოჩენა და მსოფლიოსთვის მათი ისტორიების გაცნობაა. მე როგორც კონკურსის გამარჯვებულს, მევალება მთელი კვირა მათთან ერთად გავატარო, გადავიღო ფოტოები და გავაუმჯობესო ჩემი "ფოტოგრაფიული სქილები".

ასეთი ზარ-ზეიმით დავხვდით ჩვენს გუნდს ლისაბონის პორტში


ამ საოცარ ადამიანების თავგადასავალზე წაიკითხეთ აქ ->www.teamsca.com



When Figu wishes you a Good Luck

დილით ადრე გამოვცხადდი Team SCA-თან. მომდევნო 1 კვირა მათთან უნდა ვიყო მე კიდევ სწორედ იმ დილით გავაცნობიერე, რომ რეალურად აზრზე არ ვარ ფოტოგრაფიის, არც კი ვიცი როგორ გადავიღო სწორად ფოტოები (ტექნიკური ცოდნა-გამოცდილება მაქვს 0) და გული შემეკუმშა შიშისაგან. აქამდე აპარატს მხოლოდ ჩემთვის ვაჩხაკუნებდი იმ ერთადერთი მიზნით, რომ აღმებეჭდა და შემომენახა ჩემი მოგზაურობის მოგონებები. ეხლა კი უცებ, აღმოვჩნდი საერთოდ სხვა სამყაროში სადაც ჩემს თავს ასე აცნობენ "Teo is our Getty photographer" - და  ამის გამგონეს მუხლები მომეკვეთა პანიკისაგან..

...

ძალიან მოწადინებული ბავშვია ეს!
დღე ინტენსიურად დაიწყო. მართალია, თავიდან დაბნეულად ვხეტიალობდი პავილიონებს შორის და თავს ნავებზე მოფუსფუსე პერსონალის თვალიერებით ვირთობდი, თუმცა მალევე დამასაქმეს და ხან ექსკურსიაზე მოსული ბავშვებისათვის, ხანაც ჩვენი გუნდის სუპერ ფანისათვის  დამავალეს ფოტოების გადაღება.

სწორედ ამ ბოლო ინტერვიუს გდაღებისას ის  იყო ერთ-ერთ სპორტსმენსა და ამ ფან გოგონას რომლებიც ნავისკენ მიემართებოდნენ უკან მივსდევ, რომ ვხედავ ჩვენი მიმართულებით, არც მეტი და არც ნაკლები ათობის ჟურნალისტით გარშემორტყმული ლუიშ ფიგუ მოაბიჯებს!!.





ფიგუმ გოგოებს გაუღიმა, უნიფორმით მიხვდა ალბათ რომ სპორტსმენები იყვნენ და ეცადა გამოლაპარაკებოდა, თუმცა მათ აშკარად არ შეიმჩნიეს და ისე ჩაუარეს ზედ არც კი შემოხედეს. ამაზე ფიგუმ მხრები გაოცებისაგან აიჩეჩა, სამაგიეროდ წამში მე აღმოვჩნდი მის წინ და ჩემი აპარატიც ცხვირწინ ურცხვად გავუჩხაკუნე.

ფიგუმ გამომხედა, გაიღიმა ისე როგორც მარტო მისნაირ ქარიზმატულ ტიპებს შეუძლიათ და Good Luck-კო მომაძახა. და სწორედ იმ წამს, როცა გავაცნობიერე, რომ პირველი ადამიანი ვინც პირველივე დღეს წარმატებები მისურვა იყო ჩემი ბავშვობის კუმირი , ვიღაც მადლიანმა ეს ფოტო გადაიღო. ალბათ სახეზე მაწერია რა ბედნიერიც ვარ :)
ეტყობა ფიგუც ძალზედ ბედნიერია რომ მე გადავუღე ფოტო :)


Stay away from Xuanitos!

გაგიგიათ ეს ხუმრობა? Моя жизнь прям как "Санта Барбара" - вот- вот должен быть HAPPY END, как появляется ещё какой-нибудь Хуанито...

სწორედ ასეთი უსინდისოდ სიმპათიური, ჭეშმარიტი ხუანიტო გამომეცხადა მეორე დილით და განმიცხადა შენი მენტორი ვარ, დღეს უნდა გასწავლო ფოტოების გადაღებაო.
მენტორობის და ფოტოების გადაღების რა მოგახსენოთ, მაგრამ მთელი ჩემი ოცნება, რომ ოდესმე ფოტოგრაფი გავხდებოდი სულ რაღაც 1 საათში გაფერკმრთალდა და დღის ბოლოს კი საერთოდ სადღაც გაქრა. ვუყურებდი თუ როგორ დაჰქროდა ერთი ობიექტიდან მეორეში, როგორ იღებდა მართლაც ძალიან კარგ ფოტოებს, თუმცა რაც მეტს ვაკვირდებოდი ვრწმუნდებოდი, რომ მე არ მინდა ოდესმე მას დავემსგავსო. ჩემთვის ფოტოგრაფია ყოველთვის დასვენების საშუალება იყო და არის. ამ დროს ვისვენებ სამსახურისგან, სტრესისგან, ადამიანებისგან. აქ მე ვარ, ჩემი კამერა და კიდევ ის რასაც ვიღებ. ეს პროცესი ყოველთვის ძალიან პირადული იყო ჩემთვის და იმ დღეს კიდევ აღმოვაჩინე, რომ ამ ურთიერთობაში გაჩნდა ზედმეტი მხარე - დამკვეთი და იმდენად დავითრგუნე ამ ყველაფრით, რომ მთელი ჩემი good luck ენერგია გამომაცალა და სადღაც გაქრა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მენტორს დამშვიდობებისას პირდაპირ ვუთხარი "არასოდეს გაპატიებ ჩემი ოცნებების მსხვრევას თქო". რაზეც მან მხრები აიჩეჩა და ჭეშმარიტი ხუანიტოსათვის დამახასიათებელი თვალის მომჭრელი ღიმილით მიპასუხა, რომ აბა რა გეგონა, ფოტოგრაფია რთული საქმეაო...

"კიდევ ერთი დასტური გოგოებს, თუ რატომ უნდა დავიჭიროთ თავი შორს ხუანიტოებისაგან, ესენი არაფერს არ აკეთებ გარდა იმისა, რომ სასიცოცხლო ენერგიას გართმევენ!" - ვფიქრობ ჩემთვის სასტუმროს ლობიში ჩამომჯდარი და ის-ის იყო ჩემი ოცნების სანაგვეზე მოსრლას დავაპირე, რომ გვერდით ჩამავალმა სრულიად შემთხვევითმა ადამიანმა სვლა შეაჩერა, მომიჯდა და ისეთი რჩევები მომცა, რომლის წყალობითაც შემდეგი კვირა სავსე იყო ათასგვარი წვრილმანი საოცრებებით.

გაინტერესებთ რა მირჩია უცნობმა? განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ შემახსენა, რომ ირგვლივ ყველა კარგი ადამიანია და მთავარია ეს დაინახოო. შენ კიდევ ღიმილი გიხდება, გაიღიმე და ნახავ როგორ შეიცველება ყველაფერიო..


უცნობს დავუჯერე და რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ! 

ვხუმრობ რა თქმა უნდა  :)) უბრალოდ გამიმართლა, რომ როგორც კი ჩემს უცნობ მეგობარს დავუჯერე და გავიღიმე, უეცრად ჩემს ირგვლივ უამრავმა საოცარმა ადამიანმა მოიყარა თავი. რაღაც მომენტში მეუფლება გრძნობა, რომ მოვხვდი პარალელურ სამყაროში, სადაც ყველა გარუჯული და ჯანსაღი აღნაგობისაა, ყველა გულრწფელად იღიმის და მუდამ მზად არის დაგეხმაროს. აქ არ აღელვებთ ის კატაკლიზმები და კატასტროფები რაც პავილიონის მიღმა ტრიალებს, არც რუსეთია აქტუალური და არც ISIS. აქ ადამიანებს სიცოცხლე უყვართ და ამ სიყვარულით შენც გაავადებენ..

მგონი პირველი გურული ვიყავი ვინც Volvo Ocean Race-ზე მოხვდა :)


სხვა წვრილ-წვრილი გამართლებები

შემდეგ კიდევ მოხდა ის, რომ ისევ დავკარგე ტელეფონი. ამჯერად დამრჩა ტაქსიში. და სანამ მე და სასტუმროს ადმინისტრატორი ტაქსების კომპანიაში ვრეკავდით, ტაქსისტი თავისი ფეხით მობრუნდა და დამიბრუნა ჩემი აიფონი!

ძალიან გამიმართლა მეორე მენტორში. ფოტოების გადაღება დავიწყე 1985-წელსო მომიყვა (როცა მე დავიბადე!). ჯერ სპორტსმენი იყო იგივე ვოლვოს რეგატით 4-ჯერ შემოურა დედამიწას. ყველაფერს მიაღწია ფოტოგრაფიაში რაზეც მე ვოცნებობდი და ვოცნებობ. და ეხლა იდგა ნავში ჩემს გვერდით და მასწავლიდა თუ როგორ გადამეღო დინამიური ფოტოები. ჩემთვის აღმოჩენა კი  ის იყო,  წყლის პანიკური შიშისა და იმის მიუხედავად რომ ცურვა არ ვიცი, თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობდი. სწორედ ეს არის დიდი ადამიანების თვისება, მათ გვერდით თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად გრძნობ (გავიფიქრე მაშინ).

მომწონს ეს ფოტო

იღბალს ვაბრალებ იმ ფაქტსაც, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული 1 გასეირნების ნაცვლად, ნავზე ჯერ მარტო 4-ჯერ ვიყავი. ეს ფაქტი ყველას უკვირდა, მათ შორის მეც. თუმცა ბედნიერება შევიფერე და სიამოვნებით ვიღებდი ჩვენი გუნდისა და არა მარტო უამრავ ფოტოებს.

In port race, Lisbon
ბოლო კადრი. ასე გავაცილეთ ჩვენი ნავი საფრანგეთისკენ

......

ერთ დღესაც ჩვენთან შვედეთის პრინცესა უნდა მოსულიყო სტუმრად. ჩვენს ნავს შვედური გიგანტი კომპანია SCA ასპონსორებს, პრინცესა კიდევ მისი ნათლიაა. სულმოუთმენლად ველი ამ ქალს, არა იმიტომ რომ მისი თაყვანისმცემელი ვარ, სიმართლე ითქვას სულ ორი დღის წინ ვნახე ინტერნეტში თუ როგორ გამოიყურებოდა. უბრალოდ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ცოცოხალ მონარქს მოვკრავ თვალს და რაღაცნაირად აღელვებული ვარ. რა თქმა უნდა არც ვოცნებობ მასთან, ან მისთვის ფოტოს გადაღებაზე.

ვიზიტის წინა დღეს ჩვენი მენეჯერი გეგმას აყალიბებს და სწუხს რომ ფოტოგრაფი არ ჰყავს, ვინც ნავიდან გადმოსულ პრინცესას გადაუღებს ფოტოს. უეცრად მისი  მზერა ჩემზე ჩერდება და თვალები უბრწყინავს...

გადავიღე პრინცესა ნავიდან გადმოსვლის დროს


და ასევე პრესკონფერენციის დროსაც, რომლის დასრულების შემდეგ, როცა ყველა ჟურნალისტი გამოაბრძანეს პავილიონიდან, მე იქვე კუთხეში მორიდებით ავიტუზე (სულ რაღაც კომპანიის კომპანიის ტოპ მენეჯერების გვერდით) და ასე ურცხვად მოვუსმინე  ბოლომდე თუ როგორ უყვებოდნენ ჩვენი გოგონები ნათლიას გემზე ცხოვრების დეტალებს


და ის იყო პრინცესა წასვლას აპირებდა, ყველას (სპორტსმენებსა და ტოპ მენეჯერებს) დაემშვიდობა, რომ იქვე კუთხეში ატუზულთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა. მე კი ისე დავიბენი, სულ რაღაც მთელი 2 წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ თვით შვედეთის პრინცესა იდგა ჩემს პირდაპირ და ხელს მიწვდიდა დასამშვიდობებლად... აქაც გამიმართლა!

...

რამდენად გამართლებაა არ ვიცი, მაგრამ მთელი კვირა პორტში პატრულირებდნენ საშიში შესახედაობის სპეცნაზელები. ერთხელაც როცა ჩვენი ნავი მათსაც გაუსწორდა, არ ვიცი რატომ, გავუღიმე და მივაძახე "Hi Guys!" და მათი რექციით მე კია არა მთელი ჩვენი ნავი სახტად დავრჩით. ამ "საშიშმა" ადამიანებმა, ჯერ იყო და ხელები გვიქნიეს პასუხად, მერე კიდევ ფოტოები აქეთ გადაგვიღეს. პატარა, მაგრამ სახალისო მომენტი იყო მართლაც.



Amazing Women Everywhere

მოგზაურობა განსაკუთრებით იმიტომ მიყვარს, რომ ამ დროს თუ გამიმართლებს ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც გარკვეულწილად შემდეგ ჩემი შთაგონების წყაროები ხდებიან. რომლებისგანაც რაღაც თვისებებს ვიპარავ და ცოტაოდენ მაინც ვიზრდები პიროვნულად.

მართლაც, საოცარი გრძნობაა, როცა ხვდები ადამიანებს, რომელთაც ნაპოვნი აქვთ ცხოვრების მიზანი და Passion! განსაკუთრებით კი მაშინ ვიხიბლები, როცა ეს ახალგაზრდა ქალია. მატილდა სწორედ ასეთი გოგონაა, უდიდესი მომავლით. დარწმუნებული ვარ მალე თავის სიტყვას იტყვის დიდ სპორტში. პრინციპში ის უკვე სუპერსტარია და როცა ვუსმენდი თუ როგორ საუბრობდა თავისი ცხოვრების საქმეზე, ვგრძნობდი რომ მეც ვიმუხტებოდი მისი საოცარი ენერგიით.



ლუიზა მატილდასგან განსხვავებით სინიორია. მეტად უცნაური ქალია, დადის და ლისაბონი ქუჩებში საოცარ გრაფიტის აკეთებს. დამშვიდობებისას გადამეხვია და განმიცხადა I am the witch and I like you!-ო. ეგრეა, ყოველთვის უცნაურ და გამორჩეულ ადამიანებს მოვწონვარ მე.


უბრალოდ მოუსმინეთ თუ რას საუბრობს ეს ქალი ამ ინტერვიუში, რომლის ჩაწერის დროსაც ჩემი საყვარელი ფოტო გადავიღე ამ ტრიპში და შეუძლებელია პოზიტივით დამუხტვას გადაურჩეთ



ეს გოგონა არ ვიცი ვინ არის, უბრალოდ ეს ფოტო მაშინ გადავუღე, როცა გარემოს დაცვის დღის აღსანიშნავად ერთ-ერთ სკოლაში მიიწვიეს ჩვენი სპორტსმენები, ბავშვები კი მათ საპატივცემულოდ მუსიკალურ ნომერს ასრულებდნენ. რაღაცნაირად მეც ავყევი მისი ბარაბნის რიტმებს და ვიგრძენი რომ მასთან ერთად სადღაც შორს წავედი.



The View from the Top is Always Better

ერთ დღესაც სტუმრად ცნობილი გლამურ ბლოგერები გვყავდა. ექსკურსია ნავის დათვალიერებითა ანძაზე მათი აყვანით გაგრძელდა. ცნობისათვის, ანძაზე ასვლა იქ დიდ პატივად ითვლება და ჩვეულებრივი, ჩემნაირი მოკვდავებისათვის რბილად რომ ვთვათ, მასზე მარტო ოცნება თუ შეიძლება. მე კი იქ აძრომაზე მას შემდეგ ვიცნებობ, რაც პირველივე დილით ვიღაც ბიჭი დავინახე ჰაერში გამოკონწიალებული. ეხლაც ვიდექი ნავზე და ქვემოდან ვუცქერდი ამ გლამურულ ადამიანებს, გლამურულად რომ იხდენენ ჩემს ოცნებას.


ჰოდა რა თქმა უნდა აქაც გამიმართლა. ფოტოსესიის დასრულებისთანავე, სანამ ნავიდან გადმოგვაბრძანებდნენ დასაკარგი რა მაქვს მეთქი გავიფიქრე და მორიდებით ვიკითხე თუ შეიძლება მეც ავალ ზემოთ, ფოტოებისათვის მჭირდება თქო და  თან კი მოვემზადე უარის მისაღებად. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა პასუხად მითხრეს ადი ოღონდ კამერას გაუფრთხილდიო! და სანამ იმის გააზრებას მოვასწრებდი, რომ მე იდეაში სიმაღლისაც პანიკურად მეშინია, უკვე 29 მეტრის სიმაღლეზე ვიყავი ჰაერში გამოკონწიალებული.


View from the top is always Better!
როცა ჩემი უცნობი მეგობარი პირველად დავინახე,  სწორედ ის ანძაზე ასული ბიჭი ეჭირა თოკით - დაცვაში ედგა ანუ თავად. შემდეგ ჩემთან საუბარში აღიარა, რომ საოცარი გრძნობაა, როცა ადამიანი სიცოცხლე გიჭირავს ხელშიო.
უეცრად ქვემოთ დავიხედე და დავინახე, თუ როგორ უჭირავს იგივე ადამიანს თოკი ხელში რომელზეც ამჯერად მე და ჩემი სიცოცხლე ვკიდივართ და ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ საერთოდაც არ მეშინია. არ მაქვს არანაირი სიმაღლის შიში და შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი მემუქრება სანამ  დაცვაში ის მიდგას.


მოგვიანებით ამ მომენტზე კიდევ უფრო მეტად დავფიქრდი. შეიძლება სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობაში და ცხოვრებაშიც? მართლაც რა ფასდაუდებლია ის წამი, როცა იაზრებ, რომ ყველაფრისდა მიუხედავად არანაირი საფუძველი არ გაქვს გეშინოდეს, რადგანაც იქვე ახლოს სწორი ადამინი დგას შენს დაცვაში.

....

"მე არ მჯერა იღბალის, ის არაფერ შუაშია!" - გამომიცხადა ჩემმა უცნობმა მეგობრმა, როცა ვუთხარი რომ ჩემი ეს მოგზაურობა სხვა არაფერია თუ არა და იღბლიანი მოვლენებისა და დამთხვევების ერთობლიობა და სანამ შეპასუხებას მოვასწრებდი დაამატა - "კარგი ამბები ხდება კარგი ადამიანების თავს. ადამიანი იღბალს თავად იქმნი საკუთარი "იკარგით"..

მე არაფერი არ ვუთხარი მაშინ, თუმცა დღეს დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი იღბალი ჩემს შინაგან განწყობაზე და იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ მწამს ადამიანების გარშემო. ამ რწმენას კი პალმირას, ჯენას და მისნაირი პიროვნებები გვაძლევენ, მაშინ როცა არსაიდან გაჩნდებიან ჩვენს გვერდით და უბრალო სიტყვითა თუ სრულიად ჩვეულებრივი ქმედებით კაცობრიობაში და რაც მთვარია საკუთარ თავში რწმენას გვიბრუნებენ.

მიყვარს ყველა ასეთია ადამიანი ჩემს ცხოვრებაში (მოგზაურობაში და მის გარეთაც).


პ.ს. რამოდენიმე კვირის წინ, ხუანიტომ მომიკითხა და ჩემი და ფიგუს ფოტო გამომიგზავნა, ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნაო. თან დაამატა, ვიცი ვერ იყავი მთლად კმაყოფილი ლისაბონშიო.  თუმცა იმ წამს მისი ამ ქცევით მე იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ იქვე ვაპატიე ჩემი ოცნებების მსხვრევა :)

2 comments:

  1. აი ხო ვიცოდი ძირითადი მომენტები, მარა დაწერილს მაინც რაღაცნაირად სხვანაირად მოაქ! მაგარი ტრიპია!

    ReplyDelete
  2. ინსპირაცია ინ ექშენ :)

    ReplyDelete